პროექტი

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში

მიმოხილვა

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს მთავრობა, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებენ ფართომასშტაბიან შვიდწლიან პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირებას. ინიციატივა, რომლის საერთო ბიუჯეტი 74 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, მიმდინარეობს ოთხი ურთიერთდაკავშირებული პროექტის ფარგლებში:

საქართველოს მთავრობის თანადაფინანსება 38 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. 

პროგრამის მიზანია საქართველოს მოსახლეობაზე, საარსებო გარემოსა და ინფრასტრუქტურაზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების უშუალო ზემოქმედების შემცირება, ქვეყნის მასშტაბით მრავლობითი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემისა და რისკის შესახებ ინფორმაციის შექმნა ადგილობრივ დონეზე რისკის შემამცირებელი ქმედებების განხორციელების მეშვეობით. 

რას ვაკეთებთ

ჩვენი პარტნიორები არიან  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სურსათის ეროვნული სააგენტო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, გარემოს ეროვნული სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ:

  • ვიყენებთ მრავლობითი საფრთხეების რუკების შედგენისა და რისკების შეფასების ერთიან მეთოდებსა  და ინსტრუმენტებს, რომლებიც შემუშავდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებული ინტერვენციებისა და მოწყვლადობის ერთიანი შეფასების შედეგად; განვახორციელებთ მონიტორინგს, რომელიც დამყარებული იქნება რიონის პროექტის ფარგლებში შემუშავებულ პროტოტიპზე. პროექტის შედეგად მოხდება ჰიდრომეტეოროლოგიური და აგრომეტეოროლოგიური მონიტორინგის ქსელის განახლება და გაფართოება და იგი ასევე ხელს შეუწყობს მრავლობითი საფრთხეების შესახებ ინფორმაციისა და ცოდნის ცენტრალიზებული სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც მოიცავს ეროვნულ ელექტრონულ ბიბლიოთეკას, მონაცემთა ბაზებს, საინფორმაციო სისტემებსა და ცოდნის პორტალს. შესაძლებელს გავხდით ადგილობრივი დონის საფრთხეების დეტალური რუკების შედგენასა და რისკისა და მოწყვლადობის შეფასებას.
  • ვიმუშავებთ ეროვნულ კოორდინაციასა და ინსტიტუციურ სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრაზე და ეფექტური ადრეული შეტყობინების სისტემის (EWS) შექმნაზე. გაძლიერდება იმ გადაწყვეტილების მიმღებებისა და ეროვნული ინსტიტუტების შესაძლებლობები, რომლებიც ჩართულები არიან გაფრთხილებებისა და სხვა კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გენერირებაში, გადამუშავებაში, კომუნიკაციასა და გამოყენებაში. შემუშავდება და განხორციელდება ეროვნული და ადგილობრივი ინტეგრირებული ადრეული შეტყობინების სისტემები საფრთხეებისა და სექტორების მიხედვით.
  • უზრუნველვყოფთ ადრეული გაფრთხილებებისა და კლიმატის შესახებ ცნობების მომხმარებლებისთვის მიწოდებასა და გამოყენებას. გაუმჯობესდება თემთა შესაძლებლობები ადრეული შეტყობინების სისტემის (EWS) ინფორმაციისა და პროდუქტების ეფექტურ გამოყენებაში და კლიმატთან დაკავშირებულ კატასტროფებზე რეაგირებაში ინფრასტრუქტურული და არაინფრასტრუქტურული მდგრადობის ზომების დაგეგმვისა და განხორციელების საშუალებით. გარდა ამისა, განხორციელდება პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული ღონისძიებები მაღალი რისკის მქონე ტერიტორიებზე, რომლებიც მიმართულია ყველაზე მოწყვლად თემებში რისკების შესამცირებლად, რისთვისაც შეიქმნება ადრეული შეტყობინების სისტემა (EWS).

შედეგები

  • 2021 წელს საქართველო გახდა ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ეროვნული ცენტრის (ECMWF) წევრი, რათა გაუმჯობესდეს პროგნოზირების შესაძლებლობები.
  • 2025 წელს, პროგრამის ხელშეწყობით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ხელი მოაწერა თანმაშრომლობის მემორანდუმს ევროპის მეტეოროლოგიური ქსელთან, EUMETNET-თან.
  • დაგეგმილი 154 სადგურიდან 143 უკვე დამონტაჟებულია. მათ შორისაა 130 ჰიდრომეტეოროლოგიური და 13 აგრომეტეოროლოგიური სადგური.
  • აეროლოგიური ზონდირების სისტემა (რადიოზონდი, წყალბადის საჰაერო ბუშტები, პარაშუტები, წყალბადის გენერატორი) დამონტაჟდა ქალაქ ფოთში, რომელიც ფუნქციონირებას უახლოეს მომავალში დაიწყებს.
  • აგრომეტეოროლოგიური სერვისების ციფრული პლატფორმა GECSA სრულად ამოქმედდა ორ საპილოტე რეგიონში (კახეთსა და შიდა ქართლში) და უკვე 1,000-ზე მეტი დარეგისტრირებული მომხმარებელი ყავს.
  • 11 ადგილზე განთავსდა გეოლოგიური მონიტორინგის სისტემები.
  • მონაცემების ხარისხიანი დამუშავებისა და შენახვის მიზნით, გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის შეძენილ იქნა მაღალი წარმადობის კომპიუტერი და მიმდინარეობს ცენტრალური საინფორმაციო სისტემის განახლება, რაც მონიტორინგის სადგურებიდან ინფორმაციის ავტომატურ რეჟიმში მიწოდებას უზრუნველყოფს.
  • შეიქმნა ერთიანი მეთოდოლოგია კლიმატური საფრთხეების (წყალდიდობა, მეწყერი, ღვარცოფი, ზვავი, ქარი, სეტყვა, გვალვა) შეფასებისა და მოდელირებისთვის. რისკისა და საფრთხეების რუკები შემუშავებულია შვიდი ინდივიდუალური საფრთხისთვის, ხოლო მრავლობითი საფრთხის რუკები 11 მდინარის აუზებისთვის: ალაზანი, ენგური, იორი, კინტრიში, მტკვარი, ნატანები, რიონი, სუფსა, ხობისწყალი, ხრამი-ქცია და ჭოროხი-აჭარისწყალი. სოციალური და ეკონომიკური მოწყვლადობის შეფასება ჩატარდა ამ 11 მდინარის აუზებში.
  • მრავლობითი საფრთხის შემცველი კატასტროფის რისკების საინფორმაციო სისტემა შექმნილი და დანერგილია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, სადაც 11 მდინარის აუზების საფრთხისა და რისკის შესახებ ინფორმაციაა ატვირთული. სისტემა მიზნად ისახავს არსებულ საფრთხებსა და რისკებზე კრიტიკული ინფორმაციის მიწოდებას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და მოსახლეობისთვის. დაგეგმილია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება მონაცემთა გაზიარების პროტოკოლზე შეთანხმებისა და საჯარო წვდომის უზრუნველსაყოფად.
  • პროგნოზირების პლატფორმა, Delft-FEWS, შექმნილია 11 შერჩეული მდინარის აუზებისთვის. შემუშავებულია წყალდიდობის, მეწყრისა და ზვავის პროგნოზირების მონაცემთა ბაზების შეფასება, ასევე გვალვის მონიტორინგისა და პროგნოზირების პლატფორმები.
  • მრავლობითი საფრთხის რისკების მართვის გეგმები მომზადებულია ოთხი მდინარის აუზებისთვის: კინტრიში, ნატანები, სუფსა და ხობისწყალი. დარჩენილი 7 მდინარის აუზების რისკების მართვის გეგმების შემუშავება დასრულდება 2025–2026 წლებში.
  • საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმები შექმნილია 11 მუნიციპალიტეტისთვის, რომელთაგან ექვსი (ახმეტა, გორი, თელავი, ლაგოდეხი, სიღნაღი, ქობულეთი) ოფიციალურად დაამტკიცეს შესაბამისმა ადგილობრივმა ხელისუფლებებმა. დარჩენილი ხუთი მუნიციპალიტეტის (აბაშა, თბილისი, სამტრედია, სენაკი, ხობი) გეგმების დამტკიცება დაგეგმილია მომავალი წლების მანძილზე.
  • საფრთხის რუკებზე დაყრდნობით და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, მზადდება ზონირების საკანონმდებლო გზამკვლევი. ამ დოკუმენტში მოცემული სტანდარტების გათვალისწინება სავალდებულო იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმარებისა და განხორციელებისას.
  • კლიმატური საფრთხეების რუკებზე და მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლაზე დაყრდნობით, მიმდინარეობს კლიმატის ცვლილების საფრთხეების მიმართ ყველაზე მოწყვლადი თემების გამოვლენა და შესაბამისი სათემო ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება. პროგრამის ფარგლებში გამოვლინდა 100 თემი როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. მიმდინარე ეტაპზე, დასავლეთ საქართველოში 45 ყველაზე მოწყვლად თემში განხორციელდა თემზე დაფუძნებული კლიმატური რისკების მართვის დაგეგმვა, ხოლო არასტრუქტურული ღონისძიებების განხორციელება დაიწყო აღნიშნული 45 თემიდან 15 თემში ნატანების, სუფსის და კინტრიშის აუზებში. ეს მოიცავს თემზე დაფუძნებული კლიმატური რისკების მართვის გეგმებში განსაზღვრული კატასტროფის რისკების შემცირების ზომების განხორციელებას, როგორებიცაა ხეების დარგვა, მცირე გაბიონების მოწყობა და მდინარის კალაპოტებისა და არხების გასუფთავება. დარჩენილ 30 თემში გეგმების განხორციელება დაიწყება 2025 წლის შემოდგომიდან, ხოლო უკვე იდენტიფიცირებული 50 ყველაზე მოწყვლადი თემი აღმოსავლეთ საქართველოში დაიფარება 2026 წლიდან.
  • მთლიანი ქვეყნის მასშტაბით შენდება წყალდიდობისგან დამცავი ინფრასტრუქტურა 15 ლოკაციაზე. 12 ლოკაციაზე სამუშაოები უკვე დასრულებულია, მათ შორის, 10 ლოკაციაზე სამუშაოები დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, ხოლო 2 ლოკაციაზე - კლიმატის მწვანე ფონდის მიერ. საბოლოო და ყველაზე მასშტაბური კლიმატის მწვანე ფონდის მიერ დაფინანსებული ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოები ხორციელდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან თანამშრომლობით.
  • მიმდინარეობს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის ინსტიტუციური შესაძლებლობების შეფასება და  განვითარება. სხვადასხვა უწყების შესაბამისი დეპარტამენტებისა და მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის ხორციელდება ტრენინგების ციკლი პროგნოზირებაში, საფრთხეების შეფასებაში, მოდელირებასა და სხვა საკითხებში.
  • გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან ერთად, საინფორმაციო კამპანიები და საგანმანათლებლო საქმიანობა ხორციელდება საქართველოს 46 ადგილობრივ მუნიციპალიტეტში. ტრენინგები გაიარა 10,000-მდე ადამიანმა, ხოლო 200-ზე მეტი ახლაგაზრდა ჩაერთო მწვანე ბანაკში „ახალგაზრდა კლიმატის ელჩები“.
  • "მწვანე სტიპენდია" მიიღო 96-მა სტუდენტმა საქართველოს რვა უნივერსიტეტიდან, რომლებმაც სწავლა ეკოლოგიის, ჰიდროლოგიის, გეოლოგიის, ენერგეტიკისა და მინერალური რესურსების მართვის, გარემოს მდგრადი განვითარებისა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის შესწავლა სამაგისტრო პროგრამებზე განაგრძეს.
  • გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სათემო ფორუმები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, უმაღლეს სასწავლებლებში ამოქმედდა მწვანე სტიპენდიების პროგრამა გარემოსდაცვითი პროფესიების პოპულარიზაციისთვის, იმართება ყოველწლიური კონკურსები მედიისთვის, სათემო ორგანიზაციებისა და სკოლებისთვის. 

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი

კოკა კლდიაშვილის ქუჩა 2
თბილისი 0179 საქართველო

საკონტაქტო პირები

ქეთევან სხირელი
GCF პროექტის მენეჯერი
ketevan.skhieli@undp.org

სალომე ლომაძე
SDC პროექტის მენეჯერი
salome.lomadze@undp.org

თორნიკე ფულარიანი
SIDA პროექტის მენეჯერი
tornike.phulariani@undp.org

ნინო ანთაძე
UNDP-ს გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი
nino.antadze@undp.org

 

პროგრამის ინტერაქტიული რუკა 

დამატებითი ინფორმაცია

Active filters: