ფესტივალი „მწვანე ბაზარი“ კლიმატგონივრული მომავლის შესაძლებლობებს წარმოაჩენს

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ხელს უწყობს გარემოსდაცვითი ცნობიერების გაზრდას და ცხოვრების მწვანე სტილის დამკვიდრებას

5 June 2023
Green Market Festival

მწვანე ბაზარი

ფოტოს ავტორი: UNDP/გიორგი შენგელია

ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), EU4Climate პროგრამის ფარგლებში, მხარი დაუჭირეს ფესტივალს „მწვანე ბაზარი“, რომელიც 3 ივნისს თბილისში გაიმართა.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ სოციალური საწარმო „ვენტილატორი“ და სარეკლამო კომპანია „ბეთერფლაი“ ხელშემწყობთა ფართო წრესთან თანამშრომლობით.   

შემეცნებითი და გასართობი ფესტივალის მონაწილეებმა მკაფიოდ გამოხატეს თავისი მხარდაჭერა კლიმატგონივრული ცხოვრების წესისა და მდგრადი ეკონომიკის მიმართ. ფესტივალზე გამართული ღონისძიებები შესანიშნავი პლატფორმა აღმოჩნდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, კერძო კომპანიებისთვის, ახალგაზრდებისა და გარემოსდაცვითი აქტივისტებისთვის გამოცდილების გასაცვლელად და თანამშრომლობის ახალი გზების მოსაძიებლად.

„მწვანე ბაზრის“ ფარგლებში გაიმართა ეკო-მეგობრული ბიზნესის გამოფენა, საგანმანათლებლო და გასართობი აქტივობები ბავშვებისთვის და გადამუშავებული მასალისგან დამზადებული პროდუქციის გაყიდვა.

„ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ მდგრადი მომავალისთვის. სამოქალაქო საზოგადოება უდიდეს როლს ასრულებს კლიმატგონივრული სამყაროს მშენებლობისა და შესაბამისი პოლიტიკის შემუშავების საქმეში. ეს ეხება როგორც კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, ისე გადაწყვეტილების მიმღებთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას.“
ანნა ჩერნიშოვა, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში
"ევროკავშირი მხარს უჭერს კლიმატის ცვლილების შერბილებას და სათბურის აირების ემისიების შემცირებას საქართველოში. მდგრადი და მწვანე მომავლის მშენებლობის საქმეში ევროკავშირი აქტიურად თანამშრომლობს საზოგადოების ყველა სექტორთან.“
ანელის ვანვიმელბეკე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გუნდის ხელმძღვანელი მწვანე შეთანხმების, კავშირის, ეკონომიკისა და ინვესტირების გეგმის საკითხებში

###

EU4Climate ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი რეგიონული ინიციატივაა, რომელიც ეხმარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში, კლიმატური პოლიტიკისა და კანონმდებლობის გაუმჯობესებაში და კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზემოქმედების შემცირებაში. 

EU4Climate უზრუნველყოფს ექსპერტულ და ტექნიკურ ხელშეწყობას, მათ შორის ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილისა (NDCs) და დაბალემისიიანი განვითარების ეროვნული სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მხრივ.

###

საკონტაქტო ინფორმაცია: