სუფთა ჰაერი საქართველოს ჯანსაღი და მწვანე მომავლისთვის

ევროკავშირისა და გაეროს ხელშეწყობით, საქართველოში ჰაერის მონიტორინგის ქსელი ფართოვდება

1 ივნისი 2026
Air Quality Monitoring Station in the Tazaqendi Village
ფოტოს ავტორი: UNDP | ვლადიმირ ვალიშვილი

ათი თანამედროვე მაღალტექნოლოგიური სადგურის მეშვეობით, საქართველო უკეთ შეძლებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგს და დაბინძურების წყაროების გამოვლენას. მონიტორინგის გაფართოებული ქსელი წინ გადადგმული ნაბიჯია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის, გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავებისა და უფრო ზუსტი მონაცემების მოპოვების მიმართულებით. 

ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაძლიერება ევროკავშირისა და გაეროს ხელშეწყობით, გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

ხუთი ახალი სადგური უკვე ამოქმედდა რუსთავში, ფოთში, ზესტაფონში, ზედა საქარასა და ოზურგეთში. 2026 წლის ბოლომდე, მათ კიდევ ხუთი სადგური დაემატება, რომლებიც ბოლნისში, გორში, სიღნაღში, ბორჯომსა და ჭიათურაში განთავსდება.

თანამედროვე ტექნოლოგია ზომავს ატმოსფერული ჰაერის მთავარი დამაბინძურებლების შემცველობას, რომელთა შორისაა მცირე ზომის მყარი ნაწილაკები (PM2.5), სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი (NO₂), ინდუსტრიული ემისიები (SO₂) და ნახშირბადის მონოქსიდი (CO), იგივე მხუთავი აირი, რომელიც წიაღისეული საწვავის არასრული წვის შედეგად წარმოიქმნება.

მაღალი სიზუსტის მონაცემების საფუძველზე შესაძლებელია ჰაერის დაბინძურების ხარისხისა და წყაროების დადგენა კონკრეტული ადგილისა და დროის მონაკვეთის გათვალისწინებით, რაც შესაბამისი რეაგირებისა და დაბინძურების შემცირებისა თუ აღმოფხვრის წინაპირობას შექმნის.

29 მაისს, ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები გარდაბნის მუნიციპალიტეტს ეწვივნენ და ერთ-ერთი ახალი სადგური მოინახულეს, რომელიც რუსთავის მახლობლად, სოფელ თაზაქენდის საჯარო სკოლის ეზოშია განთავსებული.

სტუმრები ჰაერის ხარისხის მონიტორინგის პროცესს დააკვირდნენ და ქსელის გაფართოებისა და გაძლიერების სამომავლო შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

„ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესებას, დაბინძურების წყაროების გამოვლენას და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვას, განსაკუთრებით მაღალი რისკის ადგილებში. იქ, სადაც ჰაერი სუფთაა, ადამიანის ჯანმრთელობა უკეთესია, მკურნალობის ხარჯი ნაკლებია, ხოლო ცხოვრების ხარისხი უფრო მაღალია“, - განაცხადა ნიკოლას სენდროვიჩმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა.

„ჰაერის ხარისხის სანდო მონაცემები აუცილებელია ეფექტური მოქმედებისთვის. მონიტორინგის სადგურები რეალურ დროში გვაწვდიან ინფორმაციას დაბინძურების დონის შესახებ და ხელს უწყობენ დაბინძურების წყაროების დადგენას, იქნება ეს სატრანსპორტო საშუალებები, მრეწველობა, გათბობა თუ მტვერი. ამ მონაცემების საფუძველზე მიღებული ინფორმირებული გადაწყვეტილებები დაიცავს როგორც ადამიანების ჯანმრთელობას, ისე გარემოს“, - აღნიშნა დაგლას უებმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.

„ბოლო ათი წლის მანძილზე, საქართველოს მთავრობამ, ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოვებისა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვის მიმართულებით. ჩვენი პრიორიტეტია ჰაერის ხარისხის მართვის გაძლიერება ზუსტი მონაცემების, მიზანმიმართული ქმედებებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების გზით, რაც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფრო ჯანსაღ გარემოს შექმნის“, - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველმა მოადგილემ თამარ შარაშიძემ.

სადგურის დათვალიერების შემდეგ, სტუმრები თაზაქენდის საჯარო სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდნენ და გარემოსდაცვითი განათლების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

საქართველოს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის ხელშეწყობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ნაწილია, რომელსაც გაეროს სააგენტოები ავსტრიის გარემოს სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებენ.

ჰაერის ხარისხი საქართველოში

ჰაერის დაბინძურება მწვავედ აისახება მსოფლიო ეკონომიკასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.  გლობალური მონაცემით, ჰაერის დაბინძურება იწვევს ჯანდაცვის ხარჯების ზრდას, შრომის პროდუქტიულობისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებას, რაც ეკონომიკურ ტერმინებში, ყოველწლიურად 8 ტრილიონზე მეტი აშშ დოლარის, ანუ  მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით 6%-ის ოდენობის ეკონომიკურ ზარალს იწვევს. 

ჰაერის ხარისხის ინდექსის (AQI) 2025 წლის მონაცემებით, საქართველო 143 ქვეყანას შორის 56-ე ადგილზეა (AQI 66). ჰაერის ხარისხის ზოგადი მაჩვენებელი მეტნაკლებად მისაღებია, თუმცა მცირე ზომის მყარი ნაწილაკების (PM2.5) რაოდენობა 3.4-ჯერ აღემატება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ რეკომენდებულ ყოველწლიურ მითითებებს, რაც საკმაოდ შემაშფოთებელია.

მსოფლიო ბანკის 2020 და 2025 წლების კვლევები ხაზს უსვამს ჰაერის დაბინძურების ზემოქმედებას როგორც საქართველოს ეკონომიკაზე, ისე ადამიანის ჯანმრთელობასა და სოციალურ გარემოზე. 2018 წელს, ჰაერის დაბინძურება ქვეყანას დაახლოებით 560 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა ჯანდაცვის ხარჯების, პროდუქტიულობის დაკარგვისა და ცხოვრების ხარისხის შემცირების სახით. სოციალურად და ეკონომიკურად დაუცველ ჯგუფებზე, მათ შორის ქრონიკული ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებზე, ეს ვითარება განსაკუთრებით მწვავედ აისახება.

ევროკავშირის შესახებ

ევროკავშირისა და საქართველოს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა 30 წელზე მეტს ითვლის. საქართველოს განვითარების ხელშეწყობას ევროკავშირი სხვადასხვა გზით ახორციელებს, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერით, ცოდნის, გამოცდილებისა და ექსპერტიზის გაზიარებითა და ინოვაციების ხელშეწყობით. ევროკავშირის მჭიდრო თანამშრომლობა ქართველ ხალხთან მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს ეფუძნება. 

მეტი ინფორმაცია საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ.

ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვა

ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამაა, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისთვის (UNECE) ავსტრიის გარემოს სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებენ.  მისი მიზანია საქართველოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და ანალიზისთვის აუცილებელი შესაძლებლობების გაძლიერება, მონიტორინგის ქსელის გაფართოება და სამრეწველო ემისიების რეგულირების ხელშეწყობა. 

საკონტაქტო ინფორმაცია