საქართველოს სერვისების სექტორი გზას იკვლევს ევროპული ბაზრებისკენ

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, მცირე და საშუალო საწარმოები ახალ საექსპორტო შესაძლებლობებს ითვისებენ

28 სექტემბერი 2026
From technology to architecture and design, Georgian service sector businesses are exploring new opportunities to take their expertise to European markets
ფოტოს ავტორი: UNDP | გელა ბედიანაშვილი

ტექნოლოგიებიდან არქიტექტურამდე, სერვისების სფეროში მომუშავე ქართული ბიზნესი ახალ ბაზრებს ითვისებს და ევროპის საექსპორტო რუკაზე მკვიდრდება.

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, „წვდომა საექსპორტო ბაზრებზე“ პროექტის ფარგლებში, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული  მცირე და საშუალო ზომის კომპანიები უფრო ეფექტიანად იყენებენ ექსპორტის არსებულ შესაძლებლობებს, ახალ კავშირებს ამყარებენ და კონკურენტუნარიანობას იმაღლებენ.

ექსპორტის ტრადიციული სექტორების, მაგალითად, სურსათისა და სასმელების წარმოების გარდა, ევროკავშირისა და UNDP-ის დახმარება სერვისების სექტორზეც ვრცელდება. ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები (ICT), არქიტექტურა, დიზაინი, მარკეტინგი, კონსალტინგი, ინჟინერია და განათლება სწორედ ის სფეროებია, სადაც ევროპული პარტნიორობისა და ექსპორტის პერსპექტივა განსაკუთრებით მაღალია.

2023 წლიდან, სერვისების სექტორის 60-მდე კომპანიამ სხვადასხვა შესაძლებლობით ისარგებლა. პროექტის დასრულებამდე 2027 წლის ბოლოს, მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. 

ევროკავშირთან და UNDP-თან ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაში ჩართულები არიან ესტონეთის საერთაშორისო განვითარების ცენტრი (ESTDEV) და ორგანიზაცია „ვიჟენესტ ინსტიტუტი“.

18 სექტემბერს, სერვისის სექტორის მეწარმეები ევროკავშირისა და UNDP-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ექსპორტის გაფართოების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს იმ გამოწვევებს, რომლებსაც საქართველოს ექსპორტიორები უმკლავდებიან და მიმოიხილეს მხარდაჭერის გზები საექსპორტო პოტენციალის ათვისებისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის. 

შეხვედრას წინ უძღოდა რამდენიმე სასწავლო ვიზიტი ესტონეთსა და ფინეთში, რომლებიც 2026 წლის აპრილსა და სექტემბერში გაიმართა. დატვირთული პროგრამის ფარგლებში, ვიზიტების მონაწილეებმა უკეთ გაიცნეს ევროკავშირში ექსპორტის გზები, შესაძლო პარტნიორებს დაუკავშირდნენ და პრაქტიკული ინფორმაცია მიიღეს.

სასწავლო ვიზიტები 2026 წლის ბოლომდე გაგრძელდება, რაც სერვისების სექტორის ბიზნესებისთვის ზრდისა და განვითარების შესაძლებლობებს შექმნის.

„ევროკავშირმა მნიშვნელოვანი ინვესტიცია გააკეთა საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში. EU4Business ინიციატივის ფარგლებში, ჩვენ 280,000-ზე მეტ მცირე და საშუალო საწარმოს გავუწიეთ დახმარება. კარგი საპარტნიორო კავშირების პირობებში, სერვისების სექტორის კომპანიები ევროპული ბაზრების ათვისებას შეძლებენ, რაც საქართველოსა და ქართველ ხალხს გრძელვადიან სარგებელს მოუტანს. ეს სწორედ ის წინსვლაა, რომელსაც ევროკავშირი სიამაყით უჭერს მხარს: ბიზნესის ხელშეწყობა ინოვაციური მიდგომების დანერგვაში, ევროკავშირში მიღებული სტანდარტების დაცვაში, ახალი ბაზრების ათვისებასა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე“, - განაცხადა ლუჩია დი ტროიამ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ.

„საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოები კერძო სექტორში დასაქმების დაახლოებით 60 პროცენტს უზრუნველყოფენ და სამუშაო ადგილების ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენენ. ამ ბიზნესების ხელშეწყობით, ჩვენ მხარს ვუჭერთ მდგრად ეკონომიკურ ზრდას და ვქმნით ახალ შესაძლებლობებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ადამიანებისთვის“, - განაცხადა დაგლას უებმა, UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.

მცირე ბიზნესი, დიდი შესაძლებლობები

მცირე  და  საშუალო საწარმოები საქართველოში რეგისტრირებული აქტიური ბიზნესის თითქმის 90 პროცენტს შეადგენენ, კერძო სექტორის მთლიანი ბრუნვის 32.3 პროცენტს ქმნიან და სამუშაო ადგილების 60.6 პროცენტს უზრუნველყოფენ. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს კერძო სექტორში დასაქმებულ ყოველ 10 ადამიანს შორის ექვსი მცირე და საშუალო საწარმოში მუშაობს. [წყარო: საქსტატი]

სერვისების განვითარება კერძო სექტორს ახალ პერსპექტივებს სთავაზობს. 

გალტ & თაგარტის კვლევის თანახმად, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების (ICT) სექტორი საქართველოს ეკონომიკაში სიდიდით მეოთხე ადგილს იკავებს და ნომინალური მშპ-ს 8.2% უჭირავს. ეს საერთაშორისო პარტნიორობაზე ორიენტირებული სფეროა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სერვისების ექსპორტში. 2024 წელს, ICT-ის ექსპორტმა 842 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც სერვისების მთლიანი ექსპორტის 10.9 პროცენტს უტოლდება.

ევროკავშირისა და UNDP-ის კვლევის დასკვნებით, სერვისის სექტორის კომპანიები საკმაოდ მოქნილები და ეფექტიანები არიან ისეთი გამოწვევების დაძლევისას, როგორებიცაა შორი მანძილი საექსპორტო ბაზრამდე და ამასთან დაკავშირებული ლოგისტიკური სირთულეები. ეს მათ უპირატესობას აძლევთ საერთაშორისო კლიენტებთან პარტნიორობისა და ახალი ბაზრების ათვისების მხრივ. 

2023 წლიდან, ევროკავშირისა და UNDP-ის მხარდაჭერით 346-მა მცირე და საშუალო ბიზნესმა ისარგებლა. აქედან 60 კომპანია სერვისების სფეროს წარმოადგენს. 

ევროკავშირისა და UNDP-ის მრავალმხრივი ხელშეწყობა საგრანტო და საკონსულტაციო დახმარებას, ევროკავშირში მიღებული სერტიფიცირების თანადაფინანსებას, ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებასა და საპარტნიორო კავშირების დამყარებას მოიცავს. 

შედეგები ხელშესახებია: 31-მა კომპანიამ პირველად გაიტანა თავისი პროდუქცია ევროკავშირის ბაზრებზე, შეიქმნა 985 ახალი სამუშაო ადგილი, ხოლო მონაწილე კომპანიების საექსპორტო შემოსავლები საშუალოდ 5 პროცენტით გაიზარდა.   

ევროკავშირის შესახებ

ევროკავშირისა და საქართველოს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა 30 წელზე მეტს ითვლის. საქართველოს განვითარების ხელშეწყობას ევროკავშირი სხვადასხვა გზით ახორციელებს, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერით, ცოდნის, გამოცდილებისა და ექსპერტიზის გაზიარებითა და ინოვაციების ხელშეწყობით. ევროკავშირის მჭიდრო თანამშრომლობა ქართველ ხალხთან მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს ეფუძნება. 

მეტი ინფორმაცია საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ იხილეთ ვებგვერდებზე: EU4Georgia და EU4Business 

წვდომა საექსპორტო ბაზრებზე

ევროკავშირის დაფინანსებითა და ესტონეთის საერთაშორისო განვითარების ცენტრთან (ESTDEV) პარტნიორობით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ახორციელებს პროექტს „წვდომა საექსპორტო ბაზრებზე“, რომელიც საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ევროკავშირის ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესებასა და ღირებულებათა ჯაჭვების გაძლიერებას ემსახურება. ოთხწლიანი (2023-2027) პროექტის ბიუჯეტი 5,162,000 ევროს შეადგენს. აქედან, 5,000,000 ევრო ევროკავშირის დაფინანსებაა, ხოლო 162,000 ევრო გაეროს განვითარების პროგრამის თანადაფინანსება.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • თეიკო კანდელაკი, UNDP, +995 599 103525, tinatin.kandelaki@undp.org 
  • თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, +995 32 2364364, tamriko.mikadze@eeas.europa.eu
  • გიორგი ჩადუნელი, EU4Georgia, +995 599 107333, gic@ntu.eu