საქართველოს ექსპორტის შესაძლებლობების ანალიზი. 2025
საქართველოს ექსპორტის შესაძლებლობების ანალიზი. 2025
18 ნოემბერი 2025
საქართველოს ექსპორტის შესაძლებლობების ანალიზი სტრატეგიული გზამკვლევია, რომელიც მცირე და საშუალო საწარმოების საექსპორტო მზადყოფნის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
ექსპორტის ტენდენციებისა და შესაძლებლობების კომპლექსურ ანალიზზე დაყრდნობით, წინამდებარე კვლევა აღწერს პრიორიტეტულ ნაბიჯებს კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად. დოკუმენტი ხაზს უსვამს საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას, პრეფერენციულ სავაჭრო რეჟიმებსა და მზარდ საექსპორტო ამბიციას, რაც მყარ საფუძველს ქმნის ბაზრების დივერსიფიცირების, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისა და ექსპორტის მდგრადი ზრდისთვის.
კვლევაში გამოყენებულია საქართველოს მიმდინარე საექსპორტო მაჩვენებლები და სექტორული შესაძლებლობების ანალიზი, რომელიც საბაზისო კვლევის, მონაცემთა შესწავლის, საერთაშორისო შედარებებისა და ექსპორტიორებთან, არაექსპორტიორებთან, ბიზნეს ასოციაციებთან და შესაბამის ინსტიტუტებთან ჩატარებული ინტერვიუებისა და კონსულტაციების საფუძველზე მომზადდა.
კვლევაში აღნიშნულია, რომ თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, საქართველო ახლოსაა მაღალი მოთხოვნის მქონე ბაზრებთან, რომელთა საერთო იმპორტის მოცულობა 7.8 ტრილიონ აშშ დოლარს აღწევს. გეოგრაფიული სიახლოვისა და უკვე არსებული სავაჭრო კავშირების გათვალისწინებით, საქართველოს კარგი შესაძლებლობა აქვს კიდევ უფრო გაზარდოს თავისი რეალურ წილი ამ ბაზრებზე. ამ უდიდესი სავაჭრო და საექსპორტო პოტენციალის ათვისება შესაძლებელია პროდუქციის დივერსიფიცირებითა და ბაზრებზე წვდომის გაძლიერებით.
საქართველოს უკვე ათვისებული აქვს საკმაოდ დიდი, თუმცა ნაკლებად დივერსიფიცირებული საექსპორტო ბაზრები, რაც ერთსა და იმავე ბაზრებზე დამოკიდებულების პრობლემაზე მიუთითებს. ამავდროულად, ევროკავშირის ბაზრებზე წვდომა დივერსიფიცირებისა და გაფართოების ახალ შესაძლებლობებს იძლევა.
საქართველოს საექსპორტო პოტენციალი საკმაოდ მაღალია, თუმცა მისი სრულად ათვისებისთვის დამატებითი ძალისხმევაა საჭირო, რაც წარმოების სტრუქტურული გამოწვევების, პროდუქციის შეზღუდული დივერსიფიცირებისა და ლოგისტიკური შეფერხებების დაძლევას უკავშირდება. აღიშნული გამოწვევები განსაკუთრებით მწვავედ მცირე და საშუალო საწარმოებზე აისახება და მნიშვნელოვან ბარიერებს ქმნის საერთაშორისო ბაზრებზე მათი დამკვიდრების თვალსაზრისით.
კოორდინირებული ძალისხმევა, როგორიცაა მიზნობრივი ინვესტიციები, ტექნიკური დახმარება და სტრატეგიული პარტნიორობა, ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის ინტეგრაციას რეგიონულ და გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვებში. ხოლო პროდუქციის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება, ახალ სექტორებში გაფართოება, ინფრასტრუქტურის განახლება და საერთაშორისო ბაზრებზე ნდობის მოპოვება შესაძლებლობას მისცემს საქართველოს, ექსპორტის დინამიურ და ინკლუზიურ ლიდერად ჩამოყალიბდეს.
კვლევა განახორციელა ორგანიზაციამ „Ernst & Young“, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „ბაზრებზე ინკლუზიური წვდომა“ (IA2M) პროექტის ფარგლებში.
ვაჭრობის ეკოსისტემა საქართველოში: ძირითადი მიგნებები
წარმოებისა და მრეწველობის გამოწვევები: საქართველომ მნიშვნელოვნად გააფართოვა სამრეწველო წარმოება და რამდენიმე ძირითად სექტორში დამაიმედებელ ზრდას მიაღწია, თუმცა საწარმოო სიმძლავრე და წარმოებული პროდუქციის მრავალფეროვნება და ტექნოლოგიური დახვეწილობა კვლავ გასაზრდელია. ამჟამად, წარმოება ძირითადად კონცენტრირებულია ხუთ სექტორზე – სურსათი, სასმელები, ტექსტილი, მეტალები და პლასტმასი, რომლებიც დაბალ და საშუალო ტექნოლოგიურ დონეზე იმყოფება. პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებითა და ამ სექტორებში დამატებითი ღირებულების გაზრდით, საქართველოს შეუძლია კიდევ უფრო დიდი საექსპორტო პოტენციალის ათვისება გრძელვადიანი, მდგრადი ზრდისთვის.
სიმძლავრის ათვისება და ხარისხი: საქართველოს სამრეწველო სექტორს განვითარებისა საწარმოო სიმძლავრის ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია, რომლის ათვისება შესაძლებელია უცხოური ინვესტიციების მოზიდვით, ინფრასტრუქტურის განახლებით, სამუშაო ძალის უნარების გაძლიერებითა და კვლევისა და განვითარების (R&D) გზით. პროდუქციის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება, დამატებითი ღირებულების გაზრდა და ტექნოლოგიური განვითარება გააძლიერებს საქართველოს კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზრებზე.
ექსპორტის კონკურენტუნარიანობა და ვაჭრობის ხელშეწყობა: ევროკავშირში ექსპორტის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზარდა 2014 წელს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ხელმოწერის შედეგად. ქართული პროდუქციის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობა და სერტიფიცირება კვლავ გამოწვევაა.
ბრენდინგი და ცნობადობა: ქართული პროდუქციის ცნობადობა არაერთგვაროვანია გლობალურ ბაზრებზე. ზოგიერთი პროდუქტისთვის ცნობადობა და ბრენდის აღქმა საკმაოდ მაღალია, თუმცა სხვა სექტორებში, ეს ინდიკატორები ჯერაც გასაუმჯობესებელია. ქართული პროდუქციის ცნობადობა საკმაოდ დაბალია დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, თუმცა ბალტიისა და ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ქართული ბრენდები სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს, განსაკუთრებით საკვებისა და სასმელების სეგმენტში. ეს კარგ შესაძლებლობას ქმნის ქართული ბრენდების აღქმის გასაძლიერებლად და ახალი ბაზრების ათვისებისთვის.
საექსპორტო შესაძლებლობები პროდუქტების მიხედვით: ძირითადი მიგნებები
- თხილი: კარგი შესაძლებლობები ევროპული საექსპორტო ბაზრების, განსაკუთრებით იტალიის ბაზრის ასათვისებლად.
- კენკრა: ექსპორტის მოცულობა მცირეა, თუმცა საქართველოს შეუძლია გამოიყენოს თავისი კონკურენტული უპირატესობა ევროპის ბაზრებზე, რომელიც კენკრის მოსავლის ადრეულ სეზონს უკავშირდება.
- ტანსაცმელი: ქართულ ტანსაცმელზე მოთხოვნა განსაკუთრებით შესამჩნევია აშშ-სა და ევროკავშირში, სადაც ქართული დიზაინერული მაისურები და შარვლები პოპულარობით სარგებლობს. მასობრივი წარმოების გაფართოებითა და მოდის ინდუსტრიის განვითარებით, საქართველოს შეუძლია სათანადოდ გამოიყენოს ექსპორტის არსებული შესაძლებლობები და ახალი ბაზრებიც აითვისოს.
- ცხოველისა და თევზის საკვები: მაღალი საექსპორტო პოტენციალი, რაც მდიდარი ბუნებრივი ინგრედიენტებისა და ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების გამოყენებას უკავშირდება.
- შინაურ ცხოველთა საკვები: ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მოთხოვნა სწრაფად მზარდია. საქართველოსთვის ეს ახალი მიმართულებაა, თუმცა კონკურენტული ფასები კარგ საექსპორტო პერსპექტივას ქმნის.
- სამშენებლო მასალები: სექტორის გაფართოების შესაძლებლობა პოლონეთისა და უზბეკეთის ბაზრებზე ექსპორტის შედეგად.
- შეფუთვა: კარგი საექსპორტო პოტენციალი მაღალი ღირებულების ბაზრებზე, როგორებიცაა აშშ, თურქეთი და საფრანგეთი.
- ღვინო: ექსპორტის პერსპექტივები საკმაოდ კარგია. წარმოების სიმძლავრის გაზრდა და ბრენდინგის დახვეწა და გაძლიერება ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოზიციონირებას მაღალი ფასის კატეგორიაში.
- ალკოჰოლური სასმელები: სექტორი ხასიათდება კონკურენტული ფასებით რეგიონულ ბაზრებზე. ბრენდინგის გაძლიერება და განვითარება ხელს შეუწყობს გლობალურ ბაზრებზე გაფართოებას.
- სათამაშოები: პერსპექტიული სექტორი, სადაც გარემოსადმი მეგობრული მიდგომები და ბუნებრივი, მდგრადი მასალების გამოყენება ქართული საწარმოების მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენს.
- ICT სერვისები: სწრაფად მზარდი, დინამიური სექტორი მნიშვნელოვანი პერსპექტივებით საერთაშორისო ბაზრებზე.
დამატებითი ინფორმაცია
პროექტი წვდომა საექსპორტო ბაზრებზე (IA2M) ხორციელდება ევროკავშირის (EU) დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, ესტონეთის საერთაშორისო განვითარების ცენტრთან (ESTDEV) პარტნიორობით. ოთხწლიანი ინიციატივის მთლიანი ბიუჯეტი 5,162,000 ევროს შეადგენს. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ევროკავშირის ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესებას გაძლიერებული ღირებულებათა ჯაჭვების მეშვეობით.
დისქლეიმერი
საქართველოს ექსპორტის შესაძლებლობების ანალიზი განახორციელა ორგანიზაციამ „Ernst & Young“, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. კვლევის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია კვლევითი ორგანიზაცია. კვლევის შინაარსი შესაძლოა, არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და UNDP-ის შეხედულებებს.