გარემოს დაცვის დღე: მწვანე და მდგრადი საქართველოსთვის

ევროკავშირი, დანია და გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობენ ცირკულარული ეკონომიკის მშენებლობას, მწვანე და სამართლიან გადასვლას და ადგილობრივი მწვანე ინიციატივების განხორციელებას

5 ივნისი 2026
Green Transition Festival in Poti
ფოტოს ავტორი: UNDP | ირაკლი ძნელაძე

გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ევროკავშირთან და დანიასთან ერთად, ხაზს უსვამს თითოეული ადამიანის, თემისა თუ ბიზნესის საკვანძო მნიშვნელობას მწვანე და მდგრადი მომავლის მშენებლობისთვის. რეალური ცვლილების მიღწევა - ადგილობრივი მწვანე ინიციატივებიდან ცირკულარულ ბიზნეს გადაწყვეტებამდე - შესაძლებელია საზოგადოების ერთიანი ჩართულობისა და მონაწილეობის შემთხვევაში.

გარემოს დაცვის დღის აღსანიშნავად, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, ნილს ქრისტენსენი, დასავლეთ საქართველოში გაემგზავრა და გარემოსდაცვით აქტივისტებს, სათემო ჯგუფებს, ახალგაზრდებს, სოფლად მცხოვრებ ქალებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და მეწარმეებს შეხვდა. 

გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობს მათი შთამბეჭდავი ადგილობრივი ინიციატივების წარმატებას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ცირკულარული ეკონომიკისა და დანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული მწვანე მომავლის პროექტების ფარგლებში.

ადგილობრივი გადაწყვეტები მწვანე მომავლისთვის

3-4 ივნისს, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ხობისა და ფოთის მუნიციპალიტეტებს ეწვია, სადაც ადგილობრივი მწვანე ინიციატივები UNDP-ისა და დანიის მხარდაჭერით ხორციელდება. 

ხობში, ნილს ქრისტენსენმა განათლებისა და განვითარების ცენტრი „თოლისკური“ მოინახულა, რომელიც 20-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდს ემსახურება. UNDP-ისა და დანიის ხელშეწყობით, ცენტრი მზის პანელების სისტემით აღიჭურვა, ხოლო 40 კვ.მ. ფართობის სათბურში წვიმის წყალზე მომუშავე წვეთოვანი ირიგაციის სისტემა დამონტაჟდა. 

მწვანე გადაწყვეტების დანერგვის შედეგად, „თოლისკურმა“ საგრძნობლად შეამცირა კომუნალური ხარჯები, სუფთა ენერგიის მოხმარება დაიწყო და შექმნა მწვანე და სამართლიანი გადასვლის პრაქტიკული მაგალითი ხობის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისთვის.

ნილს ქრისტენსენი ასევე შეხვდა „მწვანე სტარტაპ იდეის ლაბორატორიის“ ახალგაზრდა მონაწილეებს, რომლებიც თავის მწვანე ბიზნეს-იდეებს ხვალინდელი დღის რეალობად აქცევენ. 

ამ ინოვაციურმა ინიციატივამ, რომელიც ხობსა და ფოთში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციასთან (SMEDA) თანამშრომლობით ხორციელდება, ახალგაზრდებს, მეწარმე ქალებსა და ადგილობრივ ბიზნესებს მდგრადი განვითარების ახალი პერსპექტივები დაანახა. 

ტრენინგებსა და მენტორინგში 40-ზე მეტი მონაწილე ჩაერთო, ხოლო რვა საუკეთესო გუნდმა ფინანსური და საკონსულტაციო მხარდაჭერა მიიღო. 

დღეს, მათი ბიზნეს-პროექტები ხელს უწყობენ მწვანე მობილობის განვითარებას, გადამუშავებისა და ხელახლა გამოყენების პრაქტიკის დანერგვას, ეკომეგობრული პროდუქტების წარმოებას, სკოლებისა და საზოგადოებრივი სივრცეების გამწვანებას და ბევრ სხვა მიმართულებას, რაც მთლიანობაში გარემოსდაცვითი აზროვნების ჩამოყალიბებასა და კლიმატგონივრული საზოგადოების შექმნას განსაზღვრავს.

ნილს ქრისტენსენის ვიზიტი მალთაყვას დევნილთა დასახლებაში გაგრძელდა, სადაც მან ადგილობრივ ეკო-ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება გაიმართა საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“-ს ორგანიზებით. ფესტივალმა ნათლად აჩვენა, რომ ბუნებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტებს, განახლებადი ენერგიის გამოყენებასა და მდგრადი ტრანსპორტის განვითარებას შეუძლია რეალურად შეცვალოს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი სოციალური ჯგუფის, იძულებით გადაადგილებული პირების ყოველდღიური ცხოვრება. 

ფოთში, ნილს ქრისტენსენი მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა, რომლებიც მინის ნარჩენის შეგროვებისა და გადამუშავების კამპანიას უძღვებიან. მან ასევე მოინახულა საგანმანათლებლო ჰაბი „ეკო-გული“, რომელიც ახალგაზრდებს პრაქტიკულ გარემოსდაცვით სწავლებასა და ინოვაციური მწვანე იდეების ტესტირების გზებს სთავაზობს. UNDP-ისა და დანიის ხელშეწყობით, პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფთან (PMCG) თანამშრომლობით, „ეკო-გულმა“ საკონსულტაციო დახმარება და ახალი აღჭურვილობა მიიღო, მათ შორის 3D პრინტერები და სკანერები.

„მწვანე გადასვლა თითოეული ჩვენგანის ჩართულობით იწყება. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ადამიანები პრაქტიკულ გადაწყვეტებს ეძებენ უფრო მწვანე, უფრო ჯანსაღი და უფრო მდგრადი მომავლის მშენებლობისთვის. დანიისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობამ ეს ადგილობრივი იდეები რეალობად აქცია“, - განაცხადა UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ.

Green Learning Hub in Poti

ეკოგული, მწვანე საგანმანათლებლო ჰაბი ფოთში

ფოტოს ავტორი: UNDP | ირაკლი ძნელაძე

ცირკულარობა, როგორც ბიზნეს შესაძლებლობა

გარემოს დაცვის მსოფლიო დღის პროგრამა 5 ივნისს, ბათუმში, ცირკულარული ბიზნეს სამიტით დაგვირგვინდა.

ამ მასშტაბურმა ღონისძიებამ, რომელიც ევროკავშირის ხელშეწყობით გაიმართა, კერძო სექტორის, აკადემიური სფეროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების 100-მდე მონაწილე გააერთიანა. სამიტის ორგანიზატორი იყო განვითარების რეგიონული ორგანიზაცია, CENN. ღონისძიებას მხარი დაუჭირეს ადგილობრივმა და საერთაშორისო პარტნიორებმა, მათ შორის, გაეროს განვითარების პროგრამამ.

სამიტის მონაწილეებმა ცირკულარული ეკონომიკის პერსპექტივებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. მათ აღნიშნეს, რომ ცირკულარობის ხელშემწყობი საკანონმდებლო ველის შექმნის მიუხედავად, საქართველოს ცირკულარობის მაჩვენებელი კვლავ საგრძნობლად ჩამორჩება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცირკულარობის საშუალო მაჩვენებელს: 1.48% საქართველოში და 12.2% ევროკავშირში. საქართველოში, მასალების გამოყენების მოდელი კვლავ წრფივია: „აიღე - დაამზადე - გამოიყენე - გადაყარე“, ხოლო ნარჩენების 88%, გადამუშავებისა და ხელახლა გამოყენების ნაცვლად, ნაგავსაყრელებზე ხვდება.

ეს მონაცემები როგორც არსებული გამოწვევის, ისე გამოუყენებელი შესაძლებლობების მასშტაბზე მიუთითებს. ცირკულარობის განვითარებით საქართველო შეძლებს უფრო ეფექტიანად დაიცვას გარემო და მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელიც მიიღოს.

ბიზნეს სამიტზე გამართული მსჯელობა ასევე შეეხო ცირკულარული ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვან მიმართულებებს, მათ შორის გადამუშავების ტექნოლოგიებს, საქართველოში პლასტიკის შეფუთვის მომავალს, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემის განვითარებას, ელექტრონული ნარჩენების მართვას ბლოქჩეინი ტექნოლოგიით და ხელოვნური ინტელექტის გავლენას ცირკულარულ პროცესებზე.

„ევროკავშირი სიამაყით უჭერს მხარს საქართველოს გადასვლას ცირკულარულ ეკონომიკაზე, რაც სასიკეთოა როგორც ადამიანისთვის, ისე გარემოსთვის. მდგრადი ეკონომიკური ზრდა ნარჩენების მართვის სისტემების გაძლიერებას, გადამუშავების დანერგვასა და რესურსების ეფექტიან გამოყენებას ეფუძნება,  ხოლო კერძო სექტორს საკვანძო როლი ენიჭება ამ პროცესის წარმატებაში“, - განაცხადა ანელის ვანვიმელბეკემ, მწვანე შეთანხმების, კავშირის, ეკონომიკისა და ინვესტირების გეგმის საკითხებში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გუნდის ხელმძღვანელმა.

„ცირკულარობა დიდი ხანია გასცდა მხოლოდ გარემოს დაცვის დღის წესრიგს. დღეს ეს ბიზნეს შესაძლებლობაა. კომპანიები, რომლებიც წარმოების ნარჩენს ამცირებენ, რესურსებს ეფექტიანად იყენებენ და ინოვაციურ ბიზნეს-მოდელებს ნერგავენ, მომავალში მეტად კონკურენტუნარიანები იქნებიან და უფრო სწრაფად გაიზრდებიან. გაეროს განვითარების პროგრამა მზადაა დაეხმაროს ქართულ ბიზნესს ამ გარდაქმნის გზაზე“, - აღნიშნა ნილს ქრისტენსენმა, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში.

ადამიანისა და პლანეტისთვის

გარემოს დაცვის მსოფლიო დღემ ხაზი გაუსვა პარტნიორობის, ინოვაციისა და ადგილობრივი ინიციატივების მნიშვნელობას მწვანე და მდგრადი მომავლისთვის. გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თავისი ექსპერტიზის, რესურსებისა და თანამშრომლობის ქსელის მეშვეობით, გააგრძელებს მწვანე გადაწყვეტების დანერგვას, ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობას და მწვანე და სამართლიანი გადასვლის მხარდაჭერას.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე

2026 წელს, გარემოს დაცვის დღის მთავარი თემა კლიმატის ცვლილების მზარდი გამოწვევაა, #NowForClimate. ჩვენი პლანეტა განგაშის სიგნალებს გვიგზავნის და სასწრაფო პასუხს ელოდება. მწვანე და უსაფრთხო მომავალი ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუ დაუყოვნებლივ ვიმოქმედებთ, განახლებადი ენერგიის გამოყენებასა და ეკოსისტემების აღდგენაზე ვიზრუნებთ და ეკონომიკის ცირკულარულ მოდელებს დავნერგავთ.

ევროკავშირის შესახებ

ევროკავშირისა და საქართველოს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა 30 წელზე მეტს ითვლის. საქართველოს განვითარების ხელშეწყობას ევროკავშირი სხვადასხვა გზით ახორციელებს, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერით, ცოდნის, გამოცდილებისა და ექსპერტიზის გაზიარებითა და ინოვაციების ხელშეწყობით. ევროკავშირის მჭიდრო თანამშრომლობა ქართველ ხალხთან მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს ეფუძნება. მეტი ინფორმაცია საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ იხილეთ EU4Georgia ვებგვერდზე.

ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობა 

„მწვანე და ინკლუზიური ცირკულარული ეკონომიკა: ნარჩენების შემცირება და გადამუშავება მოქალაქეთა ჯანმრთელობისთვის“ გაეროს ერთობლივი პროგრამაა, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება. მას საერთაშორისო ორგანიზაციების კონსორციუმი უძღვება, გაეროს სააგენტოებისა და ავსტრიის გარემოს დაცვის სააგენტოს შემადგენლობით. ორწლიანი პროგრამის (2025-2027) ბიუჯეტი 4.4 მილიონ ევროს შეადგენს. მისი მიზანია ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის მხარდაჭერა და გრძელვადიანი ცვლილების მიღწევა ცირკულარული ეკონომიკის ასაშენებლად.

მწვანე და სამართლიანი გადასვლა

„მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ UNDP-ის რეგიონული პროექტია, რომელიც დანიის მთავრობის დაფინანსებით, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკაში ხორციელდება. სამწლიანი ინიციატივა (2024-2027), რომლის მთლიანი ბიუჯეტი ორივე ქვეყნისთვის თითქმის 11 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, მიზნად ისახავს მწვანე და სამართლიანი გადასვლის ხელშეწყობას გარემოსდაცვითი მმართველობის გაძლიერების, მწვანე ეკონომიკის მშენებლობის, ტერიტორიაზე დაფუძნებული ინკლუზიური განვითარების, ადგილობრივი გადაწყვეტების მხარდაჭერისა და სამოქალაქო ჩართულობის გზით.

საკონტაქტო ინფორმაცია