გზა უსაფრთხო სახლისკენ

როგორ უმკლავდებიან ქალები კლიმატის ცვლილებას

28 November 2022
Natela Margvelani, Kobuleti Municipality

ნათელა მარგველაძე თავისი სახლის ეზოში

ფოტოს ავტორი: UNDP/გელა ბედიანაშვილი

„მდინარე ჩემს სახლს ნელ-ნელა საძირკველს აცლის“, - ამბობს ნათელა მარგველანი.

მისი სახლი ქალაქ ქობულეთში მდინარე აჭყვას პირას დგას. წლების წინ, ეს ულამაზესი კარმიდამო დიდ ოჯახს იტევდა, მაგრამ წყალდიდობის მომატებული საფრთხის გამო, ნათელას შვილებმა და შვილიშვილებმა უფრო დაცულ ადგილას ცხოვრება არჩიეს. თუმცა ნათელა მარტო არ დარჩენილა. მისი სტუმართმოყვარე სახლი მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრად იქცა. შვიდი ძაღლი და ოთხი კატა, რომელთა პატრონებმა თავისი სახლები სწორედ წყალდიდობის შიშით მიატოვეს, კლიმატის ცვლილებას არ  უშინდებიან და ნათელას მოსიყვარულე მზრუნველობის ქვეშ თავს კარგად გრძნობენ.

ნათელა მარგველანი გვიყვება, რომ გასული წლების მანძილზე ადგილობრივი კლიმატი საკმაოდ საგრძნობლად შეიცვალა, რაც ადგილობრივ დასახლებებზე საკმაოდ მტკივნეულად აისახა. „ადრე ამ დროს არ წვიმდა. ახლა წვიმს. რაც დრო გადის, პრობლემა უარესდება. ცხოველებიც ნელ-ნელა თავშესაფარს კარგავენ“, - გვეუბნება ნათელა.

ბოლო წყალდიდობა ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა 2022 წლის სექტემბერში იხილეს. წყალმა საცხოვრებელი სახლები და სავარგულები დააზიანა და ელექტროენერგიის გადამცემ ინფრასტრუქტურას საფრთხე შეუქმნა.

A flood protection channel at Achkva River

წყალდიდობისგან დამცავი არხი

ფოტოს ავტორი: UNDP/გელა ბედიანაშვილი

გლობალური გამოწვევის ადგილობრივი გადაწყვეტა

კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ კატასტროფებს, მათ შორის  წყალდიდობას, მეწყერს, ღვარცოფს, ძლიერ ქარს, სეტყვას, გვალვასა და ზვავს, საქართველოს ყველა კუთხეში ვხვდებით. გასული ორი ათწლეულის მანძილზე, ექსტრემალურმა ჰიდრომეტეოროლოგიურმა მოვლენებმა 150-ზე მეტი სიცოცხლე შეიწირა, ხოლო ეკონომიკურმა ზარალმა 1.2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კლიმატური მოვლენის, წყალდიდობის მიზეზი ძლიერი წვიმითა თუ მყინვარების დნობით გამოწვეული უხვი ჩამონადენია, რომელსაც მდინარეების კალაპოტები ვეღარ იტევს. ამ მხრივ, ქობულეთის მუნიციპალიტეტი კატასტროფის რისკის ზონაა, სადაც 8,000 ადგილობრივი მაცხოვრებელი მუდმივი საფრთხის პირობებში ცხოვრობს და წყალდიდობის დამანგრეველი შედეგებიც ხშირად უნახავს.

გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით, ქობულეთში, ისევე, როგორც საქართველოს სხვა მოწყვლად რეგიონებში, წყალდიდობისგან დამცავი ნაგებობები შენდება. მდინარე აჭყვაზე ორკილომეტრიანი ხელოვნური არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები და კალაპოტის გაფართოება მიმდინარეობს, რომლის დასრულება 2023 წელს არის დაგეგმილი. ამის შედეგად, წყალდიდობის დროს შესაძლებელი იქნება წყლის ნაკადის გადატანა და სოფლებისა და სავარგულების დატბორვისგან დაცვა.

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების სრულად თავიდან არიდება შეუძლებელია. თუმცა, კლიმატგონივრული ინვესტიციები, გამართული ინფრასტრუქტურა და ადრეული შეტყობინების თანამედროვე სისტემა მნიშვნელოვნად ამცირებს მათ დამანგრეველ შედეგებს.

UNDP და კლიმატის ცვლილება

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აქტიურად ეხმარება საქართველოს კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მის შედეგებთან ადაპტაციის საქმეში. საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიისა და შვედეთის მხარდაჭერით, UNDP ახორციელებს ფართომასშტაბიან შვიდწლიან პროგრამას, რომელიც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირებას ისახავს მიზნად.

74 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ინიციატივა საქართველოს 11 მდინარის აუზებში ადრეული გაფრთხილების თანამედროვე სისტემების და ნაპირსამაგრი ინფრასტრუქტურის განვითარებას ემსახურება, რათა 1.7 მილიონი ადამიანი, ქვეყნის მოსახლების 40 პროცენტზე მეტი, უკეთ იყოს დაცული ბუნებრივი კატასტროფებისგან.

პროგრამის განხორციელება ძირეულად შეცვლის საქართველოს ეროვნულ მიდგომას კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ კატასტროფათა მართვის მიმართ - უკვე მომხდარ კატასტროფაზე რეაგირებიდან ადაპტაციისა და პრევენციისკენ. პროგრამის განხორციელება მრავალმხრივ საქმიანობას მოიცავს:

  • შემუშავდება მრავლობითი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემები, რის შედეგადაც რისკის ზონებში მცხოვრები ადამიანები დროულად შეიტყობენ მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ და სრულად ინფორმირებულები იქნებიან, თუ როგორ უნდა მოიქცნენ და ვის მიმართონ კატასტროფის დროს.   
  • დაინერგება საფრთხის, რისკისა და მოწყვლადობის შეფასების სტანდარტიზებული მეთოდები.
  • დაინერგება ჰიდრომეტეოროლოგიური მონიტორინგის თანამედროვე მაღალტექნოლოგიური სისტემა, რაც შესაბამის უწყებებს შესაძლებლობას მისცემს მუდმივად აკონტროლონ ამინდისა და წყლის დონის ცვლილებასთან დაკავშირებული პარამეტრები და ექსტრემალური მოვლენების ზუსტი პროგნოზი მოახდინონ.
  • აქტიურად მოხდება კლიმატის რისკის შესახებ ინფორმაციის გამოყენება, რაც შესაძლებელს გახდის, მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდეს აქტუალური რისკის შემცირების პოლიტიკა.
  • განვითარდება გრძელვადიანი ინსტიტუციური და საზოგადოებრივი შესაძლებლობები კლიმატის რისკის შემცირების, ადაპტაციისა და ადრეული გაფრთხილების სისტემების მიმართულებით.
  • კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში გათვალისწინებული იქნება გენდერულ და სოციალური საკითხები და მოწყვლადი ჯგუფების ინტერესები.
  • ამაღლდება საზოგადოების ცნობიერება კლიმატის ცვლილების შესახებ. დაინერგება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის მართვის თემზე დაფუძნებული მიდგომა.
ნათელა მარგველანი წყალდიდობისგან დამცავი ინფრასტრუქტურის მშენებლობას იმედის თვალით უყურებს. სჯერა, რომ მისი საკარმიდამო უკეთ იქნება დაცული, ხოლო ოჯახი მამა-პაპისეულ საცხოვრებელს დაუბრუნდება.