პროექტი

მრავლობითი საფრთხის შემცველი ადრეული შეტყობინების სისტემის გაფართოება და კლიმატის შესახებ ინფორმაციის გამოყენება საქართველოში

მიმოხილვა

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) ფინანსური მხარდაჭერით, ეხმარება საქართველოს მთავრობას, შეიმუშაოს და დანერგოს კლიმატის რისკის ინტეგრირებული მართვის (CRM) პროაქტიული მიდგომა, რომელიც მრავლობითი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნისა და ყველა სექტორში დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, კლიმატის შესახებ ინფორმაციის გამოყენების გზით, ხელს შეუწყობს რისკის შემცირებას, პრევენციასა და მზადყოფნას.

ინიციატივა მიმართული იქნება იმ მთავარი ბარიერების დაძლევაზე, რომლებიც ხელს უშლიან მრავლობითი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის (MHEWS) შექმნას და ასევე მოიცავს კლიმატის რისკის მართვის ყველა სხვა ასპექტს, რომელიც ადრეული გაფრთხილების ეფექტური სისტემის (MHEWS) მხარდასაჭერადაა აუცილებელი.

პროექტის საშუალებით საქართველო მიაღწევს ძირეულ ცვლილებას კლიმატის რისკის შემცირებასა და მართვაში ინტეგრირებული, კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული მრავლობითი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების (MHEWS) სისტემის განვითარების მეშვეობით. შემოღებული იქნება საფრთხის, რისკისა და მოწყვლადობის რუკების შედგენისა და შეფასების სტანდარტებზე დაფუძნებული მეთოდები და ტექნოლოგიები და უზრუნველყოფილი იქნება კლიმატის რისკის შესახებ კრიტიკული ინფორმაციის გავრცელება, რათა შესაძლებელი გახდეს რისკის შემცირების პოლიტიკის გატარება მთელი ქვეყნის მასშტაბით. შეიქმნება გრძელვადიანი ინსტიტუციური და საზოგადოებრივი უნარები და შესაძლებლობები კლიმატის რისკის შემცირების სფეროში, კლიმატის ცვლილების ადაპტაციასა და მრავლობითი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემაში (MHEWS). პროექტის მიზანია სისტემურად შეცვალოს კლიმატური საფრთხეების მართვის პარადიგმა საქართველოში რისკის შემცირების, პრევენციისა და მზაობის მიმართულებით, რაც საქართველოს 11 დიდი მდინარის აუზის 1.7 მილიონიან (40 პროცენტი) მოსახლეობას დაიცავს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან. 

რას ვაკეთებთ

პროექტის მიზანია საქართველოს მოსახლეობაზე, საარსებო გარემოსა და ინფრასტრუქტურაზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების უშუალო ზემოქმედების შემცირება. ამ მიმართულებით ჩვენი საქმიანობა მოიცავს:

  • ახალი ჰიდრომეტეოროლოგიური მონიტორინგის აღჭურვილობის შესყიდვას, მონტაჟს და ექსპლუატაციას.
  • გენდერულად მგრძნობიარე სოციალურ-ეკონომიკური მოწყვლადობის შეფასებისა და ინსტრუმენტების იდენტიფიცირებას და გამოყენებას.
  • მრავლობითი კატასტროფების რისკების მონაცემთა ბაზის მართვას, რომელიც ახდენს ინფორმაციის მართვის ცენტრალიზებას, მონაცემთა შესაბამისი პროტოკოლების გამოყენებით და მონაცემთა ხელმისაწვდომი პორტალით.
  • ადრეული შეტყობინების სისტემის შემუშავებას და დანერგვას საქართველოს 11 მდინარის აუზისთვის.
  • ფერმერებისთვის/სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისთვის შესაბამისი კლიმატის შესახებ საინფორმაციო პროდუქტებისა და რჩევების ხელმისაწვდომობისა და გამოყენების უზრუნველყოფას.
  • მრავლობითი საფრთხეების მართვის (MHRM) საპასუხო სისტემის შექმნას, აუზის დონეზე მრავლობითი საფრთხეების მართვის გეგმებისა და მუნიციპალურ დონეზე მრავლობით საფრთხეებზე რეაგირებისა და მზადყოფნის გეგმების ჩათვლით.
  • თემზე დაფუძნებული ადაპტაციის დაგეგმვას, რომელიც განხორციელდება თემზე დაფუძნებული ადრეული გაფრთხილების სქემებისა და კლიმატის რისკის მართვის მეშვეობით.
  • საზოგადოების ინფორმირებას და შესაძლებლობების გაძლიერებას იმისთვის, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ეფექტურად მიეწოდოს ინფორმაცია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების შესახებ.
  • 13 წარდგენილი ინიციატივიდან შერჩეული პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებში, ადგილმდებარეობის სპეციფიკიდან გამომდინარე, რისკის შემცირების ინტერვენცია დაიგეგმა.

შედეგები

  • 2021 წელს საქართველო გახდა ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ეროვნული ცენტრის (ECMWF) წევრი, რათა გაუმჯობესდეს პროგნოზირების შესაძლებლობები.
  • 2025 წელს, პროგრამის ხელშეწყობით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ხელი მოაწერა თანმაშრომლობის მემორანდუმს ევროპის მეტეოროლოგიური ქსელთან, EUMETNET-თან.
  • დაგეგმილი 154 სადგურიდან 150 უკვე დამონტაჟებულია. მათ შორისაა 94 მეტეოროლოგიური, 43 ჰიდრომეტეოროლოგიური და 13 აგრომეტეოროლოგიური სადგური.
  • აეროლოგიური ზონდირების სისტემა (რადიოზონდი, წყალბადის საჰაერო ბუშტები, პარაშუტები, წყალბადის გენერატორი) დამონტაჟდა ქალაქ ფოთში, რომელიც ფუნქციონირებას უახლოეს მომავალში დაიწყებს. სისტემა უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი ატმოსფერული მონაცემების შეგროვებას, რაც გააუმჯობესებს ამინდის პროგნოზირების ხარისხსა და ექსტრემალური ამინდის მოვლენებზე ადრეული გაფრთხილების ეფექტიანობას.
  • აგრომეტეოროლოგიური სერვისების ციფრული პლატფორმა GECSA სრულად ამოქმედდა ორ საპილოტე რეგიონში (კახეთსა და შიდა ქართლში) და უკვე 1,000-ზე მეტი დარეგისტრირებული მომხმარებელი ყავს.
  • 11 ადგილზე განთავსდა გეოლოგიური მონიტორინგის სისტემები.
  • მონაცემების ხარისხიანი დამუშავებისა და შენახვის მიზნით, გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის შეძენილ იქნა მაღალი წარმადობის კომპიუტერი, რომელიც 2021 წლიდან ფუნქციონირებს. ასევე, მიმდინარეობს ცენტრალური საინფორმაციო სისტემის განახლება, რაც მონიტორინგის სადგურებიდან ინფორმაციის ავტომატურ რეჟიმში მიწოდებას უზრუნველყოფს.
  • მიმდინარეობს ჰიდრომეტეოროლოგიური სერვისების საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სისტემის განახლება ფინეთის მეტეოროლოგიურ ინსტიტუტთან თანამშრომლობით. დასრულების პროცესშია ახალი SartMet და SmartAlert მობილური აპლიკაციების შემუშავება, რომლებიც უზრუნველყოფს მოსახლეობის უფრო ფართო წვდომას ამინდის პროგნოზებსა და კლიმატურ ინფორმაციაზე.
  • მრავლობითი საფრთხის შემცველი კატასტროფის რისკების საინფორმაციო სისტემა შექმნილი და დანერგილია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, სადაც 11 მდინარის აუზების საფრთხისა და რისკის შესახებ ინფორმაციაა ატვირთული. სისტემა მიზნად ისახავს არსებულ საფრთხებსა და რისკებზე კრიტიკული ინფორმაციის მიწოდებას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და მოსახლეობისთვის. დაგეგმილია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება მონაცემთა გაზიარების პროტოკოლზე შეთანხმებისა და საჯარო წვდომის უზრუნველსაყოფად.
  • მრავლობითი საფრთხის რისკების მართვის გეგმები მომზადებულია ოთხი მდინარის აუზებისთვის: კინტრიში, ნატანები, სუფსა და ხობისწყალი. დარჩენილი 7 მდინარის აუზების რისკების მართვის გეგმების შემუშავება დასრულდება 2026 წელს.
  • საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმები შექმნილია 11 მუნიციპალიტეტისთვის, რომელთაგან ექვსი (ახმეტა, გორი, თელავი, ლაგოდეხი, სიღნაღი, ქობულეთი) ოფიციალურად დაამტკიცეს შესაბამისმა ადგილობრივმა ხელისუფლებებმა. დარჩენილი ხუთი მუნიციპალიტეტის (აბაშა, თბილისი, სამტრედია, სენაკი, ხობი) გეგმების დამტკიცება დაგეგმილია მომავალი წლების მანძილზე.
  • კლიმატური საფრთხეების რუკებზე და მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლაზე დაყრდნობით, მიმდინარეობს კლიმატის ცვლილების საფრთხეების მიმართ ყველაზე მოწყვლადი თემების გამოვლენა და შესაბამისი სათემო ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება. პროგრამის ფარგლებში გამოვლინდა 100 თემი როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. მიმდინარე ეტაპზე, დასავლეთ საქართველოში 45 ყველაზე მოწყვლად თემში განხორციელდა თემზე დაფუძნებული კლიმატური რისკების მართვის დაგეგმვა, ხოლო არასტრუქტურული ღონისძიებების განხორციელება დაიწყო აღნიშნული 45 თემიდან 15 თემში ნატანების, სუფსის და კინტრიშის აუზებში. ეს მოიცავს თემზე დაფუძნებული კლიმატური რისკების მართვის გეგმებში განსაზღვრული კატასტროფის რისკების შემცირების ზომების განხორციელებას, როგორებიცაა ხეების დარგვა, მცირე გაბიონების მოწყობა და მდინარის კალაპოტებისა და არხების გასუფთავება. დარჩენილ 30 თემში გეგმების განხორციელება დაიწყო 2025 წლის შემოდგომიდან, ხოლო უკვე იდენტიფიცირებული 50 ყველაზე მოწყვლადი თემი აღმოსავლეთ საქართველოში დაიფარება 2026 წლიდან.
  • მთლიანი ქვეყნის მასშტაბით შენდება წყალდიდობისგან დამცავი ინფრასტრუქტურა 15 ლოკაციაზე. 12 ლოკაციაზე სამუშაოები უკვე დასრულებულია, მათ შორის, 10 ლოკაციაზე სამუშაოები დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, ხოლო 2 ლოკაციაზე - კლიმატის მწვანე ფონდის მიერ. საბოლოო და ყველაზე მასშტაბური კლიმატის მწვანე ფონდის მიერ დაფინანსებული ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოები ხორციელდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან თანამშრომლობით.
  • მიმდინარეობს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის ინსტიტუციური შესაძლებლობების შეფასება და  განვითარება. სხვადასხვა უწყების შესაბამისი დეპარტამენტებისა და მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის ხორციელდება ტრენინგების ციკლი პროგნოზირებაში, საფრთხეების შეფასებაში, მოდელირებასა და სხვა საკითხებში.
  • გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან ერთად, საინფორმაციო კამპანიები და საგანმანათლებლო საქმიანობა ხორციელდება საქართველოს 46 ადგილობრივ მუნიციპალიტეტში. ტრენინგები გაიარა 10,000-ზე მეტმა ადამიანმა, ხოლო 200-ზე მეტი ახლაგაზრდა ჩაერთო მწვანე ბანაკში „ახალგაზრდა კლიმატის ელჩები“.
  • "მწვანე სტიპენდია" მიიღო 128 სტუდენტმა საქართველოს რვა უნივერსიტეტიდან, რომლებმაც სწავლა ეკოლოგიის, ჰიდროლოგიის, გეოლოგიის, ენერგეტიკისა და მინერალური რესურსების მართვის, გარემოს მდგრადი განვითარებისა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის შესწავლა სამაგისტრო პროგრამებზე განაგრძეს.
  • პროექტის ფარგლებში იმართება ყოველწლიური სათემო ფორუმები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, კონკურსები მედიისთვის, სათემო ორგანიზაციებისა და სკოლებისთვის. 

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი

კოკა კლდიაშვილის ქ. 2
თბილისი 0179 საქართველო 

საკონტაქტო პირები

ქეთევან სხირელი
პროექტის მენეჯერი
ketevan.skhireli@undp.org

ნინო ანთაძე
UNDP-ის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი
nino.antadze@undp.org