საქართველო ნახშირბადნეიტრალური მომავლის გზაზე

გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების პირველი ეროვნული სტრატეგია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით შეიქმნა

14 July 2023
Georgia launches its first Long-Term Low-Emission Development Strategy
ფოტოს ავტორი: UNDP/ვლადიმირ ვალიშვილი

საქართველოს მთავრობამ საჯაროდ წარმოადგინა თავისი პირველი გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგია 2050, რომელიც ოფიციალურად იქნა მიღებული 2023 წლის 24 აპრილს. ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის მიღება ხელს შეუწყობს კლიმატის ეროვნული სამოქმედო გეგმის განახლებას 2023-2025 წლებისთვის და საქართველოს  კლიმატგონივრული განვითარების საგზაო რუკის დახვეწას.

დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგია სრულად შეესაბამება პარიზის შეთანხმების ძირითად პრინციპებს და მორგებულია საქართველოს რეალობაზე. დოკუმენტი ემსახურება სათბურის აირების გაფრქვევის შემცირების შესაძლებლობების გამოვლენას და იმ პრიორიტეტული ზომების აღწერას, რომლებიც უნდა განხორციელდეს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, მათ შორის, ენერგეტიკაში, სამშენებლო სექტორში, ტრანსპორტში, მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, ნარჩენების მართვაში, მიწათსარგებლობასა და ტყის მართვაში.

დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში წამყვანი როლი შეასრულა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საკვანძო საჯარო უწყებებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით. 

სტრატეგიის შემუშავების პროცესს მხარს უჭერდნენ ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მათი რეგიონული ინიციატივის, EU4Climate, ფარგლებში. ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობამ უზრუნველყო ის აუცილებელი რესურსები, ტექნიკური დახმარება და საერთაშორისო ექსპერტიზა, რომელიც ამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი დოკუმენტის შემუშავებას სჭირდებოდა.

„საქართველოს მთავრობას მტკიცე ვალდებულება აქვს აღებული, სათანადოდ გაუმკლავდეს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და იზრუნოს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კლიმატგონივრულ მომავალზე. გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგია ასახავს ჩვენს ეროვნულ ხედვას ნახშირბადნეიტრალური განვითარებისა და კლიმატგონივრული ეკონომიკის შექმნის შესახებ. ამ სტრატეგიის მიღებით კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ გარემოს შენარჩუნებისა და მდგრადი ეკონომიკის განვითარების გზაზე.“
ოთარ შამუგია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
„ევროკავშირი მიესალმება საქართველოს გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიის მიღებას. ვამაყობთ, რომ მხარი დავუჭირეთ ნახშირბადნეიტრალური ეკონომიკისა და ჭკვიანი ტექნოლოგიური განვითარების ხედვის ჩამოყალიბებას, და მზად ვართ აქტიურად დავუჭიროთ მხარი მის განხორციელებას.“
პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში
"გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიის მიღება მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს მდგრად განვითარების გზაზე. ვულოცავთ საქართველოს მთავრობას ამ მიღწევას და ვადასტურებთ ჩვენს მზაობას მხარი დავუჭიროთ ქვეყნის ძალისხმევას მისი ეროვნული კლიმატური მიზნების მიღწევაში.“
ნიკ ბერესფორდი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში

გამომსვლელთა შორის ასევე იყვნენ რომეო მიქაუტაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; მაია ბითაძე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე; ნინო თანდილაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; და მაია ცხვარაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კლიმატის ცვლილების სამმართველოს უფროსი.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • ნანა ჩინჩილაკაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, +995 599 502619, nana.chinchilakashvili@mepa.gov.ge
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • ირა სულავა, UNDP, +995 599 579105, irine.sulava@undp.org
  • თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, +995 32 2364364, tamriko.mikadze@eeas.europa.eu