უჩინართა მიწები

მხატვართა და გარემოსდამცველთა არტ-პროექტი კლიმატის ცვლილების შესახებ

18 April 2023

არტისტი: ვერმიშელი

ფოტოს ავტორი: UNDP/ლელი ბლაგონრავოვა

თბილისის მრავალფეროვანი საკლუბო ცხოვრება დიდი ხანია გასცდა გართობის ფარგლებს და სოციალური აქტივიზმის ხასიათი შეიძინა. ხშირ შემთხვევაში, კლუბები სხვადასხვა სოციალური საკითხის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებს იზიდავს და საკუთარი აზრის გამოხატვისთვის არაფორმალურ პლატფორმას სთავაზობს. 

კლიმატის ცვლილება და მასთან დაკავშირებული სოციალური და გარემოსდაცვითი გამოწვევები სწორედ ის საკითხი აღმოჩნდა, რომელმაც გარემოს დამცველთა და მხატვართა კოლაბორაციას ჩაუყარა საფუძველი და ამ თანამშრომლობის შედეგები საკლუბო სივრცეში გადმოიტანა. 

2023 წლის მარტში, თბილისის ტეს-კლუბში მოსული ადამიანები არტ-პროექტის ‘უჩინართა მიწები’ მონაწილეები ხდებოდნენ და კლიმატის ცვლილების შედეგების გარშემო გამართულ მსჯელობაში ერთვებოდნენ. არტ-პროექტმა ათამდე მხატვარი და გარემოს დამცველი გააერთიანა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პრობლემებზე აალაპარაკა. 

პროექტის ინიციატორები იყვნენ არტ-ჯგუფი „Collective Failure“ და არასამთვარობო ორგანიზაცია “Climate Basics”. ნამუშევრების უმეტესობა სპეციალურად გამოფენისთვის შეიქმნა, ხოლო მათი ჩვენება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, EU4Climate პროექტის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.

„თანამედროვე ხელოვნება საკუთარ პასუხს გვთავაზობს კლიმატის ცვლილების კრიზისზე და ხელს უწყობს საზოგადოების ინფორმირებას პასუხისმგებლიანი მოხმარების, ცხოვრების მწვანე წესისა და მდგრად მწვანე ეკონომიკაზე სამართლიანი გადასვლის შესახებ“, -  განაცხადა გამოფენის გახსნაზე ანა ჩერნიშოვამ, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა ქართველ ხელოვანებთან და კლიმატის აქტივისტებთან თანამშრომლობენ, რათა მათი სათქმელი რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მივიდეს.

 

###

„გარემოს როგორც ერთჯერად ნივთს ისე ვექცევით“, - ამბობს მხატვარი ფილო გრეჩულევიჩი. მისი ნამუშევარი „დაბინძურების უკანასკნელი თაობა“ შემაშფოთებელ მომავალს ასახავს, რომელსაც მასობრივი მოხმარება, ნარჩენების უკონტროლო წარმოქმნა და დაბინძურებულ პლანეტაზე ცხოვრება მოგვიტანს.

არტისტი: ფილო გრეჩულევიჩი

ფოტოს ავტორი: UNDP/ლელი ბლაგონრავოვა

გიორგი ქავთარაძის ინსტალაცია „ზღვის სიმღერა“ შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის განადგურებაზე, ზღვის დაბინძურებასა და უკანონო თევზჭერაზე მოგვითხრობს. ინსტალაციის ცენტრში დამონტაჟებულ ავზში სუფთა და ნათელი წყალია, რომელიც ნელ-ნელა მუქდება, ფერს იცვლის და ზღვის სიცოცხლეს ანადგურებს.

არტისტი: გიორგი ქავთარაძე

ფოტოს ავტორი: UNDP/ლელი ბლაგონრავოვა

ჰაერის დაბინძურება არტისტისა და აქტივისტის ნიკა მუსერიძის სატკივარია. მისი ინსტალაციაში ოთხ ეკრანზე გამოსახული მანქანების დაუსრულებელი მოძრაობა სენსორულ გამოცდილებას გვათავაზობს. „ვიზუალურად ლამაზი ბუნება ჩანს, თუმცა შიგნით სხვა რაღაცეები ხდება,“ გვიხსნის ნიკა.

არტისტი: ნიკა მუსერიძე

ფოტოს ავტორი: UNDP

„ჩემი გზავნილია იზრუნო ბუნებაზე,“ ამბობს მხატვარი სალომეა ბაუერი. მისი ნამუშევრები გადმოსცემს მყინვართა თვალწარმტაც სილამაზეს და ამავდროულად, მწუხარებას მათი გაუჩინარების გამო.

არტისტი: სალომეა ბაუერი

ფოტოს ავტორი: UNDP

ნათია საპანაძის ნამუშევარი „სად წავიდეთ?“ ხაზს უსვამს, რომ ქალები და გოგოები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან კლიმატის ცვლილების მიმართ. გარემოსდაცვითი და სოციალური კრიზისი, რომელიც თან სდევს კლიმატის ცვლილებას, საფრთხეს უქმნის მათ დაცულობასა და კეთილდღეობას და კიდევ უფრო ამძაფრებს საზოგადოებაში არსებულ გენდერულ უთანასწორობას.

არტისტი: ნათია საპანაძე

ფოტოს ავტორი: UNDP

ბუნებრივი რესურსების არამდგრადი გამოყენება, მანგანუმის მოპოვებასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი პრობლემები და ადამიანებისა და ბუნების უჩინარი ბრძოლა ასახულია დავით კუხალაშვილის, „ნინა არტ“-ისა და „ვერმიშელის“ ნამუშევრებში.

არტისტი: ვერმიშელი

ფოტოს ავტორი: UNDP/ლელი ბლაგონრავოვა

გამოფენის კურატორი თუთა ჩხეიძე თვლის, რომ საქართველოში კლიმატის ცვლილების და გარემოს დაცვის საკითხები კვლევაც უჩინარია. „არ ვსაუბრობთ იმ სოციალურ ჯგუფებზე, რომლებიც ყველაზე მეტად გრძნობენ კლიმატის ცვლილების ნეგატიურ შედეგებს. არ ვსაუბრობთ იმ ტერიტორიებსა და მიწებზე, რომლებიც ასევე მოწყვლადია ამ პრობლემის წინაშე. გვინდა, რომ ეს პრობლემა ყველას დავანახოთ“.

არტ-პროექტის ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ გამოფენა „უჩინართა მიწები“ ახალი აზროვნების „ტრიგერი“ გახდება და კლიმატის ცვლილების გამოწვევას სააშკარაოზე გამოიტანს. მათ სჯერათ, რომ ხელოვნება გადაუდებლობის განცდას ქმნის და საზოგადოებას დაუყოვნებელი მოქმედებისკენ უბიძგებს. მას ასევე შეუძლია დახმარება გაუწიოს პოლიტიკის ცვლილებისთვის საჭირო ნაბიჯების გაცნობიერებას და თავისი წვლილი შეიტანოს მდგრადი და კლიმატგონივრული მომავლის მშენებლობაში.

###

სტატია შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია არტ-ჯგუფი „Collective Failure“ და არასამთვარობო ორგანიზაცია “Climate Basics”. სტატიის შინაარსი შესაძლოა, არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს.

EU4Climate ევროკავშირის ინიციატივაა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის მთავრობებს კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმების შესრულებაში ეხმარება. პროექტის მიზანია კლიმატთან დაკავშირებული კანონმდებლობის გაუმჯობესება, კლიმატის ცვლილების უარყოფითი გავლენის შემცირება და დაბალემისიიან ეკონომიკაზე გადასვლის ხელშეწყობა. EU4Climate-ს ახორცილებს გაეროს განვითარების პროგრამა ევროკავშირის დაფინანსებითა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეროვნულ მთავრობებთან თანამშრომლობით.