გზა მწვანე მომავალისკენ

ადგილობრივი გარემოსდაცვითი ინიციატივები საქართველოში

31 July 2023
Green Educational Weekend in Tbilisi. 2022
ფოტოს ავტორი: UNDP/ნინო ზედგინიძე

თბილისში ჯადოსნური სანახაობა გაიმართა! 2022 წლის ნოემბერში, ბავშვები და მათი მშობლები ერთ-ერთ პარკს ესტუმრნენ და დაუვიწყარ თეატრალიზებულ წარმოდგენაში ჩაერთნენ.

პეპლები ადამიანები რომ ყოფილიყვნენ, რას გვეტყოდნენ? ამ შეკითხვას პროფესიონალმა მსახიობებმა უპასუხეს. მათ პეპლები, კალიები და სხვა მწერები ადამიანის ენაზე აამეტყველეს და პარკის სტუმრებს ბუნებასთან ურთიერთკავშირზე გაესაუბრნენ. სანახაობით აღტაცებულმა ბავშვებმა ცოცხალი ბუნების შესახებ ბევრი საინტერესო რამ შეიტყეს და პირობა დადეს, რომ სამყაროს უფრო უსაფრთხოსა და მწვანეს გახდიდნენ.

თეატრალიზებული საგანმანათლებლო დღე მხოლოდ ერთ-ერთია იმ უამრავი პროექტის ჩამონათვალში, რომელიც საქართველოს სახვადასხვა კუთხეში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა.

UNDP-სა და GEF-ის მცირე გრანტების პროგრამამ არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებს მათი გარემოსდაცვითი და სოციალური პროექტებისთვის საჭირო რესურსები და თანამშრომლობის ქსელი შესთავაზა, რამაც უამრავ ადგილობრივ ინიციატივას ჩაუყარა საფუძველი. 2012 წლიდან, ამ მოქნილი საგრანტო მექანიზმის გამოყენებით, 90-მდე მცირე ადგილობრივი პროექტი განხორცილდა, რომელთა მთლიანმა დაფინანსებამ 2 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

Daycare Centre “Tebe” in Borjomi
ფოტოს ავტორი: UNDP/ვლადიმირ ვალიშვილი

ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ბორჯომის ტყის აღდგენაში ერთვებიან

ბორჯომში განლაგებული დღის ცენტრი „თებე“ 30-ზე მეტ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირს ემსახურება და სოციალური ინტეგრაციის, რეაბილიტაციისა და დასაქმების სივრცეს სთავაზობს. 

თუმცა, „თებეს“ საქმიანობა ამით არ ამოიწურება! 2022 წელს, „თებემ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტისგან საჩუქრად მიწის ნაკვეთი მიიღო, სადაც სოჭის, ფიჭვის, არყისა და ენდემური ნაძვის მოსაშენებლად მცირე ზომის სანერგე მეურნეობა მოაწყო. ამ ინკლუზიური მწვანე პროექტის მიზანია შშმ პირთა ჩართვა გარემოსდაცვით საქმიანობაში, მათ შორის ბორჯომის ტყის აღდგენაში, რომელიც ჯერ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის, ხოლო შემდეგ გახშირებული ტყის ხანძრებისა და კლიმატის შედეგად დაზარალდა.

“თებეს მაგალითზე ნათლად ვხედავთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობა დაბრკოლება არაა, როდესაც ჩვენი გულები და ხელები მწვანე და ინკლუზიური მომავლისთვის ერთიანდება.“
ნანა ლომაძე, ორგანიზაცია „ერთად რეალური ცვლილებისთვის“ ხელმძღვანელი

სანერგე მეურნეობის მოწყობა და აღჭურვა UNDP-სა და GEF-ის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტს სათავეში ჩაუდგა არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთად რეალური ცვლილებისთვის“, რომელმაც დამატებითი ხელშეწყობა ბორჯომის მერიისგან და გერმანული ორგანიზაცია „Arbeiter-Samariter-Bund“-გან მიიღო.

შშმ პირებმა და „თებეს“ თანამშრომლებმა გაიარეს ტრენინგი მცენარეთა მოვლისა და ტყის აღდგენის საკითხებში და ასევე გაეცნენ, თუ რა როლს ასრულებს ტყე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან დაცვის საქმეში.

სასათბურე მეურნეობის გახსნის შემდეგ, მკვეთრად გაიზარდა „თებეს“ სტუმრების რიცხვიც, რამაც დადებითად იმოქმედა შშმ პირთა სოციალურ ინტეგრაციაზე. „თებე“ ხშირად მასპინძლობს ბორჯომის სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, რომლებიც აქ შშმ პირთა მოსანახულებლად და სათბურში დასახმარებლად მოდიან.

ხეების ზრდასთან ერთად, იზრდება „თებეც“. მისი მწვანე, თანასწორი და ინკლუზიური სივრცე ყველასთვის ღიაა.

Tourist trails at Tabatskuri Lake
ფოტოს ავტორი: UNDP/ვლადიმირ ვალიშვილი

საქართველოს ეკოტურისტული საგანძური

არწივის ხეობა, ტაბაწყურის ტბა, ჭაჭუნას აღკვეთილი და რკინის ჯვრის მთა - ამ ჯადოსნური ადგილების ბუნებრივი სილამაზე და მდიდარი ბიომრავალფეროვნება კარგად ცნობილია ლაშქრობებისა და ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულთათვის.

ამის მიუხედავად, მდიდარი ტურისტული პოტენციალის განვითარება შეფერხებული იყო ათწლეულების მანძილზე. ინფრასტრუქტურა და სერვისები სუსტად იყო წარმოდგენილი, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა სრულად ვერ სარგებლობდა იმ უამრავი ეკონომიკური შესაძლებლობით, რომელიც ეკო-ტურიზმს უკავშირდება.

გაეროს განვითარების პროგრამამ და გლობალურმა გარემოსდაცვითმა ფონდმა, თავისი მცირე გრანტების პროგრამის მეშვეობით, ადგილობრივი ტურისტული ინიციატივების განვითარებას შეუწყეს ხელი. ჩვენი დახმარება მიზნად ისახავდა ეკო-ტურისტული შესაძლებლობების გამოვლენას და ადგილობრივი მოსახლეობისა და სათემო ორგანიზაციების დაკავშირებას შესაბამის სახელმწიფო და მუნიციპალურ უწყებებთან.

შედეგად, ოთხივე ლოკაციაზე შეიქმნა სალაშქრო და საცხენოსნო ბილიკები, ფრინველებზე დაკვირვების ადგილები, ტურისტული თავშესაფრები და სხვა ინფრასტრუქტურა და სერვისები, რამაც ამ უნიკალური სამყაროს კარი ეკოტურისტებისთვის შეაღო.  

"ადგილობრივი ეკოტურისტული ინიციატივები ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვას და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას. ჩვენი ხელშეწყობით, ეს ულამაზესი ადგილები ახალ ცხოვრებას იძენს და ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი ხდება. ეს ხელს უწყობს უნიკალური ეკოსისტემების დაცვას და გარემოსადმი პასუხისმგებლიანი მეწარმეობის განვითარებას."
ანნა ჩერნიშოვა, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში

UNDP-ისა და GEF-ის ხელშეწყობით განხორცილებულმა ინიციატივებში ჩართულები იყვნენ, როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე მომუშავე ორგანიზაციები, მუნიციპალიტეტები, სათემო გაერთიანებები, კერძო კომპანიები და სახელმწიფო უწყებები. მათ შორის, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტო, ასოციაცია „ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობრები“, ბუნების დაცვის საზოგადოება „საბუკო“ და საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია.

ბოლო ხუთი წლის მანძილზე, ეკოტურისტული პროექტების განხორციელების ფარგლებში ამოქმედდა 20-მდე მცირე ბიზნეს ინიციატივა, რამაც ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები შექმნა.

Young environmentalists are greening their schoolyard
ფოტოს წყარო: UNDP/Nature Conservation Georgia

გარემოსდამცველთა ახალი თაობა 

"ძალიან სასიამოვნო გრძნობაა, როდესაც სკოლის ეზოში შენი ხელით დარგულ ხეების მოინახულებ. მჯერა, რომ ეს ხეები ჩვენთან ერთად გაიზრდებიან და ჩვენი განუყოფელი ნაწილი გახდებიან", - ამბობს დათო მიქავა, რუსთავის მე-9 საშუალო სკოლის მოსწავლე და პროექტის „თანამშრომლობა მწვანე რუსთავისთვის“ აქტიური მონაწილე.

ეს ახალგაზრდული ინიციატივა, რომელსაც ორი არასამთავრობო ორგანიზაცია, "გავიგუდეთ" და "ეკო ცენტრი", ჩაუდგა სათავეში, ქალაქსა და ბუნებას შორის კავშირის აღდგენას ემსახურება და UNDP-სა და GEF-ის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.

დღეს, ახალგაზრდა თაობა იზრდება მსოფლიოში, სადაც კლიმატის ცვლილება და გარემოსდაცვითი გამოწვევები ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია და სადაც ცხოვრების მწვანე სტილის დანერგვა და გარემოზე მუდმივი ზრუნვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ახალგაზრდების განათლება, ცნობიერება და აქტიური ქმედებისკენ მზაობა გადამწყვეტ როლს შეასრულებს ჩვენი პლანეტის მომავლისთვის ბრძოლაში, დაეხმარება ხვალინდელი დღის ლიდერებს მზად იყვნენ გადაწყვეტილების მისაღებად.

UNDP-სა და GEF-ის ხელშეწყობით, საგანმანათლებლო და გარემოსდაცვით საქმიანობაში ჩაერთნენ 15-მდე ქალაქისა და სოფლის საჯარო სკოლები საქართველოს ყველა კუთხეში. ახალგაზრდა გარემოსდამცველების ინიციატივით უამრავი სხვადასხვა სახის აქტივობა განხორციელდა, მათ შორის სკოლების ეზოების გამწვანება, საზოგადოებრივი სკვერების მოწყობა, დასუფთავების აქციები, ტყის აღდგენის სამუშაოები, გარემოსდაცვითი შინაარსის ქუჩის მხატვრობა, ურბანული ბიომრავალფეროვნების დაცვა, ფრინველებზე დაკვირვება და დაცულ ტერიტორიებზე ლაშქრობების მოწყობა.

UNDP-სა და GEF-ის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, არაერთი ახალგაზრდული პროექტი განხორციელდა. ამ პროექტების მეშვეობით, ახალგაზრდები იძენენ ცოდნას და იღებენ პასუხისმგებლობას გარემოს დაცვაზე. ისინი აცნობიერებენ საკუთარ შესაძლებლობებს და სჯერათ საკუთარი წარმატების კლიმატისადმი მედეგი და მდგრადი მომავლის ასაშენებლად.