ოქროს ხორბალი

როგორ გადაარჩინა სათემო პროექტმა საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა

20 იანვარი 2026
The endemic wheat field in Omalo, Georgia

ლალი მესხი, ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანების დამფუძნებელი. ომალო, თუშეთი. 2020

ფოტოს ავტორი: ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანება | ლედი ხუჭუა

2025 წლის დეკემბერში, გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) ‘ქართული ხორბლის კულტურა -  ტრადიციები და რიტუალები’ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. ამ გადაწყვეტილებამ, რომელსაც საქართველო დიდი ხანია ელოდა, ქართული ხორბლის უნიკალურობა და მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ღვინის 8,000-წლოვანი ტრადიციის მსოფლიო აღიარების შემდეგ, საქართველომ ვაზისა და ღვინის სამშობლოდ დაიმკვიდრა სახელი. დღეს, ამ სიას ხორბლის მოყვანისა და პურ-ცხობის ტრადიციაც დაემატა. 

თუმცა, UNESCO-ს გადაწყვეტილება მხოლოდ წარსულის პატივისცემა როდია. ის ახალ შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვისთვის, ენდემური ჯიშების შენარჩუნებისა და რეკულტივაციისთვის და ასევე, ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის შესწავლისთვის, რაც კლიმატის ცვლილების პირობებში, განსაკუთრებით კრიტიკულია.

ქართველებისთვის ხორბალი და ვაზი მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კულტურები არასდროს ყოფილა. ეს ჩვენი ქვეყნის ემოციური ლანდშაფტის, ისტორიული მეხსიერების, წეს-ჩვეულებებისა და ყოველდღიურობის ნაწილია.

„ხორბლის მოყვანის ტრადიცია ისეთ ღირებულებებზეა აგებული, როგორებიცაა ერთიანობა, სამართლიანობა და საერთო პასუხისმგებლობა“, - ამბობს ლალი მესხი, ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანების დამფუძნებელი და UNESCO-ში გაგზავნილი განაცხადის ავტორი. 

„ქართველებისთვის პური წმინდაა. პურის გადაგდება ან პირქვე დადება არ შეიძლება, რადგან პური მიწიერსა და ღვთაებრივს შორის ხიდია“.

ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანება უკვე წლებია ჩართულია ადგილობრივი ენდემური ხორბლის ჯიშებისა და ლენდრასების, ანუ ხალხური სელექციის გზით მიღებული ჯიშების შენარჩუნებისა და აღდგენის საქმეში. 

2020 წელს, როდესაც ორგანიზაციამ აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ ქართლ-კახეთსა და თუშეთში, რამდენიმე საცდელი პროექტი წამოიწყო, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამამ მას დახმარება გაუწია და საპილოტე ინიციატივები დაუფინანსა. 

UNDP-სა და GEF-ის კომპლექსური დახმარება ფინანსირებას, ექსპერტულ ხელშეწყობასა და სათემო კავშირების მხარდაჭერას მოიცავდა, რამაც სათანადო შედეგი გამოიღო. ადგილობრივი ფერმერები ენდემური ხორბლის ჯიშების აღდგენაში აქტიურად ჩაერთნენ და რამდენიმე ექსპერიმენტული პროექტიც განახორციელეს.

„UNDP-სა და GEF-ის მხარდაჭერით, ჩვენ ხორბლის ენდემური ჯიშებისა და ლენდრასების აღდგენა დავიწყეთ. თავდაპირველად სანერგეებში მოვაშენეთ, ხოლო შემდეგ 50 ჰექტარი ფართობის ნაკვეთებზე გადავიტანეთ. ფერმერებმა შესაბამისი ტრენინგი გაიარეს. ინფორმაცია საკმაოდ სწრაფად გავრცელდა და თანდათან, ენდემური ხორბლის ჯიშებით სულ უფრო მეტი ფერმერი დაინტერესდა“, - იხსენებს ლალი მესხი.

დღეს, მცირე სათემო პროექტით დაწყებულმა ექსპერიმენტმა უფრო ფართომასშტაბიან შედეგებს ჩაუყარა საფუძველი. რამდენიმე სოფელში განხორციელებულმა პროექტმა ცხადყო, რომ ხორბლის ენდემური ჯიშების შენარჩუნებასა და აღდგენას მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია ისეთ სფეროებში, როგორებიცაა გასტრონომიული და ეკოტურიზმის განვითარება, ჯანსაღი კვების პოპულარიზაცია, სურსათის უვნებლობის უფრო მაღალი სტანდარტის დამკვიდრება და რაც მთავარია, ეკონომიკურად უფრო მედეგი და წარმატებული სოფლის მშენებლობა.

საქართველოს ოქროს ხორბალი არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობაა. ეს ქართველი ხალხის ისტორიული მეხსიერება და სიამაყეა, რომელმაც ათასწლეულების მანძილზე, ხორბლის უძველესი ჯიშები ხელიდან ხელში, კომლიდან კომლში, ერთი სოფლიდან მეორეში ატარა და თანამედროვე მსოფლიოს შემოუნახა. 

დღეს კი ეს ცოცხალი მემკვიდრეობა თანამედროვე კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში გვეხმარება.

Georgia's endemic wheat field

ენდემური ხორბლის ყანა სოფელ ასურეთში

ფოტოს ავტორი: UNDP | ვლადიმირ ვალიშვილი

ენდემური ხორბლის საიდუმლო

მსოფლიოში ცნობილი ხორბლის ოცი სახეობიდან თხუთმეტი საქართველოშია აღწერილი. ამათგან ხუთი სახეობა საქართველოს ენდემია და სხვაგან არსად გვხვდება. ამ უძველესი ჯიშების სახელები საუკუნეების რიტმს ატარებს: მახა, ზანდური, დიკა, კოლხური ასლი და ჩელტა ზანდური.

კვლევები ცხადყოფს, რომ ეს ჯადოსნური ხორბლის ჯიშები ათასწლეულების მანძილზე ვითარდებოდნენ და ბევრი განსაკუთრებული თვისება შეიძინეს, მათ შორის, ძლიერი იმუნიტეტი და გამძლეობა. ზოგი სოკოვანი დაავადებების მიმართ მედეგია, ზოგი კი მწირ ნიადაგზე და გვალვის პირობებშიც კი სტაბილურ მოსავალს იძლევა.  

დღევანდელ სამყაროში, სადაც კლიმატი არაპროგნოზირებადია, ხოლო სოფლის მეურნეობას სულ უფრო მეტი საფრთხე ემუქრება, ასეთი გენეტიკური საგანძური განსაკუთრებით ძვირფასია. 

ქართული ხორბლის ისტორია ისეთივე უნიკალურია, როგორც ქართული ვაზის. არქეოლოგიური და პალეობოტანიკური კვლევებით ირკვევა, რომ ჩვენი რეგიონი მარცვლეულის კულტივაციის ერთ-ერთი უძველესი კერა უნდა იყოს, ხოლო ქართული ხორბალი, სავარაუდოდ, რვა ათასწლეულზე მეტს ითვლის.    

თანამედროვე ფერმერებისთვის, ამ უძველესი მარცვლეულის რეკულტივაცია კლიმატისადმი მედეგი და მდგრადი გადაწყვეტაა.

მკვლევარებისთვის - უნიკალური ინფორმაციის წყარო, რომელიც სოფლის მეურნეობას ისტორიულ ტრადიციაზე დაფუძნებულ, თუმცა სრულიად ახლებურ ხედვას შესძენს.

ხოლო ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, ენდემური ხორბლის დაბრუნება წარსულთან დაკარგული კავშირის აღდგენაა, შეხსენება, რომ თანამედროვეობის უმწვავესი გამოწვევების გასაღები სწორედ ისტორიულ ცოდნაშია.

The endemic wheat field in Asureti, Georgia

ენდემური ხორბლის ყანა სოფელ ასურეთში

ფოტოს ავტორი: UNDP| ვლადიმირ ვალიშვილი

ერთად მწვანე განვითარებისკენ

საქართველოს ენდემური ხორბლის ჯიშების დაცვა და პოპულარიზაცია 100-ზე ადგილობრივი ინიციატივის რიცხვშია, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამის ხელშეწყობით განხორციელდა.

2012 წლიდან, ამ მცირემასშტაბიან, თუმცა საკმაოდ შედეგიან პროექტებზე სულ 2.5 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაიხარჯა, ხოლო მათ განხორციელებაში უამრავი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, სათემო ჯგუფი და ადგილობრივი თვითმმართველობა ჩაერთო.

პროექტების სპექტრი საკმაოდ ფართოა და ადილობრივი მოსახლეობის მიერ შერჩეულ საკითხებსა და გამოწვევებს ეხმიანება, მათ შორის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, ეკოტურიზმის განვითარებას, მდგრადი სოფლის მეურნეობის დანერგვას, მწვანე მეწარმეობის ხელშეწყობასა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციას. 

პრაქტიკულად ყველა პროექტი სოციალური ჩართულობის ხელშეწყობას, ქალთა უფლებების დაცვასა და ადგილობრივი ეკონომიკის მხარდაჭერას ითვალისწინებს.

„ამ მნიშვნელოვანი პროგრამის შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა, მუნიციპალიტეტები, სამოქალაქო საზოგადოება, მკვლევარები და მეწარმეები ერთად მუშაობენ მდგრადი და კლიმატგონივრული მომავლის შესაქმნელად, სადაც ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აკისრია ადამიანებისა და პლანეტის წინაშე“, - ამბობს დაგლას უები, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში.

ბოლო წლებში, UNDP-სა და GEF-ის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით, შემდეგი ინიციატივები განხორციელდა:  

  • მტკვრის ჭალის აღდგენა რუსთავში (2023-2025)
  • მაღალმთიანი საძოვრების აღდგენა თეთრიწყაროში (2023-2025) 
  • ადგილობრივი ფერმერული მეურნეობების მტაცებლებისგან დაცვა ბორჯომ-ხარაგაულში ველური ბუნებისადმი მეგობრული მეთოდების, მათ შორის განახლებად ენერგიაზე მომუშავე ელექტროღობეების გამოყენებით (2023-2024)
  • იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ფრინველების დაცვა ჭაჭუნას აღკვეთილში (2022-2024)
  • მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა და კომპოსტირების პრაქტიკის დანერგვა იმერეთის რეგიონში (2021-2023)
  • ადგილობრივი სკოლის გამწვანება ნიგვზარში (2021-2023) 
  • კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარება წალკაში (2021-2023)
  • ეკოტურიზმის განვითარება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში (2021-2023)
  • ინოვაციური გარემოსდაცვითი განათლება თეატრალური წარმოდგენების გზით თბილისში (2022)
  • მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა და ბიოლოგიური სასუქის წარმოება თიანეთში (2021-2022)
  • ეკოტურიზმის ხელშეწყობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებსა და ტაბაწყურში (2021-2022)

სრული ინფორმაცია GEF მცირე გრანტების პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომია ამ გვერდზე.

„UNDP-სა და GEF-ის მცირე გრანტების პროგრამის შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა, მუნიციპალიტეტები, სამოქალაქო საზოგადოება, მკვლევარები და მეწარმეები ერთად მუშაობენ მდგრადი და კლიმატგონივრული მომავლის შესაქმნელად, სადაც ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აკისრია ადამიანებისა და პლანეტის წინაშე.“
დაგლას უები, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში