თანასწორობა და შესაძლებლობა საქართველოს მეწარმეობაში
მცირე ბიზნესის დიდი მომავალი
15 ოქტომბერი 2025
როგორ იწყება ექსპერიმენტული ბრენდი, რომელიც უკომპრომისოდ ცვლის ქართული მოდის ტენდენციებს? ბავშვობაში ნინო გოდერიძეს ხატვა და ხელსაქმე იტაცებდა. განსაკუთრებით ქსოვილის ფაქტურა და ფერები იზიდავდა. ეს ინტერესი წლებთან ერთად არ განელებულა, რამაც ქართული მოდის გამორჩეულ ბრენდს, God Era-ს ჩაუყარა საფუძველი. God Era გამბედავად არღვევს მოდის ინდუსტრიაში მიღებულ სტანდარტებს და იდენტობაზე, ტრავმასა და გარდაქმნაზე თამამად საუბრობს.
„ჩემი პირველი ინსპირაცია სხეული იყო, განსაკუთრებით კი ქვიარ ადამიანი და მისი თვითაღქმა“, - გვიყვება ნინო. „ჩემს ნამუშევრებში ვცდილობ ვაჩვენო უმცირესობების გამოცდილება, სექსუალური ტრავმა, ის, რაზეც ჩვენ საზოგადოებაში ხშირად არ საუბრობენ“.
God Era 2020 წელს, პანდემიის დროს შეიქმნა. პანდემიით გამოწვეული კრიზისის პიკზე, ნინოს არც ტრადიციულ რესურსებზე, არც მენტორობის შესაძლებლობებზე მიუწვდებოდა ხელი. ამიტომ ორიგინალური ბრენდის შექმნა ექსპერიმენტული მიდგომების დანერგვით დაიწყო. კომბუჩადან ვეგანური ტყავის წარმოება მისი ერთ-ერთი პირველი და გამორჩეული პროექტია.
„ძალიან რთული იყო“, - იხსენებს ნინო. „საქართველოში მხოლოდ ერთი ადამიანი ვიპოვე, ვისაც მსგავსი გამოცდილება ჰქონდა, და მასაც არ სჯეროდა ჩემი, თვლიდა რომ არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი“.
თუმცა, ხელების ჩამოყრის ნაცვლად, ნინომ გამოწვევა მიიღო და სასურველ შედეგსაც მიაღწია. „ამ მაგალითმა კიდევ უფრო გამაძლიერა! საკუთარი თავის რწმენა არ დამიკარგავს. საბოლოოდ, ორივე ამაყი ვიყავით იმით, რაც შევქმენით.“
იყო დამწყები დიზაინერი საქართველოში მარტივი საქმე არაა. მოდის ინდუსტრია მცირეა, სწავლისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობები საკმაოდ შეზღუდულია. ხშირად, ახალგაზრდა დიზაინერები სტაჟირების გავლასაც კი ვერ ახერხებენ და პირველ კოლექციებს ექსპერიმენტულად ქმნიან. God Era-მაც ეს გზა გაიარა და თამამი ბრენდი პირადი რისკის ფასად წარადგინა.
„გამბედაობა გჭირდება. შენით გიწევს ნულიდან დაწყება“, - ამბობს ნინო. „მისაბაძი მაგალითი არ გყავს, საკუთარი სტილი უნდა აღმოაჩინო და კარიერის შენება დამოუკიდებლად დაიწყო“.
God Era მართლაც აღმოჩენების ბრენდია. მისი უნიკალურობა არა მხოლოდ გამორჩეულ ვიზუალურ ენაშია, არამედ ღირებულებებშიც, რომელსაც ბრენდის კონცეფცია ეფუძნება. ეთიკური წარმოება, უნისექსის ესთეტიკა, გადამუშავებული მასალების გამოყენება - ყველა ეს ელემენტი ერთად ქმნის საუკეთესო ეკოსისტემას ადამიანის პირადი ისტორიებისა და არაერთმნიშვნელოვანი გამოცდილების გადმოსაცემად.
„ყველა ნამუშევარს თავისი კონცეფცია აქვს. თითოეული ნამუშევარი კვლევისა და დაკვირვების შედეგია. ტრენდებს არ მივყვები“, - აცხადებს ნინო.
ნინოს ინსპირაციის წყარო ქალები არიან, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები, ხელსაქმით დაკავებული ქალები, რომელთა ნამუშევრები ხშირად შეუმჩნეველი რჩება. კახეთში მოგზაურობისას, მან ნაბდის ქსოვის ტექნიკა შეისწავლა და ადგილობრივ ქალებთან ერთად გარკვეული ხანი იმუშავა.
„შესანიშნავი ქალები გავიცანი. ერთად შევქმენით ნამუშევრები. ეს მხოლოდ მოდა არ იყო, ეს აუნაზღაურებელი ყოველდღიური შრომაა. ამ ქალების სიძლიერე შთამბეჭდავია“, - გვიყვება ნინო.
„ჩემთვის ქალები ყვავილებს ჰგვანან. ტრადიციული გაგებით ნაზ და დეკორატიულს კი არა, ძლიერ, დამოუკიდებელ და შეუპოვარ ყვავილებს. ჩემი ყვავილების კოლექცია ასე დაიბადა.“
ნინოსთვის მოდა პოლიტიკური განაცხადია. მისი ეპატაჟური კოლექციები თავისი არსითა და ესთეტიკით ღრმად ეროვნულია და საქართველოს კულტურის მიმართ სიყვარულსა და პატივისცემას ეფუძნება. ეს კიდევ უფრო აფართოებს ამ უნიკალური არტისტის ასპარეზს და მეტ შესაძლებლობას ქმნის მოძველებული საზოგადოებრივი ნორმების წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვისთვის.
„ჩემს ნამუშევრებს ტაბუების დასამსხვრევად, გენდერის შესასწავლად და საზოგადოების პრობლემებზე შემოქმედებითად სასაუბროდ ვიყენებ.“
მხარდაჭერა წარმატებისთვის
ნინო გვიყვება, რომ მეწარმეთა სასწავლო პროგრამაში, „ფერად ბიზნესში“ მონაწილეობა მისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. ეს საგანმანათლებლო ინიციატივა, რომელიც ნორვეგიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება, მცირე მეწარმეთა ინტერესებს ითვალისწინებს და არა მხოლოდ ცოდნის, არამედ პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და სასარგებლო კავშირების დამყარების შესაძლებლობაა.
„ასეთი მხარდაჭერა იშვიათია. შეგრძნება მქონდა, რომ პროგრამა ზუსტად ჩემზეა მორგებული“, - ამბობს ნინო.
დღეს God Era საერთაშორისო ყურადღებას იპყრობს. პირველივე კოლექციამ იაპონელი ბაიერების მოწონება დაიმსახურა. ქართული ბრენდი ყოველწლიურად მონაწილეობს საერთაშორისო ჩვენებებში საქართველოს საზღვრებს გარეთ.
„ასეთ ინტერესს და მოთხოვნას ნამდვილად არ ველოდი. თავად დამიკავშირდნენ. ჩემთვის ეს ნიშანი იყო, რომ ავთენტურობა ყოველთვის ფასდება“, - აღნიშნავს ნინო.
გამოწვევიდან გადაწყვეტამდე
საერთაშორისო აღიარების მიუხედავად, ნინო მუდმივად ებრძვის გამოწვევებს, რომლებიც ტექნოლოგიებზე არასაკმარის წვდომას, ფინანსების სიმცირესა და საქართველოში მდგრადი და ინოვაციური მოდის სფეროში განათლებისა და ინფორმაციის ნაკლებობას უკავშირდება.
„ვიცი, რა მჭირდება, და ის, რასაც მოდის წამყვან საერთაშორისო სკოლებში ასწავლიან,“ ამბობს ნინო. „ახლა ჩემით ვსწავლობ. ასე იზრდება და ვითარდება ჩემი ბრენდი, God Era.“
God Era მხოლოდ ბრენდი როდია, ეს სამყაროს ხედვაა: ინკლუზიური, ეთიკური და თამამი.
„უბრალოდ ტანსაცმელს არ ვქმნი. ვქმნი ისტორიებს, რომლებიც ჩემთან იწყება, სხვებთან გადადის და შემდეგ მთელ მსოფლიოში ვრცელდება. ეს დიზაინის ძალაა. ცხოვრებას დამოუკიდებლად აგრძელებს.“
მცირე ბიზნესი დიდი ცვლილებისთვის
ნინო გოდერიძის ბიზნეს მოგზაურობა საქართველოს სამეწარმეო ლანდშაფტის სიღრმისეულ ცვლილებას ასახავს. ბოლო წლებში, მცირე და საშუალო ბიზნესმა თავი დამაჯერებლად დაიმკვიდრა, როგორც სტაბილური დასაქმების, მდგრადი ეკონომიკის, ძლიერი პარტნიორული კავშირებისა და წარმატებული ექსპორტის მამოძრავებელმა ძალამ.
მცირე და საშუალო საწარმოები თამამად ნერგავენ ინოვაციებს, მრავალფეროვან სამიზნე ჯგუფებთან მუშაობენ და მდგრადი წარმოების მეთოდებს ითვისებენ, რაც გრძელვადიან ცვლილებებს უყრის საფუძველს.
ამ მხრივ, მოდის ინდუსტრია წარმატების ისტორიად გვევლინება. ევროკავშირისა და UNDP-ის კვლევისმონაცემებით, 2017-2023 წლებში, სექტორის მოცულობა 19 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ექსპორტის პოტენციალი გამყარდა, განსაკუთრებით დიზაინერული, ავთენტური და ხელით შექმნილი ტანსაცმლის სეგმენტში.
თუმცა, ამ შთამბეჭდავი შესაძლებლობების ათვისება გარკვეულ გამოწვევებსაც უკავშირდება. God Era-ს მსგავსი მცირე ბიზნესი მაღალ ლოგისტიკურ ხარჯებს, დაფინანსებაზე შეზღუდულ წვდომას, ნედლეულის ცვალებად ფასებს, პროფესიული ექსპერტიზის დეფიციტსა და საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრების სირთულეებს აწყდება.
საქართველოს ბიზნეს სექტორის გრძელვადიანი და მდგრადი წარმატებისთვის, შემოქმედებითმა და პერსპექტიულმა მცირე და საშუალო მეწარმეებმა შესაბამისი მხარდაჭერა უნდა მიიღონ და თავისი უნიკალური პოტენციალი სრულად გამოავლინონ.
თანასწორი და ინკლუზიური მეწარმეობის მხარდაჭერა
ქართული ბიზნესის გამოცდილება ცხადყოფს, რომ მდგრადი განვითარების საქმეში კერძო სექტორი უდიდეს როლს ასრულებს. ჩვენს დონორებთან და პარტნიორებთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამა პასუხისმგებლიან და ინკლუზიურ მეწარმეობას უწყობს ხელს. ჩვენ ახალ შესაძლებლობებს ვთავაზობთ მცირე და საშუალო ბიზნესს, რათა მან მეტი დოვლათი და დასაქმება შექმნას და თანასწორი, მწვანე და მდგრადი ეკონომიკის წარმატებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს:
- მეწარმე ქალთა მხარდაჭერა: UNDP-ის, შვედეთისა და საქართველოს ბანკის ერთობლივი ინიციატივა მეწარმე ქალთა წარმატებას უწყობს ხელს. ტრენინგის, ქოუჩინგისა და საგრანტო ხელშეწყობის უნიკალური მოდელი მორგებულია როგორც საქართველოს ბიზნეს გარემოს თავისებურებებზე, ისე მეწარმე ქალთა საჭიროებებზე. 2022-2025 წლებში, ამ შესაძლებლობით 200-ზე მეტმა მეწარმე ქალმა ისარგებლა.
- ლტოლვილ მეწარმეთა მხარდაჭერა: გერმანიის მთავრობის დაფინანსებით, UNDP და CARE კავკასია ხელს უწყობენ საქართველოში მყოფი ლტოლვილების ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციას, მათ შორის მცირე საწარმოების შექმნასა და გაფართოებას. შედეგები თვალსაჩინოა: 50%-იანი მოგების მარჟა და 552%-იანი ინვესტიციის უკუგება, რაც ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის ეფექტიანობას ადასტურებს. ინფორმაციას გაეცანით ჩვენს კვლევაში.
- მრავალფეროვნების ხელშეწყობა: ნორვეგიის დაფინანსებით, UNDP-ის ინიციატივა „ფერადი ბიზნესი“ ხელს უწყობს უმცირესობათა წარმომადგენლების უფრო აქტიურ მონაწილეობას ეკონომიკურ საქმიანობაში. 2023-2025 წლებში, ამ დახმარებით 65-ზე მეტმა მეწარმემ ისარგებლა. ტრენინგის, მენტორობისა და საგრანტო დახმარების მეშვეობით, მათ წარმატებული მცირე საწარმოები შექმნეს და არსებული ბიზნესი გააფართოვეს.
- ევროპულ ბაზრებზე წვდომა: ევროკავშირის მხარდაჭერით, UNDP ხელს უწყობს მცირე და საშუალო საწარმოებს, რათა მათ სათანადოდ გამოიყენონ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებით მინიჭებული შესაძლებლობები და თამამად დაიმკვიდრონ თავი ევროპულ ბაზრებზე. ეს კომპლექსური დახმარება ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით, „წვდომა საექსპორტო ბაზრებზე“ პროექტის ფარგლებში.
- სოფლის ეკონომიკის გაძლიერება: ევროკავშირის დაფინანსებით, ENPARD - სოფლის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში პროექტის ფარგლებში, UNDP ხელს უწყობს სოფლის ეკონომიკის დივერსიფიცირებასა და მეწარმეობის განვითარებას. ბოლო ათწლეულის მანძილზე, ამ მრავალმხრივი დახმარებით ათი ათასობით ფერმერმა და მცირე მეწარმემ ისარგებლა.
მეწარმეთა ხელშეწყობის შედეგები მხოლოდ ციფრებით არ განისაზღვრება. რეალური ეკონომიკური შესაძლებლობები ყველასთვის - ქალებისა და კაცებისთვის, სხვადასხვა კულტურული თუ სოციალური წარმომავლობის ადამინებისთვის. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია საზოგადოების წარმატების, თანასწორობისა და კეთილდღეობის მიმართულებით. ეს ინვესტიციაა მშრომელ და მოტივირებულ ადამიანებში, რომლებიც უკეთეს მომავალს აშენებენ.
დამატებითი ინფორმაცია
პროექტი „ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია“ (LEAD) ხელს უწყობს ინსტიტუციურ, საკანონმდებლო და საზოგადოებრივ ცვლილებებს, რაც უმცირესობათა უფლებების დაცვასა და დისკრიმინაციის აღმოფხვრას უზრუნველყოფს და ქმნის თანამშრომლობის პლატფორმას საჯარო უწყებებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის. პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, ნორვეგიის სამეფოს 4 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსებით.
დისქლეიმერი
წინამდებარე ისტორია შექმნილია ნორვეგიისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით. მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ნორვეგიისა და UNDP-ის თვალსაზრისს.