ლტოლვილთა გაძლიერება მეწარმეობის მეშვეობით. 2025
ლტოლვილთა გაძლიერება მეწარმეობის მეშვეობით. 2025
16 ივლისი 2025
CARE კავკასიის მიერ შექმნილი ანგარიში, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, იკვლევს საქართველოში 2022 წლიდან ლტოლვილთა მიერ დაფუძნებული მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობის ეკონომიკურ და სოციალურ ზეგავლენას.
კვლევა მოიცავს 32 მცირე და საშუალო ბიზნესის მიღწევების ანალიზს, რომელთა მხარდაჭერა „კანონის უზენაესობის გაუმჯობესება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ყველასთვის“ პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
კვლევის დასკვნები ეფუძნება როგორც რაოდენობრივ, ისე თვისებრივ მონაცემებს, რომლებიც პროექტის გუნდის მიერ დამოუკიდებელი კონსულტანტის დახმარებით შეგროვდა.
პროექტის ფარგლებში მხარდაჭერილ მეწარმეთა უმეტესობა უკრაინის მოქალაქეა.
ძირითადი მიგნებები
ეკონომიკური წარმატება
32-მა აქტიურმა ბიზნესმა საშუალოდ 16 თვეში 8.4 მილიონი ლარის შემოსავალი და 2 მილიონი ლარის მოგება მიიღო, საშუალოდ 50%-იანი მოგების მარჟით.
საგრანტო ინვესტიციების ეფექტიანობა
370,814 ლარის საგრანტო ინვესტიციამ ბიზნესებს 552%-იანი უკუგება მოუტანა, რაც ეფექტიანი და მიზნობრივი მხარდაჭერის მნიშვნელობას ადასტურებს.
საქართველოს ეკონომიკაში შეტანილი წვლილი
აღნიშნული მცირე და საშუალო საწარმოები საქართველოს ბიუჯეტში გადასახადების სახით ყოველწლიურად 73,000 ლარს შეიტანენ. ეს ცხადყოფს, რომ მიზანმიმართული და გონივრული დახმარების პირობებში, ლტოლვილ მეწარმეებს შეძლიათ არა მხოლოდ პასიურად მიიღონ მათთვის განკუთვნილი ხელშეწყობა, არამედ აქტიურად ჩაერთონ მასპინძელი ქვეყნის ეკონომიკაში.
ინკლუზიურობა და მრავალფეროვნება
- 32 აქტიურ მეწარმეს შორის 23 ქალია, რაც ქალთა ლიდერობას და სამეწარმეო უნარებს უსვამს ხაზს.
- ბიზნესების მფლობელთა საშუალო ასაკი 40 წელია. ეს მაჩვენებელი როგორც გამოცდილების მნიშვნელობაზე, ასევე ადაპტირების უნარზე მიუთითებს.
- ბიზნეს პროექტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონს მოიცავს, მათ შორის თბილისს (9), ბათუმს (11), ქუთაისს (5) და შვიდ სხვა მუნიციპალიტეტს.
სექტორული მრავალფეროვნება
მხარდაჭერილ მეწარმეთა ბიზნეს საქმიანობა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორზე ვრცელდება:
- ხელნაკეთი ნივთების წარმოება (9)
- საკონდიტრო ბიზნესი (8)
- კაფეები და რესტორნები (6)
- სპა და თავის მოვლის სერვისი (3)
- ტექნოლოგიები და სხვა სერვისები (2)
- სოფლის მეურნეობა (1)
- სხვა სექტორები (3)
ციფრებს მიღმა
პროექტისთვის დამახასიათებელია კომპლექსური მიდგომა, რომელიც ბიზნესის პირდაპირი ხელშეწყობის გარდა, ლტოლვილ მეწარმეებს განვითარებაზე მორგებულ ბიზნეს-ტრენინგებს, ენის შესწავლის პროგრამებსა და მენტორობას სთავაზობს. მსგავსი მიდგომა აძლიერებს მედეგობას, აშენებს ნდობას და აჩენს მიკუთვნების განცდას.
ლტოლვილთა მიერ დაფუძნებული ბიზნეს-პროექტების ხელშეწყობის შედეგები აჩვენებს, რომ მიზნობრივი და კარგად დაგეგმილი მხარდაჭერის შედეგად, გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარება გრძელვადიან ეკონომიკურ შესაძლებლობად გარდაიქმნება.
სამომავლო პერსპექტივა
მსგავსი მიდგომის დანერგვა და გაფართოება რეალურ შესაძლებლობებს ქმნის: ღირსეული დასაქმების შექმნა, უთანასწორობის შემცირება, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა, ლტოლვილთა ღირსეული ცხოვრება და ეკონომიკური დამოუკიდებლობა.