საქართველოს 11 მდინარის აუზებში, ნაპირდამცავი სამუშაოები კლიმატური კატასტროფების რისკებს ამცირებს
წვიმის აღარ გვეშინია: როგორ ცვლის ცხოვრებას დაცული ნაპირი
4 ნოემბერი 2025
მდინარე კინტრიში, ქობულეთი
სამეგრელოს სოფელ გაღმა კოდორში, პენსიონერ მასწავლებელს, ელგუჯა აბურჯანიას ვესტუმრეთ. ბატონი ელგუჯა იხსენებს, რომ იქ, სადაც ახლა რიონი მოედინება, ბავშვობაში მეგობრებთან ერთად ფეხბურთს თამაშობდა.
„ჩვენი ფეხბურთის მოედანი მდინარემ სრულად გააქრო. სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებიც კი წაიღო, სიმინდი, სოიო, ხორბალი. რამდენიმე მეზობელმა სოფელი მიატოვა, რადგან ადიდებული მდინარე ხშირად გზაზე გადმოდიოდა და მოსახლეობას იზოლაციაში ტოვებდა.“
ელგუჯა აბურჯანია, სოფელი გაღმა კოდორი
დღეს გაღმა კოდორს დატბორვის საწინააღმდეგო კონსტრუქცია და 618 მეტრი სიგრძის ქვების ნაყარი იცავს. გზები შედარებით დაცულია, ხოლო ადგილობრივი მაცხოვრებლები სოფელს აღარ ტოვებენ.
გაღმა კოდორი, ისევე როგორც საქართველოს ბევრი სხვა სოფელი თუ დასახლება, კლიმატური კატასტროფების მაღალი რისკის ადგილად ითვლება. თხუთმეტ ასეთ ადგილას, 2019 წლიდან, წყალდიდობისგან დამცავი ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს. ნაპირდამცავი სამუშაოები ცხრა მდინარის აუზებში სრულდება - ალაზნის, აჭყვას, თელავისწყლის, ლაგოდეხისხევის, ლიახვის, რიონის, ცივის, ცხენისწყლის, ხოდაშნისხევის.
ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოები გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შვიდწლიანი ინიციატივის ნაწილია, რომელიც საქართველოს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირებაში ეხმარება. 74 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამა კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს მთავრობისა და შვედეთისა და შვეიცარიის ხელშეწყობით ხორციელდება. პროგრამის მიდგომა პრაქტიკული და თანამედროვეა: უფრო ძლიერი მონიტორინგი, ადრეული გაფრთხილება და დაცვითი ნაგებობები იქ, სადაც მდინარე ყველაზე საშიშია.
„გლობალური მონაცემებით, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციაში ჩადებული ყოველი დოლარი მომდევნო ათწლეულის მანძილზე ათმაგ სარგებელს მოიტანს,“ - ამბობს დაგლას უები, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში.
„ამინდს ვერ შევცვლით, თუმცა მიდგომის შეცვლა ჩვენს ხელთაა. კლიმატისადმი მედეგობისა და ადაპტაციის ხელახლა გააზრებით, ისეთი მომავალი უნდა ავაშენოთ, სადაც კლიმატური კატასტროფები ადამიანებსა და ეკონომიკას ნაკლებად დააზიანებს, ხოლო ჩვენი საზოგადოება მეტად ინფორმირებული, მომზადებული და დაცული იქნება.“
მდინარე თავის კალაპოტში უნდა დარჩეს
საქართველოში სულ 26,060 მდინარეა, რომელთა საერთო სიგრძე დაახლოებით 60,000 კმ-ს შეადგენს. ეს უშველებელი ქსელი ქვეყნის ტერიტორიას არათანაბრად ფარავს, აღმოსავლეთით მეტი მდინარეა, ვიდრე დასავლეთით. მდინარეთა 99.4% საკმაოდ მცირეა, მათი სიგრძე 25 კმ-ს არ აღემატება. თუმცა მტკვარი, რიონი, ალაზანი, ლიახვი და რამდენიმე სხვა მდინარე დიდი ზომის მდინარეებად ითვლება.
საქართველოს მდინარეების დაახლოებით 70% (18,109 მდინარე) შავ ზღვაში ჩაედინება, ხოლო 30% (7,951 მდინარე) კასპიის ზღვაში. ლიხის ქედი ამ ორი დიდი აუზის წყალგამყოფია.
მტკვარი სამხრეთ კავკასიის ყველაზე დიდი მდინარეა, რომელიც სათავეს თურქეთში იღებს, შემდეგ 400 კმ-ის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მიედინება და საბოლოოდ, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, კასპიის ზღვაში ჩადის.
რიონი, დასავლეთ საქართველოს ყველაზე წყალუხვი და გრძელი მდინარე, მთლიანად საქართველოს საზღვრებშია მოქცეული.
ალაზანი კახეთის საყრდენია, რომელიც საქართველოს სახელგანთქმულ ვენახებს სარწყავი წყლით ამარაგებს.
ყველა ეს მდინარე — დიდი თუ პატარა, გრძელი თუ მოკლე, მთისა თუ ბარის, წყალუხვი თუ მწირი — ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი საგანძური და ფასდაუდებელი რესურსია. თუმცა, მთაგორიანი ლანდშაფტისა და ცვალებადი კლიმატის პირობებში, ამ ულამაზეს მდინარეებთან დაკავშირებული საფრთხე ასევე დიდია.
ამ მხრივ, გაეროს განვითარების პროგრამისა და დონორი ორგანიზაციების მიდგომა პრაგმატული და შორსმჭვრეტელია - დავეხმაროთ საქართველოს კლიმატური საფრთხეების პროგნოზირებასა და ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნაში, ხოლო ყველაზე მაღალი რისკის ადგილებში, შევქმნათ ნაპირდამცავი ნაგებობები, რათა ადგილობრივი მოსახლეობა, ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა წყალდიდობისგან მაქსიმალურად დავიცვათ.
ვამაგრებთ, იქ სადაც ნაპირი ტყდება. ვაშენებთ იქ, სადაც წყალს მეტი სივრცე სჭირდება. ზედმეტ ნაკადს უსაფრთხოდ ვაშორებთ სახლებს, სკოლებსა და მინდვრებს. თითოეული გაბიონით, წყალგამტარი არხითა თუ აღდგენილი დამბით ვზრდით წყალდიდობის მიმართ მედეგობას.
დავით ჯაოშვილი, სოფელი ვაზისუბანი
დავით ჯაოშვილი რიონის პირას, სოფელ ვაზისუბანში ცხოვრობს. მისთვის ნაპირების დაცვა მთელი სოფლის დაცვას ნიშნავს. წლების მანძილზე, რიონი მიმდებარე სახნავ-სათეს მიწებს ანადგურებდა, ხოლო ხშირი წყალდიდობები ადგილობრივ მაცხოვრებლებს საფრთხეს უქმნიდა. ნაპირების გამაგრების შედეგად, წყალდიდობების სიხშირე არ შემცირებულა, თუმცა სოფლისთვის მიყენებულმა ზარალმა საგრძნობლად იკლო.
დავითი 580 მეტრი სიგრძის მსხვილი და ბრტყელი ქვების ნაყარს გვიჩვენებს, რომელიც ნაპირებსა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს ამაგრებს და ნიადაგს ეროზიისგან იცავს. აქვეა 200 მერტზე გაშენებული დამბა, რომელიც წყლის ნაკადს აკავებს.
„დამცავი ნაგებობების გარეშე, წყალი სახლშიც კი გვივარდებოდა“, - ამბობს დავითი. „ნაპირის გამაგრების შემდეგ, უხვი ნალექიც მოსულა, მდინარეც ადიდებულა, თუმცა ეს სოფლისთვის გამოწვევა აღარ ყოფილა.“
სოფიო კაჭარავა, სოფელი ზემო ჭალადიდი
„წვიმის აღარ გვეშინია”, - ამბობს სოფიო კაჭარავა, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ჭალადიდის მკვიდრი.
სოფიო იხსენებს, რომ ადრე, მისი საცხოვრებელი სახლი და მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები წელიწადში ორჯერ მაინც იტბორებოდა, რაც მის ოჯახს მნიშვნელოვნად აზარალებდა.
დღეს, სოფიოს კარ-მიდამოს 590-მეტრიანი ქვანაყარი ბერმა და 182-მეტრიანი წყალდიდობისგან დამცავი დამბა იცავს.
„რაც ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა, თავს დაცულად ვგრძნობთ”, - გვიყვება სოფიო. „წვიმების სეზონზე მდინარე ისევ ადიდდა, თუმცა ჩვენი სახლი აღარ დატბორილა და სოფელიც გადაურჩა წყალდიდობას.“
ირინა აბულაძე. სოფელი აწყური
წვიმის დროს მშვიდად გვძინავს
წყალდიდობისგან დამცავი სამუშაოები იმ ადგილებში ხორციელდება, სადაც კატასტროფის საფრთხე ყველაზე მაღალია, ხოლო მოსახლეობა ყველაზე დაუცველი.
„ნაპირსამაგრების მოწყობა ჩვენთვის შვებაა”, - ამბობს ირინა აბულაძე, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგი.
მდინარე ხოდაშნისხევის უხასიათობას ახმეტის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები კარგად იცნობენ. ერთი შეხედვით მცირეწყლოვანი მდინარე, მათ სახლებში ხშირად შევარდნილა და მოსავალიც გაუნადგურებია.
ხოდაშნისხევის დამანგრეველ ძალას ახლა 2,458-მეტრიანი გაბიონი უმკლავდება. იქ, სადაც ურჩი მდინარე მუდმივად კალაპოტიდან გადმოდის, ქვებით ამოვსებული ლითონის ბადე მოქნილი და გამძლე საშუალებაა გზების, სახლებისა და ვენახების დასაცავად.
ასეთივე გაბიონი ალავერდის ტაძარსაც იცავს, რომელიც ეროვნული მნიშვნელობის კულტურულ ძეგლს წარმოადგენს და იუნესკოს წინასწარ სიაშია შეტანილი.
დავით ლაჩაშვილი. თელავი
თელაველ დავით ლაჩაშვილს 1977 წლის წყალდიდობის შესახებ არაერთხელ სმენია. ამ შემაშფოთებელ და ტრაგიკულ ამბავს თელავში დღესაც ბევრი იხსენებს. მაშინ, მდინარე თელავისხევი გვიან ღამით ადიდდა, ქალაქში შევარდა, ხეობა წყლით აავსო, ხოლო ახლომდებარე სოფლები სრულად დატბორა.
ძლიერი ნალექი და წყალდიდობა თელაველებსა და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებს დღესაც აწუხებს. სახლები, ნათესები და მინდვრები ხშირად იტბორება და ზიანდება.
„ხერხეულიძის დამბები“, მდინარე თელავისხევი
თუმცა წელს, თელავისხევის ნაპირებზე, სრულიად სხვა ამბავი ვითარდება. მდინარის კალაპოტი ქვა-ღორღისა და შლამის სამმეტრიანი მასისგან გაიწმინდა, ხოლო ე.წ. „ხერხეულიძის დამბებმა“, ნატანდამჭერმა ნაგებობებმა, რომლებიც გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს, თელავის წყალდიდობისგან დასაცავად აშენდა, წყლის გამტარობა დაიბრუნა.
„გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მსგავსი მოვლენების განმეორების შანსი მინიმუმამდეა დაყვანილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მოსალოდნელი კატასტროფისგან დაცვისთვის”, - გვიზიარებს დავით ლაჩაშვილი.
მდინარე ლაგოდეხისხევი, ლაგოდეხი
2012 წელს, მდინარე ლოგოდეხისხევმა ქალაქ ლაგოდეხის დიდი ნაწილი დატბორა. პარკები, სახლები და გზები წყალდიდობის შედეგად საგრძნობლად დაზიანდა. ამის საპასუხოდ, UNDP-ის კლიმატური პროგრამის ფარგლებში, ლაგოდეხისხევზე 1,66 კილომეტრიანი ნაწილობრივ ცემენტირებული ქვანაყარი ბერმა მოეწყო, ხოლო მდინარის კალაპოტი დაგუბებული ლამისა და ნაშალი მასალისგან გაიწმინდა.
2025 წლის სექტემბერში, როდესაც ძლიერმა წვიმამ საკმაოდ მნიშვნელოვანი წყალდიდობა გამოიწვია, ადიდებული წყლის ნაკადს ნაპირის მხოლოდ ამ გამაგრებულმა მონაკვეთმა გაუძლო. ქვის კონსტრუქციის ნაწილობრივ დაზიანდა, თუმცა ნაპირსამაგრმა წყალი მაინც შეაკავა და მიმდებარე ქუჩები და სახლები დატბორვას გადაურჩა.
აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლეები
მედეგობის გაკვეთილები
სოფელ აწყურის მასწავლებლის, ირინა აბულაძის მოსწავლეები გარემოსდაცვით ინიციატივებსა და პროგრამებში აქტიურად მონაწილეობენ, ჩართულები არიან მწვანე ბანაკში „ახალგაზრდა კლიმატის ელჩები“ და სათემო კონკურსში „ისწავლე უსაფრთხო გარემოში“.
ახალგაზრდები ნაპირსამაგრებსაც ხშირად სტუმრობენ და ადგილზე ერკვევიან, თუ როგორ იცავს ეს ინფრასტრუქტურა მათ სოფელს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეებისგან.
კლიმატის ცვლილების პირობებში, საქართველოში წყალდიდობები, სავარაუდოდ, გახშირდება და გამწვავდება, ხოლო სანდო ინფორმაციაზე დაფუძნებული მედეგობა კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას შეიძენს.
UNDP-ის საქმიანობა სწორედ აკადემიური ცოდნის გაღრმავებას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და პრაქტიკული პრევენციული ზომების გატარებას ითვალისწინებს.
ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მაღალი რისკის ადგილებში მცხოვრებმა ადამიანებმა კლიმატური საფრთხეების შესახებ სანდო და ამომწურავი ინფორმაცია უნდა მიიღონ, ხოლო ახალგაზრდებმა ადრეული ასაკიდანვე უნდა გაიგონ, თუ რა გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილება მათ ქალაქზე, სოფელსა და ქვეყანაზე, და რა შეიძლება გაკეთდეს ამ გამოწვევის საპასუხოდ.
წყალდიდობისგან დამცავი გაბიონი მდინარე ხოდაშნისხევზე
მოვიდა სეტყვა, დახვდა ქვა
2019-2025 წლებში, ნაპირსამაგრი და წყალდიდობისგან დამცავი სამუშაოები 15 მაღალი რისკის ადგილზე, საქართველოს ცხრა მდინარის აუზებში შესრულდა: აჭყვა, ალაზანი, თელავისხევი, ლაგოდეხისხევი, ლიახვი, რიონი, ცივი, ცხენისწყალი და ხოდაშნისხევი.
სამუშაოები განხორციელდა UNDP-ის კლიმატური პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტთან თანამშრომლობით, კლიმატის მწვანე ფონდისა და საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების ხელშეწყობით:
- მოეწყო 7 ქვანაყარი ბერმა
- აშენდა 4 გაბიონი და 15 გაბიონის დეზი
- აშენდა 5 წყალგამტარი და 3 წყალსაგდები არხი
- გამაგრდა და აღდგენილ იქნა 7 დამბა
- გაიწმინდა 3 ნარჩენების დამჭერი კონსტრუქცია
- 3 ხიდი ჩანაცვლდა ახალი, უფრო გამძლე კონსტრუქციებით
მეტეოროლოგიური სადგური ქუთაისში
ქვასა და ბეტონზე გამძლე
წყალდიდობისგან დაცვისა და გარემოსდაცვითი განათლების განვითარებასთან ერთად, UNDP-ის კლიმატური პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს მედეგობის გაზრდას სხვადასხვა სფეროში:
- 2021 წელს, საქართველო ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ეროვნული ცენტრის (ECMWF) წევრი გახდა, რამაც საგრძნობლად გაზარდა ქვეყნის შესაძლებლობები ამინდის პროგნოზირების სფეროში.
- 2025 წელს, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ევროპის მეტეოროლოგიურ ქსელთან, EUMETNET.
- საქართველოში უკვე დამონტაჟდა 143 მეტეოროლოგიური სადგური, მათ შორის 130 ჰიდრომეტეოროლოგიური და 13 აგრომეტეოროლოგიური. UNDP-ის კლიმატური პროგრამის ფარგლებში, სულ 154 სადგური დამონტაჟდება.
- ქალაქ ფოთში, პირველი აეროლოგიური ზონდირების სისტემა დამონტაჟდა, რომლის გამართული ფუნქციონირება უახლოეს მომავალში დაიწყება.
- 2021 წლიდან, კლიმატური ინფორმაციის სისტემური და ხარისხიანი დამუშავებისთვის, საქართველოში მაღალი წარმადობის კომპიუტერი გამოიყენება და ცენტრალური საინფორმაციო სისტემის განახლება მიმდინარეობს.
- შეიქმნა ერთიანი მეთოდოლოგია კლიმატური საფრთხეების შეფასებისა და მოდელირებისთვის.
- შეიქმნა მრავლობითი საფრთხეების რუკები და განხორციელდა სოციალური და ეკონომიკური მოწყვლადობის შეფასება 11 მდინარის აუზებისთვის.
- ამავე 11 მდინარის აუზებისთვის, შეიქმნა და დაინერგა პროგნოზირების პლატფორმა, Delft-FEWS. შემუშავდა წყალდიდობის, მეწყრისა და ზვავის პროგნოზირების მონაცემთა ბაზების შეფასება, ასევე გვალვის მონიტორინგისა და პროგნოზირების პლატფორმები.
- ოთხი აუზისთვის უკვე მომზადდა მრავალმხრივი საფრთხეების მართვის გეგმები, ხოლო დანარჩენი შვიდი 2025–2026 წლებში მომზადდება.
- საგანგებო მართვის გეგმები 11 მუნიციპალიტეტისთვის შემუშავდა, აქედან ექვს მუნიციპალიტეტში ეს გეგმები უკვე მიღებულია.
- წყალდიდობისგან დამცავი ინფრასტრუქტურის შექმნა და განახლება მაღალი რისკის 15 ლოკაციაზე მიმდინარეობს. აქედან, 11 ლოკაციაზე, გეოლოგიური მონიტორინგის სისტემებიც განთავსდა.
- კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში, აგრომეტეოროლოგიური სერვისების ციფრული პლატფორმა GECSA ამოქმედდა. 2025 წლისთვის, დარეგისტრირებული მომხმარებლის რიცხვმა 1,000-ს მიაღწია.
- თემზე დაფუძნებული მრავლობითი რისკების მართვის გეგმები დასავლეთ საქართველოს 45 თემში შემუშავდა. ამ ინიციატივის შემდგომი გაფართოება 2025 წლის შემოდგომიდან იგეგმება.
- საქართველოს 46 მუნიციპალიტეტში, ცნობიერების ამაღლებისა და უნარების გაძლიერების ინიციატივები განხორციელდა. ამ საქმიანობაში დაახლოებით 10,000 ადამიანი ჩაერთო.
- 200-ზე მეტმა სკოლის მოსწავლემ მწვანე ბანაკებში მიიღო მონაწილეობა, ხოლო 96-მა სტუდენტმა, ცოდნის გაღრმავებისა და თანამედროვე პერსპექტიული პროფესიის შეძენის მიზნით, მწვანე და აგრო-სტიპენდიებით ისარგებლა.
დამატებითი ინფორმაცია
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობს საქართველოში კლიმატგონივრული და კლიმატის ცვლილებისადმი მედეგი საზოგადოების მშენებლობას, რათა ქვეყნის მოსახლეობა, ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა დაცული იყოს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისა და ეკონომიკური შოკებისგან.
74 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამა კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს მთავრობის და შვედეთისა და შვეიცარიის დაფინანსებით ხორციელდება.
პროგრამის განხორციელებაში ჩართულები არიან საქართველოს საჯარო, სამოქალაქო და კერძო სექტორები, აკადემიური ინსტიტუტები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, საერთაშორისო პარტნიორები და ადგილობრივი მოსახლეობა.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.