მზესთან ახლოს: განახლებადმა ენერგიამ ევროპის ყველაზე მაღალი დასახლებული სოფელი გაანათა

გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ხელშეწყობით, თუშეთში განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები ვითარდება

3 ივნისი 2025
Bochorna, Georgia
ფოტოს ავტორი: UNDP/არასამთავრობო ორგანიზაცია „კახეთი“

„გავანათეთ ბოჭორნა!” ამ მხიარულმა შეძახილმა თუშეთის მთები მოიარა, სოფლები ააწრიალა და თუშები განახლებადი ენერგიის ძალაზე დააფიქრა. 

ულამაზესი სოფელი ბოჭორნა მართლაც მზესთან ახლოს, 2,345 მეტრის სიმაღლეზეა გაშლილი. 2014 წელს, ბოჭორნას ევროპის ყველაზე მაღალი დასახლების სტატუსი მიენიჭა, თუმცა სოფლის განვითარებაში ამის შედეგად ბევრი არაფერი შეცვლილა. სტაბილური ელექტროენერგია აქ არასდროს ყოფილა. 1990-იან წლებში, მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. თუშეთში ელექტროგაყვანილობის ქსელი განადგურდა და საბაზისო სერვისების მიწოდება თითქმის შეუძლებელი გახდა. 

1950-იან წლებში, ბოჭორნაში 25 ოჯახი ცხოვრობდა, ხოლო 1980-იანებში სოფელი თითქმის სრულად დაცარიელდა. 2014 წლისთვის, ბოჭორნაში მუდმივად მხოლოდ ერთი მოსახლე, 84 წლის ექიმი, ირაკლი ხვედაგურიძე, რჩებოდა, ხოლო ბარში საცხოვრებლად გადასული 30-მდე ოჯახი წინაპართა კარმიდამოს ზაფხულში თუ მიაკითხავდა.

2024 წლის ოქტომბერში, ეს ვითარება ძირეულად შეიცვალა და ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებას ახალი ცხოვრების იმედი გაუჩნდა.

ახალი დღე

გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის (GEF SGP) ხელშეწყობით, სოფელში 15-კილოვატიანი მზის ელექტროსადგური დამონტაჟდა. 

ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი, რომელმაც სოფელს სინათლე დაუბრუნა და მომავლის პერსპექტივა დაანახა, ბოჭორნის თემის, ახმეტის მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „კახეთის“ თანამშრომლობითა და ჩართულობით განხორცილდა.

ბოჭორნელებისთვის მდგრადი ენერგიის წყარო არა მხოლოდ პირადი კომფორტის, არამედ სოფლის ახალი განვითარების საფუძველიც აღმოჩნდა.    

„ომალოც კი არაა ისე განათებული, როგორც ჩვენი სოფელი!“ - გვიზიარებენ ადგილობრივი მაცხოვრებლები და სიამაყით გვიჩვენებენ საუცხოოდ განათებულ ბოჭორნას ციხეს, რომელიც საუკუნეებია მათ სოფელს გადმოჰყურებს და გომეწრის ხეობას თავდასხმისგან იცავს.

განათებულ ბოჭორნაში მომავლის ხედვაც გაცილებით მკაფიოა, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა. განახლებადი ენერგია ახალ შესაძლებლობებს ქმნის როგორც ფერმერობისთვის, ისე ტურიზმისა და მეწარმეობისთვის. 

UNDP-ისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამისთვის, ბოჭორნას განათება უფრო ხანგრძლივი და მასშტაბური ისტორიის ნაწილია. 

2012 წლიდან, ამ ხელშეწყობის  ფარგლებში, საქართველოში 100-ზე მეტი ადგილობრივი ინიციატივა დაფინანსდა, რომელთა საერთო ღირებულებამ 2 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. ბოჭორნას პროექტის მსგავსად, ეს ადგილობრივი ინიციატივები ადამიანებისა და გარემოს ინტერესებს ემსახურება, ხელს უწყობს ეკოსისტემების აღდგენას, ეკომეგობრული ბიზნესის განვითარებას, განახლებადი ენერგიის გამოყენებას, სიღარიბის შემცირებასა და სოციალური ჩართულობის გაზრდას.

საქართველოში UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის, დაგლას უების აზრით, „თემზე დაფუძნებული პროექტები ერთიანობის ძალას გვიჩვენებს. საერთო მიზნისთვის გაერთიანებული ადამიანები, მცირე რესურსებითაც კი, გრძელვადიანი ცვლილების მიღწევას ახერხებენ.“

Solar power station in Bochorna, Georgia
ფოტოს ავტორი: UNDP/არასამთავრობო ორგანიზაცია „კახეთი“

სინათლე ბოჭორნას ფანჯრებში 

არასამთავრობო ორგანიზაცია „კახეთის“ წარმომადგენელი შორენა ჩაფურიშვილი დარწმუნებულია, რომ მზის ენერგია არა მხოლოდ ტექნოლოგიური სიახლე, არამედ განვითარების ახალი გზაა.

„მზის ენერგია უამრავ შესაძლებლობას ქმნის მცირე ბიზნესისა და ტურიზმისთვის. ბოჭორნაში დარჩენა უფრო ხანგრძლივად იქნება შესაძლებელი. ზოგი აქედან დისტანციურად მუშაობასაც კი მოინდომებს. წარმოიდგინეთ „მაღალმთიანი ოფისი“ — მშვიდი გარემო, სადაც ბუნებასთან ახლოს ხარ, თუმცა გარე სამყაროსთან კავშირს არ წყვეტ“, - ამბობს შორენა.

მობილურისა და კომპიუტერის შეუფერხებელი გამოყენება, განათებული გზები და ბილიკები და კომფორტული სახლები — ყველა ეს ფაქტორი ბოჭორნას ტურისტულ შეთავაზებას საგრძნობლად აუმჯობესებს. დღეს, ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებაში ჩასული სტუმრები ხელუხლებელი ბუნების სილამაზით ტკბებიან და ამავდროულად, თანამედროვე სამყაროს კომფორტითაც სარგებლობენ.

Solar power station in Bochorna, Georgia
ფოტოს ავტორი: UNDP/არასამთავრობო ორგანიზაცია „კახეთი“

სოფლის ძალა

ბოჭორნას მზის ენერგიის პროექტის წარმატება ადგილობრივი მაცხოვრებლების ერთიანობითა და თანამშრომლობით იყო განპირობებული. მზის ელექტროსადგურის მონტაჟი და გამართვა მხოლოდ ტექნიკური საკითხი როდი იყო. ახმეტის მუნიციპალიტეტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემის თანამშრომლობამ აქ გადამწყვეტი როლი შეასრულა. 

სადგურისთვის განკუთვნილი სივრცე მუნიციპალიტეტმა გამოყო, ხოლო ადგილობრივი მაცხოვრებლები აქტიურად ჩაერთნენ სადგურის გამართვის პროცესში — არასამთავრობო ორგანიზაცია „კახეთის“ ხელშეწყობით, შესაბამისი მომზადება გაიარეს და სათემო ჯგუფი დააფუძნეს, რომელიც მზის სადგურის მონიტორინგსა და გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. 

ბოჭორნაში ანთებული თითოეული ნათურა ამ ერთიანობისა და თანამონაწილეობის შედეგია.

ბოჭორნელები ახლა მომავალზე ფიქრობენ და ამბიციურ გეგმებს აწყობენ. მაგალითად, როგორ გამოიყენონ ქარის ენერგია მზის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ენერგიის შესავსებად, რათა სოფლის ელექტრომომარაგება კიდევ უფრო ეფექტიანი და მდგრადი გახდეს.

განათებული ბოჭორნას ამბავი სოციალური მედიით გავრცელდა და მთელი თუშეთი აალაპარაკა. შედარებით მცირე, ადგილობრივმა პროექტმა გაცილებით უფრო მასშტაბურ ცვლილებას ჩაუყარა საფუძველი.

Bochorna, Georgia
ფოტოს ავტორი: UNDP/არასამთავრობო ორგანიზაცია „კახეთი“

მზიანი საქართველო

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და კლიმატური პირობები მზის ენერგიის გამომუშავებისა და გამოყენების კარგ შესაძლებლობებს იძლევა. 

წელიწადში მზიანი დღეების საშუალო რაოდენობა 250-დან 280-მდე მერყეობს, რაც 6,000-დან 6,780 მზიან საათს უდრის. ქვეყნის უმეტეს რეგიონში, მზის ენერგია კვადრატულ მეტრზე 1,300-2,500 კილოვატ საათია. ეს ევროპის საშუალო მაჩვენებელს დაახლოებით 1,000 კილოვატ საათით აღემატება. ყველაზე ინტენსიური მზის გამოსხივება სწორედ მაღალმთიან რეგიონებშია, რაც მზის ენერგიის გამოყენებისთვის იდეალურ პირობებს ქმნის.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მონაცემებით, საქართველოს მზის ენერგიის პოტენციალი წელიწადში 108 მეგავატი სიმძლავრით არის შეფასებული. ეს მნიშვნელოვანი საფუძველია მწვანე განვითარებისა და ენერგეტიკული მდგრადობისთვის. (წყარო: გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი)

საქართველოს ბუნებრივი უპირატესობები და ენერგეტიკული პოტენციალი ასახულია სტრატეგიულ დოკუმენტებში, რომლებიც ქვეყნის სამომავლო განვითარების მიმართულებებს აღწერენ. მათ შორისაა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი პარიზის შეთანხმების მიმართ, NDC 3.0, რომელიც 2025 წელს, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის სამდივნოს წარედგინება. ამ დოკუმენტის მიხედვით, 2035 წლისთვის, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის ემისიები 15 პროცენტით უნდა შემცირდეს, რაც განახლებადი ენერგიის გამოყენების ზრდის შედეგად განხორციელდება.

ნინო ანთაძე, UNDP-ის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი საქართველოში, ხაზს უსვამს განახლებადი ენერგიის მნიშვნელობას წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შესამცირებლად: 

„გეოგრაფიული მდებარეობისა და კლიმატური პირობების წყალობით, საქართველოს უნიკალური შესაძლებლობა აქვს, მაქსიმალურად გამოიყენოს მდგრადი ენერგია და შეამციროს წიაღისეული საწვავის მოხმარება. მზის ენერგია ჩვენი ენერგეტიკული მომავლის საკვანძო შემადგენელია. გარდა ამისა, ეს კლიმატის ცვილების შერბილებისა და პარიზის შეთანხმების ფარგლებში აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების გზაა.“    

სახელმწიფო უწყებებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, კერძო სექტორსა და ადგილობრივ თემებთან მჭიდრო თანამშრომლობით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უკვე ათ წელზე მეტია ხელს უწყობს როგორც მწვანე პოლიტიკის შემუშავებას, ისე თემზე დაფუძნებული პრაქტიკული ინიციატივების განხორციელებას.

ჩვენი მხარდაჭერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო საქართველოს პირველი დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიის შექმნა, რომელიც ეკონომიკის ყველა სექტორისა და მათ შორის ენერგეტიკის განვითარების გრძელვადიან პერსპექტივას ასახავს.

პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობის გარდა, UNDP ადგილობრივ პროექტებსაც ახორციელებს, რათა კონკრეტულ მაგალითებზე აჩვენოს განახლებადი ენერგიის გამოყენების უპირატესობები როგორც მუნიციპალური განვითარებისთვის, ისე ბიზნესისა და ცალკეული ადამიანებისთვის:

  • კრწანისის პარკი: პარკის ტერიტორიაზე 100 კილოვატი სიმძლავრის მზის სადგური დამონტაჟდა, რომელიც ურბანულ მწვანე ზონას ელექტროენერგიით ამარაგებს, 50 ჰექტარი დაცული ტყის ირიგაციას უზრუნველყოფს და პარკის ტერიტორიაზე არსებული რვა ნამდინარევის წყლით შევსებას უწყობს ხელს. პროექტი განხორციელდა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით.
  • რვა მუნიციპალიტეტი: ახალქალაქის, ბორჯომის, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროს,  ლაგოდეხის, ქედის, ყაზბეგისა და ხულოს მუნიციპალიტეტების სოფლებში მზის პანელები და წყლის გამაცხელებლები დამონტაჟდა, რომლებიც ადგილობრივ მაცხოვრებლებს განახლებადი ენერგიით ამარაგებს. პროექტი განხორციელდა ევროკავშირის დაფინანსებითა და CENN-თან პარტნიორობით.
  • მაჭახლის ხეობა: ადგილობრივ სოფლებში 75 მზის პანელი და 200 მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამაცხელებელი დამონტაჟდა, რაც 1,200-ზე მეტ მაცხოვრებელს განახლებადი ენერგიით ამარაგებს და შეშაზე დამოკიდებულებას ამცირებს. პროექტი განხორციელდა იაპონიის მთავრობის დაფინანსებით.
  • განახლებადი ენერგია ლაგოდეხის თემში: ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციები ახორციელებენ მზის პანელების მონტაჟს, განახლებადი ენერგიის პროექტების შემუშავებასა და მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას განახლებადი ენერგიის საკითხებში. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით.
  • ტურიზმის სექტორი გურიაში: ოზურგეთში, ხიდისთავში, შეკვეთილსა და გომში განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები საოჯახო სასტუმროებში დაინერგა, რამაც გარემოსდაცვითი ტურიზმის განვითარებას შეუწყო ხელი. პროექტი განხორციელდა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის (GEF SGP) დაფინანსებით.
  • პროფესიული განათლება ფოთში: ადგილობრივმა საზოგადოებრივმა კოლეჯმა „ფაზისი“ დანერგა სასწავლო პროგრამა მზის ელექტროსადგურების პროექტირებისა და ექსპლუატაციის მიმართულებით. პროექტი განხორციელდა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის (GEF SGP) დაფინანსებით.

ეს მრავალფეროვანი ადგილობრივი ინიციატივები არა მხოლოდ ემისიების შემცირებას ემსახურება, არამედ ცხოვრების გაუმჯობესებას, მეწარმეობის მხარდაჭერასა და მწვანე ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გაეცანით UNDP-ის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის პროგრამას.

15-კილოვატიანმა მზის ელექტროსადგურმა ევროპის ყველაზე მაღალ სოფელს სინათლე და განვითარების პერსპექტივა დაუბრუნა