გავზომოთ ის, რაც მნიშვნელოვანია: საქართველოს გზა დაბალემისიიანი, კონკურენტული ეკონომისკენ
3 ივლისი 2026
კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა მარტივ, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვან დებულებას ეყრდნობა: იმას ვერ შეამცირებ, რასაც ვერ ზომავ.
სანამ ქვეყანა სათბურის აირების ემისიების შემცირებასა თუ ნახშირბადზე ფასის დაწესებას დაიწყებს, სათბურის აირების რაოდენობისა და მათი გაფრქვევის წყაროების აღრიცხვა მაღალი სიზუსტით უნდა შეძლოს.
საქართველოსთვის ეს აბსტრაქტული პრინციპი როდია. 2026 წლის აპრილში, ქვეყანამ სათბურის აირების მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების (ვერიფიკაციის) კანონმდებლობა მიიღო და ამით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა წარმოების სექტორში ემისიების აღრიცხვისა და შემდგომი შემცირების მიმართულებით.
ამას კიდევ ერთი საგულისხმო მოვლენა უსწრებდა წინ. ევროკავშირში სრულად შევიდა ძალაში ნახშირბადის სასაზღვრო რეგულირების მექანიზმი (CBAM), რამაც უკვე შეცვალა და მომავალში კიდევ უფრო შეცვლის საერთაშორისო ვაჭრობის ფორმატებსა და პირობებს.
თავის ერთობლიობაში, ეს სიახლეები საქართველოს კლიმატგონივრული განვითარებისა და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის ახალ ეტაპს განაპირობებს.
ცვალებადი გლობალური ლანდშაფტი
მთელ მსოფლიოში, ნახშირბადზე ფასის დაწესება, მათ შორის ნახშირბადის ემისიებით ვაჭრობა და ნახშირბადზე გადასახადი, კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების სულ უფრო მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცევა. ემისიებზე ფასის დაწესებით, ქვეყნები სტიმულს აძლევენ კერძო სექტორს, სუფთა ტექნოლოგიებში ინვესტირება გააკეთოს, ეფექტიანობა გაზარდოს და გარემოზე ზეწოლა შეამციროს.
ევროკავშირის შემთხვევაში, ეს პროცესი მსოფლიოს უდიდესი ნახშირბადის ბაზრის, ევროკავშირის ემისიებით ვაჭრობის სისტემის (EU ETS) მეშვეობით წარიმართება. ამ სისტემის ფარგლებში, ემისიების მთლიანი რაოდენობა შეზღუდულია, ხოლო ცალკეულმა კომპანიებმა ემისიების გაფრქვევისთვის ნებართვები უნდა მიიღონ. ემისიების გაფრქვევის მთლიანი ლიმიტი ყოველწლიურად იზღუდება, რაც ხელს უწყობს როგორც სათბური აირების გაფრქვევის შემცირებას, ისე წარმოების ინოვაციური, მწვანე მეთოდების დანერგვას.
ევროკავშირის ნახშირბადის სასაზღვრო რეგულირების მექანიზმი (CBAM) ამ პრინციპს საერთაშორისო ვაჭრობაზეც ავრცელებს. ნახშირბადინტენსიური პროდუქციის, მაგალითად, რკინა-ფოლადის, ალუმინის, სასუქების, ცემენტის, ელექტროენერგიისა და წყალბადის ექსპორტიორებს, ამ პროდუქტების წარმოების შედეგად გაფრქვეული ემისიების აღრიცხვა მოეთხოვებათ. იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებელი ემისიების ფასს საკუთარ ქვეყანაში არ იხდის, მას ამ ფასის გადახდა ევროკავშირში საქონლის შეტანისას მოუწევს.
ასეთი მიდგომა ფუნდამენტური ცვლილებაა. ნახშირბადი მხოლოდ გარემოსდაცვითი საზრუნავი აღარაა. ის საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ძირითად ფაქტორად გვევლინება.
რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
საქართველოზე აღნიშნული ცვლილებები პირდაპირ აისახება. CBAM-ის რეგულაციები საქართველოს ევროკავშირში ექსპორტის რამდენიმე მიმართულებაზე ვრცელდება, მათ შორის სასუქებისა და რკინა-ფოლადის ექსპორტზე. მყისიერი ეკონომიკური ეფექტი, შესაძლოა, მოკრძალებული იყოს, თუმცა სამომავლო ტრაექტორია სრულიად ნათელია: ნახშირბადის ფასის ზრდასთან ერთად, მსგავს მექანიზმებს სულ უფრო მეტი ქვეყანა დანერგავს, ხოლო ნახშირბადინტენსიური საქონლის წარმოებაზე უკვე არსებული ზეწოლა კიდევ უფრო გაიზრდება.
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის დაკვეთით განხორციელებული კვლევის თანახმად, CBAM-ის მყისიერი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე ხელშესახებია, თუმცა მართვადი.
2026 წელს, ექსპორტის სავარაუდო შოკი დაახლოებით 10 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რასაც ტონაზე დამატებითი ხარჯებიც დაემატება. ეს გავლენას მოახდენს ძირითადი ნახშირბადინტენსიური სექტორების, განსაკუთრებით სასუქებისა და რკინა-ფოლადის წარმოების კონკურენტუნარიანობაზე.
მაკროეკონომიკურ დონეზე, მთლიან შიდა პროდუქტზე (მშპ) გავლენა საკმაოდ მცირეა, თუმცა ევროკავშირის მიერ CBAM-ის გაფართოებისა და სხვა ქვეყნების მიერ მსგავსი მექანიზმების დანერგვის შედეგად, გრძელვადიანი რისკები, სავარაუდოდ, გაიზრდება.
ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხე არა თავად პოლიტიკაა, არამედ მასზე დაგვიანებული რეაგირება. ადრეული მზაობა სათანადო ინვესტირებისა და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების შესაძლებლობას იძლევა, ხოლო დაგვიანებული ადაპტაცია ხარჯების ზრდასა და ბაზარზე წვდომის შეზღუდვას გულისხმობს.
ემისიების მონიტორინგი, ანგარიშგება, დამოწმება
ემისიების მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების (MRV) სისტემის დანერგვა საქართველოსთვის გადამწყვეტი ნაბიჯია.
MRV კლიმატური პოლიტიკის საფუძველია, რომელიც სათბურის აირების ემისიების აღრიცხვის, გამჭვირვალედ ანგარიშგებისა და დამოუკიდებელი მხარის მიერ დამოწმების შესაძლებლობას იძლევა. ნახშირბადზე ფასების დაწესება ან კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა საქმიანობა წარმოუდგენელია ასეთი სისტემის გარეშე.
ახალი კანონმდებლობის მიღებით, საქართველო სამართლებრივად ავალდებულებს კომპანიებს, მათი საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ემისიების მონიტორინგი აწარმოონ, ყოველწლიური ანგარიშები წარადგინონ და მესამე მხარის მიერ დამოწმების პროცესზე იზრუნონ.
2028 წლიდან, ეს მოთხოვნები სრულად ამოქმედდება და ძირითად სამრეწველო სექტორებზე, მათ შორის ენერგეტიკაზე, ლითონებსა და ქიმიკატების წარმოებაზე გავრცელდება.
გამოწვევიდან შესაძლებლობამდე
ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვანი რეფორმების შემთხვევაში, MRV-ის დანერგვა რთულ გარდამავალ პერიოდს უკავშირდება, რაც ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას, ტექნიკური სისტემების განვითარებასა და ბიზნესის შესაბამის ხელშეწყობას გულისხმობს. აკრედიტებული ვერიფიკატორებისა და ტექნიკური ექსპერტების ადგილობრივი ეკოსისტემის შექმნა კიდევ ერთი აუცილებელი წინაპირობაა MRV სისტემის სრულფასოვანი ამოქმედებისთვის.
სირთულესთან ერთად, ეს გამოწვევები შესაძლებლობასაც წარმოადგენს. ემისიების მონიტორინგისა და ნახშირბადის მართვის ექსპერტიზის განვითარება ბიძგს მისცემს ახალ ეკონომიკური აქტივობას და გააძლიერებს საქართველოს ადგილობრივ შესაძლებლობებს. რაც მთავარია, ადრეული ინვესტირება დაბალნახშირბადიან ტექნოლოგიებსა და ანგარიშგების სისტემებში გაზრდის ქართული კომპანიების კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზრებზე.
MRV-ის დანერგვა თვითმიზანი არაა. ამ ნაბიჯმა სამომავლო პოლიტიკას უნდა ჩაუყაროს საფუძველი და ისეთი ინსტრუმენტები წაახალისოს, როგორებიცაა ემისიებით ვაჭრობა თუ ნახშირბადის გადასახადი. შედეგად, საქართველო ევროკავშირში მიღებულ სტანდარტებს დაუახლოვდება, CBAM-თან დაკავშირებულ ხარჯებს შეამცირებს და ევროკავშირში ექსპორტის მეტ შესაძლებლობას მიიღებს.
გარდამავალი პერიოდის მხარდაჭერა
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მჭიდროდ თანამშრომლობს ეროვნულ პარტნიორებთან ამ გარდამავალი პერიოდის მხარდასაჭერად, პოლიტიკის შემუშავებიდან მის პრაქტიკულ განხორციელებამდე. ჩვენი საქმიანობა ისეთ სფეროებს მოიცავს, როგორებიცაა მეორადი კანონმდებლობის შექმნის ხელშეწყობა, ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, კერძო სექტორის დახმარება და ემისიების შესახებ ანგარიშგებისა და მონაცემთა მართვის ციფრული სისტემების განვითარება.
ამ დახმარების მიზანია, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა ეკონომიკურ შესაძლებლობად ვაქციოთ. ამის მიღწევა კი შესაძლებელია ფინანსური რესურსის მობილიზებით, ინოვაციების მხარდაჭერითა და მთავრობას, ბიზნესსა და საერთაშორისო საზოგადოებას შორის პარტნიორობის განმტკიცებით.
მომავლის პერსპექტივა
საქართველოს დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლა უკვე დაწყებულია. ევროკავშირის ნახშირბადის სასაზღვრო რეგულირების მექანიზმი (CBAM) შესულია ძალაში და ამ ძირეული ცვლილების შედეგები თვალსაჩინოა. ამავდროულად, საქართველო ქმნის ემისიების მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების (MRV) სისტემას.
სამთავრობო უწყებების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების კოორდინირებული მოქმედების შემთხვევაში, ეს პროცესი წარმატებით წარიმართება, ხოლო საქართველო შეძლებს უფრო მედეგი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის შექმნას გლობალურ ტენდენციების შესაბამისად.
ემისიების გაზომვა ახალი ამბების ყურადღების ცენტრში იშვიათად ხვდება, თუმცა სწორედ ესაა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის რეალური საფუძველი. ამ სისტემის დანერგვა საკვანძო ნაბიჯია საქართველოს დაბალნახშირბადიანი, მდგრადი მომავლისკენ.
ნახშირბადი მხოლოდ გარემოსდაცვითი საზრუნავი აღარაა. ის საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ძირითადი ფაქტორია.