ევროკავშირის ნახშირბადის სასაზღვრო რეგულირების მექანიზმის (CBAM) გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

ევროკავშირის ნახშირბადის სასაზღვრო რეგულირების მექანიზმის (CBAM) გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

20 ივლისი 2026

2026 წლის იანვრიდან ძალაში შევიდა ევროკავშირის ნახშირბადის სასაზღვრო რეგულირების მექანიზმი (CBAM). ამან ძირეულად შეცვალა საერთაშორისო ვაჭრობის მიდგომები, ხოლო სათბურის აირების ემისიებს გადამწყვეტი როლი მიენიჭა საექსპორტო ბაზარზე წვდომისა და კონკურენტუნარიანობის განსაზღვრაში.

ევროკავშირის კლიმატური პოლიტიკის მზარდი გავლენის პირობებში, ევროპულ ბაზარზე ნახშირბადინტენსიური პროდუქციის ექსპორტიორ ქვეყნებს ახალი ანგარიშგების მოთხოვნებისა და რეგულაციების შესრულება, ასევე დამატებით ხარჯებთან ადაპტირება მოუწევთ. 

საქართველოსთვის CBAM ერთდროულად გამოწვევაცაა და შესაძლებლობაც: მისი მოკლევადიანი მაკროეკონომიკური გავლენა, სავარაუდოდ, შეზღუდული იქნება, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, დაბალნახშირბადიან წარმოებასა და მდგრადი ვაჭრობაზე გადასვლა საქართველოს მაინც მოუწევს.

წინამდებარე შეფასება იკვლევს CBAM-ის პოტენციურ ეკონომიკურ გავლენას საქართველოზე, განსაკუთრებით იმ სექტორებსა და პროდუქტებზე, რომლებიც ამ მექანიზმის ფარგლებში ექცევა. 

ანალიზი აერთიანებს ეკონომიკურ მოდელირებას, ვაჭრობისა და კონკურენტუნარიანობის შეფასებას, ასევე ფართო კონსულტაციებს სახელმწიფო უწყებების, ბიზნესის, დარგობრივი ასოციაციების და დამოუკიდებელი ექსპერტების წარმომადგენლებთან. 

კვლევის მიზანია ხელი შეუწყოს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას და დაეხმაროს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებს CBAM-ის დანერგვისა და კლიმატთან დაკავშირებული სავაჭრო ზომებისთვის მომზადებაში.

მიგნებები

  • საქართველოში დღეს არსებული წარმოების სექტორებში, CBAM ოთხ მიმართულებაზე ვრცელდება: შავი ლითონები და ფოლადი, ალუმინი, სასუქები და ცემენტი. იმის გათვალიწინებით, რომ ცემენტის, წყალბადისა და ელექტროენერგიის ევროკავშირში ექსპორტი საკმაოდ მცირე მოცულობისაა, ანგარიშის ძირითადი ყურადღება სასუქების, შავი ლითონების, ფოლადისა და ალუმინის წარმოებას ეთმობა.
  • CBAM-ის გავლენა განსაკუთრებით შესამჩნევია სასუქების სექტორში, რაც საქართველოს ძლიერ შედარებით უპირატესობასა და ევროკავშირის ბაზარზე საექსპორტო ორიენტაციას უკავშირდება.
  • CBAM-ის გავლენა დროთა განმავლობაში საგრძნობლად გაიზრდება შავი ლითონებისა და ფოლადის ექსპორტზეც, რადგან საქართველოს წარმოების სულ უფრო დიდი ნაწილი ევროკავშირის ბაზრისთვის არის განკუთვნილი.
  • ალუმინის ექსპორტი ამ ეტაპზე შედარებით ნაკლები რისკის წინაშე დგას, რადგან ევროკავშირის ბაზარზე მისი საექსპორტო მოცულობა დაბალია.
  • მოკლევადიან პერიოდში, საერთო მაკროეკონომიკური გავლენა, სავარაუდოდ, ზომიერი იქნება. 2026 წელს ექსპორტის შემცირება დაახლოებით 10 მილიონ აშშ დოლარს მიაღწევს, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებელზე გავლენა 0.02%-ზე ნაკლები იქნება.
  • CBAM-თან დაკავშირებული გამოწვევები შესაძლოა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს სასუქებისა და შავი ლითონებისა და ფოლადის მწარმოებლებისთვის, რომელთაც დამატებითი შესაბამისობის ხარჯების გაწევა მოუწევთ.
  • CBAM მხოლოდ სავაჭრო ინსტრუმენტი არაა. მისი ამოქმედება მიანიშნებს, რომ დაბალემისიიანი, მდგრადი წარმოება სულ უფრო კონკურენტული გახდება მსოფლიო ბაზარზე და მნიშვნელოვნად განაპირობებს საექსპორტო შესაძლებლობებზე წვდომას

რეკომენდაციები

  • საქართველოს მზაობის გაძლიერებისა და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების მიზნით, კვლევა რეკომენდაციას უწევს შემდეგი ღონისძიებების გატარებას:
  • სათბურის აირების ემისიების მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების (ვერიფიკაციის) ეროვნული სისტემის შექმნა.
  • ბიზნესის ხელშეწყობა დაბალნახშირბადიანი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის საქმეში.
  • ბიზნესის ხელშეწყობა ცნობიერების, ტექნიკური ცოდნისა და შესაბამისობის შესაძლებლობების გაძლიერებაში.
  • საჯარო და კერძო შორის თანამშრომლობის გაძლიერება გარდამავალი პროცესის ეფექტიანად მართვის მიზნით.
  • ნახშირბადის ფასწარმოქმნის მექანიზმებისა და სხვა მარეგულირებელი ინსტრუმენტების დანერგვის მიზანშეწონილობის შეფასება, საერთაშორისო კლიმატური და სავაჭრო მოთხოვნების შესაბამისად.
  • კლიმატურ კონკურენტუნარიანობასთან დაკავშირებული საკითხების ინტეგრირება საქართველოს სამრეწველო, სავაჭრო და ეკონომიკური განვითარების პოლიტიკაში.
  • მიუხედავად იმისა, რომ CBAM-ის მოკლევადიანი ეკონომიკური გავლენა, სავარაუდოდ, ნაკლებად შესამჩნევი აღმოჩნდება, ამ ახალ მექანიზმთან პროაქტიური ადაპტაცია გადამწყვეტად მნიშვნელოვანი იქნება საექსპორტო კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, მწვანე ინვესტიციების მოსაზიდად და საქართველოს ინდუსტრიების წარმატებული პოზიციონირებისთვის სწრაფად ცვალებად გლობალურ ეკონომიკაში.

დისქლეიმერი

წინამდებარე ანგარიში შექმნილია PMCG-ის მიერ ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია PMCG და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს.