30 ფაქტი კლიმატური კრიზისის შესახებ
კლიმატის ცვლილება ციფრებში
3 ნოემბერი 2025
გაეროს კლიმატური კონფერენციის, COP30-ის წინ, გაეროს განვითარების პროგრამა იწყებს გლობალურ საინფორმაციო კამპანიას, Climate Counts (კლიმატის ცვლილება ციფრებში). კამპანია აგებულია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული 30 ფაქტის გარშემო, რომლებიც ნათლად და მკაფიოდ ასახავენ დაუყოვნებელი, ერთობლივი და კოორდინირებული მოქმედების აუცილებლობას კლიმატის ცვლილების დასაძლევად.
დედამიწა ერთადერთი პლანეტაა ჩვენთვის ცნობილ სამყაროში, სადაც სიცოცხლე შესაძლებელია.
დედამიწა უნიკალურია. დედამიწაზე სიცოცხლისთვის აუცილებელ პირობებს ბევრი ფაქტორი ქმნის: წლის უზარმაზარი მარაგი, მზის რადიაციისგან დამცავი მაგნიტური ველი და ატმოსფერო, რომელიც ზომიერ ტემპერატურებს ინარჩუნებს.
კლიმატის ცვლილება, რომელსაც ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი სათბურის აირები იწვევს, პლანეტას უპრეცედენტო სისწრაფით ათბობს. კლიმატის ცვლილება არღვევს სიცოცხლის შენარჩუნებისთვის საჭირო მყიფე წონასწორობას, რაც ეკოსისტემებს აზიანებს და ადამიანის არსებობას საფრთხეს უქმნის.
იცით, თუ არა, რომ: მდიდარი ქვეყნები დედამიწის რესურსებს ისეთი ტემპით მოიხმარენ, რომ მათი დაკმაყოფილებისთვის 3-დან 9 პლანეტამდე დაგვჭირდებოდა. კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად და დედამიწაზე ჩვენი მომავლის უზრუნველსაყოფად, ჩვენი ცხოვრების წესი და თავად ადამიანი უნდა შეიცვალოს.
პარიზის შეთანხმებით, ქვეყნებმა აიღეს ვალდებულება შეინარჩუნონ გლობალური ტემპერატურა 2°C-ზე ქვემოთ და ამავდროულად ეცადონ, რომ ტემპერატურამ 1.5°C-ს ზღვარს არ გადააჭარბოს.
2015 წელს, მსოფლიოს ქვეყნებმა პარიზის შეთანხმებამიიღეს. ეს ისტორიული, იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის საფუძველია, რომელიც ქვეყნებს შერბილებისა და ადაპტაციის მკაფიო მიზნების დასახვასა და მიღწევას ავალდებულებს.
პარიზის შეთანხმება პირველი საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომელიც დათბობის ტემპერატურულ ზღვარს განსაზღვრავს: ტემპერატურის ზრდა 2°C-ის ქვემოთ უნდა შენარჩუნდეს, ხოლო დამატებითი ძალისხმევით, 1.5°C-ს არ უნდა გადააჭარბოს.
მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ გლობალური საშუალო ტემპერატურის შეზღუდვა 1.5°C-ით წინა-ინდუსტრიულ პერიოდთან შედარებით კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ამ გზით შესაძლებელია კლიმატური კრიზისის ყველაზე მძიმე შედეგებისა და შეუქცევადი ცვლილებების თავიდან აცილება.
იცით, თუ არა, რომ: დათბობის თითოეული დამატებითი გრადუსი ამძაფრებს კლიმატის ცვლილებას. მაგალითად, 1.5°C დათბობის პირობებში, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 14% ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ მინიმუმ ერთი ძლიერი სითბური ტალღის მომსწრე გახდება. 2°C-ზე ეს მაჩვენებელი 37%-მდე, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა - დაახლოებით 1.7 მილიარდ ადამიანამდე გაიზრდება.
კლიმატის ცვლილება ყველას ეხება, ყველაზე მეტად კი 3 მილიარდ ადამიანს, რომელიც განსაკუთრებული რისკის ადგილებში ცხოვრობს.
კლიმატის ცვლილება საფრთხეს უქმნის ჩვენი საზოგადოების საფუძვლებს. ის იწვევს ექსტრემალური კლიმატური მოვლენების გახშირებასა და გამწვავებას, გავლენას ახდენს სურსათის წარმოებასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე და შეუქცევად დანაკარგებს იწვევს.
მიუხედავად იმისა, რომ კლიმატის ცვლილების ზემოქმედებას უკვე ყველა გრძნობს, გარკვეული ქვეყნები, მათი გეოგრაფიული მდებარეობის, ეკონომიკური შესაძლებლობებისა და ადაპტაციის უნარის გამო, კიდევ უფრო მეტად ზარალდებიან. დღეს 3.3-დან და 3.6-მდე მილიარდი ადამიანი ისეთი მაღალი რისკის ზონებში ცხოვრობს, როგორებიცაა აფრიკა, სამხრეთ აზია, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა, მცირე კუნძულები და არქტიკა.
იცით, თუ არა, რომ: კლიმატური კრიზისი უსამართლოა. იგი არათანაბრად აისახებამაღალ და დაბალშემოსავლიან ქვეყნებზე. ბოლო 30 წლის მანძილზე, დაბალშემოსავლიან ქვეყნებში, კლიმატთან დაკავშირებული საფრთხეების სიხშირე რვაჯერ გაიზარდა,ხოლო შესაბამისი ეკონომიკური ზარალი სამჯერ.
აფრიკის წილი გლობალურ ემისიებში 4%-ზე ნაკლებია, თუმცა კლიმატის ცვლილების შედეგები ამ კონტინენტზე უფრო მძიმეა.
კლიმატური კრიზისის შედეგები და პასუხისმგებლობები არათანაბრად ნაწილდება.ადამიანები, თემები და ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტად ზარალდებიან კლიმატის ცვლილების შედეგად, ხშირ შემთხვევაში, ყველაზე ნაკლებად უწყობენ ხელს ამ კრიზისის განვითარებას.
აფრიკის ქვეყნების წილი გლობალურ ემისიებში 4%-ზე ნაკლებია, თუმცა კლიმატის ცვლილების ზემოქმედება მათი განვითარების თითქმის ყველა ასპექტს აზარალებს: ამძაფრებს შიმშილს, უსაფრთხოების დეფიციტსა და იძულებით გადაადგილებას.
ქვეყნებმა და ინდუსტრიებმა, რომელთა დღევანდელი კეთილდღეობა დიდი რაოდენობის სათბურის აირების გაფრქვევას უკავშირდება, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ დეკარბონიზაციის გადაუდებელი პროცესი და ამავდროულად, დაეხმარონ იმ ქვეყნებსა და საზოგადოებებს, რომლებიც კლიმატის ცვლილების შედეგად ყველაზე მეტად ზარალდებიან.
იცით, თუ არა, რომ: ერთსა და იმავე ქვეყანაშიც კი, კლიმატის ცვლილება არათანაბარ გავლენას ახდენს სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებზე, რაც რასობრივ, ეთნიკურ, გენდერულ, ასაკობრივ და სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობას უკავშირდება.
5 წელიწადში ერთხელ, პარიზის შეთანხმებაზე ხელმომწერი ქვეყნები თავის ეროვნულ კლიმატურ მიზნებს აახლებენ, რათა აღებული ვალდებულებები კიდევ უფრო გაზარდონ.
პარიზის შეთანხმების ხუთწლიანი ციკლი კლიმატური ამბიციის გაზრდის გზაა. ამის ძირითადი მექანიზმი ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილია (NDC), რომელიც ემისიების შემცირებისა და კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის ეროვნულ გეგმებს განსაზღვრავს.
ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის მეშვეობით, მსოფლიოს ქვეყნები იღებენ ვალდებულებებს ისეთ საკვანძო სფეროებში, როგორებიცაა: ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, წყლის რესურსები, ჯანმრთელობა, ტურიზმი და სხვა. დოკუმენტის ხუთწლიანი განახლების მიზანია ეტაპობრივად დაეხმაროს ქვეყნებს, 2050 წლისთვის ნულოვან ემისიებს მიაღწიონ.
იცით, თუ არა, რომ: ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის პირველი თაობა გლობალური ტემპერატურის ზრდის შენარჩუნებას 3.7°C დონეზე ითვალისწინებდა. მეორე თაობის დროს, ეს მაჩვენებელი უფრო ამბიციური გახდა, 2.7°C, ხოლო მიმდინარე მესამე თაობა, რომელიც 2025 წლის ბოლოს დასრულდება, გლობალური ტემპერატურის ზრდის შეზღუდვას 1.5°C-ით განსაზღვრავს.
კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზარალი 6-ჯერ აღემატება პარიზის შეთანხმების მიზნების შესრულებისთვის საჭირო ფინანსურ რესურსებს.
მიმდინარე გლობალური დათბობის პირობებში, კლიმატის ცვლილების ზემოქმედებამ შესაძლოა 2050 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკა 19%-ით შეამციროს.
სასოფლო-სამეურნეო მარაგის შემცირებით, შრომის ნაყოფიერების ვარდნითა და ინფრასტრუქტურის დაზიანებით გამოწვეული ზარალი (დაახლოებით 38 ტრილიონი აშშ დოლარი) ექვსჯერ მეტია, ვიდრე დათბობის 2°C-მდე შეზღუდვისთვის საჭირო შერბილების ხარჯები.
იცით, თუ არა, რომ: ათწლეულების მანძილზე, კლიმატის ცვლილების რეალური ფასი არასათანადოდ იყო შეფასებული. ახალი კვლევის თანახმად, ეკონომიკური ზარალი შესაძლოა ბევრად უფრო მაღალი იყოს, ვიდრე აქამდე ითვლებოდა.
კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის გარეშე, დღევანდელ ბავშვებს 7-ჯერ მეტი ექსტრემალური კლიმატური მოვლენის გადატანა მოუწევთ, ვიდრე მათ ბებიებსა და ბაბუებს.
წინა თაობების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო, ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებები, უსაფრთხო საცხოვრისი, ჯანსაღი გარემო, ჯანდაცვა, საკვები და განათლება კლიმატური კრიზისით გამოწვეული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
ცხოვრების მანძილზე, დღევანდელი ბავშვები და ახალგაზრდები კლიმატის ცვლილების მასშტაბურ შედეგებსდაუპირისპირდებიან. მათ შორის, სითბურ ტალღებს, წყალდიდობებს, ტყის ხანძრებსა და მოუსავლიანობას. ამ რეალობის გათვალისწინებით, თაობათაშორისი თანასწორობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რაც ახალგაზრდული მოძრაობების შექმნაში, კლიმატურ სასამართლო დავებსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კლიმატური რისკების გადაჭრის მცდელობებში აისახება.
იცით, თუ არა, რომ: ბავშვები და ახალგაზრდები, რომლებიც დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ან დაუცველ თემებში ცხოვრობენ, განსაკუთრებით მოწყვლადები არიან კლიმატის ცვლილების მიმართ. მაგალითად, დღეს ავღანეთში, ბავშვებმა შესაძლოა 18-ჯერ მეტი სითბური ტალღა გადაიტანონ, ვიდრე მათმა ბებიებმა და ბაბუებმა, ხოლო მალიში, 10-ჯერ უფრო ხშირად მოესწრონ მოუსავლიანობას.
10-დან 8 ადამიანს სურს, რომ მთავრობებმა უფრო მეტი გააკეთონ კლიმატის ცვლილების დასაძლევად.
საზოგადოებრივი აზრის მასშტაბურმა დამოუკიდებელმა კვლევამ აჩვენა, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 80% თავისი ქვეყნების მთავრობებისაგან უფრო გადამწყვეტ ნაბიჯებს მოითხოვს კლიმატის კრიზისის დასაძლევად.
მსოფლიოში ასევე იზრდება გლობალური ერთიანობისმხარდაჭერაც: 86% თვლის, რომ ქვეყნებმა გეოპოლიტიკური განსხვავებები გვერდზე უნდა გადადონ, მათ შორის ვაჭრობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებში, და ერთად იმუშაონ კლიმატის ცვლილების საკითხებზე.
იცით, თუ არა, რომ: მსოფლიოს მოსახლეობის 72% მხარს უჭერს წიაღისეული საწვავიდან განახლებად ენერგიაზე გადასვლას. იმ ქვეყნებშიც კი, რომლებიც წიაღისეული საწვავის უმსხვილესი მწარმოებლები არიან, მოქალაქეთა უმრავლესობა მხარს უჭერს ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის სწრაფ ჩანაცვლებას განახლებადი ენერგორესურსებით.
მწვანე ეკონომიკა მსოფლიო ბაზრების თითქმის 9%-ს შეადგენს.
მწვანე ეკონომიკა სწრაფად იზრდება და ვითარდება. განახლებადი ენერგია, ენერგოეფექტური და კლიმატმედეგი ინფრასტრუქტურა, ნარჩენების მართვა, დაბინძურების კონტროლი და ჭკვიანი სოფლის მეურნეობა - გარემოსდაცვით და კლიმატურ გამოწვევებზე პასუხია.
ამ პროდუქტებსა და სერვისებზე მზარდი მოთხოვნის პირობებში, მწვანე ეკონომიკის ღირებულებამ 7.9 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია და დღეს უკვე მსოფლიო ბირჟებზე გაყიდვადი აქციების თითქმის 9%-ს წარმოადგენს.
იცით, თუ არა, რომ: ბოლო ათწლეულში, „მწვანე აქციების“ საბაზრო კაპიტალიზაცია დაგროვებითი წლიური ზრდის ტემპით 15%-ით იზრდებოდა და ტექნოლოგიების შემდეგ, მეორე ყველაზე სწრაფად მზარდ სექტორად ჩამოყალიბდა.
10 წლის პერსპექტივით, კლიმატისადმი ადაპტაციასა და მედეგობაში ჩადებული ყოველი 1 დოლარი 10 დოლარს გამოიმუშავებს.
ადაპტაცია მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული არსებული ან მოსალოდნელი ზემოქმედების მიმართ მოწყვლადობის შემცირებისა და ადამიანებისა და ეკოსისტემების მედეგობის გაზრდისთვის.
ადაპტაციაში ინვესტირებულმა თითოეულმა დოლარმა შესაძლოა 10 წლის განმავლობაში 10 დოლარზე მეტი სარგებელი მოიტანოს და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზარალი თავიდან აგვაცილოს. ამას ეკონომიკური განვითარების სტიმულირება და სოციალური და გარემოსდაცვითი სარგებელის გამომუშავება განაპირობებს.
იცით, თუ არა, რომ: ჯანდაცვის სექტორსა და ადრეული გაფრთხილების სისტემებში განხორციელებული ინვესტიცია ერთ-ერთ ყველაზე მაღალ სარგებელს იძლევა, რადგან სიცოცხლეს, ინფრასტრუქტურასა და ეკონომიკას იცავს.
ენერგოეფექტურობის დანერგვით, სამრეწველო სექტორს შეუძლია 11%-ით შეამციროს გლობალური ენერგეტიკული ემისიები.
მსოფლიო მრეწველობა უზარმაზარ ენერგიას მოიხმარს, რომლის წყარო უმეტესად წიაღისეული საწვავია. შედეგად, ინდუსტრიული ენერგომოხმარება ენერგეტიკასთან დაკავშირებული გლობალური ემისიების დაახლოებით მეოთხედს უტოლდება.
სამრეწველო პროცესებს უმეტესად მაღალტემპერატურული სითბო სჭირდება, რაც დეკარბონიზაციის პროცესს ართულებს, ხოლო არსებული განახლებადი ენერგოტექნოლოგიები ასეთი მოცულობის მოთხოვნას ჯერჯერობით ვერ აკმაყოფილებს. უფრო მაღალი ენერგოეფექტურობით შესაძლებელია ხარჯების დაზოგვა და 2030 წლისთვის გლობალური ენერგეტიკული ემისიების 11%-ით შემცირება.
იცით, თუ არა, რომ: იმ შემთხვევაში, თუ 2030 წლისთვის, მშენებლობის, მრეწველობისა და ტრანსპორტის სექტორების ენერგოეფექტურობა გაორმაგდება, ენერგეტიკასთან დაკავშირებული სათბურის აირების ემისიები თითქმის ერთი მესამედით შემცირდება. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა 2050 წლისთვის ნულოვანი ემისიების მიღწევის გზაზე.
კლიმატის ცვლილების ზემოქმედების გამო, მსოფლიოში მილიონობით გოგო ვერ ასრულებს განათლების 12-წლიან პროგრამას.
კლიმატის ცვლილება აღრმავებს და აძლიერებ გენდერულ უთანასწორობას.
კლიმატური შოკების დროს, სიღარიბის ზრდის, რესურსების სიმწირისა და ზრუნვის გაზრდილი ტვირთის გამო, ბავშვები ხშირად ვერ ასრულებენ საშუალო განათლებას, რაც ყველაზე მწვავედ სწორედ გოგოებზე აისახება.
მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბავშვმა, ცვალებადი კლიმატის პირობებშიც კი, შეძლოს 12-წლიანი ხარისხიანი განათლების მიღება, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მსოფლიოს მდგრადი განვითარებისათვის.
იცით, თუ არა, რომ: 2050 წლისთვის, კლიმატის ცვლილებამ შესაძლოა კიდევ 158 მილიონამდე ქალი და გოგო მიიყვანოს სიღარიბემდე, კაცებისა და ბიჭების ჯამურ რაოდენობაზე 16 მილიონით მეტი.
ყოველწლიურად, ნიადაგში13 მილიონამდე პლასტმასა გროვდება.
პლასტმასა ყველგანაა ჩვენს გარშემო: სასმელ წყალში, საკვებსა და ჰაერში. ის საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას, აბინძურებს და კლავს ველურ ბუნებას.
პლასტმასა ასევე აძლიერებს კლიმატურ კრიზისს: მისი სრსებობის ციკლის ყველა ეტაპზე სათბურის აირები გამოიყოფა, მისი წარმოების ნედლეულის, ანუ წიაღისეულის საწვავის, მოპოვებიდან, პლასტმასას ნარჩენების დაწვამდე ან დეგრადაციამდე.
მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 430 მილიონი მეტრული ტონა ახალი პლასტმასა იწარმოება. მისი უმეტესობა მხოლოდ ერთხელ გამოიყენება, ხოლო შემდეგ ნარჩენად იქცევა.
ყოველ წელს, 13 მილიონი ტონა პლასტმასა ნიადაგში გროვდება, აზიანებს მას და ზღუდავს მოსავლის ზრდასა და საკვები ნივთიერებების ათვისებას. დროთა განმავლობაში, ეს მასა იშლება მიკროპლასტმასად, რომელიც საბოლოოდ ადამიანების სასმელ წყალსა და საკვებში აღმოჩნდება.
იცით, თუ არა, რომ: მიკროპლასტმასა საშიშია ჯანმრთელობისთვის და დაკავშირებულია ისეთ სერიოზულ რისკებთან, როგორებიცაა სიმსივნე, გულის შეტევა, რეპროდუქციული პრობლემები და სხვა გართულებები. მეცნიერების გათვლებით, ზრდასრულმა ადამიანებმა კვირაში შესაძლოა ერთი საკრედიტო ბარათის ექვივალენტი მიკროპლასტმასა გადაამუშაონ.
ტრანსპორტის სექტორის წილი გლობალურ ემისიებში 14%-ია, თუმცა სწორედ ამ სექტორს აქვს ყველაზე მეტი შესაძლებლობა კლიმატური კრიზისის შერბილებისა და ადაპტაციისთვის.
მდგრადი ტრანსპორტის განვითარება უმნიშვნელოვანესია კლიმატის ცვლილების დასაძლევად. ტრანსპორტის სექტორი გლობალური სათბურის აირების ემისიების თითქმის 14%-ს ქმნის. მდგრადობის მისაღწევად, ქვეყნებმა მობილობის კლიმატმეგობრული სისტემები უნდა განავითარონ და შესაბამისი ინვესტიციებიც გააკეთონ: ფეხით სიარულისა და ველომოძრაობის დახვეწილი ინფრასტრუქტურა, დაბალემისიური საზოგადოებრივი ტრანსპორტი, განახლებად ენერგიაზე მომუშავე ელექტროტრანსპორტი და უფრო სუფთა საზღვაო და საავიაციო გადაადგილება.
მდგრადი ტრანსპორტის სარგებელი მხოლოდ ემისიების შემცირებას არ უკავშირდება. სწორად დაგეგმვისას, ის აუმჯობესებს ადამიანის ჯანმრთელობას, ქმნის ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ხელს უწყობს გარემოს დაცვას.
იცით, თუ არა, რომ: 2024 წელს, მსოფლიოში გაყიდული მანქანების 20%-ზე მეტი ელექტრომობილებზე მოდის, ხოლო 2025 წელს მოსალოდნელია ამ მაჩვენებლის 25%-მდე გაზრდა.
მზისა და ქარის ენერგია გლობალური ელექტროენერგიის 15%-ს უზრუნველყოფს. 2030 წლისთვის, ეს მაჩვენებელი სავარაუდოდ გაორმაგდება.
წიაღისეულ საწვავზე დაფუძნებული ენერგოსისტემიდან განახლებად ენერგიაზე გადასვლა უმნიშვნელოვანესია კლიმატური კრიზისის დასაძლევად.
2024 წელს, მსოფლიო ელექტროენერგიის თითქმის მესამედი ნაწილობრივი განახლებადი წყაროებიდან მივიღეთ: მზისა და ქარის ენერგიის წილმა 15% შეადგინა, ხოლო ჰიდროენერგიისა და სხვა განახლებადი ენერგოწყაროების წილი 17% იყო.
დღეს, მზის და ქარის ენერგია, შესაბამისად, 41%-ით და 53%-ით უფრო იაფია წიაღისეულ ალტერნატივებთან შედარებით. სწორედ ამიტომ, მზე და ქარი ელექტროენერგიის ყველაზე სწრაფად მზარდი წყაროებია.
იცით, თუ არა, რომ: 2024 წელს, მსოფლიოში ახლადშექმნილი ელექტროენერგიის სიმძლავრის 92%-ზე მეტი განახლებად ენერგიებზე მოდიოდა. მზისა და ქარის ენერგიების სექტორის სწრაფმა ზრდა უკვე მნიშვნელოვნად აისახა ემიოსიების შემცირებაზე, თუმცა 2030 წლამდე, გლობალური განახლებადი ენერგიის სიმძლავრის გასამმაგების მიზნის მისაღწევად, განახლებადი ენერგოტექნოლოგიების განვითარებას ყველა ქვეყანაში უნდა დაჩქარდეს.
2000–2019 წლებში, ექსტრემალური კლიმატური მოვლენებით გამოწვეულმა ზარალმა საშუალოდ ყოველ საათში მინიმუმ 16 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
კლიმატის ცვლილების ზემოქმედების ზრდასთან ერთად, მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ, ექსტრემალური ამინდით გამოწვეული ზარალის რა წილი უკავშირდება კლიმატის ცვლილებას.
ერთ-ერთი კვლევის თანახმად, რომელმაც 2000–2019 წლებში დაფიქსირებული 185 ექსტრემალური ამინდის მოვლენა შეისწავლა, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულმა ზარალმა წელიწადში დაახლოებით 143 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საათში დაახლოებით 16 მილიონი დოლარის ზარალს უტოლდება. არასრული მონაცემების გათვალისწინებით, განსაკუთრებით დაბალშემოსავლიან ქვეყნებში, ზარალის რეალური მასშტაბი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო ფართოა.
იცით, თუ არა, რომ: კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზარალი მხოლოდ ფინანსურ დანაკარგებს არ გულისხმობს. ზარალი და დანაკარგი მოიცავს არამატერიალურ ზიანსაც, მაგალითად, იძულებითი გადაადგილების შედეგად დაკარგულ კულტურულ მემკვიდრეობასა თუ იდენტობას.
ხმელეთისა და შიდა წყლების 17%-ზე მეტი დაცულია.
გასული საუკუნეში, ადამიანის საქმიანობამ არა მხოლოდ კლიმატის ცვლილება, არამედ ბიომრავალფეროვნების კარგვაც გამოიწვია. კლიმატისა და ბუნების კრიზისი ურთიერთგადაჯაჭვული და ურთიერთგამაძლიერებელია, რადგან ორივე მოვლენას ერთი და იგივე საფუძველი აქვს - არამდგრადი წარმოება და მოხმარება. შესაბამისად, ორივე კრიზისის დასაძლევად, ერთობლივი და კოორდინირებული ქმედებებია საჭირო.
დაცული ტერიტორიები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად. ამავდროულად, ბუნებრივი სიმდიდრის დაცვა, შენარჩუნება და აღდგენა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის განუყოფელი ნაწილია.
2022 წელს, მსოფლიოს ქვეყნებმა მიიღეს კუნმინ-მონრეალის გლობალური ბიომრავალფეროვნების ჩარჩო დოკუმენტი, რომლის მიზანი ბიომრავალფეროვნების კარგვის შეჩერება და აღდგენაა. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, 2030 წლისთვის, დედამიწის ხმელეთისა და ზღვის 30%-ზე მეტი უნდა იყოს დაცული. ამ მიზნის თანმიმდევრული მიღწევა უკვე დაწყებულია, თუმცა მსოფლიოს ქვეყნების წინსვლა საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს. დღეისთვის, უკვე დაცულია ხმელეთისა და შიდა წყლების 17%-ზე მეტი.
იცით, თუ არა, რომ: 2030 წლამდე შესამცირებელი ემისიების 37% შესაძლოა ბუნებაზე დაფუძნებულმა გადაწყვეტებმა და ადგილობრივი თემების კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობის ზრდამ უზრუნველყოს.
2024 წელს, წუთში, 18 საფეხბურთო მოედნის ზომის ტროპიკული ტყე ნადგურდებოდა.
ტყეები დედამიწის ხმელეთის თითქმის მესამედს, დაახლოებით 4 მილიარდ ჰექტარს, ფარავს. ჯანსაღი ტყე შთანთქავს და ინახავს ნახშირბადს და შესაბამისად, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში გვეხმარება.
თუმცა დღეს, დედამიწის ტყეებს სერიოზული საფრთხე ემუქრება, რაც უმეტესწილად ადამიანის საქმიანობას უკავშირდება. აგრარული ექსპანსია, ურბანიზაცია და ტყის ხანძრები კლიმატის ცვლილებას კიდევ უფრო ამძაფრებს და გაუტყიურებისა და დეგრადაციის პროცესსაც აჩქარებს.
2024 წელს, ტროპიკული ტყის 6.7 მილიონი ჰექტარი განადგურდა. ყოველ წუთს, 18 საფეხბურთო მოედნის ზომის ტყის ფართობი ქრებოდა. ტყეების განადგურება მძიმე გავლენას ახდენს ბიომრავალფეროვნებასა და ნახშირბადის მარაგებზე. ეს სავალალო პროცესი ასევე მძიმედ აისახა ტყის რესურსებზე დამოკიდებული ადამიანების საარსებო წყაროებზე.
იცით, თუ არა, რომ: მსოფლიოში თითქმის 1 მილიარდი ადამიანისთვის, მათ შორის 70 მილიონი მკვიდრი მოსახლეობისთვის, ტყე საარსებო წყაროა. ჯანსაღი ტყე სუფთა წყალს, საკვებსა და მედიკამენტებს უზრუნველყოფს, ნალექს არეგულირებს და წყალდიდობებსა და ნიადაგის ეროზიას აკავებს.
მაღაზიებში, რესტორნებსა და სახლებში საკვების 19%-ზე მეტი ნარჩენის სახით იკარგება, რაც თავის მხრივ, გლობალური ემისიების ზრდას უწყობს ხელს.
არამდგრადი სოფლის მეურნეობა კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა, რომელიც გლობალური ემისიების მესამედზეა პასუხისმგებელი. სოფლის მეურნეობა არსებული სასმელი წყლის 70%-ს მოიხმარს, ნიადაგის დეგრადაციას იწვევს და ბიომრავალფეროვნების კარგვაში ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ასრულებს.
მიუხედავად ამისა, ყოველწლიურად, მსოფლიოში წარმოებული საკვების დაახლოებით ერთი მესამედი ნარჩენად იქცევა. აქედან 13% მომარაგების ჯაჭვში იკარგება, მოსავლიდან გაყიდვის პუნქტამდე, ხოლო კიდევ 19% - მაღაზიებში, რესტორნებსა და ოჯახებში.
იცით, თუ არა, რომ: საკვების ფუჭი ხარჯვა მძიმე ეკოლოგიური ტვირთია, რომელსაც სასწრაფო რეაგირება სჭირდება. დღევანდელ მსოფლიოში, ისეთი რაოდენობის საკვები იკარგება, რომ ამ დანაკარგის ათვისებით, 783 მილიონი მოშიმშილე ადამიანის გამოკვება იქნებოდა შესაძლებელი.
გასული 20 წლის მანძილზე, სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა ერთ სულ ადამიანზე 20%-ით შემცირდა.
წყლის დეფიციტი კლიმატის ცვლილებისა და ბიომრავალფეროვნების კრიზისის საკვანძო გამოწვევაა. ცვალებადი კლიმატის პირობებში, ნალექის რეჟიმები ნაკლებად პროგნოზირებადია, მყინვარები და ყინულოვანი ფარები უფრო სწრაფად დნება, ხოლო წყალთან დაკავშირებული ექსტრემალური კლიმატური მოვლენები, მაგალითად, ქარიშხალი, წყალდიდობა და გვალვა, უფრო ხშირი და ინტენსიური ხდება.
შექმნილი ვითარება გავლენას ახდენს ადამიანისთვის ხელმისაწვდომი მტკნარი წყლის რესურსებზე, რაც დედამიწაზე არსებული წყლის მხოლოდ 0.5%-ს შეადგენს. ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე, ერთი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი მტკნარი წყლის მოცულობა 20%-ით შემცირდა.
ზოგიერთ რეგიონში მდგომარეობა განსაკუთრებით მწვავეა, რამაც შესაძლოა წყლის რესურსებისთვის კონკურენცია და კონფლიქტიც კი გამოიწვიოს.
იცით, თუ არა, რომ: დღეს, 2 მილიარდზე მეტი ადამიანი წყლის რესურსების ნაკლებობით გამოწვეულ სტრესულ ქვეყნებში ცხოვრობს, ხოლო მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი წელიწადში მინიმუმ ერთი თვე წყლის მძიმე დეფიციტს განიცდის.
2050 წლისთვის, კლიმატის ცვლილების შედეგად, ადამიანის ჯანმრთელობაზე მიყენებული ზარალის ხარჯებმა დაბალ და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში შესაძლოა 21 ტრილიონ აშშ დოლარს მიღწიოს.
კლიმატური კრიზისი ჯანმრთელობის კრიზისია. კლიმატის ცვლილებას ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო უამრავი ფაქტორი უკავშირდება, ექსტრემალური სიცხისა და ჰაერის დაბინძურებიდან ინფექციური დაავადებების გავრცელებასა და საკვებისა და წყლის რესურსების შემცირებამდე.
ეს ფაქტორები კიდევ უფრო აღრმავებს ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროებში არსებულ უთანასწორობებს, როგორც ქვეყნების შიგნით, ისე ქვეყნებს შორის.
დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნები არაპროპორციულად დიდ ტვირთს ატარებენ. შუალედური დათბობის სცენარის პირობებში, 2050 წლისთვის, ასეთ ქვეყნებში, კლიმატის ზემოქმედებით გამოწვეული ჯანდაცვის ხარჯები შესაძლოა 21 ტრილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდოს.
იცით, თუ არა, რომ: კლიმატის ცვლილება ახალი და უფრო მძაფრი ეპიდემიებისა და პანდემიების გავრცელებას უწყობს ხელს. მაგალითად, გლობალური ტემპერატურის მატებასთან ერთად, დაავადებების მატარებელი კოღო შესაძლოა ისეთ რეგიონებში გავრცელდეს, სადაც კოღოს მსგავსი სახეობა არასოდეს ყოფილა შემჩნეული. ამის შედეგად, 2070 წლისთვის, დამატებით 4.7 მილიარდი ადამიანი შესაძლოა მალარიისა და დენგეს რისკის წინაშე აღმოჩნდეს.
ცირკულარული ეკონომიკის განვითარების შედეგად, 2030 წლისთვის, აფრიკაში, ევროკავშირსა და სამხრეთ ამერიკაში, პოტენციურად 22 მილიონზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
ცირკულარული ეკონომიკის მიდგომები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არამდგრადი მოხმარებისა და წარმოების მოდელების შესაცვლელად. ცირკულარული ეკონომიკა ამცირებს ნარჩენებსა და დაბინძურებას და ხელს უწყობს ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას.
ამ მიდგომების დანერგვა შესაძლებელია ეკონომიკის ყველა სექტორში, სოფლის მეურნეობისა და მრეწველობიდან ქსოვილის წარმოებისა და მშენებლობამდე.
ცირკულარული ეკონომიკა ქმნის მილიონობით ახალ სამუშაო ადგილს. 2030 წლისთვის, აფრიკაში შესაძლოა 11 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნას, სამხრეთ ამერიკასა და კარიბის ზღვის რეგიონში 8.8 მილიონი, ხოლო ევროკავშირში 2.5 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი.
იცით, თუ არა, რომ: მასალების 7%-ზე ნაკლები გადამუშავდება, შეკეთდება ან ხელახლა გამოიყენება. ცირკულარული ეკონომიკის მიდგომების დანერგვით, ქვეყნებს შეუძლიათ ერთდროულად შეამცირონ სათბურის აირების ემისიები, დაიცვან და აღადგინონ ბუნება და შექმნან ეკონომიკური შესაძლებლობები.
1880 წლიდან, გლობალური საშუალო ზღვის დონე დაახლოებით 23 სანტიმეტრით გაიზარდა.
გლობალური საშუალო ტემპერატურის მატება ყინულოვანი ფარებისა და მყინვარების დნობას და შესაბამისად, ზღვის წყლის მოცულობის ზრდას იწვევს. შედეგად, 1880 წლიდან, საშუალო ზღვის დონე დაახლოებით 23 სმ-ითაა მომატებული.
ზღვის დონის მატება სერიოზულ საფრთხეს უქმნის სანაპირო ქალაქებსა და დასახლებებს მთელ მსოფლიოში. სანაპიროს დატბორვა, ეროზია და მარილიანი წყლის შეჭრა აზიანებს ინფრასტრუქტურას, აბინძურებს მტკნარი წყლის მარაგებს და ზიანს აყენებს ეკოსისტემებს. ასეთმა ზემოქმედებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი მიაყენოს სოფლის მეურნეობას, თევზჭერასა და ტურიზმს, საფრთხე შეუქმნას ადამიანების საარსებო წყაროებს და იძულებითი გადაადგილება და მიგრაცია გამოიწვიოს.
ამ მხრივ, მცირე კუნძულოვანი სახელმწიფოები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან. მომდევნო 30 წლის მანძილზე, წყნარი ოკეანის დონე სულ მცირე 15 სანტიმეტრით მოიმატებს. ადაპტაციურმა ზომებმა შესაძლოა ამის შედეგად მიყენებული ზარალი გარკვეულწილად შეამციროს, თუმცა ზღვის დონის მატებასთან ერთად, ბევრი კუნძულოვანი სახელმწიფოს არსებობა საფრთხის ქვეშ დადგება.
იცით, თუ არა, რომ: კარიბის ზღვის რეგიონში, თითქმის 22 მილიონი ადამიანი ზღვის დონიდან 6 მეტრზე ნაკლებ სიმაღლეზე ცხოვრობს, ხოლო წყნარი ოკეანის კუნძულოვანი ქვეყნების უმეტესობაში, ინფრასტრუქტურის ნახევარზე მეტი განლაგებულია სანაპიროდან 500 მეტრის დაცილებით, რაც კიდევ უფრო ზრდის კუნძულოვანი ქვეყნების მოწყვლადობას ზღვის დონის მატების მიმართ.
24-საათიან ადრეულ გაფრთხილებას შეუძლია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა და ზარალის თითქმის მესამედით შემცირება კლიმატური კატასტროფისა თუ ექსტრემალური ამინდის დროს.
ადრეული გაფრთხილების სისტემები უზრუნველყოფს დროულ და პრაქტიკულ ინფორმაციას ისეთ საფრთხეებზე, როგორებიცაა ციკლონი, წყალდიდობა, გვალვა, სითბური ტალღა, ტყის ხანძარი და სხვა.
კლიმატური უსაფრთხოებისა და მედეგობის გასაძლიერებლად, ადრეული გაფრთხილება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
მაგალითად, 24-საათიანი ადრეული გაფრთხილება საგრძნობლად ზრდის სიცოცხლის გადარჩენისა და ზიანის 30%-მდე შემცირების შანსებს ქარიშხლისა თუ სითბური ტალღის დროს.
იცით, თუ არა, რომ: დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში, კლიმატური კატასტროფებით მიყენებული 3-დან 16 მილიარდ აშშ დოლარამდე წლიური ზარალის პრევენცია შესაძლებელია ადრეული გაფრთხილების სისტემებში მხოლოდ 800,000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციით.
ხმელეთის 25% მკვიდრი მოსახლეობის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
დედამიწის ხმელეთის დაახლოებით 25%, მათ შორის ხელუხლებელი ტყეების სულ მცირე 36%, მკვიდრი მოსახლეობის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ასეთი ტყეები უკეთ დაცულია, გაუტყიურებისა და დეგრადაციის დაბალი ტემპებით ხასიათდება და შესაბამისად, ნახშირბადის შთანთქმასა და შენახვას უფრო ეფექტიანად ახდენს.
ამის გათვალისწინებით, მკვიდრი მოსახლეობის საცხოვრებელ რეგიონებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის საქმეში.
საკვანძო ეკოსისტემების დაცვით მკვიდრი მოსახლეობა მთელ მსოფლიოს მნიშვნელოვან ეკოლოგიურ სამსახურს უწევს - იცავს ბიომრავალფეროვნებას და ქმნის ნახშირბადის შთანთქმის ზონებს.
მკვიდრი მოსახლეობის ღვაწლი ხშირად დაუფასებელია. მათი წვლილი მეტ პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ფინანსურ ხელშეწყობას იმსახურებს.
იცით, თუ არა, რომ: ათასწლეულების მანძილზე, ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტები და ცირკულარული ეკონომიკის მიდგომები მკვიდრი მოსახლეობის ცხოვრების წესის ნაწილი იყო. კლიმატური კრიზისის პირობებში, ეს ისტორიული ცოდნა და გამოცდილება გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.
მსოფლიოს მოსახლეობის 26% ვერ იყენებს სუფთა ენერგიას საჭმლის მომზადებისთვის.
საჭმლის მომზადების სუფთა ენერგოგადაწყვეტები არა მხოლოდ ენერგიის მოხმარებას, არამედ ჯანდაცვას, გენდერულ თანასწორობასა და ადამიანის უფლებების დაცვასაც უკავშირდება.
ელექტროენერგიაზე წვდომის გაფართოების მიუხედავად, საჭმლის მომზადების სუფთა ენერგოგადაწყვეტები სათანადოდ გავრცელებული მაინც არაა. თითქმის 2.3 მილიარდი ადამიანი, მსოფლიოს მოსახლეობის 26%, საჭმლის მოსამზადებლად კვლავ პრიმიტიულ საწვავს, ანუ შეშასა და ნახშირს იყენებს. მსგავსი საწვავის გამოყენება არა მხოლოდ ტყეს აზიანებს, არამედ ადამიანის ჯანმრთელობაზეც აისახება, რაც ქალებისა და ბავშვების შემთხვევაში, განსაკუთრებით მწვავედ ვლინდება. შეშისა და ნახშირის წვის დროს წარმოქმნილი კვამლის მუდმივი ჩასუნთქვა ყოველწლიურად 3.7 მილიონამდე ნაადრევ სიკვდილს იწვევს.
გარდა ამისა, საწვავის შეგროვებასა და შემდეგ საჭმლის მომზადებაზე დახარჯული დრო კიდევ უფრო ზღუდავს ქალების მიერ განათლების მიღების, დასაქმებისა და დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობებს.
იცით, თუ არა, რომ: სუბსაჰარულ აფრიკაში, შეშისა და ნახშირის ღუმელების სუფთა ალტერნატივებით ჩანაცვლებას შეუძლია ყოველწლიურად მინიმუმ 463,000 სიკვდილის პრევენცია და ჯანდაცვის ხარჯებთან დაკავშირებული 66 მილიარდი აშშ დოლარის დაზოგვა.
27 სტუდენტის სარჩელმა მსოფლიოს ქვეყნების კლიმატურ ვალდებულებებს სამართლებრივი სახე შესძინა.
თავისი ისტორიული გადაწყვეტილებით, გაეროს საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფოებს სამართლებრივი ვალდებულება ეკისრებათ, დაიცვან გარემო კლიმატის ცვლილების გამომწვევი სათბურის აირების ემისიებისგან.
საქმე, რომელიც კლიმატურ სამართალწარმოებაში აქამდე ყველაზე მასშტაბურად მიიჩნევა და რომელსაც ვანუატუს სახელმწიფო ხელმძღვანელობდა, წყნარი ოკეანის კუნძულების 27-მა სტუდენტმა წამოიწყო.
კლიმატური მართლმსაჯულების ეს გამარჯვება ადასტურებს, რომ ახალგაზრდებს რეალური ცვლილებების მოხდენა შეუძლიათ.
იცით, თუ არა, რომ: ადამიანები სულ უფრო ხშირად მიმართავენ სასამართლოს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სარჩელებით. 2022 წლის მდგომარეობით, 65 იურისდიქციაში 2,180 კლიმატთან დაკავშირებული საქმე იყო შეტანილი.
ნახშირბადის ემისიებზე დაწესებული ტარიფები გლობალური ემისიების დაახლოებით 28%-ს მოიცავს.
ნახშირბადის ტარიფები სათბურის აირების ემისიებით გამოწვეული ზიანის შეფასების მექანიზმია, რომელიც შესაბამისი ხარჯების დაფარვას უშუალოდ ემისიის წყაროს აკისრებს. ამ გზით, ემისიებზე პასუხისმგებელი მხარე ასევე იღებს პასუხისმგებლობას ემისიებით გამოწვეულ ზარალზეც.
ნახშირბადის ტარიფები ნახშირბადის ბაზრების ეკონომიკური საფუძველიცაა. ეს მექანიზმი ემისიების შემცირების ღირებულებასა და ნახშირბადის კრედიტების გაცვლის შესაძლებლობას ადგენს.
დღეს, ნახშირბადის ტარიფები გლობალური ემისიების დაახლოებით 28%-ს ფარავს, რაც მდგრადი განვითარებისთვის საჭირო ფინანსირების მობილიზებასა და ინვესტირებას უწყობს ხელს.
იცით, თუ არა, რომ: 2024 წელს, ნახშირბადის ტარიფებიდან მიღებულმა შემოსავალმა 100 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამ შემოსავლის ნახევარზე მეტი სახელმწიფო ბიუჯეტებში შევიდა და გარემოსდაცვითი, ინფრასტრუქტურული და განვითარების პროექტების განხორციელებაზე დაიხარჯება.
თუ გლობალური ემისიები მაღალ ნიშნულზე დარჩება, 2100 წლისთვის, დედამიწაზე არსებული სახეობების 29% გადაშენების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.
კლიმატის ცვლილება შეუქცევად ზეგავლენას ახდენს დედამიწის ბიომრავალფეროვნებაზე. ტემპერატურის მატება, ნალექების რეჟიმების ცვალებადობა და ხანძრის სეზონების გახანგრძლივება ცვლის ჰაბიტატებს და არღვევს ეკოსისტემების სტაბილურობას.
შედეგად, უკვე დღეს, უამრავ სახეობას გადაშენება ემუქრება. თუ გლობალური საშუალო ტემპერატურა 1.5°C-ზე მეტით მოიმატებს, მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, ხოლო 5°C-ით დათბობის შემთხვევაში, დედამიწაზე გავრცელებული ყველა სახეობის 29%-ზე მეტი გადაშენების რისკის წინაშე დადგება.
იცით, თუ არა, რომ: ადამიანის საქმიანობით გამოწვეული კლიმატის ცვლილება და ჰაბიტატების კარგვა დედამიწის მეექვსე მასობრივ გადაშენებას აჩქარებს. პლანეტამ უკვე გამოიარა ხუთი მასობრივი გადაშენება. უკანასკნელი 65.5 მილიონი წლის წინ მოხდა, როდესაც დედამიწაზე დინოზავრები გადაშენდნენ.
მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი 30 წლამდე ასაკისაა. მათი მომავალი დაბალნახშირბადიანი, უსაფრთხო და სამართლიანი უნდა იყოს.
ბავშვები და 30 წლამდე ახალგაზრდები დედამიწის მოსახლეობის ნახევარს შეადგენენ. კლიმატის ცვლილება მათი ცხოვრების ყველა სფეროს შეეხება: სად იცხოვრებენ, რა განათლებას მიიღებენ, რა საქმეს გააკეთებენ და ეყოლებათ თუ არა საკუთარი შვილები.
ბევრი ახალგაზრდა კლიმატურ კრიზისთან ბრძოლის საჭიროებას აცნობიერებს. ისინი ადგილობრივ სოციალურ მოძრაობებს ქმნიან, გლობალურ კლიმატურ მოლაპარაკებებში მონაწილეობენ და რეალური ცვლილების ინოვაციურ გადაწყვეტებს ეძებენ.
გადაწყვეტილების მიმღებებთა ვალდებულებაა, მოუსმინონ ახალგაზრდების მოთხოვნებს და მათი მომავლის დასაცავად იმოქმედონ. მათ უნდა ახსოვდეს, რომ კლიმატის ცვლილებით დაზიანებულ პლანეტაზე კაცობრიობა ვეღარ განვითარდება. ხვალინდელი დღის წარმატებული ეკონომიკა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას სწორედ დღეს იწყებს.
კლიმატის საკითხებზე 30-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, დადგა დრო, სრულად ავიღოთ ვალდებულება დაბალნახშირბადიან, უსაფრთხო და სამართლიან მომავალზე. რადგან კლიმატის ცვლილება ჩვენი და ჩვენი შვილების ცხოვრების ყველა სფეროს ეხება.
მეტი ინფორმაცია გჭირდებათ? გაიგეთ, თუ როგორ ეხმარება გაეროს განვითარების პროგრამა მსოფლიოს ქვეყნებს კლიმატური კრიზისის დაძლევის საქმეში.
სხვა
სიახლეები
სიახლეები