UNDP-ის, კლიმატის მწვანე ფონდისა და შვეიცარიის ხელშეწყობით, 100 თემში კლიმატური კატასტროფების რისკის შესამცირებლად სამუშაოები მიმდინარეობს
კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობა ადგილობრივ დონეზე იწყება
11 მაისი 2026
დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს 100 თემში გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციითა და ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, „შავი ზღვის ეკო აკადემიასთან“ და „ჰიდროკთან“ პარტნიორობით, ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირებასა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარებას.
სათემო პროექტები 11 მდინარის აუზებში ხორციელდება: ალაზანი, ენგური, იორი, კინტრიში, მტკვარი, ნატანები, რიონი, სუფსა, ხობისწყალი, ხრამი/ქცია, და ჭოროხი.
ამ მცირემასშტაბიანი, თუმცა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინიციატივების შედეგად, ადგილობრივი მაცხოვრებლები იმ კონკრეტულ კლიმატურ საფრთხეებს გამოავლენენ, რომლებიც მათ თემზე ახდენენ გავლენას, და კატასტროფათა რისკის მართვის სათემო გეგმებს შეადგენენ. აღნიშნული გეგმების საფუძველზე, თითოეულ თემში პრაქტიკული ადგილობრივი პროექტები განხორციელდება.
კლიმატის ცვლილების მიმართ სათემო მედეგობის ინიციატივები UNDP-ის ფართომასშტაბიანი კლიმატური პროგრამის ნაწილია, რომელიც კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება.
„კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობა თითოეული ადამიანის აქტიურ ჩართულობას ეფუძნება. ადამიანის სიცოცხლისა და საკუთრების დაცვა და კლიმატგონივრული მომავლის მშენებლობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებული საფრთხეების გაცნობიერება და შესაბამისი ზომების გატარება ყველა დონეზე მოხდება, მათ შორის ადგილობრივ თემებში“, - აღნიშნა დაგლას უებმა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.
კლიმატგონივრული თემები
2026 წლის მაისის ბოლომდე, დასავლეთ საქართველოს 50 თემი კატასტროფათა რისკის შემცირების გეგმების შედგენას დაასრულებს და ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელებას შეუდგება.
უკვე მიმდინარე და მომავალში დაგეგმილი სამუშაოები როგორც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ისე ბუნებაზე დაფუძნებული, ბიოინჟინერიული გადაწყვეტების დანერგვას მოიცავს. მათ შორის, მდინარეების კალაპოტების გაწმენდას, მცირე ზომის გაბიონებისა და ქვანაყარი ბერმების მშენებლობას, დრენაჟის სისტემების გამართვას, წყალგამტარი არხების შექმნას და მდინარის ნაპირების გამაგრებას ხეებისა და ბუჩქების დარგვის მეშვეობით.
2027 წლის ბოლომდე, მსგავსი სამუშაოები აღმოსავლეთ საქართველოს 50 თემშიც შესრულდება.
ადგილობრივი საბჭოები, რომლებიც 100-ვე სამიზნე თემში შეიქმნა, თითოეულ სათემო პროექტს გაუწევს კოორდინირებას, ხოლო დაფინანსებასა და ტექნიკურ მხარდაჭერას UNDP-ის კლიმატური პროგრამა უზრუნველყოფს.
სადაც შესაძლებელია, კატასტროფათა რისკის შემცირების სათემო გეგმები შესაბამისობაში იქნება მოყვანილი საგანგებო სიტუაციების მართვის მუნიციპალურ გეგმებთან, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალური და სათემო აქტივობების კოორდინირებას და კლიმატის მიმართ მედეგობის გაზრდას.
საქართველოს კლიმატგონივრული მომავალი
საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომლებიც კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ეროვნული პროგრამების განხორციელებისთვის კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) დახმარებას იღებენ. ეს ხელშეწყობა უნიკალური შესაძლებლობაა სისტემური მიდგომების შემუშავებისა და დანერგვისთვის, მსოფლიო გამოცდილების გამოყენებისთვის და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, GCF-ის მხარდაჭერით საქართველოსთან ერთად სულ რვა ქვეყანა სარგებლობს: აზერბაიჯანი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, მოლდოვა, მონტენეგრო, სერბეთი, სომხეთი და ჩრდილო მაკედონია. GCF-ის მიერ დაფინანსებული თითოეული პროექტი კონკრეტული ქვეყნის თავისებურებებს ითვალისწინებს და აქტუალური ამოცანების გადაჭრას ემსახურება.
საქართველოსა და GCF-ს შორის შეთანხმება 2018 წელს გაფორმდა, ხოლო პროგრამის უშუალო განხორციელება 2019 წლის ბოლოს დაიწყო. GCF-ის დაფინანსებას საქართველოს მთავრობის თანადაფინანსება და შვეიცარიის მთავრობის დამატებითი დახმარება დაემატა. 2020-2025 წლებში, საქართველოს კლიმატური პროგრამა შვედეთის ხელშეწყობითაც სარგებლობდა.
პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 74 მილიონ აშშ დოლარს აღწევს. აქედან, 38 მილიონი აშშ დოლარი საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებაა, ხოლო 36 მილიონი აშშ დოლარი GCF-ის, შვედეთისა და შვეიცარიის წვლილს შეადგენს.
პროგრამას სათავეში უდგას საქართველოს მთავრობა, კერძოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ხოლო გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებს უძღვება.
მეტი ინფორმაცია საქართველოს კლიმატური პროგრამის შესახებ იხილეთ UNDP-ის ვებგვერდზე.
საკონტაქტო ინფორმაცია
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- ირა სულავა, UNDP, +995 599 579105, irine.sulava@undp.org