ეკოჯილდოების კონკურსი საჯარო სკოლებისთვის

ევროკავშირი და UNDP ხელს უწყობენ სასკოლო ინიციატივების განხორციელებას ცირკულარული ეკონომიკისა და ნარჩენების მდგრადი მართვის მიმართულებით

21 აპრილი 2026

ეკოჯილდოების კონკურსი საჯარო სკოლებისთვის

UNDP, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერთობლივი პროგრამის, „ცირკულარული ეკონომიკა: ნარჩენების შემცირება და გადამუშავება მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის“, ფარგლებში აცხადებს სასკოლო კონკურსს ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით საჯარო სკოლების გაძლიერებისთვის.

ერთობლივი პროგრამა მიზნად ისახავს ნარჩენების შემცირებასა და გადამუშავებას მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) სისტემების გაძლიერების გზით, რაც ადამიანების ჯანმრთელობის დაცვასა და რესურსების ეფექტიან გამოყენებას შეუწყობს ხელს. პროექტი მხარს უჭერს საქართველოს გადასვლას უფრო მწვანე, ინკლუზიურ და ცირკულარულ ეკონომიკაზე.

კონკურსის მიზნები

ეკოჯილდოების კონკურსის მთავარი მიზანია, გააძლიეროს და მხარი დაუჭიროს სკოლებს, რომლებსაც უკვე აქვთ მოქმედი ეკო კლუბი ან კონკურსის ფარგლებში აპირებენ შექმნას. პროგრამის ამოცანაა, ხელი შეუწყოს პრაქტიკულ, ინოვაციურ და ინკლუზიურ პროექტებს, რომლებიც მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიერ განხორციელდება, განავითარებს მდგრად და ცირკულარულ პრაქტიკებს, წაახალისებს ქცევით ცვლილებას და შექმნის საფუძველს ნარჩენების შემცირებისა და გადამუშავების პრაქტიკების გავრცელებისთვის.

საჯარო სკოლების მიერ განხორციელებული აქტივობები შეიძლება მოიცავდეს როგორც სკოლაში ნარჩენების მარტივი კვლევის ჩატარებას და ცნობიერების ამაღლების კამპანიების ორგანიზებას, ასევე სკოლებში სათანადო დახარისხებისა და გადამუშავების კუთხეების მოწყობას. სკოლებს ასევე შეუძლიათ ხელი შეუწყონ პროდუქტების სასიცოცხლო ციკლის გახანგრძლივებას ისეთი ინიციატივებით, როგორიცაა წიგნების გაცვლა, სასკოლო მასალების შეკეთება და ხელახალი გამოყენება.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა

  • საჯარო სკოლას, რომელსაც არ აქვს ეკო კლუბი, მაგრამ მზად არის, რომ შექმნას
  • საჯარო სკოლას, სადაც უკვე ფუნქციონირებს ეკო კლუბი
  • განაცხადის წარდგენა შეუძლიათ საჯარო სკოლებს მთელი საქართველოდან

განცხადების წარდგენა

განაცხადები უნდა შეივსოს შესაბამისი სააპლიკაციო ფორმის გამოყენებით (დანართი I).

შესაძლებელია ფორმის ჩამოტვირთვა და ციფრულად შევსება, ასევე ამობეჭდვა, ხელით შევსება და სკანირებული ვერსიის გადმოგზავნა. შევსებული ფორმები (ციფრული ან სკანირებული ვერსია) უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე: circulareconomy.ge@undp.org 

ფორმა აუცილებლად უნდა მოიცავდეს სასკოლო ინიციატივის აღწერას, მოსალოდნელ შედეგებს, ინოვაციურ ელემენტებს და გეგმას, თუ როგორ ჩაერთვებიან მოსწავლეები, ეკო კლუბის წევრები და მასწავლებლები. 

კონკურსის შესახებ დეტალური ტექსტი, სააპლიკაციო ფორმა და დამატებითი ინფორმაცია მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ მოცემულია თანდართულ დოკუმენტებში. 

ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში მითითებული უნდა იყოს "ეკოჯილდოების კონკურსი - სკოლის დასახელება - რეგიონი". 

განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადაა: 2026 წლის 15 მაისი, 18:00 საათი  

დაგვიანებული ან არასრული განაცხადები არ განიხილება.

გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი შერჩეულ სკოლებს 20 ივნისამდე დაუკავშირდება.

საკონტაქტო ინფორმაცია

განაცხადთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: circulareconomy.ge@undp.org

კონკურსში მონაწილეობის მიზნით, გთხოვთ, სრულად გაეცნოთ ეკოჯილდოების კონკურსის აღწერას.