ქართული ბიზნესის პერსპექტივები ევროკავშირის ბაზარზე. 2025
ქართული ბიზნესის პერსპექტივები ევროკავშირის ბაზარზე. 2025
12 სექტემბერი 2025
ღირებულების ჯაჭვის ანალიზი მცირე და საშუალო საწარმოების ექსპორტის პოტენციალის გასაზრდელად
ღირებულების ჯაჭვის ანალიზი მიზნად ისახავს მცირე და საშუალო საწარმოების ექსპორტის პოტენციალის კვლევას ევროპულ ბაზრებზე, საქართველოს პოზიციების გაძლიერებისა და ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით.
კვლევა მოიცავს ოთხ სექტორს ექსპორტის მაღალი პოტენციალით: სასმელების წარმოება, შეფუთვა, ტანსაცმლის წარმოება და საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სერვისები.
ღირებულების ჯაჭვის დეტალური კვლევა ეფუძნება როგორც რაოდენობრივი მონაცემების ანალიზს, ისე მცირე და საშუალო საწარმოებთან და მხარდამჭერ ინსტიტუტებთან ჩატარებული სიღრმისეული ინტერვიუებიდან მიღებულ თვისებრივ მიგნებებს.
SWOT ანალიზისა და პორტერის ხუთი ძალის მოდელის მეშვეობით, კვლევა განსაზღვრავს სექტორულ ბარიერებს, როგორებიცაა მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობა, წარმოების ხარჯები და ნედლეულსა და ფინანსებზე წვდომა. კვლევა ასევე გამოავლენს ბაზრის დივერსიფიკაციისა და ექსპორტის ზრდის არსებულ შესაძლებლობებს.
კვლევის მონაცემებით, აღნიშნულ ოთხ სექტორს, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოების ექსპორტის პოტენციალი საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით კი მაღალი ღირებულებისა და ნიშურ ბაზრებზე. ამ შესაძლებლობების სრულად რეალიზებისთვის აუცილებელია სტრუქტურული გამოწვევების გადალახვა - წარმოების მოდერნიზაცია, ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის გაზრდა, ლოგისტიკისა და დაფინანსების გაუმჯობესება, უნარების განვითარება და საერთაშორისო ნდობის მოპოვება. კოორდინირებული მხარდაჭერის პირობებში მთავრობის, დონორებისა და კერძო სექტორის მხრიდან, საქართველოს ბიზნესს ყველა შესაძლებლობა აქვს, წარმატებით დამკვიდრდეს ევროპულ ბაზრებზე.
კვლევა განახორციელა პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფმა (PMCG) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის პოლიტიკის ინსტიტუტმა (ISET-PI), 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის მარტამდე, ევროკავშირის დაფინანსებითა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, პროექტის წვდომა საექსპორტო ბაზრებზე (IA2M) ფარგლებში.
ძირითადი მიგნებები
სასმელების წარმოება: სასმელების სექტორში წარმოდგენილ საწარმოთა 88% მცირე და საშუალო ბიზნესია. 2017-2023 წლებში, მათი წლიური ბრუნვა საშუალოდ 14%-ით იზრდებოდა. ექსპორტის შესაძლებლობები საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით ნიშური და კულტურულად გამორჩეული პროდუქტებისთვის. გამოწვევების მხრივ, აღსანიშნავია სერტიფიცირებასთან დაკავშირებული სირთულეები, ადგილობრივი ნედლეულის მერყევი ხარისხი, მოძველებული ტექნიკა-დანადგარები და კვალიფიციური მუშახელის დეფიციტი, განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში. ამავდროულად, პროდუქციის გამორჩეული გემო და არომატი, ისევე როგორც მზარდი მოთხოვნა ავთენტურ და უნიკალურ პროდუქტებზე, მომგებიან საექსპორტო გარემოს ქმნის ევროკავშირის ბაზრებზე.
შეფუთვა: შეფუთვის სექტორში არსებულ საწარმოთა 99% მცირე და საშუალო ბიზნესია. 2018 წლიდან, ექსპორტი წლიურად 26%-ით იზრდებოდა. 2023 წელს, ბრუნვამ 710 მილიონ ლარს მიაღწია (წლიური ზრდა 11%). იმპორტირებულ ნედლეულზე დამოკიდებულება და ტრანსპორტირების მაღალი ხარჯები გარკვეულწილად აფერხებს ექსპორტის შესაძლებლობების სრულ ათვისებას. ამავდროულად, ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისი პროდუქციის წარმოების გამოცდილება, მომწოდებლებთან წარმატებული პარტნიორობა, აქტიური დარგობრივი ასოციაციები, ინოვაციების დანერგვა და ეკომეგობრული წარმოების პრაქტიკა - მათ შორის, გადამუშავებული მასალებისა და ხის ნარჩენების გამოყენება - ძლიერ უპირატესობას წარმოადგენს. ექსპორტის შესაძლებლობების ათვისებისთვის, აღნიშნულმა სექტორმა უფრო ეფექტიანად უნდა გამოიყენოს სერტიფიცირების ადგილობრივი სერვისები და კიდევ უფრო მეტად განავითაროს ეკომეგობრული წარმოება.
ტანსაცმლის წარმოება: დინამიური სექტორი, რომლის წარმატებას ქართული მოდის ინდუსტრიის მიმართ მზარდი ინტერესი განაპირობებს. 2017-2023 წლებში, სექტორის ღირებულება წლიურად 19%-ით იზრდებოდა. ამასთან, დიზაინერულ და ხელით დამზადებულ ტანსაცმელს ექსპორტის მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე მასობრივ წარმოებას. საექსპორტო უპირატესობებს შორის აღსანიშნავია შედარებით დაბალი შრომის ხარჯები, საერთაშორისო პარტნიორობის გამოცდილება და საერთაშორისო გამოფენებში აქტიური მონაწილეობა. ამ პოტენციალის სრულად ათვისებისთვის, მცირე და საშუალო საწარმოებმა მეტი ინფორმაცია უნდა მიიღონ საერთაშორისო რეგულაციების შესახებ, შეამცირონ ლოგისტიკისა და ტრანსპორტირების მაღალი ხარჯები და მოამზადონ კვალიფიციური სპეციალისტები, განსაკუთრებით დიზაინის, მოდელირებისა და დანადგარების მართვის მიმართულებით.
IT სერვისები: სწრაფად მზარდი სექტორი სტაბილური განვითარების ტენდენციით. 2023 წელს, IT სერვისების სექტორის წილმა საქართველოს ნომინალურ მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) 4.2 მილიარდი ლარი (მთლიანი მშპ-ის 5.2%), რაც 13-ჯერ მეტია 2017 წელთან შედარებით. სექტორის სწრაფი განვითარება, ხელსაყრელი ბიზნეს-გარემო და ინგლისურ ენაზე მომუშავე სპეციალისტების სიმრავლე მომგებიან პირობებს ქმნის ქართული IT კომპანიების საერთაშორისო წარმატებისთვის. ამ შესაძლებლობების ასათვისებლად, საჭიროა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება, პროფესიული განათლების გაუმჯობესება და ევროკავშირის ბაზრებზე ცნობადობის გაზრდა.
დამატებითი ინფორმაცია
პროექტი წვდომა საექსპორტო ბაზრებზე (IA2M) ხორციელდება ევროკავშირის (EU) დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, ესტონეთის საერთაშორისო განვითარების ცენტრთან (ESTDEV) პარტნიორობით. ოთხწლიანი ინიციატივის მთლიანი ბიუჯეტი 5,162,000 ევროს შეადგენს. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ევროკავშირის ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესებას გაძლიერებული ღირებულებათა ჯაჭვების მეშვეობით.
დისქლეიმერი
ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი განახორციელა პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფმა (PMCG) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის პოლიტიკის ინსტიტუტმა (ISET-PI), ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. კვლევის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელი არიან კვლევითი ორგანიზაციები. კვლევის შინაარსი შესაძლოა, არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და UNDP-ის შეხედულებებს.