მომავალი შესაძლებელია: „ტყე ჩემი მეგობარია“ ბრუნდება

გზა ანიმაციის გმირიდან კლიმატის აქტივისტამდე

5 December 2023
Photo: UNDP Georgia/Giorgi Shengelia
ფოტოს ავტორი: UNDP/გიორგი შენგელია

"ტყე ჩემი მეგობარია" ანიმაციის პირველი ეპიზოდი 2022 წლის ნოემბერში გამოვიდა და მაყურებლის გული უმალვე დაიპყრო. სხვადასხვა ასაკის ადამიანები, მოზარდები და ზრდასრულები, სუნთქვაშეკრულები უყურებდნენ ქარიზმატული გმირების თავგადასავალს და უნებურად ფიქრდებოდნენ ტყესა და ადამიანს შორის დაკარგულ კავშირზე.

"ტყე ჩემი მეგობარია" გაეროს განვითარების პროგრამისა და „დემოკრატიის ლაბორატორიის“, დემლაბის კოლაბორაციაა, რომელიც შესაძლებელი გახდა იაპონიის მთავრობის დაფინანსებით. 

იაპონური მანგას სტილში გადაწყვეტილი ანიმაცია მოგვითხრობს დალი ცულაძისა და მეომორის, ადამიანისა და ხის, გამოწვევებით აღსავსე ურთიერთობაზე, რომელიც სამკვდრო-სასიცოცხლო მტრობით იწყება, ხოლო შემდეგ მეგობრობაში გადაიზრდება.

გამოსვლის დღიდანვე, ტყის მანგა გართობის საზღვრებს გასცდა და ტყის დაცვის საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიას დაუდო საფუძველი. 

ანიმაციის ჩვენება და შემდგომი დისკუსიები საქართველოს არაერთ სოფელში გაიმართა. განსაკუთრებით მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სადაც გაეროს განვითარების პროგრამა, იაპონიის საელჩო, საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტო და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ერთობლივად ახორციელებდნენ ტყის მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვას და ხელს უწყობდნენ განახლებადი ენერგიის წყაროების, მათ შორის ბიომასის გამოყენებას.

ახალგაზრდების აშკარა ინტერესის შედეგად, ტყის მანგა აქტიურად ვრცელდებოდა სოციალური მედიით და სხვადასხვა სახის ახალგაზრდულ ღონისძიებებზე.

მალე ცხადი გახდა, რომ დალისა და მეომორის თავგადასავალი ერთი ეპიზოდით ვერ ამოიწურებოდა. ანიმაციის ახალგაზრდა მაყურებლები ისტორიის გაგრძელებას ითხოვდნენ და სიუჟეტის განვითარების მოფიქრებას თავადაც ცდილობდნენ. ტყის მდგრადი მართვისა და გარემოსდაცვითი ცნობიერებისკენ მიმავალ გზაზე ტყის მანგა ერთ-ერთი ნაბიჯი აღმოჩნდა.  

„ახალგაზრდებს სჭირდებათ დალი და მეომორი, რათა თავისი კავშირი ბუნებასთან გაიაზრონ და კლიმატურ ინიციატივებში ჩაერთონ. ჩვენც, გაეროს განვითარების პროგრამაში, გვჭირდება ეს არაჩვეულებრივი გმირები, რათა საქართველოს ყველა რეგიონსა და ყველა სოციალურ ჯგუფს ხმა მივაწვდინოთ და მოვუყვეთ გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე,“ - ამბობს ნინო ანთაძე, UNDP-ის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი საქართველოში.

Photo: UNDP Georgia/Nino Zedginidze

კონკურსის ახალგაზრდა მონაწილეები წარადგენენ თავის იდეებს ანიმაციის მეორე ეპიზოდის სცენარისთვის.

ფოტოს ავტორი: UNDP/ნინო ზედგინიძე

ლუკა იმერლიშვილი, გიორგი ოდიშელიძე, მარიამ ქაცარავა, ქეთი გულბათაშვილი, ლიზი მრევლიშვილი და მარიამ თვალიაშვილი ახალგაზრდა გარემოსდამცველები არიან. ექვსივე აქტიურად მონაწილეობს მცხეთის ერთერთი სკოლის ეკოკლუბის საქმიანობაში, ჩართულია გამწვანების აქციებში და ნარჩენების დახარისხების პოპულარიზაციას ეწევა.

ექვსი მეგობარი გამოეხმაურა გაეროს განვითარების პროგრამის მიერ გამოცხადებულ კონკურსს ტყის მანგას მეორე ეპიზოდის სცენარის შესაქმნელად და ერთად დაიწყო მუშაობა დამაინტრიგებელი სიუჟეტისა და ილუსტრაციების მოსაფიქრებლად.      

„დალი და მეომორი ძალიან მაგრები არიან! გვინდა ვაჩვენოთ, როგორ იზრდებიან და კიდევ უფრო გაბედულები და მამაცები ხდებიან“, - ამბობს ლუკა იმერლიშვილი.

ექვს მეგობართან ერთად, კონკურსში 50-მდე მოზარდმა მონაწილეობა. წარდგენილი იდეები იმდენად საინტერესო იყო, რომ მათი უმეტესობა ტყის მანგას მეორე ეპიზოდის სცენარში შევიდა, რამაც ანიმაციას ახალი ხედვა და მოულოდნელი გადაწყვეტები შესძინა.   

„მოზარდების იდეები მართლაც არაჩვეულებრივია. მათი რეალურად სცენარად გარდაქმნა ძალიან საინტერესო პროცესი იყო. განსაკუთრებით მოგვეწონა იდეა, რომ ანიმაციის მეორე ეპიზოდში, დალის უფრო მნიშვნელოვანი როლი შეესრულებინა, გვეჩვენებინა, რომ  გოგოები და ბიჭები ერთნაირად მამაცები არიან“, - ყვება დემლაბის ხელმძღვანელი, ქეთი ბოჯგუა.

Photo: UNDP Georgia/Nino Zedginidze

დემლაბის კრეატული ჯგუფი ანიმაციის პრემიერაზე.

ფოტოს ავტორი: UNDP/ნინო ზედგინიძე
ტყის მანგას მეორე ეპიზოდის შექმნა 2023 წლის ნოემბერში, გაეროს გლობალური კლიმატური კონფერენციის, COP28-ის წინა დღეებში დასრულდა. დალისა და მეომორის და მათი ერთგული მეგობრების, საქართველოს ახალგაზრდების გზავნილი მსოფლიოს მიმართ ნათელია: მომავალი შესაძლებელია, თუ ადამიანები მტრობას დაივიწყებენ და ბუნებასთან დაკარგული კავშირის აღსადგენად ერთად იმუშავებენ.
საქართველოს კლიმატური დაპირება 

საქართველოს სახმელეთო ტერიტორიის 43 პროცენტი ტყითაა დაფარული. მილიონობით ადამიანისთვის, ტყე შემოსავლის, წყლისა და ჟანგბადის წყაროა. ტყე გვიცავს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან და შთანთქავს სათბური არიების ემისიებს. მიუხედავად ამისა, ტყის გადამეტებული მოხმარება, უკანონო ჭრა და გახშირებული ხანძრები მუდმივ საფრთხეს უქმნის ამ ძვირფას ბუნებრივ რესურსს.

საქართველოს მოსახლეობის სამი მეოთხედი შეშას გასათბობად იყენებს. არამდგრადი გზით მოპოვებული ხე-ტყის მასალის რაოდენობა წელიწადში 2.4 კუბურ მეტრს აღწევს, რაც საქართველოს ყოველწლიურად 446 მილიონი ლარი უჯდება. გარდა ამისა, ტყის ათასობით ჰექტარი ზიანდება და ნადგურდება გახშირებული ხანძრების გამო.

2020 წელს, საქართველოს მთავრობამ ახალი ტყის კოდექსი დაამტკიცა და ტყის რეფორმა წამოიწყო, რაც ტყის მდგრადი მართვის დანერგვისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. 2021 წელს, საქართველომ ასევე მიიღო რამდენიმე სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც ქვეყნის კლიმატურ მიზნებს განსაზღვრავდა. მათ შორისაა კლიმატის ცვლილების ეროვნული სტრატეგია და ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განახლებული დოკუმენტი.

ამ საკმაოდ ამბიციური გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის, საქართველომ 35 პროცენტით უნდა შეამციროს სათბურის აირების გაფრქვევის ჯამური მაჩვენებელი 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო ტყის მიერ ნახშირბადის შთანთქმა 10 პროცენტით უნდა გაიზარდოს 2015 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

გაეროს განვითარების პროგრამა და იაპონია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და ადგილობრივ მოსახლეობასთან თანამშრომლობით, მხარს უჭერენ ამ გეგმის განხორცილებას და საქართველოში ტყის მდგრადი მართვის ისეთი მოდელის დანერგვას, რომელიც ხელსაყრელი იქნება როგორც გარემოსთვის, ისე ეკონომიკისა და ადამიანებისთვის.

ეს ხელშეწყობა გაეროს განვითარების პროგრამის კლიმატური დაპირების ნაწილია, რომელიც მსოფლიოს 120 ქვეყანას კლიმატური ვალდებულებების შესრულებაში ეხმარება. 23 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, გლობალური კლიმატური დაპირება იაპონიის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.