უკრაინიდან საქართველომდე: მეწარმე ქალთა სიმტკიცე და წარმატება

გაეროს განვითარების პროგრამა და ქეა კავკასია, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, ხელს უწყობენ უკრაინელ მეწარმე ქალებს საქართველოში

5 March 2024
Supporting Ukrainian Entrepreneurs in Georgia
ფოტოს ავტორი: UNDP/გიორგი შენგელია

იულია, ვალენტინა, ტეტიანა და მარჰარიტა უკრაინიდან საქართველოში ომის დროს ჩამოვიდნენ. ომს გამოქცეულმა ქალებმა ოჯახების რჩენა იტვირთეს და ახლობლების კეთილდღეობაზე პასუხისმგებლობა აიღეს.

მათი პირადი ისტორიები ქალების სიმტკიცისა და სიმამაცის მაგალითია, რომელიც უკრაინაში, საქართველოსა და მთელ მსოფლიოში საფუძველს უყრის თანასწორი, მდგრადი და ეკონომიკურად სამართლიანი მომავლის მშენებლობას.

გაეროს განვითარების პროგრამა და ქეა კავკასია, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, ხელს უწყობენ უკრაინელი მეწარმეების წარმატებას საქართველოში. ამ დახმარების ფარგლებში, 39-მა უკრაინელმა მეწარმემ, მათ შორის 28 ქალმა, მიიღო საგრანტო ხელშეწყობა და ბიზნეს კონსულტაცია მცირე და საშუალო საწარმოების შესაქმნელად. 

„გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობს თანასწორი გარემოს შექმნას, სადაც ქალები შეძლებენ ღირსეული წვლილი შეიტანონ წარმატებული და ინკლუზიურობის პრინციპებზე აგებული მომავლის მშენებლობაში. ჩვენ ვეხმარებით გამორჩეულ მეწარმე ქალებს, რომლებიც თავის სიმტკიცითა და მიზანდასახულობით საფუძველს უყრიან მათი ოჯახების კეთილდღეობას და ეკონომიკის მდგრადობას.“
ანნა ჩერნიშოვა, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში
ავტორბოლა წარმატებისკენ        

„კიევიდან დედასთან და შვილთან ერთად ჩამოვედი. ეს უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მალევე მოხდა. ბავშვისთვის უსაფრთხო ადგილს ვეძებდით. ჩემი არჩევანი ქართველი ხალხის სიკეთემ და სტუმართმოყვარეობამ განაპირობა,“ - ამბობს იულია კონდრატიუკი.

ქუთაისში ჩამოსვლისას, იულიამ საკუთარი საქმე წამოიწყო და ავტომობილების ღებვისა და პოლირების სერვისი შექმნა. ბიზნესის განვითარებისთვის მან გერმანიის, გაეროს განვითარების პროგრამისა და ქეა კავკასიის საგრანტო ხელშეწყობაც მიიღო, რამაც მისი საწარმო კიდევ უფრო მყარ საფუძველზე დააყენა.

მიუხედავად იმისა, რომ ავტოსერვისი ჩვეულებრივ „კაცის საქმედ“ ითვლება, იულიას ბიზნესი სწრაფად ვითარდება და მრავალრიცხოვან მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. 

იულიას ისტორია სულიერი სიმტკიცის მაგალითია, რომელიც ყველაზე მძიმე დროსაც კი, წარმატებისკენ გზას გვიკვალავს.

სიყვარული დარიჩინით

„თითოეულ ნამცხვარში, ჩემი გულის ნაწილია,“ გვიყვება ვალენტინა შიპილო.

კიეველი ვალენტინა ომის დროს ბათუმში ჩამოვიდა. უნდა რომ მისი გამომცხვარი პური და უგემრიელესი ნამცხვრები ყველასთვის  სიხარულის მომტანი იყოს.

„დიდი მადლობა ქართველებს, რომელთაც თავის ქვეყანაში შეგვიფარეს! იმედი მაქვს, რომ ჩვენ მიერ მომზადებული კერძები ყველას მოეწონება. კიევში საკუთარი საცხობი მქონდა, სადაც ქართული პურიც ცხვებოდა. ამ საგრანტო პროგრამის დახმარებით, ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ, საცხობისთვის ადგილი ვიპოვეთ და აღჭურვილობა შევიძინეთ.“

როგორც ვალენტინა გვიამბობს, ომამდე ის ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში დასასვენებლად, ამიტომაც ომი დაწყების შემდეგ, სხვა ქვეყენაში წასვლა არ უფიქრია. კულტურული მრავალფეროვნებითა და მზარდი ეკონომიკური აქტივობით, ბათუმი იდეალურ გარემოს ქმნის ახალი ბიზნესის განვითარებისთვის. განსაკუთრებით აქტიური ტურისტული სეზონის დროს, როდესაც ქალაქი სავსეა ხალხით, რომელთაც სურთ გაიცნონ ქალაქი და მისი ხიბლი შეიგრძნონ.

უკრაინული კაფე ბოლნისში

მარჰარიტა კალიტა ორსულად იყო, როდესცა უკრაინა დატოვა. უსაფრთხო ადგილზე ოცნებობდა, სადაც უკრაინული ნამცხვრების სუნი დატრიალდებოდა და სტუმრები როგორც სახლში მოვიდოდნენ.

გერმანიის, გაეროს განვითარების პროგრამისა და ქეა კავკასიას საგრანტო ხელშეწყობამ მარჰარიტას ეს სურვილი აუხდინა. მისი უკრაინული კაფე ბოლნისში გაიხსნა და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. 

„გაფართოებას ვგეგმავთ, გვინდა ყველას გავუზიაროთ უკრაინული კულტურის სიმდიდრე და მადლიერება გამოვხატოთ საქართველოს მიმართ.”

კენგურუს მოგზაურობა

ტეტიანა დენისენკომ, საქართველოში ჩამოსვლისას, იმ საქმის გაგრძელება გადაწყვიტა, რასაც 10 წელზე მეტი აკეთებდა - ბავშვის სატარებელი ზურგჩანთების, „კენგურუს“ წარმოება.

"საგრანტო დახმარება და ბიზნეს-ტრენინგი ძალიან დამეხმარა. ეს უნიკალური შესაძლებლობა იყო, რომ არ გავჩერებულიყავით, წარმოება გაგვეფართოებინა, კლიენტების ბაზა გაგვეზარდა და ბიზნესის განვითარებაზე გვეზრუნა.“

ტეტიანას მცირე საწარმო წარმატებით ვითარდება. ტრადიციული მოდელების გარდა, მან „კენგურუს“ ახალი მოდელიც შეიმუშავა, რომელიც ტყუპებისთვისაა განკუთვნილი და ძალიან კარგად იყიდება. 

ტეტიანა ამაყობს თავისი პროდუქციისა და სერვისის ხარისხით და წარმოების დივერსიფიცირებასა და გაზრდაზე ფიქრობს.

დამატებითი ინფორმაცია

გერმანიის მთავრობის, გაეროს განვითარების პროგრამისა და ქეა კავკასიის ხელშეწყობით, საქართველოში მყოფმა 39-მა უკრაინელმა მეწარმემ, მათ შორის 28 ქალმა, მიიღო 5,000-8,000 აშშ დოლარის ოდენობის საგრანტო დახმარება და ბიზნეს კონსულტაცია მცირე და საშუალო საწარმოების შესაქმნელად.

ეს დახმარება ხორციელდება გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული უფრო ფართო პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოში კანონის უზენაესობის გამყარებას, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და დაუცველი სოციალური ჯგუფების მხარდაჭერას ემსახურება.

2023 და 2024 წლებში, 28 უკრაინელმა მეწარმე ქალმა საგრანტო დახმარება და ბიზნეს კონსულტაცია მიიღო. ამ ხელშეწყობამ საფუძველი ჩაუყარა მცირე და საშუალო საწარმოების წარმატებას, რომლებიც ომის მძიმე პერიოდში, საქართველოში მყოფი უკრაინული ოჯახების შემოსავალსა და ეკონომიკურ მდგრადობას განაპირობებს.