მოგზაურობა მაჭახლის ხეობის ისტორიის, კულტურისა და ბიომრავალფეროვნების სამყაროში

გაეროს განვითარების პროგრამისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელშეწყობით, მაჭახელას ეროვნულ პარკში საგამოფენო დარბაზი ამოქმედდა

19 July 2022
Photo: Irakli Dzneladze/UNDP

საგამოფენო დარბაზი მაჭახელას ეროვნულ პარკში

ფოტოს ავტორი: UNDP/ირაკლი ძნელაძე

მაჭახელას ეროვნულ პარკის ვიზიტორთა ცენტრში ახალი საგამოფენო დარბაზი გაიხსნა. თანამედროვე საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია ისტორიული არტეფაქტები და მაჭახლის ხეობის უნიკალური კულტურისა და ბიომრავალფეროვნების ნიმუშები. მუდმივმოქმედი გამოფენის სტუმრები უკეთ გაეცნობიან მაჭახლის ხეობის ისტორიასა და კულტურას, ხოლო ეროვნული პარკში მოსული ტურისტები შეძლებენ მათთვის საინტერესო მარშრუტის დაგეგმვას.

საგამოფენო დარბაზის მოწყობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით განხორციელდა.

საგამოფენო სივრცის პროექტი საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა მოამზადა, ხოლო მის ტექნიკურ შესრულებაში „მტირალასა და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“ ჩაერთო.

საგამოფენო დარბაზის გახსნა 19 ივლისს გაიმართა. პირველ სტუმრებთან ერთად, საგამოფენო სივრცეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ანნა ჩერნიშოვა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე ეწვივნენ.

„გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი - მაჭახელას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში მოეწყო თანამედროვე სტანდარტის საგამოფენო სივრცე, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის მომხმარებელზე. აქ მოსულ ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ. ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს ვიზიტორთა დაინტერესებას კონკრეტული რეგიონით, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე”
იური ნოზაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე
„საქართველოს თვალწარმტაცი დაცული ტერიტორიები გაცილებით მეტია, ვიდრე ლამაზი ლანდშაფტი. ბუნებრივ სიმდიდრესთან ერთად, ისინი ისტორიულ და კულტურულ მეხსიერებასაც ინახავენ. ჩვენ ვალდებულები ვართ გავუფრთხილდეთ და დავიცვათ ეს ბუნებრივი, კულტურული და ისტორიული საგანძური ადამიანებისა და პლანეტის საკეთილდღეოდ“
ანნა ჩერნიშოვა, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე

მაჭახელას, მტირალასა და კინტრიშის დაცული ტერიტორიები და მოსაზღვრე თურქეთში განლაგებული ჯამილის აღკვეთილი კოლხური ტყეების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით შეიქმნა. 2021 წელს, კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა, რაც ამ უნიკალური ეკოსისტემის საერთაშორისო დაცვას უზრუნველყოფს. საქართველოში, ეს სტატუსი კოლხეთისა და მტირალას ეროვნულ პარკებსა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე გავრცელდა. 

მაჭახელას ეროვნული პარკი ამავე ეკოსისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია. გარდა იმისა, რომ მაჭახლის ხეობა უდიდეს როლს ასრულებს კოლხური ტყეების შენარჩუნებაში, ის ათასობით ტონა სათბური აირების ემისიების შთანთქავს და 3,000-მდე ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს.

გაეროს განვითარების პროგრამა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი მხარს უჭერდნენ მაჭახელას ეროვნული პარკის შექმნას და უკვე ათი წელია ხელს უწყობენ მის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას.          

საკონტაქტო ინფორმაცია