ჩეხეთისა და UNDP-ის პარტნიორობა ხელს უწყობს პრაქტიკული გარემოსდაცვითი განათლების დანერგვას საქართველოში

500-ზე მეტი მოსწავლე ურბანულ მებაღეობას, კომპოსტის დამზადებასა და ჯანსაღი ნიადაგის თავისებურებებს გაეცნო

22 აპრილი 2026
Group of people on a garden tour beside a terraced hillside with lush plants.
ფოტოს ავტორი: UNDP | "კონა"

გაეროს  განვითარების პროგრამამ (UNDP) დაასრულა ინოვაციური საგანმანათლებლო ინიციატივა, რომლის შედეგად პრაქტიკული გარემოსდაცვითი სწავლება უშუალოდ საკლასო ოთახებში გახდა შესაძლებელი.

საქართველოს 10 საგანმანათლებლო დაწესებულებაში განხორციელებულ პროექტში 30-ზე მეტი მასწავლებელი და 500-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო. ახალგაზრდები ჯანსაღი ნიადაგის მნიშვნელობას, კომპოსტირების უპირატესობებსა და ურბანული ბაღების გაშენებას გაეცნენ, ხოლო მასწავლებლებმა მიიღეს მეთოდოლოგიური მხარდაჭერა პრაქტიკული გარემოსდაცვითი განათლების დანერგვისთვის. 

ერთწლიანი საპილოტე პროექტი, რომლის ბიუჯეტი 40,000 აშშ დოლარს აღწევს, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებითა და ჩეხეთისა და UNDP-ის პარტნიორობის პლატფორმის მეშვეობით განხორციელდა. პროექტს ორი არასამთავრობო ორგანიზაცია გაუძღვა: ქართული „კონა“ და ჩეხური ‘Kokoza’.

პროექტში მონაწილე საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის იყვნენ: საჯარო სკოლა #137 (თბილისი), თბილისის ვალდორფის თავისუფალი სკოლა (თბილისი), სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია - ჯესს“ (თბილისი), აზროვნების აკადემია (თბილისი), ქვემო ჭალის საჯარო სკოლა (ქვემო ჭალა), ქვემო ჭალის საბავშვო ბაღი (ქვემო ჭალა), საჯარო სკოლა #8 (გორი), კასპის კოლეჯი (კასპი) და არაფორმალური განათლების ორი ცენტრი - ახალგაზრდული ცენტრი „კონა“ (ქვემო ჭალა) და მეფუტკრეობის რეგიონული ცენტრი „BageBee“ (წყნეთი). 

2026 წლის მარტში, პროექტის მონაწილეები სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია - ჯესს“-ში შეიკრიბნენ, პროექტის შედეგები განიხილეს და გარემოსდაცვითი სწავლების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

„სასწავლო მებაღეობაში ჩართულ ბავშვებს ცოცხალ ბუნებასთან მჭიდრო კავშირი უჩნდებათ, რაც გარემოსდაცვით ცნობიერებასა და პასუხისმგებლობის განცდას აღრმავებს. ჩვენი საპილოტე პროექტის წარმატება ადასტურებს, რომ ინოვაციური, პრაქტიკული მიდგომების მეშვეობით, საკლასო ოთახები გარემოს დაცვის სივრცედ გადაიქცევა, სადაც მდგრადობა არა მხოლოდ სწავლების, არამედ ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია“, - განაცხადა კატერინა სილანკოვამ, საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს განვითარებისა და თანამშრომლობის ხელმძღვანელმა.

კატერინა ლინარტოვამ, ჩეხეთისა და UNDP-ის პარტნიორობის ხელმძღვანელმა UNDP-ის სტამბოლის რეგიონულ ჰაბში, ხაზი გაუსვა ახალი მეთოდების პილოტირების მნიშვნელობას ინოვაციების განვითარებისა და დანერგვისთვის.

„ჩეხეთისა და UNDP-ის პარტნიორობის პლატფორმა მონაწილე ქვეყნებს ჩეხეთში შემუშავებულ ინოვაციებთან აკავშირებს. კერძო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიურ ინსტიტუტებთან და საჯარო უწყებებთან თანამშრომლობის გზით, ჩვენი მიზანია, შევიმუშაოთ და ფართოდ გამოვიყენოთ ახალი მიდგომები ინკლუზიური და კლიმატგონივრული განვითარებისთვის“, - აღნიშნა კატერინა ლინარტოვამ. 

იდეიდან შედეგამდე

პროექტი „მწვანე ზრდა: განათლება ნიადაგის შესახებ და მწვანე ლაბორატორიები საქართველოსთვის“ ერთი მარტივი იდეით დაიწყო, რომელიც საქართველოში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის, „კონა“-ს წარმომადგენლებმა, იანა კოვალოვამ და მარცელა მინარიკოვამ მოიგონეს. 

გარემოს დაცვა და მწვანე განათლება ორივესთვის მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ, მათი იდეა სწორედ სასწავლო დაწესებულებებისა და ახალგაზრდების ჩართულობას ეფუძნებოდა. ჩეხურ ორგანიზაცია „Kokoza“-თან თანამშრომლობამ ამ იდეას კონკრეტული მიმართულება შესძინა - სასწავლო მებაღეობა, კომპოსტირება და მდგრადი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.   

სულ მალე, იდეა საპროექტო წინადადებად იქცა, რომელმაც UNDP Challenge Fund-ის 40,000 აშშ დოლარის მხარდაჭერა მიიღო.

2025 წლის მარტში, „კონა“-ს და „Kokoza“-ს ერთობლივი პროექტი ტრენინგებისა და სემინარების სერიით დაიწყო, რომელშიც შერჩეული სასწავლო დაწესებულებების მასწავლებლები და საქართველოს უნივერსიტეტების აგრარული ფაკულტეტების სტუდენტები ჩაერთნენ.

ტრენინგების მონაწილეებმა მიიღეს როგორც თეორიული ცოდნა, ისე მეთოდოლოგიურ რჩევები პრაქტიკაზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის წარმართვისთვის, მათ შორის გარემოსდაცვითი სასწავლო თამაშების, მიკრობიოლოგიური მასალებისგან დამზადებული სათამაშოების გამოყენებისა და ბავშვებზე მორგებული ინტერაქტიული სასწავლო მეთოდების მიმართულებით.

პროექტის მონაწილე ათმა სასწავლო დაწესებულებამ - ექვსმა სკოლამ, საბავშვო ბაღმა, პროფესიულმა კოლეჯმა და არაფორმალური განათლების ორმა ცენტრმა მიიღეს დახმარება მწვანე ლაბორატორიებისა და კომპოსტერების შექმნისთვის.

ერთი წლის მანძილზე, სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებმა უამრავი ახალი და საინტერესო ინფორმაცია მიიღეს ჯანსაღი ნიადაგის, ორგანული სასუქების, სასარგებლო მიკროორგანიზმების, მზის სინათლის, ტენისა და ჟანგბადის შესახებ, ხოლო სკოლების ეზოებში ურბანული ბაღები გაშენდა. 

პრაქტიკული სწავლების შედეგებმა საფუძველი ჩაუყარა მასწავლებლის გზამკვლევს, რომლის შექმნაზე ჩეხურმა „Kokoza“-მ და ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ასოციაცია ელკანა“-მ ერთად იმუშავეს.

ხელშესახები ცვლილება

პროექტმა „მწვანე ზრდა“ მაღალი  შეფასება დაიმსახურა როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლების მხრიდან. მისი მონაწილეები აღნიშნავენ, რომ სასწავლო მებაღეობაში ჩართული ბავშვები უკეთესი სოციალური უნარებით და მეტი ყურადღებით, ცნობისმოყვარეობითა და პასუხისმგებლობით გამოირჩევიან. 

ეს დაკვირვება სრულ თანხვედრაშია კორნელის უნივერსიტეტის (აშშ) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიგნებებთან, რომლის მიხედვითაც, სასწავლო მებაღეობა არა მხოლოდ გარემოსდაცვით ცნობიერებას ავითარებს, არამედ ხელს უწყობს ადაპტაციისა და კომუნიკაციის უნარების ჩამოყალიბებას, მაღალ აკადემიურ მოსწრებასა და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას.

„ყველა სკოლას ვურჩევდი, აუცილებლად გამოყონ სკოლის ეზოში მცირე ადგილი კომპოსტის წარმოებისთვის. ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა“, - ამბობს თინათინ ლაღიძე, სერვანტესის სახელობის გიმნაზიის, „აია - ჯესს“-ის მასწავლებელი.

ნინო ფსუტური, გორის მე-8 საჯარო სკოლის მასწავლებელი, აღნიშნავს, რომ სასწავლო მებაღეობის შედეგად, იზრდება მოსწავლეთა მონდომება და მოტივაცია, განსაკუთრებით ნაკლებად აქტიური ბავშვების შემთხვევაში.     

„ბაღში მუშაობა მოსწავლეთა 90 პროცენტს იზიდავს. ის მოსწავლეებიც აქტიურად არიან ჩართულები, რომლებიც საგაკვეთილო პროცესში, ჩვეულებრივ, პასიურები არიან“, - ამბობს ნინო.

პროექტის მონაწილე ყველა მასწავლებელი აღნიშნავს, რომ სასწავლო მებაღეობის შედეგად, ახალგაზრდები პლანეტის მიმართ პასუხისმგებლობას იძენენ და ნარჩენების შეგროვებასა და მართვას მეტ ყურადღებას აქცევენ. გარდა ამისა, ეს საინტერესო და პრაქტიკული სასწავლო პროცესი ხელს უწყობს თანამიმდევრულობის, ყურადღებისა და მოთმინების განვითარებას.   

დამატებითი ინფორმაცია

ჩეხეთისა და UNDP-ის პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნებისთვის თანამშრომლობის მოქნილი პლატფორმაა, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარებასა და ევროპისა და შუა აზიის რეგიონში დანერგვას ემსახურება. მისი ეფექტიანობა ეყრდნობა ინოვაციური გადაწყვეტების მოძიებას ჩეხეთის რესპუბლიკაში შემუშავებული მიდგომების, მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით.

დისქლეიმერი

UNDP-ის პროექტი „მწვანე ზრდა: განათლება ნიადაგის შესახებ და მწვანე ლაბორატორიები საქართველოსთვის“ ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით განხორცილდა. წინამდებარე პრეს-რელიზში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ თვალსაზრისს.

საკონტაქტო ინფორმაცია მედიისთვის