100 ნაბიჯი კლიმატმედეგობისკენ

როგორ უმკლავდებიან საქართველოს სოფლები კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ კატასტროფებს

27 ივლისი 2026
Olia Chelidze, Village Kvabgha

ოლია ჭილიძე | სოფელი ქვაბღა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

ფოტოს ავტორი: UNDP | ნინო ზედგინიძე

საქართველოში, 1.7 მილიონი ადამიანი, მთლიანი მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტი, კლიმატური რისკების ზონებში ცხოვრობს. საქსატატის მონაცემებით, გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების რიცხვი და ინტენსიობა წლიდან წლამდე იზრდება. ბოლო 12 წლის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, საქართველოში საშუალოდ წელიწადში 1,000 გეოლოგიური და 170 ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენა აღირიცხება, მათ შორის წყალდიდობები, წყალმოვარდნები, ძლიერი ქარი, ღვარცოფი, მეწყერი, გვალვა, სეტყვა თუ ზვავი. [წყარო: საქსტატი]

მზარდი საფრთხე სათანადო პასუხსაც მოითხოვს, რასაც ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ახერხებს. 2019 წლიდან, საქართველოში ფართომასშტაბიანი კლიმატური პროგრამა ხორციელდება, რომელსაც საქართველოს მთავრობა და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) კლიმატის მწვანე ფონდისა (GCF) და შვეიცარიის დაფინანსებით უძღვებიან. 2020-2025 წლებში, კლიმატური პროგრამის ერთ-ერთ თანადამფინანსებელს შვედეთიც წარმოადგენდა.

ამ კომპლექსური დახმარების მეშვეობით, საქართველომ კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის ეფექტიანი მიდგომები უნდა დანერგოს, მათ შორის ადრეული გაფრთხილების სისტემები, ჰიდრო და აგრომეტეოროლოგიური დაკვირვებისა და მონიტორინგის ქსელი, გაუმჯობესებული პროგნოზირება და  საფრთხის ზონირების პოლიტიკა. გარდა ამისა, მაღალი რისკის ადგილებში კატასტროფებისგან დამცავი ნაგებობები, მაგალითად, ნაპირდამცავი გაბიონები და ქვანაყარი ბერმები უნდა აშენდეს.

საქმე ბევრია, ხოლო მის ხარისხიან განხორციელებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება. ამასობაში, ასი ათასობით ადამიანი კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პრობლემებს აქ და ახლა უმკლავდება. დაუცველ მოსახლეობაზე ეს განსაკუთრებით მწვავედ აისახება, მათ შორის სოფლად მცხოვრებ ქალებზე, ბავშვებზე, ხანდაზმულებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და მაღალმთიანი ან რთულად მისადგომი რეგიონების მაცხოვრებლებზე.

სწორედ ამიტომ, სათემო პროექტების განხორციელება და ადგილობრივი მოსახლეობის უშუალო და პირდაპირი ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით, UNDP-მ მთელ საქართველოში 100 თემი გამოავლინა, სადაც კლიმატური კატასტროფების რისკი განსაკუთრებით მაღალია, ხოლო ადგილობრივი რესურსები არსებული პრობლემების მოგვარებას ვერ სწვდება.

100-ვე თემში სულ 360 ათასზე მეტი მოსახლეა. თითოეული მათგანისთვის, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საფრთხეები მუდმივ საზრუნავად იქცა, რომელიც მათ ყოველდღიურობას განსაზღვრავს.   

ყველა თემისთვის უკვე შემუშავდა კატასტროფათა რისკის შემცირების ადგილობრივი გეგმები, რაშიც თავად მაცხოვრებლები ჩაერთნენ. ამ გეგმების საფუძველზე, მცირემასშტაბიანი, თუმცა კლიმატმედეგობისთვის მნიშვნელოვანი და ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული პროექტები ხორციელდება.

2026 წლის ბოლომდე, ადგილობრივი პროექტების განხორციელდება დასავლეთ საქართველოს 50 თემში დასრულდება, ხოლო 2027 წლის ბოლომდე, ამას აღმოსავლეთ საქართველოს 50 თემიც დაემატება.

დაცული სახლები და სავარგულები, გამაგრებული ნაპირები, გაწმენდილი არხები და ახალი ქარსაცავი ზოლები ამ სამუშაოების თვალსაჩინო შედეგებია. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია კლიმატური კატასტროფების მიმართ ადამიანების დამოკიდებულების ცვლილება, თავდაჯერებულობის გაზრდა და იმის გააზრება, რომ დაცული და კლიმატგონივრული მომავალი ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ. 

UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის, დაგლას უების სიტყვებით: 

„კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობა თითოეული ადამიანის აქტიურ ჩართულობას ეფუძნება. ადამიანის სიცოცხლისა და საკუთრების დაცვა და კლიმატგონივრული მომავლის მშენებლობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებული საფრთხეების გაცნობიერება და შესაბამისი ზომების გატარება ყველა დონეზე მოხდება, მათ შორის ადგილობრივ თემებში.“

რამე თუ გვეშველა, ჩვენც აგერ ვართ!

„რამე თუ გვეშველა, აგერ ვართ!“ - სოფელ ქვაბღას მაცხოვრებელი, ოლია ჭელიძე კლიმატის ცვლილებას გადამდები ოპტიმიზმით უყურებს. 

მისი ულამაზესი, მწვანე სოფელი ხშირად იმეწყრება, მთის ფერდობიდან ჩამოსული წყალი და მიწა სახლებსა და ბაღებს აზიანებს და ადგილობრივ მაცხოვრებლებს უამრავ პრობლემას უქმნის. 

მთის ძირში გაშენებული ოლიას საკარმიდამო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის ადგილია. ტალახის ნაკადს მისი სახლის კედლებიც დაუზიანებია და თხილის ბუჩქებიც ამოუძირკვავს, ხოლო 2023 წელს, ოთახებშიც კი შემოუღწევია. ეს შემთხვევა ოლიას კარგად ახსოვს, რადგან მცირეწლოვან  შვილიშვილებთან ერთად სახლში მარტო იყო და გვარიანად შეშინდა.

ქალბატონი ოლიას ოჯახმა არაერთხელ სცადა, ეს პრობლემა საკუთარი ძალებით მოეგვარებინა და ფერდობი დროებით მაინც გაემაგრებინა. თუმცა ყოველი ძლიერი წვიმა მათ შრომას ანადგურებდა და ყველაფრის თავიდან დაწყება უწევდათ.

დღეს ჭელიძეების სახლი და ეზო გაცილებით უკეთაა დაცული. ფერდობის ძირში 25 მეტრი სიგრძისა და 2 მეტრი სიმაღლის ბეტონის საყრდენი კედელი აშენდა და გამაგრებითი სისტემა მოეწყო, ხოლო ნიადაგის სტაბილიზაციისთვის, ფერდობზე ტირიფები გაშენდა. ნერგები კარგად იზრდება, რაც ქალბატონ ოლიას განსაკუთრებით ახარებს:

„ფესვები მიწას ამაგრებს. ჩვენ ვუვლით და ვზრდით, რადგან ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია მათი შენარჩუნება.“

სამუშაოების დასრულების შემდეგ ფერდობიდან ჩამოსულ მიწასა და წყალს სახლისთვის ზიანი აღარ მიუყენებია. საძირკველი სუფთაა, დანალექი აღარ გროვდება და ოლიას ოჯახი წვიმასა თუ თოვლს შიშით აღარ ელოდება.

ქალბატონი ოლიასთვის და მისი თანასოფლელებისთვის ქვაბღაში განხორციელებული სამუშაოები მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტი როდია. ეს დაცული სახლია, უსაფრთხო გარემო და იმის რწმენა, რომ კატასტროფის რისკის შემცირება, ერთმანეთის დახმარება და პრობლემების ერთად გადაწყვეტა შესაძლებელია.

Klara Kutubidze, Village Supsa

კლარა კუტუბიძე | სოფელი სუფსა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

ფოტოს ავტორი: UNDP | ნინო ზედგინიძე

ერთად უსაფრთხოდ ვართ

„წვიმის დროს ღამეს თეთრად ვათენებდით. სახლში წყალი გვივარდებოდა, ოთახები ტალახით ივსებოდა”, - იხსენებს სოფელ სუფსას მაცხოვრებელი, კლარა კუტუბიძე.

ქალბატონი კლარასთვის კლიმატთან ადაპტაცია მხოლოდ ინფრასტრუქტურის შექმნას არ ნიშნავს. მისთვის ეს პროცესი მეზობლების გაერთიანებას, პრობლემებზე მსჯელობასა და გამოსავლის ერთად ძიებას უკავშირდება. ქალბატონი კლარა სათემო საქმიანობაში აქტიურად ერთვება და სოფლის გასაჭირზე ადგილობრივ ხელისუფლებასაც ესაუბრება.

„ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანს. თუ გვინდა, რომ ჩვენი სოფელი უფრო უსაფრთხო იყოს, ყველამ უნდა შევიტანოთ წვლილი.“

სუფსაში განხორციელებული ადგილობრივი კლიმატმედეგობის პროექტები სწორედ ამ სათემო ერთიანობამ განაპირობა. სოფლის მაცხოვრებლებმა ყველაზე დიდი რისკები ერთად გამოავლინეს და ადგილობრივ გადაწყვეტებზე შეთანხმდნენ. 

შედეგად, სოფელში 246 მეტრი სიგრძის ბეტონის არხი და 270 მეტრი სიგრძის მიწის არხი გაიწმინდა, 180 მეტრი სიგრძის ვიწრო მიწის არხი გაფართოვდა და 30 მეტრი სიგრძის დამცავი ბეტონის კედელი აშენდა.

სათემო განხილვების შედეგად, კატასტროფათა რისკის მართვის გეგმაც შემუშავდა. ეს დოკუმენტი კლიმატმედეგობის ერთგვარ გზამკვლევად იქცა, რომელშიც ადგილობრივი ცოდნა, საერთო პასუხისმგებლობა და პრაქტიკული გადაწყვეტები აისახა.

ქარის ქრის

სოფელ სვირში, ძლიერი ქარი არავის უკვირს. ეს ყოველდღიურობის ნაწილი და ადგილობრივი მაცხოვრებლების მუდმივი სატკივარია. ქარი სახლების სახურავებს აზიანებს, ხეებს ამტვრევს და მოსავალს ანადგურებს.

„სიმინდი ყველას აქვს დათესილი. ხანდახან ისეთი ქარია, ასე ერთიანად დააწვენს“, - გვიყვება პაატა გვენეტაძე. 

სვირელებმა ქარისგან დაცვა გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით მოახერხეს. სათემო შეხვედრებზე მათ სოფლის დაცვის გეგმა შეიმუშავეს, ხოლო შემდეგ 660 მეტრი სიგრძის კვიპაროსების ქარსაცავი ზოლი გააშენეს. ხეების დარგვაში ყველა ჩაერთო, რადგან ეს სოფლის საჭიროებებსა და ერთად მიღებულ გადაწყვეტილებებს პასუხობდა.

„კვიპაროსები კარგია ქარისგან დასაცავად. ეს სოფლის მოთხოვნა იყო და გაკეთდა კიდეც.“

Lili Nadiradze | Village Chognari

ლილი ნადირაძე | სოფელი ჭოგნარი, სამტრედიის მუნიციპალიტეტი

ფოტოს ავტორი: UNDP | ნინო ზედგინიძე

გზა შინისკენ

წვიმიანი დღეებში, ლილი ნადირაძის მუდმივი საფიქრალი მისი შვილიშვილია - შეძლებს თუ არა მოზარდი სკოლაში წასვლას და შინ მშვიდობით დაბრუნებას.

სოფელ ჭოგნარში, სადაც მხოლოდ 14 ოჯახი ცხოვრობს, ძლიერი ნალექი მთის ფერდობების ჩამოშლას იწვევს. წყლის და ნაშალი მიწის ნაკადი სოფელში ჩაედინება და ცენტრალურ გზას აზიანებს. ეს გზა საჯავახოს თემის ათ პატარა სოფელს ადმინისტრაციულ ცენტრთან აკავშირებს. გზა თუ ჩაიკეტა, სოფლების მოსახლეობა გარე სამყაროს მოწყვეტილი რჩება. ბავშვები სკოლაში ვეღარ მიდიან, მუნიციპალური სერვისებითა თუ სასწრაფო დახმარებით სარგებლობა რთულდება ან შეუძლებელიც კი ხდება.

UNDP-ის დახმარებით, ჭოგნარში 236 მეტრი სიგრძის ბეტონის სანიაღვრე არხი მოეწყო, ხუთმეტრიანი სანიაღვრე ცხაური დამონტაჟდა, ხოლო სოფლის გზა 600 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე მოიხრეშა. თემის საჭიროებების გათვალისწინებით, სასმელი წყლის მილსადენიც გაკეთდა. 

შედეგად, გადაადგილება უფრო უსაფრთხოა, ხოლო წვიმიანი დღეები შიშსა და შფოთვას აღარ იწვევს.

„წყალი აღარ მოდის გზაზე, არხებით მიედინება. ყველა კმაყოფილია, ვინც სოფლიდან წასულია და ვინც აქ ვართ“, - გვიყვება ქალბატონი ლილი.

Zestaponi Municipality

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

ფოტოს ავტორი: UNDP | გაგა კაპანაძე

მედეგობა აქ იწყება

2026 წლის ივნისისთვის, კატასტროფათა რისკის მართვის გეგმების შედგენა და ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული პროექტები დასავლეთ საქართველოს 50 თემში განხორციელდა. 

შესრულებული სამუშაოები როგორც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ისე ბუნებაზე დაფუძნებული, ბიოინჟინერიული გადაწყვეტების დანერგვას მოიცავს. მათ შორის, მდინარეების კალაპოტების გაწმენდას, მცირე ზომის გაბიონებისა და ქვანაყარი ბერმების მშენებლობას, დრენაჟის სისტემების გამართვას, წყალგამტარი არხების შექმნასა და მდინარის ნაპირების გამაგრებას ხეებისა და ბუჩქების დარგვის მეშვეობით.

2027 წლის ბოლომდე, მსგავსი სამუშაოები აღმოსავლეთ საქართველოს 50 თემშიც შესრულდება. 

ადგილობრივი საბჭოები, რომლებიც 100-ვე სამიზნე თემში შეიქმნა, თითოეულ სათემო პროექტს გაუწევს კოორდინირებას, ხოლო დაფინანსებასა და ტექნიკურ მხარდაჭერას UNDP-ის კლიმატური პროგრამა უზრუნველყოფს.

შედეგები ხელშესახებია: უკეთ დაცული სახლები, გამართული ინფრასტრუქტურა, მეტად ინფორმირებული მოსახლეობა და, რაც მთავარია - მცირე, თუმცა მნიშვნელოვანი ნაბიჯები კლიმატმედეგი მომავლისკენ.

ყველა ვიდეო-ინტერვიუ იხილეთ ჩვენს YouTube არხზე.

დამატებითი ინფორმაცია

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობს კლიმატგონივრული საზოგადოების მშენებლობას, რათა საქართველოს მოსახლეობა, ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა მეტად იყოს დაცული კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისა და ეკონომიკური შოკებისგან. 

74 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამა კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს მთავრობის და შვედეთისა და შვეიცარიის დაფინანსებით ხორციელდება. 

პროგრამის განხორციელებაში ჩართულები არიან საქართველოს საჯარო და სამოქალაქო სექტორები, აკადემიური ინსტიტუტები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, საერთაშორისო პარტნიორები და ადგილობრივი მოსახლეობა.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.