ელექტრონული ნარჩენების მართვის ექსპერიმენტი ზუგდიდში
როგორ გავანაღდოთ ნარჩენი?
31 ოქტომბერი 2025
ელექტრონული ნარჩენის ურნა ზუგდიდში
ელექტრონული ნარჩენების მზარდი რაოდენობა მსოფლიოსთვის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა. გაეროს ელექტრონული ნარჩენების გლობალური მონიტორის მიხედვით, მხოლოდ 2022 წელს გამოყენებული ელექტრონული მოწყობილობებით 62 მილიონი ტონა ნარჩენი წარმოიქმნა. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის, ეს მაჩვენებელი 82 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ელექტრონული ნარჩენები მნიშვნელოვან სტრატეგიულ ღირებულებას ატარებს, თუმცა გადაყრილი ტექნიკის მხოლოდ მეოთხედი ან უფრო ნაკლები გროვდება და სათანადოდ გადამუშავდება. შედეგად, ელექტრონული ნარჩენების გადამუშავებით იშვიათ მინერალებზე არსებული მოთხოვნის მხოლოდ 1% კმაყოფილდება, რაც ნიშნავს, რომ ყოველწლიურად დაახლოებით 62 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აღდგენითი რესურსი ფუჭად იკარგება. [წყარო: World Bank 2021]
ნარჩენების მართვა საქართველოსთვისაც გამოწვევაა. ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად დაახლოებით 900,000-დან 1.1 მილიონამდე ტონა ნარჩენი წარმოიქმნება. ქვეყნის შიგნით მოხმარებული რესურსების მაჩვენებლით, საქართველო ევროკავშირის ქვეყნებს უახლოვდება. თუმცა, საქართველოს ცირკულარობის მაჩვენებელი მხოლოდ 1.48%-ია, ხოლო ევროკავშირის 11.5%-ს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირში, ყოველდღიურად წარმოქმნილი ნარჩენის 11%-ზე მეტი გადამუშავებული ფორმით კვლავ გამოიყენება, საქართველოში კი 1.5%-ზე ნაკლები. ამის მიზეზი გაუმართავი ინფრასტრუქტურა, საზოგადოების არასაკმარისი ინფორმირებულობა და ნარჩენების გადამუშავებაში ინვესტიციის სიმცირეა. [წყარო: Circularity Gap Report 2023]
მიუხედავად სირთულეებისა, საქართველოში ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ასეთია მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) რეგულაციები, ნარჩენების მართვის კოდექსი და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული სხვა ვალდებულებები.
თუმცა, ადგილობრივ დონეზე, ელექტრონული ნარჩენების მართვის პრაქტიკა კვლავ არასათანადოდაა განვითარებული. ქვეყანაში არ გროვდება მონაცემები ელექტრონული ნარჩენების რაოდენობასა და რეციკლირების მაჩვენებელზე. მუნიციპალიტეტებს არ გააჩნიათ ფორმალური შეგროვების სისტემები, რაც მოსახლეობას ნარჩენების გადაყრის მავნე მეთოდებისკენ უბიძგებს. მსგავსი პრაქტიკა კი ადგილობრივ მოსახლეობას ტოქსიკური ნივთიერებების - ტყვიისა და ვერცხლისწყლის - ზემოქმედების საფრთხის წინაშე აყენებს.
რეგულაციების სუსტი აღსრულების პირობებში, კერძო კომპანიები არ იღებენ სათანადო პასუხისმგებლობას მათ მიერ ბაზარზე მიწოდებულ პროდუქციაზე. შედეგად, სახიფათო ნარჩენების რაოდენობა მუდმივად იზრდება, ხოლო მოქალაქეებს არ გააჩნიათ სათანადო მექანიზმი ამ გამოწვევასთან გამკლავებისთვის.
იმის გასარკვევად, თუ რატომ არ გადაიზრდება პოლიტიკა ქმედებაში და რა როლს თამაშობს ამ მხრივ საზოგადოებრივი დამოკიდებულება და ქცევა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) სწრაფი განვითარების ლაბორატორიამ (Accelerator Lab) ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ქცევაზე დაფუძნებული ექსპერიმენტი წამოიწყო.
მიღებული შედეგები შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მოსახლეობის ქცევის შესწავლის პროცესში ნათლად გამოჩნდა ინსტიტუციური და ეკონომიკური ბარიერები. მოულოდნელად, ერთი შესაძლო გამოსავალიც გამოიკვეთა - ტექნოლოგიის გამოყენება ნდობის აღსადგენად და გამჭვირვალე, თემზე დაფუძნებული ნარჩენების მართვის სისტემის შესაქმნელად.
UNDP-მ და Wasteless-მა ზუგდიდის მაცხოვრებლებისთვის ელექტრონული ნარჩენების გადამუშავება გაამარტივეს, ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკასა და სხვა ხალხმრავალ ადგილებში სპეციალური ურნები დაიდგა
ქცევითი ექსპერიმენტი ზუგდიდში
Ჩვენი საწყისი მიზანი მარტივი იყო - შეგვემოწმებინა, შევძლებდით თუ არა შეგროვების ურნების რაოდენობის გაზრდითა და საბაზისო ცნობიერების ამაღლების კამპანიის მეშვეობით, ელექტრონული ნარჩენების უფრო უსაფრთხო გადაყრის პრაქტიკის წახალისებას.
2024 წლის ივნისიდან ოქტომბრამდე, ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას დავუკავშირდით და ინტერვიუები და სამუშაო შეხვედრები ოცზე მეტ დაინტერესებულ მხარესთან ჩავატარეთ. მათ შორის იყვნენ იძულებით გადაადგილებული პირები, ქალები, ახალგაზრდები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ელექტროსაქონელით მოვაჭრე კომპანიები, სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების მასწავლებლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. გავეცანით მათ გამოცდილებას და დავადგინეთ ის ფაქტორები, რომლებიც ელექტრონულ ნარჩენებთან დაკავშირებულ ქცევას განაპირობებდა.
ამ პროცესში უფრო რთული გამოწვევაც გამოიკვეთა: პრობლემა მდგომარეობდა არა იმდენად მოქმედების სურვილის ნაკლებობაში, რამდენადაც სურვილსა და ქმედებას შორის არსებულ შეუსაბამობაში. ადგილობრივ მაცხოვრებლებს სურდათ გადაემუშავებინათ ნარჩენი, თუმცა არ იცოდნენ, ეს სად ან როგორ უნდა გაეკეთებინათ. ბევრი ეჭვობდა, რომ შეგროვებული ნარჩენი სათანადოდ არ გადამუშავდებოდა.
შესაბამისად, კვლევის შეკითხვამაც იცვალა სახე: როგორ შევცვალოთ ადამიანთა ქცევა და სოციალური ნორმები შეგროვების ინფრასტრუქტურის გაძლიერების მიღმა?
იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობასთან”, „Behaviour Science For Social Impact“-თან (BISC Partners) და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია Wasteless-თან ერთად, ქცევაზე დაფუძნებული ექსპერიმენტების სერია შევიმუშავეთ:
- ელექტროსაქონელის მაღაზიებში შევამოწმეთ, მოახდენდა თუ არა გავლენას თვალსაჩინოდ განთავსებული ურნები და პოსტერები დადებითი გზავნილებით ელექტრონული ნარჩენების ჩაბარების სიხშირეზე.
- იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებში შევადარეთ სხვადასხვა ტიპის გზავნილები - ეკოლოგიური, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული და თემზე ორიენტირებული - რათა გაგვერკვია, რომელი გზავნილი აღმოჩნდებოდა ყველაზე ეფექტიანი ელექტრონული ნარჩენების, მაგალითად, გამოყენებული ელემენტების შესაგროვებლად.
- სკოლებში შევისწავლეთ, რამდენად შეძლებდა საგანმანათლებლო სესიები და მოსწავლეთა მიერ ორგანიზებული შეგროვების პუნქტები ოჯახებისა და სამეზობლოების ქცევის ცვლილებასა და გააქტიურებას.
სამი კვირის განმავლობაში, თერთმეტ სხვადასხვა ლოკაციაზე 436 ერთეული ელექტრონული ნარჩენი შეგროვდა - ძირითადად მცირე ზომის მოწყობილობები, როგორებიცაა ტელეფონები, დამტენები და ელემენტები. კვლევამ გამოავლინა, რომ:
- გარემოსდაცვითი გზავნილები ყველაზე შედეგიანია.
- ცნობიერების ამაღლების სესიებმა შედეგი გამოიღო, თუმცა ერთჯერადი საგანმანათლებლო ღონისძიებები ქცევის გრძელვადიანი ცვლილებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
- მნიშვნელოვანი იყო ლიდერობა: თემის აქტიურმა წევრებმა, მაგალითად, მასწავლებლებმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობამ, განსაკუთრებული როლი ითამაშეს მოსახლეობის მობილიზებაში.
თუმცა აშკარა გახდა, რომ მხოლოდ ქცევაზე ზემოქმედება (ე.წ. behavioural nudges) ვერ შეძლებდა ელექტრონული ნარჩენების სისტემის გამართვას, რომელიც არასაკმარისი ინფრასტრუქტურით, მონაცემთა ნაკლებობით, დაბალი საზოგადოებრივი ჩართულობითა და კერძო სექტორის სუსტი მონაწილეობით ხასიათდება. ამ უკანასკნელს, თავის მხრივ, როგორც ნაკისრი გარემოსდაცვითი ვალდებულებების სიმწირე, ისე ფინანსური სტიმულების ნაკლებობა ზღუდავს.
მდგრადი ცვლილებისთვის აუცილებელი იყო უფრო ძლიერი სტიმულები, მეტი გამჭვირვალობა და მართვის ისეთი მოდელი, რომელსაც საზოგადოება მეტად ენდობოდა.
სამუშაო შეხვედრაზე, ქეთვან გომელაური საუბრობს რა გალენას ახდენს ყოველდღიური ჩვევები ცირკულარობაზე
ელექტრონული ნარჩენების მართვა ბლოკჩეინის ტექნოლოგიით
კვლევის მიგნებებმა გვაფიქრებინა, ხომ არ შეიძლებოდა გამოგვეყენებინა ტექნოლოგია ნდობის აღდგენისთვისა და ისეთი სტიმულების შემუშავებისთვის, რომლებიც ნარჩენების ცირკულარულ სისტემას ადგილობრივ დონეზე რეალურად აამუშავებდა?
2025 წელს, ჩვენ ჩავერთეთ SDG Blockchain Accelerator-ის პროგრამაში, რომელიც UNDP-ის გლობალური ინოვაციური პლატფორმის ნაწილია და პერსპექტიულ იდეებს მენტორობით, ტექნიკური ექსპერტიზითა და პოტენციური მიზნობრივი დაფინანსებით ეხმარება.
ამ პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდის ექსპერიმენტი ბლოკჩეინ მოდელის დასატესტად შეირჩა. მალევე, Creative Operations-ისა (კენიური სტარტაპი) და Wasteless-ის დახმარებით, დავიწყეთ ბლოკჩეინზე დაფუძნებულ ინსტრუმენტების შერჩევა და გამოცდა ზუგდიდში ელექტრონული ნარჩენების მართვის სისტემის ასაგებად.
კონცეფციის არსი შემდეგია:
- ელექტრონული ნარჩენის თითოეული ერთეულის დაფიქსირება უსაფრთხო და გამჭვირვალე ბლოკჩეინ სისტემის მეშვეობით;
- მომხმარებლების დაჯილდოება ციფრული „ეკო-ტოკენებით“, მათი ადგილობრივ მაღაზიებში გადაცვლის მიზნით;
- ელექტროსაქონელის მაღაზიების ჩართვა პროდუქტის ჩაბარება-გადაცვლის სქემებში და ტოკენიზებული საჩუქრის ბარათების სისტემაში;
- ადგილობრივი თემის გაძლიერება ციფრული კოოპერატივის მეშვეობით — მოქნილი პლატფორმა, სადაც მაცხოვრებლებს, ბიზნესებსა და მწარმოებლის ვალდებულების ორგანიზაციებს შეუძლიათ გააერთიანონ რესურსები და მიიღონ სტიმულები ადგილობრივი გამოწვევების გამჭვირვალედ გადასაჭრელად.
ქცევითი ანალიზისა და ტექნოლოგიის შერწყმით, ჩვენ გვსურს გამოვცადოთ თემზე დაფუძნებული მმართველობის ახალი მოდელი, რომელიც სტიმულებს აერთიანებს , ნდობას აღადგენს და მდგრად განვითარებას უწყობს ხელს.
მომავლის ხედვა
2025 წლის ივნისიდან ოქტომბრამდე, ჩვენ ბლოკჩეინ პლატფორმის სადემონსტრაციო ვერსია შევქმენით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამოვცადეთ. ფოკუს-ჯგუფში ჩართული იყო დაახლოებით 15 მომხმარებელი და ასევე პარტნიორები ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკიდან და ერთ-ერთი ადგილობრივი ელექტროსაქონელის მაღაზიიდან.
საპილოტე ინიციატივის დასასრულს, ჩვენი მიზანია, შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ: შევისწავლოთ ელექტრონული ნარჩენების ტოკენიზაციის პერსპექტივა, ჩავრთოთ მეტი ელექტროსაქონელით მოვაჭრე კომპანია და გამოვცადოთ ციფრული კოოპერატივის მოდელი ზუგდიდში.
ინიციატივის წარმატების შემთხვევაში, ეს სისტემა შესაძლოა საქართველოს სხვა რეგიონებში და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც დაინერგოს, რათა დღევანდელი გარემოსდაცვითი გამოწვევები ინოვაციური, გამჭვირვალე და თემზე დაფუძნებული მიდგომებით გადაიჭრას.
როდესაც პრობლემის გადაჭრის გზები ბუნდოვანია, ინოვაციის დრო დგება. წარმატება კი ზოგჯერ არა მხოლოდ შედეგშია, არამედ გამბედაობაშიც, რომელიც ახალი გზების ძიებისკენ გვიბიძგებს.
დამატებითი ინფორმაცია
UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორია (Accelerator Lab) 2019 წელს შეიქმნა, რათა ინოვაციური გადაწყვეტებისა და ახალი იდეების ინკუბატორი გამხდარიყო. ამ მოქნილ და დინამიურ მექანიზმს მხარი დაუჭირეს გერმანიისა და კატარის მთავრობებმა, გაეროს განვითარების პროგრამასთან მჭიდრო თანამშრომლობით. მას შემდეგ, UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორიის 90 გუნდისგან შემდგარი ქსელი ხელს უწყობს ტრანსფორმაციული პროექტების განხორციელებასა და ინოვაციური გადაწყვეტების პილოტირებას მთელ მსოფლიოში.
საქართველოში, UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორია ძირითადად მწვანე გადასვლის, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის, ცირკულარული ეკონომიკისა და თემების მედეგობის საკითხებზე მუშაობს. მისი მეშვეობით, UNDP ეძებს და ცდის ახალ გადაწყვეტებს, რათა ჩვენმა საქმიანობამ სათანადო პასუხი გასცეს 21-ე საუკუნის ურთულეს გამოწვევებს.