გზა მომავლისკენ

ქართველი ქალები სამშვიდობო ჟურნალისტიკის სამსახურში

1 December 2022
ფოტოს ავტორი: UNDP/ნინო ზედგინიძე

საზოგადოებრივი განწყობების შექმნაში მედიას განსაკუთრებული როლი აკისრია, განსაკუთრებით კონფლიქტგამოვლილ საზოგადოებებში. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ჟურნალისტი მაია ფიფია გვიამბობს გაჭიანურებული კონფლიქტების პერიოდში ჟურნალისტიკის როლზე, ამ პროცესში  მედიის მუშაობის შემაფერხებელ ფაქტორებსა და გზაზე მომავლისკენ, რომელიც მედიაში არცთუ ხშირად ჩანს.

მაია სოხუმელია. მშობლიური ქალაქი 1993 წელს, 26 წლისამ, აფხაზეთში ომის დროს დატოვა. პროფესიით ფილოლოგმა ერთხანს მასწავლებლადაც იმუშავა და ბიზნესშიც მოსინჯა თავი, სანამ 2007 წელს ზუგდიდში, „რადიო ათინათში“ ახალი ამბების გადაცემის წამყვანად დაიწყო მუშაობა.

მალევე, ქართველ და აფხაზ კოლეგებთან ერთად, ერთობლივ მედიაპროექტებში მონაწილეობას შეუდგა და ამ მხრივ დიდი გამოცდილებაც დააგროვა. სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით მაია და მისი კოლეგები ახლა „ათინათში“ აფხაზეთისა და სამეგრელოს შესახებ ფოტო-ვიდეო სიუჟეტებსა და გადაცემებს ამზადებენ. ბოლო გადაცემა ყურძნის ადგილობრივ ჯიშებს მიუძღვნეს.

მაია ფიფია ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე მდებარე საჯვაროს ხიდზე. მაიას თქმით, ეს ხიდი ბავშვობის მოგზაურობებს ახსენებს, სოხუმიდან ზუგდიდისაკენ და პირიქით.

ფოტოს ავტორი: UNDP/ნინო ზედგინიძე

მაია მიიჩნევს, რომ ყველა წინაღობის მიუხედავად, ქართველ და აფხაზ მედიაპროფესიონალთა შორის ურთიერთობებში მეტნაკლები პროგრესი შეინიშნება. მისი თქმით, უკანასკნელ წლებში ისინი ახერხებენ ერთობლივი კრიტიკული მასალების მომზადებასაც, იქნება ეს მწვავე სოციალური საკითხები, ენერგოდეფიციტი, ჯანდაცვა თუ სხვა. „თუ ადრე ვორდის დოკუმენტის გაცვლით უბრალო მასალა და სიუჟეტი მზადდებოდა, ახლა მულტიმედია მასალებს ვაკეთებთ“, ამბობს მაია.

„ნდობა მაშინ ჩნდება, როდესაც ხვდებიან, რომ ცდილობ იურთიერთო, მოისმინო, რასაც ამბობენ (თუმცა, შესაძლოა ყველაფერი არ იყოს მისაღები) და ეს ინფორმაცია მიიტანო [აუდიტორიამდე], მიხვდე რა პრობლემებთან ცხოვრობს მოსახლეობა, რასთან გამკლავება უწევს, რა სურთ და რას ვერ აკეთებენ”, - ამბობს მაია.

მაიას სწამს, რომ „არ ავნოს“ პრინციპით მუშაობასთან ერთად, სამშვიდობო ჟურნალისტიკის პრაქტიკა მოითხოვს, „ვათქმევინოთ მათ, რაც უნდათ თქვან. ვაჩვენოთ, რომ არ შევცვლით, სხვა კონტექსტში არ ვიტყვით მათ სათქმელს. ამან გააჩინა ნდობა“.

მუშაობა ახალგაზრდებთან

„რადიო ათინათში“ მაიასთან ერთად აფხაზეთის საკითხებზე თინათინ ბუკია და სალომე ფარცვანია მუშაობენ. მაია რადიოგადაცემებს უძღვება, სალომე და თინათინი კი ვიდეოებსა და მულტიმედია მასალებს ამზადებენ.

ახალგაზრდა კოლეგების მუშაობის შემყურე მაია მომავალს იმედიანად უყურებს. მისი თვალთახედვით, ახალგაზრდებს სამშვიდობო ჟურნალისტიკაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ.

სალომე ფარცვანია, „რადიო ათინათის“ ჟურნალისტი და პროდიუსერი.

ფოტოს ავტორი: UNDP/ნინო ზედგინიძე

„ჟურნალისტიკა არის საქმე, რომლითაც შემიძლია ვიპოვო ის შეხების წერტილები, რომლებმაც შეიძლება ისევ დაგვაახლოვოს და გვაპოვნინოს ერთმანეთი. ვცდილობ, ეს გავაკეთო ძალიან ფრთხილად, ვისწავლო ისეთი გამოცდილი ადამიანებისაგან, როგორებიცაა მაია“, - აღნიშნავს სალომე. მისი აზრით, „მაიასგან თუ მისი აფხაზი კოლეგებისაგან გამოცდილების გაზიარება, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი რედაქციისათვის, არამედ სხვა ახალგაზრდა ჟურნალისტებისათვისაც“.

„ჩემთვის დიდი სტიმულია, ერთმა აფხაზმაც რომ წაიკითხოს ჩემი დაწერილი“, აღნიშნავს თინათინ ბუკია. მისი აზრით, ჟურნალისტებს მნიშვნელოვანი მისია აკისრიათ, ახალი თაობის ქართველებსა და აფხაზებს მეტი მოუყვნენ იმ საერთო ღირებულებებსა და ტრადიციებზე, რომლებიც წინა თაობებისათვის ნაცნობი და თვალნათელი იყო.

თინათინ ბუკია, „რადიო ათინათის“ ჟურნალისტი.

ფოტოს ავტორი: UNDP/ნინო ზედგინიძე
მომავლის ხედვა

შესამჩნევი პროგრესის მიუხედავად, დანანებით შენიშნავს მაია, მედიის ყურადღების ცენტრში დიდწილად მაინც ნეგატიური ელფერის მქონე წარსულია და არა მომავლის ხედვა. „სულ წარსულის ხსენება, მომავალზე ორიენტირების გარეშე, ერთმანეთს გვაშორებს“, - ფიქრობს იგი.

მისი თქმით, მედიაში მშვიდობისა და კონფლიქტების თემაზე მომზადებული მასალები კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას წარსულში აბრუნებს. „არ ჩანს გზა მომავლისკენ. არადა უნდა ჩანდეს“, - ამბობს იგი.

„მესმის რომ წარსულში დრამატული ამბები ხდებოდა, მესმის, რომ ახლა ამის შედეგებს ვხედავთ, მესმის, რომ ფსიქოტრავმები აქვთ ადამიანებს, მათ შორის, მეც (და უკრაინის ამბების დროს დეჟა ვუ მქონდა და ამან უკან დაგვწია)... მაგრამ მაინც, შეხების წერტილები უნდა ვეძებოთ და მომავლისკენ გზა უნდა ჩანდეს...“, ასკვნის მაია. 

"შეხების წერტილები უნდა ვეძებოთ და მომავლისკენ გზა უნდა ჩანდეს...“
მაია ფიფია, ჟურნალისტი

მასალა მომზადებულია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით EU4Dialogue პროექტის ფარგლებში. მისი შინაარსი შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის ან გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს.