ქუთაისი მწვანე ქალაქი

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, ქუთაისი ქმნის ეკოსმარტ ქალაქის ხედვას, რომელიც ურბანულ მდგრადობას, ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს ეფუძნება

22 იანვარი 2025
Kutaisi, Georgia
ფოტოს ავტორი: UNDP/DemLab

რას არ ეძახდნენ ქუთაისს მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე - კოლხეთის დედაქალაქს, საქართველოს დედაქალაქს, ინდუსტრიის მშენებელ ქალაქს, განათლების ქალაქს, თეატრის ქალაქს და ყველაზე ენაკვიმატი ხალხის ქალაქსაც კი! დღეს, 130,000 ქუთათურის განსაცვიფრებლად და საამაყოდ, ამ გრძელ სიას კიდევ ერთი წოდება ემატება - ეკოსმარტ ქალაქი. 

„ეკოსმარტ ქალაქში, თვითმმართველობა და მოქალაქეები ერთად ქმნიან ისეთ ინფრასტრუქტურას, სადაც გარემოს დაცვა, ინოვაცია და ტექნოლოგიები ურბანული განვითარების განუყოფელი ნაწილია. სამი წლის წინ, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ქუთაისმა გადაწყვიტა, ეკოსმარტ ქალაქი გამხდარიყო“, - გვიყვება 22 წლის გიორგი მახარობლიძე.

გიორგი ქუთაისის მკვიდრი, გამოყენებითი ეკოინოვაციების აკადემიის სტუდენტი და მდგრადი ურბანული განვითარების მტკიცე მხარდამჭერია. მასთან ერთად ქუთაისის კოპწია ქუჩებს მივუყვებით და ეკოსმარტ ინფრასტრუქტურას ვათვალიერებთ, ხოლო გიორგი მისი საყვარელი ქალაქის განვითარების ამ ახალ ეტაპზე გვიყვება.

2021 წელს, ქუთაისმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი რეგიონული ინიციატივის, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომლის გამარჯვებულებიც მიიღებდნენ ევროკავშირის ხელშეწყობას თანამედროვე ევროპული ქალაქისთვის დამახასიათებელი განვითარების მოდელების, მათ შორის „მუნიციპალური გარდაქმნის პორტფელის“ დანერგვისთვის.  

ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 225,000 ევროს დაფინასებით, ქუთაისმა ჭკვიანი ეკოქალაქის ხედვის შემუშავება და განხორციელება დაიწყო, რისთვისაც მუნიციპალური ეკოსისტემის ერთიანი გარდაქმნის ამბიციური გეგმა შეიმუშავა.

აღნიშნულ გეგმაში გაწერილია კონკრეტული ნაბიჯები ეკოქალაქის მშენებლობის გზაზე, მათ შორის განახლებადი ენერგიის გამოყენების გაზრდა, მწვანე მობილობის წახალისება, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარება, წყლისა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება, ნარჩენების მდგრადი მართვა და ადამიანის კეთილდღეობაზე ზრუნვა.

„მუნიციპალური გარდაქმნის პორტფელი“ სწორედ ამ კომპლექსური ცვლილების ხელსაწყოა, რომელიც ურთიერთდაკავშირებული გადაწყვეტების დანერგვას და მრავალმხრივ პარტნიორობას ეფუძნება.

2022 წლიდან, ქუთაისმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ეკოსმარტ ქალაქის ასაშენებლად, ხოლო ევროკავშირი და UNDP მუდმივად მხარში ედგნენ ამ რთული პროცესის წარმატებისთვის.   

Electric chargers powered by renewable energy
ფოტოს ავტორი: UNDP/DemLab

მწვანე მობილობა

თანამედროვე ქალაქი წარმოუდგენელია კარგად გამართული მობილობის სისტემის გარეშე. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ სახმელეთო ტრანსპორტი, რომელიც ყველას ასე გვჭირდება - ავტომობილები, ავტობუსები და სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს გარემოსადმი საზიანო ემისიათა სიაში. 

სახმელეთო ტრანსპორტის წილი ნახშირორჟანგის (CO2) გლობალურ ემისიებში 21 პროცენტს შეადგენს (წყარო: International Energy Agency), ხოლო საქართველოში, ტრანსპორტის სექტორი ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა, რომელიც ასევე პასუხს აგებს სათბური აირების (GHG) ემისიების 40 პროცენტზე (წყარო: საქართველოს დაბალემისიიანი განვითარების ეროვნული სტრატეგია 2050).

მწვანე მობილობა, ანუ წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ტრანსპორტის გამოყენების შემცირება და სუფთა ენერგიაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებებზე გადასვლა ერთადერთი გზაა გადაადგილებაზე მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ისე, რომ ჩვენი ნახშირბადის ნაკვალევი კი არ იზრდებოდეს, არამედ პირიქით, თანდათან შემცირდეს.

ქუთაისის ეკოსმარტ ქალაქად გარდაქმნა სწორედ მწვანე მობილობის წახალისებას ითვალისწინებს. 

2023 წელს, ქალაქის სხვადასხვა ადგილზე ელექტრომობილების ოთხი დამტენი დამონტაჟდა და ელექტრო და ჰიბრიდული ტრანსპორტისთვის განკუთვნილი პარკირების ადგილები შეიქმნა. გარდა ამისა, ელექტრომობილების მფლობელები სრულად გათავისუფლდნენ პარკირების გადასახადისგან.

Kutaisi Municipal Transport Administration
ფოტოს ავტორი: UNDP/DemLab

ენერგოეფექტურობა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის ახალი სატრანსპორტო ადმინისტრაციული შენობა, რომელიც ენერგოეფექტურობის პრინციპების დაცვით განახლებად ენერგიას მოიხმარს, ქალაქში მიმდინარე მწვანე გარდაქმნის ერთგვარი სიმბოლოა. 100 კილოვატი სიმძლავრის მზის პანელები განათებასა და გათბობას უზრუნველყოფს, რაც ხაზს უსვამს ქუთაისის მზაობას, უფრო ეფექტიანად გამოიყენოს მწვანე ტექნოლოგიები ქალაქის წარმატებისა და განვითარებისთვის.

„ქუთაისის მიერ გარემოსადმი მეგობრული ტექნოლოგიების გამოყენება შთამბეჭდავი მაგალითია. დარწმუნებული ვარ ამ გზას საქართველოს სხვა ქალაქებიც აირჩევენ“, - ამბობს თეონა გეთია, ფოთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, რომელიც გამოცდილების გაზიარებისთვის სტუმრობს ქუთაისს.

Innovative waste containers in Kutaisi
ფოტოს ავტორი: UNDP/DemLab

ნარჩენების მართვა 

“მალე დამცალეთ!” – ასეთ სიგნალს გადასცემენ ქუთაისის ქუჩებში დამონტაჟებული სენსორიანი კონტეინერები, რომლებშიც მოქალაქეებს შეუძლიათ ცალ-ცალკე შეაგროვონ პლასტმასის, ლითონისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენები. ავსებამდე ცოტა ხნით ადრე კონტეინერი დასუფთავების სამსახურს უკავშირდება და დაცლას ითხოვს.

ნარჩენების მართვის ეს ახალი სისტემა არა მხოლოდ სისუფთავის დაცვას, არამედ სეპარირების პრაქტიკის დანერგვასაც ემსახურება. ნაგავსაყრელების დაბინძურება მცირდება, ხოლო წყლისა და ჰაერის ხარისხი უმჯობესდება.

ქუთაისისთვის ნარჩენების მდგრადი მართვა მნიშვნელოვანი გამოწვევაა. 2023 წელს, ქალაქში 53,482 ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენი წარმოიქმნა, ხოლო 2024 წლის პირველი 11 თვის მანძილზე - 50,454 ტონა. ქუთაისის ზომის ქალაქისთვის ეს მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, რაც მუნიციპალიტეტის ყურადღებასა და სტრატეგიულ გადაწყვეტებს მოითხოვს. 

ქუთაისმა უკვე რამდენიმე გაბედული ნაბიჯი გადადგა ნარჩენების მდგრადი მართვის მიმართულებით, მათ შორის ევროკავშირის ხელშეწყობით. 

ქალაქში შეიქმნა ბიოდეგრადირებადი მწვანე ნარჩენების კომპოსტირების ცენტრი, რომელიც ორგანული ნარჩენების მართვას უზრუნველყოფს. ასევე ფუნქციონირებს სეპარირებული ნარჩენის პრესი, რომლის მეშვეობით გადამუშავებული მუყაო შემდეგ აუქციონზე იყიდება, ხოლო მიღებული სახსრები ქალაქის ბიუჯეტს ხმარდება. 2023 წელს, გადამუშავებული მუყაოს გაყიდვებმა 24,535 ლარი, ხოლო 2024 წელს  30,727 ლარი შეადგინა.    

ქუთათურები დღითიდღე ეჩვევიან ნარჩენების მდგრადი მართვის წესებს. მათ უყვართ თავიანთი ქალაქი და სურთ, რომ ქუთაისი მსოფლიოს ყველაზე მწვანე, გონივრულ და ბედნიერ ადგილად აქციონ

„ნარჩენების დახარისხება პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ეკო-ქალაქამდე მიგვიყვანს“, - ამბობს გიორგი მახარობლიძე.

Kutaisi youth ideathon participants
ფოტოს ავტორი: UNDP/მინდია ჩარქსელიანი

სამოქალაქო ჩართულობა

ახალი მიდგომების, მაგალითად მუნიციპალური გარდაქმნის პორტფელის დანერგვისას, ნებისმიერმა ქალაქმა საკმაოდ რთულ შეკითხვებს უნდა უპასუხოს. რამდენად ეფექტიანი იქნება მიმდინარე რეფორმა? რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა არა მხოლოდ გაითავისონ მომავალი ცვლილებები, არამედ თავადაც აქტიურად ჩაერთონ რეფორმის განხორციელებაში? როგორ გავავრცელოთ ინფორმაცია ინოვაციებისა და სიახლეების შესახებ?

ამ შეკითხვებზე პასუხი სრულიად ნათელია - რეალური სამოქალაქო ჩართულობა ერთადერთი ქმედითი გზაა რეფორმის წარმატებისთვის.

ქუთაისში, სადაც სამოქალაქო საზოგადოება და ახალგაზრდობა გამორჩეულად აქტიურია, ეკოსმარტ ქალაქის ინიციატივის განხორციელება საჯარო და სამოქალაქო სექტორების თანამშრომლობას ეფუძნება.

იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ჩართულია ეკოსმარტ კონცეფციის შემუშავებასა და დანერგვაში.

„ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობდით ეკოსმარტ ქალაქის ინიციატივის განხორციელებაში. დღეს, როდესაც პირველ შედეგებს ვაჯამებთ, ვხედავთ, რამდენად  მნიშვნელოვანია თოთოეული მოქალაქის ჩართულობა, მოსახლეობის საჭიროებების ცოდნა და შემდეგ იმ გადაწყვეტების ძიება, რომლებიც ისეთ გარემომდე მიგვიყვანს, რომელიც სასიამოვნო და მიმზიდველი იქნება ყველა მოქალაქისთვის“, - გვიყვება ქეთევან ცხაკაია, „სპექტრის“ აღმასრულებელი დირექტორი.

ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ტრასპორტის განყოფილების ხელმძღვანელი, ირაკლი გოგლიჩიძის აზრით, პარტნიორობა და თანამშრომლობა აუცილებელია მედეგი, მდგრადი და მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებული ქალაქის შესაქმნელად. „ქუთაისის მრავალსექტორულმა ჯგუფმა, რომელიც მერის ხელმძღვანელობით შეიქმნა, გადაწყვიტა, დაგვეტესტა ისეთი იდეები, რომლებიც გამოხატავდა ქუთაისის მოსახლეობის საჭიროებებსა და ქალაქის მზაობას მომავლისთვის."

ექსპერტიზა, შემოქმედებითი მიდგომა და ახალი ხედვა - ქალაქის გარდაქმნას ეს ყველაფერი თანაბრად სჭირდება. ქუთაისის მერიისა და „სპექტრის“ თანამშრომლობის ერთ-ერთი შედეგი გამოყენებითი ეკოინოვაციების აკადემიის შექმნაა, სადაც ადგილობრივი ახალგაზრდები მდგრად ურბანულ განვითარებას სწავლობენ და თავადაც მონაწილეობენ მათი ქალაქისთვის საუკეთესო ხედვების შექმნაში. 2024 წლის გაზაფხულზე გამართულ იდეათონში 50-ზე მეტი ახალგაზრდა ინოვატორი ჩაერთო და ეკომეგობრული ურბანული განვითარების იდეები წარადგინა. 

„იდეათონი ძალიან საინტერესო გამოცდილებაა. ბევრი კრეატული და ინოვაციური კონცეფცია განვიხილეთ, რომელთა მიზანია ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა და ქუთაისის ტურისტული მიმზიდველობის გაზრდა. მაგალითად, ნარჩენების სეპარირების პროგრამები, ეკოჭკვიანი პარკის შექმნა და ეკოჭკვიანი ავტობუსების გაჩერებების განვითარება. კარგია, რომ ეს იდეები თანდათან ხორციელდება“, - ამბობს ქეთევან ცხაკაია.

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, ქუთაისი თავის ახალ სახეს ქმნის და ამავდროულად საერთაშორისო გამოცდილებასა და პარტნიორობის შესაძლებლობებს იყენებს. ქალაქი აქტიურად თანამშრომლობს სხვა ურბანულ ცენტრებთან როგორც საქართველოში, ისე მოლდოვაში, ნეპალსა და სხვა ქვეყნებში, რაც ხელს უწყობს გამოცდილების გაცვლასა და საერთაშორისო პარტნიორობას.

დამატებითი ინფორმაცია:

„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ევროკაშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ხორციელდება. მისი მიზანია ქალაქებისა და დასახლებების მიმზიდველობის გაზრდა მაცხოვრებლებისა და ინვესტორებისთვის ცოდნის გაზიარების, რესურსების მოძიებისა და პარტნიორული ქსელის შექმნის მეშვეობით. 

M4EG პროგრამა გეოგრაფიულ თავისებურებებს ითვალისწინებს და ერთიან მიდგომებს იყენებს, რაც მრავალმხრივ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. პროგრამა ითვალისწინებს, რომ თანამედროვეობის კომპლექსური გამოწვევების სწრაფი მოგვარება საკმაოდ რთულია, თუმცა განათლებაში, ექსპერიმენტსა და თანამშრომლობაში ჩადებული ინვესტიციების გზით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები რეალურ შანსს იძენენ, რომ მომავალს მომზადებულები შეხვდნენ.

დისქლეიმერი:

წინამდებარე ისტორია შექმნილია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG)  პროგრამის ფარგლებში. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არა ასახავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის თვალსაზრისს.