სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და გადამზადების მოდერნიზება - ფაზა 3
მიმოხილვა
ცოდნაზე ორიენტირებულ გლობალიზებულ სამყაროში ხარისხიანი განათლება და უნარები გადამწყვეტია თანასწორი საზოგადოების მშენებლობისთვის, ადამიანის უფლებების დაცვისა და მდგრადი ეკონომიკის შექმნისთვის.
შვეიცარიის მთავრობის დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მხარს უჭერს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს, რომელთა მიზანია სოფლის მეურნეობაში თანამედროვე პროფესიული განათლებისა და გადამზადების (A-VET) განვითარება.
სამწლიანი პროექტი (2022-2025), რომლის მთლიანი ბიუჯეტი 4.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, UNDP-სა და შვეიცარიის ათწლიანი (2003-2023) თანამშრომლობის შედეგებს ეყრდნობა. პროექტის მიმდინარე ფაზა საჯარო-კერძო პარტნიორობის მხარდაჭერასა და ფერმერთა ექსტენციის სერვისების გაძლიერებას ემსახურება.
ამ მიზნების მისაღწევად, UNDP და შვეიცარია მხარს უჭერენ სოფლად პროფესიული კომპეტენციების გაზრდას და (თვით-)დასაქმების შესაძლებლობების შექმნას ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს სოფლის ეკონომიკის მდგრადობას სხვადასხვა სოციალური ჯგუფის, მათ შორის ახალგაზრდების, ქალებისა და დაუცველი მოსახლეობის ინტერესთა გათვალისწინებით.
პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები სხვადასხვა მოსარგებლეზე ვრცელდება. მათ შორისაა:
- A-VET სექტორში მომუშავე ექვსი სახელმწიფო კოლეჯი.
- ათი საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
- დარგობრივი უნარების ორგანიზაცია „აგრო დუო“, რომელიც პროფესიულ განათლებასა და გადამზადებაში კერძო სექტორის აქტიურ ჩართულობას უზრუნველყოფს.
პროექტის შედეგებით სარგებლობს 15,000 მცირე ფერმერი და 2,500 A-VET კურსდამთავრებული, რაც ხელს უწყობს საქართველოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის უფრო მდგრადი და წარმატებული მომავლის მშენებლობას.
პარტნიორობა
პროექტი ხორციელდება სხვადასხვა პარტნიორსა თუ დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობით, რომელთა შორისაა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საგანმანათლებლო დაწესებულებები, კერძო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება.
რას ვაკეთებთ
პროექტი ხორციელდება სამი ძირითადი მიმართულებით როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე: ინსტიტუციების მშენებლობა, სისტემური განვითარება და სერვისების მიწოდება. ეს მრავალმხრივი მიდგომა პასუხობს A-VET სექტორის საჭიროებებსა და გამოწვევებს და სექტორის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს.
პროექტის განხორციელება ორი ძირითადი მიზნის მიღწევას ემსახურება:
- სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და გადამზადების (A-VET) და ექსტენციის სერვისის ხარისხის გაზრდა: აღნიშნული მიზნის მიღწევა ხორციელდება საჯარო-კერძო პარტნიორობის ხელშეწყობითა და კერძო სექტორთან წარმატებული თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნის გზით.
- დასაქმების ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული ცოდნისა და უნარების განვითარება სოფლის მეურნეობის დარგში: ეს საქმიანობა მოიცავს მიზნობრივი ინიციატივების განხორციელებას სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების, ქალებისა და დაუცველი ჯგუფების ჩართულობით, მათი ცოდნის დონის ამაღლებას, დასაქმების უნარების განვითარებასა და ეკონომიკური პერსპექტივების გაუმჯობესებას.
შედეგები
2025 წლის იანვრის მდგომარეობით, პროექტის ფარგლებში შემდეგი შედეგები იქნა მიღწეული:
1. სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება (WBL)
- სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ინსტრუქტორებმა გაიარეს გადამზადება ახალი სტანდარტების შესაბამისად.
- საჯარო-კერძო პარტნიორობა გაძლიერდა პროფესიული უნარების სააგენტოსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომლობის შედეგად.
2. კერძო სექტორის ჩართულობა
- დარგობრივი უნარების ორგანიზაციის წევრობა გაფართოვდა ხორცის გადამუშავებისა და ვეტერინარიის სექტორების მონაწილეების ჩართვით.
- ჩატარდა საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები დარგობრივი უნარების ორგანიზაციის მმართველი რგოლისთვის, ტრენერებისა და სპეციალისტებისთვის.
3. ეფექტიანობის მართვა პროფესიული კოლეჯებისთვის
- შედეგებზე ორიენტირებული მართვის გაუმჯობესების მიზნით, შემუშავდა ახალი სტანდარტები პროფესიული კოლეჯების დირექტორებისთვის.
- დაინერგა 360-გრადუსიანი შეფასების კონცეფცია და ციფრული ინსტრუმენტები, რამაც შესაძლებელი გახადა ინსტიტუციური თვითშეფასების ჩატარება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან (NCEQE) თანამშრომლობით.
4. ახალგაზრდების მხარდაჭერის სერვისები
- სოფლის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით, დაინერგა სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სისტემა პროფესიული კოლეჯებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის.
5. სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინოვაციების სისტემა (AKIS) ადგილობრივ დონეზე
- გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, გურიისა და იმერეთის რეგიონებისთვის შემუშავდა და დაინერგა ადგილობრივი AKIS კონცეფციები.
6. ექსტენციონისტების კვალიფიკაციის სტანდარტები
- ფერმერთა ექსტენციის სპეციალისტებისთვის შემუშავდა საკვალიფიკაციო სტანდარტები და პროფესიული განვითარების სისტემა.
- ჩატარდა ტრენინგები ექსტენციონისტებისთვის, პროფესიული კოლეჯის ინსტრუქტორებისა და სტუდენტებისთვის.
7. ფერმერთა მხარდაჭერის სერვისები
- იმერეთის რეგიონში დაინერგა ფერმერთა მომსახურების დივერსიფიცირებული პორტფელი. მსგავსი ინიციატივები ხორციელდება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაშიც.
8. ქალთა ჩართულობის გაზრდა
- გაიზარდა ქალთა ჩართულობა პროფესიულ განათლებაში. 2024 წელს, სერტიფიცირებული ქალი სტუდენტების რიცხვმა კაცი სტუდენტების რიცხვს გადააჭარბა. პროფესიული სერტიფიკატი მიიღო 187-მა ქალმა და 163-მა კაცმა სტუდენტმა.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი
თარხნიშვილის ქ. 3
თბილისი 0179
+995 32 2250106
საკონტაქტო პირები
ელენე ცხაკაია
პროექტის მენეჯერი
elene.tskhakaia@undp.org
გიორგი ნანობაშვილი
ეკონომიკური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი
george.nanobashvili@undp.org