გარემოს დაცვის დღე ბათუმში

გაეროს განვითარების პროგრამა და ბათუმის მერია ხელს უწყობენ ნარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების დანერგვას

4 June 2022
Photo: Irakli Dzneladze/UNDP

ანნა ჩერნიშოვა და ლელა სურმანიძე სერტიფიკატებს გადასცემენ გარემოსდაცვით აქტივისტებს

ფოტოს ავტორი: UNDP/ირაკლი ძნელაძე

ბათუმის მაცხოვრებლებმა გარემოს დაცვის დღე პლასტიკური ნარჩენების დახარისხებისა და გადამუშავების პოპულარიზაციით აღნიშნეს.

ხიმშიაშვილისა და ნინოშვილის ქუჩების 100-მდე მოსახლე, ადგილობრივ მოხალისეებთან და გარემოსდაცვით აქტივისტებთან ერთად, ქალაქის ქუჩებში შეკრიბა და პლასტიკური ნარჩენების მართვაზე იმსჯელა. აქვე გაიმართა საგანმანათლებლო სემინარი, საბავშვო ვიქტორინა და გადამუშავებული პლასტიკისგან დამზადებული ნივთების გამოფენა.

ღონისძიებას დაესწრნენ ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე ანნა ჩერნიშოვა, რომელთაც ადგილობრივ აქტივისტებსა და მოხალისეებს მადლობის სერტიფიკატები გადასცეს.

„ბათუმი სწრაფად მზარდი და ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული ქალაქია. თუმცა ნარჩენების მდგრადი მართვის მხრივ, ის საკმაოდ მნიშვნელოვან გამოწვევებს უმკლავდება. გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერს ქალაქის თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მოსახლეობის თანამშრომლობას ნარჩენების მდგრადი მართვის მიმართულებით. ჩვენ ხელს ვუწყობთ ინფორმაციის გავრცელებას და ისეთი მუნიციპალური სისტემების დანერგვას, რომლებიც სასიკეთოა როგორც ადამიანისთვის, ისე გარემოსთვის"
ანნა ჩერნიშოვა, UNDP-ის ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში

UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორიის ინიციატივით, ბათუმსა და თბილისში, 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის მარტამდე პერიოდში, პლასტიკური ნარჩენების შეგროვება-დახარისხების სოციალური ექსპერიმენტი ჩატარდა. ექსპერიმენტში ჩართულები იყვნენ ბათუმისა და თბილისის მერიები, მუნიციპალური დასუფთავების სამსახურები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ორივე ქალაქის რამდენიმე სამიზნე უბნის მაცხოვრებლები.

ექსპერიმენტის ფარგლებში, სამიზნე უბნებში პლასტიკური ნარჩენების შესაგროვებლად 40 კონტეინერი დამონტაჟდა და საინფორმაციო კამპანია გაიმართა. შედეგად, მხოლოდ ორი თვის მანძილზე, 2022 წლის იანვრიდან მარტამდე, თითქმის ნახევარი ტონა პლასტიკური ნარჩენი შეგროვდა. ასევე გამოვლინდა ურბანული მოსახლეობის ქცევითი მახასიათებლები, რომელთა გათვალისწინებით მუნიციპალური სამსახურებისთვის შესაბამისი რეკომენდაციები შემუშავდა.

როგორც ბათუმში, ისე თბილისში ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მოსახლეობა მზადაა ნარჩენების შეგროვებისა და დახარისხების პრაქტიკის დანერგვისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ამისთვის სათანადო მუნიციპალური ინფრასტრუქტურა და სერვისები იარსებებს.

ყოველწლიურად, საქართველოში დაახლოებით 900,000 ტონა ნარჩენი წარმოიქმნება. მათი უდიდესი წილი გადამუშავებას ექვემდებარება, თუმცა 75 პროცენტზე მეტი მაინც ნაგავსაყრელებზე ხვდება. ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგიის მიხედვით, საქართველომ აიღო ვალდებულება, რომ 2025 წლისთვის პლასტიკური ნარჩენების 50 პროცენტი, ხოლო 2030 წლისთვის 80 პროცენტი გადაამუშაოს.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) კვლავ გააგრძელებს ბათუმის, თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების ხელშეწყობას ამ ამბიციური გეგმის მიღწევის საქმეში.  

საკონტაქტო ინფორმაცია