ტყის დაცვა ხელს უწყობს მაჭახლის ხეობაში მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობას

გაეროს განვითარების პროგრამა და იაპონიის მთავრობა მხარს უჭერენ უნიკალური კოლხური ტყეების დაცვას და ხელმისაწვდომი მწვანე ენერგიის მოხმარებას

19 May 2023
ფოტოს ავტორი: UNDP Georgia/ირაკლი ძნელაძე

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და იაპონიის მთავრობა იწყებენ ახალ პროექტს მაჭახლის ხეობაში, რომელიც მიზნად ისახავს უნიკალური კოლხური ტყეების დაცვას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მწვანე ენერგიაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. ერთწლიანი ინიციატივა, რომლის ბიუჯეტი 545,000 აშშ დოლარს შეადგენს, 2023-2024 წლებში განხორციელდება. 

პროექტი შესრულდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით.

იაპონიისა და UNDP-ის დახმარების შედეგად, მაჭახლის ხეობაში გაუმჯობესდება ტყის დაცვის ღონისძიებები, შემცირდება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკები, ხოლო ადგილობრივ სოფლებში დაინერგება მდგრადი განახლებადი ენერგიის, მათ შორის, მზის ენერგიისა და ბიომასის, მოხმარების პრაქტიკა. 

პროექტის განხორციელების შედეგებით უშუალოდ ისარგებლებს მაჭახელას დაცულ ლანდშაფტში მდებარე სოფლების 1,300-ზე მეტი მაცხოვრებელი.

ამავდროულად, ცენტრალურ, რეგიონულ და მუნიციპალურ ხელისუფლებასთან პარტნიორობა შექმნის თანამშრომლობისა და თანამოწილეობის სივრცეს, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით ქალებისა და ახალგაზრდების, აქტიურ ჩართულობას ტყის მდგრადი მართვის საქმეში.

გარდა ამისა, ტყის დაცვის პროექტი წვლილს შეიტანს საქართველოს მიერ პარიზის კონვენციის მიმართ აღებული ვალდებულებების შესრულებაში - 2030 წლისთვის, ტყის მიერ ნახშირბადის შთანთქმის გაზრდა 10 პროცენტით 2015 წელთან შედარებით და სათბურის აირების ემისიების შემცირება 30-35 პროცენტით 1990 წელთან შედარებით.

საქართველოს ტყის დაცვის მხარდაჭერა ხორციელდება UNDP-ის გლობალური ინიციატივის, Climate Promise, ფარგლებში, რომელიც 120 ქვეყანასა და ტერიტორიას მოიცავს და კლიმატური დაპირების პრაქტიკულ შესრულებას ემსახურება. საქართველო იმ 23 ქვეყნის რიცხვშია, სადაც Climate Promise იაპონიის დაფინანსებით ხორციელდება.

საკონტაქტო ინფორმაცია