4.4 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი ნარჩენების მდგრად მართვასა და გადამუშავების ზრდას შეუწყობს ხელს
ევროკავშირისა და გაეროს ახალი ინიციატივა საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის განვითარებისთვის
16 ოქტომბერი 2025
საერთაშორისო ორგანიზაციების კონსორციუმთან თანამშრომლობით, ევროკავშირი იწყებს ახალ ინიციატივას, რომელიც საქართველოს ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას ემსახურება.
პროექტს უძღვება გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაციასთან (UNIDO) და ავსტრიის გარემოს დაცვის სააგენტოსთან (UBA) თანამშრომლობით. ექსპერტული მხარდაჭერა ხორციელდება შვედეთის ნარჩენების მართვისა და გადამუშავების სავაჭრო ასოციაციის, Avfall Sverige-ს მეშვეობით.
ორწლიანი პროექტი 2025-2027 წლებში განხორციელდა. მისი ბიუჯეტი შეადგენს 4.4 მილიონი ევროს ევროკავშირის დაფინანსებით.
ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობის პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში ნარჩენების შემცირებას, გადამუშავების სფეროს გაძლიერებას, მწვანე დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაფართოებასა და ცირკულარული ეკონომიკის შესახებ ცნობიერების ამაღლებას საჯარო, კერძო თუ სამოქალაქო სექტორებში.
მისი ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტი მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) ძლიერი სისტემების დანერგვაა, რაც ცირკულარული ეკონომიკისთვის შესაბამისი შესაძლებლობების, ინფრასტრუქტურისა და პრაქტიკული ინსტრუმენტების არსებობას უზრუნველყოფს.
ევროკავშირი და გაერო აქტიურად ითანამშრომლებენ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის მწარმოებლის ვალდებულების ორგანიზაციებთან (PROs), სამოქალაქო საზოგადოებასთან, ახალგაზრდობასა და სოციალურ საწარმოებთან. მათი მიდგომა ითვალისწინებს გრძელვადიანი, სისტემური ცვლილების ხელშეწყობას შესაძლებლობების გაძლიერების, მიზნობრივ ფინანსური მხარდაჭერისა და თანამშრომლობის გაღრმავების გზით.
„ცირკულარული ეკონომიკა დადებითად აისახება როგორც ცალკეულ ადამიანებზე, ისე გარემოზე და ქვეყნის განვითარებაზე“, — განაცხადა დიდიე ტღებიუკმა, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში. „ცირკულარული ეკონომიკა დღევანდელი გამოწვევების გადაჭრის პრაქტიკულ გზებს გვთავაზობს და ახალ შესაძლებლობებსაც ქმნის დასაქმების, კერძო სექტორის განვითარების, გარემოს დაცვისა თუ ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიმართულებით. ევროკავშირთან და ჩვენს პარტნიორებთან ერთად, გაერო მოხარულია ხელი შეუწყოს საქართველოს ცირკულარული ეკონომიკის მშენებლობის გზაზე.“
„ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას მწვანე და მდგრადი განვითარების მიმართულებით, ადამიანებისა და პლანეტის სასარგებლოდ“, — აღნიშნა ლიზე ვანვეიმელბეკემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გარემოს დაცვის, კავშირის, ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის საკითხების გუნდის ხელმძღვანელმა.
„ცირკულარული ეკონომიკისკენ სწრაფვა გვიბიძგებს გადავხედოთ რესურსების შექმნისა და გამოყენების არსებულ წესებს. შევქმნათ ღირებულება, ამავდროულად შევამციროთ ნარჩენები და ამ გზით ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა და მდგრადობა უზრუნველვყოთ,“ - დასძინა მან.
ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობის პროგრამის გარშემო გაერთიანებული პარტნიორი ორგანიზაციები 16 ოქტომბერს თბილისში შეიკრიბნენ. შეხვედრის მონაწილეებმა პროგრამის განხორციელების სტრატეგია განიხილეს და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ძირითად გამოწვევების განხილვას, რასაც საქართველო ცირკულარობის მიმართულებით აწყდება, განსაკუთრებით ისეთი ნარჩენების მართვაში, როგორებიცაა შეფუთვა, ბატარეები, ნარჩენი ზეთები, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები, მოძველებული საბურავები და სატრანსპორტო საშუალებები.
ამჟამად საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 23 მილიონი ტონა ნარჩენი წარმოიქმნება. ერთ სულ მოსახლეზე მასალების შიდა მოხმარება (DMC) თითქმის ისეთივე მაღალია, როგორც ევროკავშირის ქვეყნებში და 13.7 ტონას შეადგენს. თუმცა, საქართველოს ცირკულარობის საშუალო მაჩვენებელი (1.48 პროცენტი) გაცილებით დაბალია ევროკავშირის ქვეყნების მაჩვენებელზე (11.5 პროცენტი), რაც საქართველოში ნარჩენების არამდგრად მართვაზე მიუთითებს. ამის მიზეზი გაუმართავი ინფრასტრუქტურა, გადამუშავების ტექნოლოგიებში არასაკმარისი ინვესტიციები და საზოგადოების დაბალი ცნობიერებაა.
ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი ინიციატივის მიზანია ეს გამოწვევა შესაძლებლობად აქციოს და საქართველოს უფრო მწვანე, მდგრადი და ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას შეუწყოს ხელი.
დამატებითი ინფორმაცია
„მწვანე, ინკლუზიური და ცირკულარული ეკონომიკა: ნარჩენების შემცირება და გადამუშავება მოქალაქეთა ჯანმრთელობისთვის“ გაეროს ერთობლივი პროგრამაა, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება. პროგრამის მიზანია გრძელვადიანი სისტემური ცვლილებების მიღწევა ცირკულარული ეკონომიკის ასაშენებლად. პროგრამას უძღვება საერთაშორისო ორგანიზაციების კონსორციუმი გაეროს სააგენტოებისა და ავსტრიის გარემოს დაცვის სააგენტოს შემადგენლობით. ორწლიანი პროექტის (2025-2027) ბიუჯეტი 4.4 მილიონ ევროს შეადგენს.
ევროკავშირის შესახებ
30 წელზე მეტია ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. ქვეყნის განვითარებას ევროკავშირი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით და ექსპერტული, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით ახორციელებს. ევროკავშირსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის ურთიერთობა მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს ეფუძნება. საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://eu4georgia.eu/ka/evrokavshiri-sakartveloshi
საკონტაქტო ინფორმაცია
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- ირა სულავა, UNDP, +995 599 579105, irine.sulava@undp.org
- თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, +995 32 2364364, tamriko.mikadze@eeas.europa.eu