ახალგაზრდა კლიმატის ლიდერები

შვედეთი და გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერენ ახალგაზრდული კლიმატური აქტივიზმის განვითარებას

5 დეკემბერი 2025
Young Climate Ambassadors
ფოტოს ავტორი: UNDP/ნინო ზედგინიძე

გაეროს კლიმატური კონფერენციის, COP30-ის დასრულებიდან რამდენიმე დღეში, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის საელჩოს ინიციატივით, თბილისში ახალგაზრდა კლიმატური აქტივისტებისა და სტუდენტების შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებმა მათ მიერ განხორციელებული პროექტები წარმოაჩინეს და მწვანე პროფესიების მხარდაჭერისა და წახალისების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

სპიკერებს შორის იყვნენ ახალგაზრდა კლიმატის ელჩები, რომლებიც UNDP-სა და შვედეთის ხელშეწყობით, ადგილობრივ გარემოსდაცვით ინიციატივებს ჩაუდგნენ სათავეში. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მათ მიერ განხორციელებული პროექტები მწვანე და კლიმატგონივრული განვითარების საკვანძო საკითხებს მოიცავს, მათ შორის საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდას, კლიმატური კატასტროფების მიმართ მზაობას, მწვანე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებას, კლიმატგონივრული ადგილობრივი თემების ხელშეწყობას და საქართველოს განახლებული კლიმატური დაპირების, NDC 3.0-ის შემუშავებასა და შესრულებას.

ღონისძიების მსვლელობაში, სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც, რომელთაც, UNDP-სა და შვედეთის ხელშეწყობით, მწვანე სტიპენდიები მიიღეს და უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო და გარემოსდაცვითი მიმართულებით გააგრძელეს. მათ გამოსვლებში განსაკუთრებით ხაზგასმული იყო ხარისხიანი სამეცნიერო კვლევის მნიშვნელობა კლიმატგონივრული ეკონომიკის განვითარებისთვის.

„ცოდნითა და მიზანდასახულობით გამორჩეული საქართველოს ახალგაზრდები აქტიურად ერთვებიან ადგილობრივი კლიმატგონივრული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. შვედეთისთვის საამაყოა ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ამ ახალგაზრდა ლიდერების იდეებსა და ამბიციებს რეალურ ქმედებად აქცევს“, - განაცხადა შვედეთის ელჩმა საქართველოში, ანა ლიბერგმა.

„გამოსვლები, რომლებიც დღეს მოვისმინეთ, ნათლად აჩვენებს, თუ რა შთამბეჭდავ შედეგებს აღწევენ ახალგაზრდები, როდესაც მათ სამოქმედო სივრცე და მხარდაჭერა ეძლევათ. ისინი მზად არიან, კლიმატის ცვლილება თავისი განათლებისა და პროფესიული საქმიანობის მთავარ შინაარსად აქციონ, რაც საქართველოსაც და მთელ მსოფლიოსაც სჭირდება. გაეროს განვითარების პროგრამა ახალგაზრდა თაობის ხელშეწყობას მომავალშიც გააგრძელებს. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გაიგოს მათი სათქმელი უსაფრთხო და მდგრადი მომავლის შესახებ“, - აღნიშნა დაგლას უებმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.

ახალგაზრდა კლიმატის ლიდერების მხარდამჭერი ინიციატივები

UNDP-ისა და შვედეთის მხარდაჭერა ახალგაზრდა კლიმატის აქტივისტების მიმართ UNDP-ის კლიმატური პროგრამის ფარგლებში, ორი ინიციატივის მეშვეობით განხორციელდა:

  • საზაფხულო ბანაკი „კლიმატის ელჩები“, რომელიც უფროსკლასელებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ ინფორმაციას სთავაზობს. ბანაკის დასრულებისას, ახალგაზრდები ასევე იღებენ ტექნიკურ დახმარებას სხვადასხვა სახის ადგილობრივი პროექტების განხორციელებისთვის. 2022 წლიდან, ბანაკში 200-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. დღეს, კლიმატის ელჩები საქართველოს 23 მუნიციპალიტეტს წარმოადგენენ: ახალციხე, ახმეტა, ბათუმი, ბოლნისი, გორი, დედოფლისწყარო, დუშეთი, ზუგდიდი, თბილისი, თელავი, ლაგოდეხი, ლანჩხუთი, მესტია, ნინოწმინდა, ონი, სენაკი, სიღნაღი, სურამი, ქობულეთი, შუახევი,  ჩოხატაური, ცაგერი, ხობი და ჭიათურა.
  • მწვანე სტიპენდიების პროგრამა, რომელიც ფინანსურ მხარდაჭერას უწევდა მაგისტრატურის სტუდენტებს ეკოლოგიის, გეოლოგიის, ჰიდროლოგიის, გეოინფორმაციული ციფრული სისტემების, გარემოსდაცვითი მართვისა და კლიმატთან დაკავშირებული სხვა მიმართულებებით. 2022 წლიდან, მწვანე სტიპენდიები საქართველოს რვა უნივერსიტეტში გაიცემოდა. პროგრამით 128 სტუდენტმა ისარგებლა.

დამატებითი ინფორმაცია

UNDP-ის შვიდწლიანი კლიმატური პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობისა და ეკონომიკის დაცვას კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან. პროგრამა ხორციელდება კლიმატის მწვანე ფონდისა (GCF) და საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის დაფინანსებით.

საკონტაქტო ინფორმაცია