UNDP-ის ახალი მუდმივი წარმომადგენელი ადასტურებს ხელშეწყობას დემოკრატიული გარდაქმნებისა და მდგრადი განვითარების მიმართ
გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს წარმომადგენლობას ნიკ ბერესფორდი უხელმძღვანელებს
24 სექტემბერი 2021
ფოტოს ავტორი: ლელი ბლაგონრავოვა/UNDP
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საქართველოს წარმომადგენლობას ახალი ხელმძღვანელი, ნიკ ბერესფორდი, ჩაუდგება სათავეში. 24 სექტემბერს, UNDP-ის ახლად დანიშნული მუდმივი წარმომადგენელი შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს ლაშა დარსალიას.
„მოხარული ვარ, რომ პატივი მერგო ვიმსახურო საქართველოში და გაეროს განვითარების პროგრამის გუნდთან ერთად, ხელი შევუწყო ქვეყნის წინსვლას დემოკრატიული გარდაქმნის, ადამიანის უფლებების დაცვისა და განვითარების მხრივ“, - განაცხადა ბერესფორდმა.
„საქართველოში გამოწვევებით სავსე დროს ჩამოვედი, როდესაც ქვეყანამ პანდემიით გამოწვეული კრიზისი უნდა დასძლიოს და მტკიცე ნაბიჯები გადადგას მდგრადი განვითარების მისაღწევად. ამ რთულ დროს, გაეროს განვითარების პროგრამა, ჩვენს ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში, საქართველოს მთავრობისა და ხალხის გვერდით იქნება“, - დასძინა მან.
ნიკ ბერესფორდი განვითარების გამოცდილი პროფესიონალია, რომელიც 20 წელზე მეტია მუშაობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისტემაში. საქართველოში ჩამოსვლამდე, იგი კამბოჯაში, ბანგლადეშში, სომალისა და აღმოსავლეთ ტიმორში მსახურობდა. ასევე მუშაობდა გაეროს სათაო ოფისში ნიუ იორკში (აშშ).
განათლებით ეკონომისტი, ნიკ ბერესფორდი ფლობს ხარისხს განვითარების ეკონომიკაში და ასევე აუდიტში, ფინანსურ მენეჯმენტსა და ინგლისურ ლიტერატურაში.
საკონტაქტო ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის:
სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
###
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამყვანი სააგენტოა, რომელიც მსოფლიოს 170 ქვეყანას სიღარიბისა და უთანასწორობის დაძლევასა და კლიმატის ცვლილების შერბილებაში ეხმარება. UNDP თანამშრომლობს პარტნიორთა ფართო ქსელთან და მიზნად ისახავს განვითარების მდგარდი გადაწყვეტების შემუშავებასა და დანერგვას ადამიანებისა და პლანეტის საკეთილდღეოდ.
UNDP-ის წარმომადგენლობა საქართველოში 1993 წელს გაიხსნა. მას შემდეგ, გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია ისეთ საკითხებში, როგორებიცაა დემოკრატიული გარდაქმნა, მდგრადი ეკონომიკური განვითარება, გარემოსდაცვითი მმართველობის პრინციპების დანერგვა, კონფლიქტების პრევენცია და კონფლიქტის შემდგომი აღდგენა.
