აღმოაჩინე ტაბაწყური

სათემო ინიციატივები ხელს უწყობენ უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას

16 June 2022
ფოტოს ავტორი: UNDP/ვლადიმირ ვალიშვილი

სოფელი ტაბაწყური უნიკალური ბიომრავალფეროვნებით, ჭარბტენიანი ტერიტორიებითა და ალპური მდელოებით გამოირჩევა. ეს ულამაზესი ადგილი ბორჯომის მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან 2,000 მეტრზე მდებარეობს და ქცია-ტაბაწყურის ნაკრძალს ესაზღვრება. თვალწარმტაცი ხედების გარდა, ტაბაწყური ცნობილია, როგორც  წითელ ნუსხაში შეტანილი იხვი გარიელის ბინადრობის არეალი და ფრინველებზე დაკვირვების ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი საქართველოში.

10 ივნისს ტაბაწყურს ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები ეწვივნენ და რეგიონის ეკოტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნენ. სტუმრებმა ახლად გახსნილი „გარიელის ბილიკი" გაიარეს, სადაც მარშრუტზე განთავსებული საინფორმაციო დაფები ამომწურავ ინფორმაციას აწვდის მნახველს იხვი გარიელის, ტაბაწყურის ტბისა და ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების შესახებ.  

ტაბაწყურის ტური გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს ეკოტურისტული ასოციაციის ხელშეწყობით, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში.

მიღებული დაფინანსებით, საქართველოს ეკოტურისტულმა ასოციაციამ ტაბაწყურში არსებული გარემოსდაცვითი საფრთხეები და ეკოტურისტული პოტენციალი შეისწავლა და რამდენიმე ადგილობრივი ინიციატივა განახორციელა, რამაც ხელი შეუწყო მოსახლეობის უფრო აქტიურ მონაწილეობას ბიომრავალფეროვნების დაცვასთან და ეკოტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში.  

ახალი ტურისტული პროდუქტების, მათ შორის „გარიელის ბილიკის“ შექმნა ამ სათემო ინიციატივების ხელშესახები შედეგია, რაც პოტენციურად, ტაბაწყურის 600-მდე მაცხოვრებელს ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.

„ტაბაწყური საქართველოს უცნობი მარგალიტია, ბიომრავალფეროვნებითა და ტურისტული შესაძლებლობებით გამორჩეული მხარე. ვამაყობ, რომ გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობს მდგრადი ტურიზმის პოპულარიზაციას და ადგილობრივი თემისთვის დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას“
ნინო ანთაძე, UNDP-ის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი

გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამა (GEF SGP) უკვე ათ წელზე მეტია მხარს უჭერს გარემოსდაცვით ინიციატივებს, რომლებიც ადგილობრივი თემების დონეზე ხორციელდება. პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია მოწყვლადი ეკოსისტემების დაცვა და შენარჩუნება, მდგრადი სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის ხელშეწყობა, განახლებად ენერგიაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მდგრადი ურბანული გადაწყვეტილებების ხელშეწყობა.  

საკონტაქტო ინფორმაცია

​​​​​​​