ადგილობრივი გადაწყვეტები კლიმატის ცვლილების საპასუხოდ

გაეროს განვითარების პროგრამისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, 10 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ კატასტროფათა რისკის შემცირება და ადაპტაციისა და რეაგირების გზები განიხილეს

11 March 2022

ფოტოს ავტორი: UNDP

აქართველოს 10 მუნიციპალიტეტის მერებმა და საკრებულოების თავმჯდომარეებმა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირებისთვის საჭირო ზომები და ინვესტიციები განიხილეს. ორდღიანი შეხვედრის მუშაობაში ჩაერთნენ აბაშის, ახმეტის, გორის, თელავის, ლაგოდეხის, სამტრედიის, სენაკის, სიღნაღის, ქობულეთისა და ხობის თვითმმართველობების წარმომადგენლებმა.

შეხვედრა გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით.

ღონისძიების მონაწილეებმა განიხილეს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ადგილობრივ დონეზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან ადამიანებისა და ეკონომიკის დასაცავად, შესაბამისი განათლების გასაუმჯობესებლად და საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად.

„კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია კლიმატის ცვლილების დამანგრეველი შედეგების პრევენცია და მონიტორინგის, პროგნოზირებისა და ადრეული გაფრთხილების ფართომასშტაბიანი სისტემის დანერგვა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა.

„კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობის ზრდა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საქართველოში, ადგილობრივ დონეზე ღონისძიებების გატარება აუცილებელია კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის ეფექტიანი მექანიზმების დანერგვისთვის“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ნიკ ბერესფორდმა.

ათივე მუნიციპალიტეტი, რომელთა წარმომადგენლები ერთობლივ შეხვედრას ესწრებოდნენ, განლაგებულია საქართველოს იმ რეგიონებში, რომლებიც განსაკუთრებით მოწყვლადია კლიმატის ცვლილების მიმართ. შესაძლო კატასტროფებს შორისაა წყალდიდობა, მეწყერი, ღვარცოფი, გვალვა, ზვავი, სეტყვა და ქარიშხალი. წყალდიდობით მიყენებული ყოველწლიური ზარალი საქართველოში 190 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მეწყერული მოვლენების რაოდენობა 2008 წლიდან თითქმის 3.5-ჯერ გაიზარდა.

2019 წელს, საქართველომ მასშტაბური პროგრამა წამოიწყო, რომელიც კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციასა და კატასტროფათა რისკის შემცირებას ემსახურება. ამ შვიდწლიანი ინიციატივის განხორციელების შედეგად, ძირეულად უნდა შეიცვალოს კატასტროფათა მართვის მიმართ მიდგომა, ხოლო რეაქტიული მეთოდები ადაპტაციითა და პრევენციით შეიცვალოს.

ეს ამბიციური გეგმა, რომლის ბიუჯეტი 74 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, საქართველოს მთვარობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება. პროგრამას აფინანსებენ კლიმატის მწვანე ფონდი და საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობები.

პროგრამის ფარგლებში, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის თანამედროვე მექანიზმები, მათ შორის ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვებისა და ადრეული შეტყობინების სისტემები უნდა დაინერგოს. ძირითადი სამუშაოები განხორციელდება საქართველოს 11 დიდი მდინარის აუზებში, სადაც კატასტროფათა რისკი განსაკუთრებით მაღალია. გარდა ამისა, გაიზრდება კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმირებულობა, ხოლო მუნიციპალურ დონეზე ადგილობრივი კლიმატ-გონივრული გადაწყვეტები დაინერგება, რაც ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციას და ადამიანების სიცოცხლისა და კეთილდღეობის დაცვას.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • ირა სულავა, UNDP, +995 599 579105, irine.sulava@undp.org
  • ნანა ჩინჩილაკაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, +995 599 502619, nana.chinchilakashvili@mepa.gov.ge