შეშა თუ ბიომასა? ბიოენერგიის პერსპექტივა საქართველოში

ბიომასის ბრიკეტების მცირე საწარმოებიდან ბიოენერგიის გამოყენების ეროვნულ სტრატეგიამდე

11 July 2018

Temur Matiashvili, a pioneer biomass producer in Georgia. Photo: Vladimer Valishvili/UNDP

2016 წლის დეკემბერში კახეთის რეგიონი მოვინახულე. სხვა სტუმრების მსგავსად, მეც მთელს მსოფლიოში განთქმული ვენახების ნახვა მაინტერესებდა, თუმცა ჩემი ინტერესის საგანი არა მეღვინეობა, არამედ ბიომასის წარმოება გახლდათ.

პატარა საწარმოში, რომელიც სოფელ მანავთანაა განლაგებული, დავესწარი ბიომასის ბრიკეტების შექმნის პროცესს და მოხიბლული დავრჩი იმ სიმარტივით, რომლითაც წალმის მასა გარდაიქმნებოდა პატარა ლამაზ ბლოკებად. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო იმის გაცნობიერება, რომ სწორედ ასეთი სახის საწვავის მეშვეობით შესაძლებელია წიაღისეული საწვავიდან გადასვლა გარემოსათვის უსაფრთხო ენერგიის გამოყენებაზე.

მანავის მცირე საწარმო ბიომასის წარმოების ერთერთი პიონერია საქართველოში. საწარმო ეკუთვნის ადგილობრივ მაცხოვრებლებს - თემურ მათიაშვილსა და გიორგი ზურაბიშვილს, რომელთაც ბიომასის წარმოებაში ბიზნესის შესაძლებლობა და გარემოსდაცვითი სარგებელი დაინახეს.

თემურ მათიაშვილმა მითხრა, რომ ბიოსაწვავის წარმოება აუცილებელია საქართველოს ტყეების გადასარჩენად. სოფლად მცხოვრები მოსახლეობა, ისევე როგორც ადგილობრივი სკოლებისა და მუნიციპალური დაწესებულებების უმეტესობა, დღემდე შეშის ქურებით თბება, ხოლო საწვავად უკანონოდ მოპოვებულ შეშას იყენებს.

ხეების უკანონო ჭრა გაუტყიურების ერთერთი მიზეზია საქართველოში უკანასკნელი 20 წლის მანძილზე. 

საქართველო აქვს ბიომასის წარმოების შესანიშნავი რესურსი - თხილის პლანტაციები დასავლეთში და ვენახები აღმოსავლეთში. ცნობილია, რომ თხილის ნაჭუჭი და წალამი ბიომასის საუკეთესო მასალაა.

თემურმა და გიორგიმ სრულად გამოიყენეს ეს შესაძლებლობა. მათი ბიომასის საწარმო ვენახებითაა გარშემორტყმული.

„წალამს ადგილობრივი ფერმერებისაგან ვაგროვებთ, ხოლო მზა ბიომასას ვყიდით სუპერმარკეტებსა და რესტორნებში შეშად და მწვადის შესაწვავ წალმად“, - ამბობს თემურ მათიაშვილი.

ამ აშკარა სარგებლის მიუხედავად, საწარმოს ამოქმედება ადვილი საქმე არ ყოფილა. თავიდან თემური და გიორგი კარგი მოწყობილობის შეძენას ვერ  შესწვდნენ  და რამდენიმე წლის წინ საწარმოს დახურვასაც კი ფიქრობდნენ.

გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დახმარება მათი მწვანე ბიზნესის გადარჩენის გზა აღმოჩნდა.

„ახლა ახალი დანადგარი გვაქვს, რომელიც მაღალი ხარისხის ბრიკეტებს აწარმოებს. თვეში 75 ტონას ვაწარმოებთ“, - ამბობს გიორგი ზურაბიშვილი.

ბიომასის წარმოება საქართველოში სიახლეა, მაგრამ თემურ მათიაშვილი და გიორგი ზურაბიშვილი კარგ საბაზრო პერსპექტივას ხედავენ ამ საქმიანობაში. ბიომასის ბრიკეტები სულ უფრო აქტიურად იყიდება დიდ სუპერმაკეტებში. საწვავის ამ სახეობაზე გადასვლას აპირებენ მუნიციპალური დაწესებულებები და სკოლები.

თემურსა და გიორგის იმედი აქვთ, რომ 2017 წელს ისინი გააორმაგებენ წარმოებას და კარგ მოგებასაც მიიღებენ.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) 2013 წლიდან ხელს უწყობენ ბიომასის წარმოების განვითარებას საქართველოში. მათი მიზანია, ბიომასის გამოყენების პოპულარიზაცია, მოსახლეობაში ინფორმაციის გავრცელება, ადგილობრივი მწარმოებლის მხარდაჭერა და ბიოენერგიის გამოყენების სფეროში ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შექმნის ხელშეწყობა.

2016 წელს ბიომასის წარმოებამ საქართველოში 700 ტონას მიაღწია, მაგრამ ადგილობრივი მწარმოებლების შესაძლებლობების გათვალისწინებით ეს მაჩვენებელი შეიძლება გაიზარდოს 6 ათას ტონამდე.

შესაბამისი კანონმდებლობისა და ადგილობრივი წარმოების ზრდის პირობებში, საქართველოს ყველა შანსი აქვს, გადაიყვანოს თავისი მუნიციპაური სექტორი განახლებადი ენერგიის მოხმარებაზე. 

ავტორის შესახებ

ჯოვანა ქრისთო თანამშრომლობს გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) პროექტთან „ბიომასის წარმოება და გამოყენება საქართველოში“. პროფესიით გარემოსდაცვითი ინჟინერი, ჯოვანა მუშაობდა კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი ენერგიის საკითხებზე.