ბათუმი - პირველი მწვანე ქალაქი საქართველოში?

როგორ იცვლება ბათუმი და რა წვლილი შეაქვს ამ ცვლილებაში სატრანსპორტო სისტემის განვითარებას?

19 May 2018

ფოტოს ავტორი: დავით ხიზანიშვილი/UNDP

დილაობით, როდესაც სამსახურში მიმავალი ქუჩაში მეგობრებს და ნაცნობებს ვხვდები, ვრწმუნდები რომ ყველა ქალაქს თავისი ინდივიდუალური ხასიათი აქვს.

ჩემი ქალაქი, ბათუმი - მამაკაცია, ჭკვიანი და კარგად მოვლილი, ცოტა ზარმაცი და უდარდელი, თითქოს მარილიანი ზღვისპირეთის ზაფხული ღრმადაა ჩაძირული მის შინაგან სამყაროში. უყვარს პატარა კაფეებში გამჯდარი ყავისა და მაგნოლიის სუნი, მოუსვენარი და ხმაურიანი ძველი ქალაქი, რომელსაც სანაპიროს  გასწვრივ გადაჭიმული თანამედროვე შენობები ირეკლავს, ტურისტების ჟრიამული და ველოსიპედების წკარუნი ზღვისპირა ბულვარზე.

საკმარისია თვალწარმტაცი ზღვისპირეთიდან, დატვირთული ქუჩებისაკენ გატრიალდე, რომ მოულოდნელად ამ უდარდელი მამაკაცის სრულიად განსხვავებულ თვისებებს შეეჯახები. უეცრად იცვლება ქალაქის ხასიათი - აღარც მარილნარევი ნიავი უბერავს და აღარც ზღვის ხმა ისმის. სილაღესა და სიმშვიდეს  დაძაბულობა ცვლის.  ბათუმი ქათქათას ნაცვლად კი შავ-თეთრი, გამონაბოლქვის ნისლში ჩაძირული, მანქანებით სავსე ქალაქი გევლინება.  

ბოლო წლებში, ბათუმი მკვეთრად შეიცვალა, მყუდრო ქალაქის იერსახე დაკარგა და ურბანულ კონგლომერატად გადაიქცა.  გარდა იმისა, რომ ბათუმი საქართველოს მთავარი საზღვაო კურორტია, ის ქვეყნის საზღვაო და სახმელეთო კარიბჭეა და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ეროვნულ ეკონომიკაში.

ცვლილების ასეთმა ტემპმა ურბანული ტრანსპორტის მომრავლება გამოიწვია. ბათუმში მანქანების კონცენტრაციის მაჩვენებელი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია - 136 მანქანა 1000 სულ მოსახლეზე. ეს თითქმის უტოლდება სტამბოლის მაჩვენებელს (139 - 1000 სულ მოსახლეზე), მაშინ როდესაც სტამბოლის მოსახლეობა 15 მილიონს შეადგენს, რაც 98-ჯერ აღემატება ბათუმის მოსახლეობას.

მანქანების სიმრავლეს ემატება ქალაქის გადატვირთული და არაეფექტური სატრანსპორტო სისტემა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძველებულია და მოდერნიზებას საჭიროებს, პარკირების სისტემა ბოლო რვა წლის განმავლობაში არ შეცვლილა, ხოლო ყოველდღიური გადაადგილების ერთ-ერთ მთავარ საშუალებად კვლავ ავტომანქანა რჩება. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ 2016 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ველობილიკების სიმცირის გამო ბათუმელების მხოლოდ 0.3% იყენებს ველოსიპედს ყოველდღიური გადაადგილებისათვის.

ქუჩებში სერნობისას ხშირად ვესაუბრები ბათუმელებს ჩვენი ქალაქის მომავალზე. ვთანხმდებით, რომ ქალაქი ადამიანებისაა და არა მანქანების, სუფთა ჰაერითა და უსაფრთხო, ხელმისაწვდომი ტრანსპორტით. ჩემი რესპონდენტები არასოდეს იყენებენ სიტყვებს “მდგრადი ურბანული განვითარება”, თუმცა, საოცნებო ბათუმზე საუბრისას, ზედმიწევნით სწორად აღწერენ ამ სიტყვების მიღმა მდგარ იდეას. მათ უნდათ იცხოვრონ და გემრიელი ყავა მშვიდად მიირთვან ისეთ ქალაქში, სადაც  საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა გამართულია, ნაკლები მანქანა და საცობია, მეტია სასეირნო და საველოსნო სივრცე.   

თანამოსაუბრეებს ხშირად ვპირდები, რომ ბათუმი მალე საქართველოს პირველი მწვანე ქალაქი გახდება. ამას საფუძვლად დაედება ქალაქის მდგრადი ურბანული გადაადგილების სტრატეგია და საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და პარკირების ახალი სისტემა, რომელთა შექმნაში ბათუმის მერიას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ეხმარება.

რეფორმის განხორციელება ბათუმის სატრანსპორტო სისტემის დეტალური შესწავლითა და შეფასებით დაიწყო. 2015-2017 წელს, პირველად ბათუმის ისტორიაში ჩატარდა ბათუმელების ურბანული მობილობის, ანუ ქალაქში გადაადგილების კვლევა. შეიქმნა ბათუმის სატრანსპორტო სისტემის ვირტუალური მოდელი და მდგრადი ურბანული გადაადგილების სტრატეგია, რომელიც, პარკირების ახალ გეგმას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპტიმიზაციას და ველოსნობისა და ელექტრო ტაქსის მიმზიდველ სისტემას შეიცავს.

ახალი სტრატეგიის მიზანია ქალაქის ქუჩების განტვირთვა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ველოსნობის პოპულარიზაცია.

რეფორმის პირველი შედეგები 2018 წელს გამოჩნდება, მაგრამ საპილოტე პროექტები ბათუმის ქუჩებში უახლოესი თვეების მანძილზე დაიწყება, მას შემდეგ, რაც მერია მიიღებს მდგრადი ურბანული გადაადგილების ახალ სტრატეგიას.

საკუთარი წარმატების ისტორიას ბათუმი მეგობარ ქალაქებსაც გაუზიარებს და მარილიანი ზღვით, სუფთა ჰაერითა და გემრიელი ყავით სიამაყით უმასპინძლებს საქართველოს პირველ მწვანე ქალაქში.  

ავტორის შესახებ

ლაშა ნაკაშიძე უძღვება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტს ინტეგრირებული მდგრადი სატრანსპორტო სისტემების განვითარება ქალაქ ბათუმისა და აჭარის რეგიონისათვის (ISTBAR)