მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში ჩატარებული რეგიონული კვლევა უფრო ხელმისაწვდომი, ინკლუზიური, და ადამიანზე მორგებული მართლმსაჯულებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებს განსაზღვრავს
UNDP ხაზს უსვამს იურიდიული დახმარების სისტემების გაძლიერების აუცილებლობას აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდასაჭერად
24 აგვისტო 2026
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, ახალ კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვით მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში მნიშვნელოვანი წინსვლაა ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სახელმწიფოს მიერ გარანტირებული იურიდიული დახმარების მიწოდების მიმართულებით. ამ პროგრესის მიუხედავად, კვლევა ასევე მიუთითებს არსებულ ბარიერებზე, რომლებიც ხელს უშლის იურიდიული დახმარებისა და მართლმსაჯულების უფლების სრულფასოვან რეალიზებას.
„მართლმსაჯულების გზა ლტოლვილობაში“ იკვლევს, თუ როგორ უმკლავდებიან მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის იურიდიული დახმარების ეროვნული სისტემები ლტოლვილობისა და იძულებით გადაადგილების უპრეცედენტოდ მაღალ მაჩვენებელს, რაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრასა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს უკავშირდება.
კვლევის მიგნებები 150-მდე მონაწილესთან ჩატარებულ ჩაღრმავებული ინტერვიუს შედეგებს ეყრდნობა. რესპონდენტთა წრე საკმაოდ მრავალფეროვანია და იურიდიული დახმარების მიმწოდებლებს, მოსამართლეებს, იურისტებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ლტოლვილთა მიერ შექმნილი ჯგუფების წევრებს, უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, საერთაშორისო განვითარებაზე ორიენტირებულ პარტნიორებს, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს მოიცავს.
მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, კვლევა გვთავაზობს პირველ რეგიონულ საბაზისო შეფასებას ოთხ ქვეყანაში იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილებისთვის განკუთვნილი იურიდიულ დახმარების ხელმისაწვდომობის შესახებ.
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ბოლო წლებში, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად, ოთხივე ქვეყანამ სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოები გააძლიერა და სხვადასხვა სახის ინოვაციური პრაქტიკა დანერგა. ამ მხრივ, საყურადღებოა მობილური იურიდიული დახმარების სერვისები, ციფრული პლატფორმები, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან უფრო მჭიდრო პარტნიორობა.
ამავდროულად, კვლევის მიგნებები ცხადყოფს, რომ მართლმსაჯულებაზე რეალური წვდომის უზრუნველსაყოფად მხოლოდ სამართლებრივი გარანტიები საკმარისი არაა.
ოთხივე ქვეყანაში, იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები საერთო გამოწვევებს უმკლავდებიან. მათ შორისაა შეზღუდული ინფორმაცია არსებული იურიდიული დახმარების შესახებ, ენობრივი ბარიერები, თარჯიმნებისა და თარგმნილი მასალების დეფიციტი, სერვისებზე წვდომის სირთულეები სოფლად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილი ინკლუზიური სერვისების ნაკლებობა, არასაკმარისი სახელმწიფო დაფინანსება, იურიდიული დახმარების სპეციალისტების გადამეტებული სამუშაო დატვირთვა, მომსახურების არათანაბარი ხარისხი, სანდო მონაცემების ნაკლებობა და პოლიტიკის კოორდინირების ხარვეზები.
შედეგად, ბევრი ლტოლვილისა და იძულებით გადაადგილებულ პირისთვის კომპლექსურ სამართლებრივ სისტემებში ნავიგაცია საკმაოდ რთულია, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად მათ იურიდიული დახმარების უფლებები გააჩნიათ.
კვლევაში ხაზგასმულია, რომ იურიდიული დახმარების გაძლიერება მხოლოდ სერვისების გაფართოებას არ გულისხმობს. იურიდიული დახმარების ძლიერი და ხარისხიანი სისტემა ადამიანის მოთხოვნებსა და გამოცდილებას უნდა ითვალისწინებდეს, რაც ტრავმაზე ორიენტირებული, გენდერულად მგრძნობიარე და ადამიანზე მორგებული მიდგომების დანერგვით მიიღწევა.
„მართლმსაჯულებაზე წვდომა არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, თუ სად იმყოფება იძულებით გადაადგილებული პირი თუ ლტოლვილი. ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა იურიდიული დახმარების უფრო ძლიერ სისტემებს ქმნიან და იმასაც განსაზღვრავს, თუ სადაა საჭირო დამატებითი ინვესტიცია და რეფორმა. თბილისის დეკლარაციის რეკომენდაციების განხორციელება ხელს შეუწყობს იმის უზრუნველყოფას, რომ იძულებით გადაადგილებულმა პირებმა და ლტოლვილებმა ღირსეულად შეძლონ თავისი უფლებების განხორციელება“, - განაცხადა რობერტ ბერნარდომ, UNDP-ის სტამბოლის რეგიონული ჰაბის მმართველობისა და მშვიდობის მშენებლობის მიმართულების ხელმძღვანელმა.
მართლმსაჯულების გზა ლტოლვილობაში
UNDP-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევა ეფუძნება 2023 წლის დეკემბერში მიღებულ თბილისის დეკლარაციას იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისთვის სახელმწიფოს მიერ გარანტირებული იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის შესახებ. დოკუმენტის შემუშავება და მიღება UNDP-სა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა. პროცესში ჩართულები იყვნენ მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის იურიდიული დახმარების სახელმწიფო უწყებები.
თბილისის დეკლარაცია ადგენს საერთო რეგიონულ ვალდებულებას იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების იურიდიულ დახმარებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის ცხრა სახელმძღვანელო პრინციპის გათვალისწინებით.
ეს პრინციპები ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორებიცაა დისკრიმინაციის აღმოფხვრა, ინფორმაციაზე წვდომა, ინკლუზიური მომსახურება, ქალთა უფლებების დაცვა, ხარისხიანი იურიდიული დახმარება, მდგრადი დაფინანსება, უფრო ძლიერი სამართლებრივი და პოლიტიკური ჩარჩოები და უფრო მჭიდრო თანამშრომლობა სახელმწიფო ინსტიტუტებს, ადგილობრივ ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის.
UNDP-ის ახალი კვლევა ამ პრინციპების განხორციელებას აფასებს და შემდგომი რეფორმების შესაძლებლობასა და მიზანშეწონილობას განსაზღვრავს.
ოთხ ქვეყანაში ჩატარებული კონსულტაციების საფუძველზე, კვლევის ანგარიში წარმოადგენს 77 რეკომენდაციას იურიდიული დახმარების სისტემების მეტი ხელმისაწვდომის, ეფექტიანობისა და მდგრადობისთვის თითოეული ქვეყნის სპეციფიკური კონტექსტის გათვალისწინებით:
ძირითად რეკომენდაციებს შორისაა:
- იძულებით გადაადგილებასა და ლტოლვილობასთან დაკავშირებული საკითხებისა და საჭიროებების სათანადო ინტეგრირება იურიდიული დახმარებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ პოლიტიკაში.
- ინფორმაციის მიწოდებისა და სამართლებრივი ინფორმაციის გაუმჯობესება შესაბამის ენებსა და ხელმისაწვდომ ფორმატებში.
- პირისპირ მომსახურებასთან ერთად იურიდიული დახმარების ციფრული სერვისების გაფართოება.
- იურიდიული დახმარების სპეციალისტების უწყვეტი ტრენინგი და გადამზადება.
- სისტემატური მოწყვლადობის გამოვლენისა და შეფასების ინსტრუმენტების შემოღება და ტრავმაზე ორიენტირებული, გენდერულად მგრძნობიარე სერვისების დანერგვა.
- იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილი მოსახლეობის იურიდიული საჭიროებების შესახებ მონაცემთა შეგროვების გაუმჯობესება.
- იურიდიული დახმარების სათანადო და პროგნოზირებადი სახელმწიფო დაფინანსების უზრუნველყოფა.
- ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების გაძლიერება და საჩივრებისა და სააპელაციო პროცედურების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
- თანამშრომლობის გაძლიერება იურიდიული დახმარების ინსტიტუტებს, სოციალური დახმარების სამსახურებს, მიგრაციის ორგანოებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ლტოლვილთა მიერ შექმნილ ჯგუფებს შორის.
„იძულებითი გადაადგილებით შექმნილი გამოწვევების დაძლევა შესაძლებელია ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების არსებობის პირობებში, რომლებიც ადამიანის უფლებებს დისკრიმინაციის გარეშე დაიცავენ. კვლევის მიგნებებმა და რეკომენდაციებმა ხელი უნდა შეუწყოს იურიდიული დახმარების სისტემების განვითარებას, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილი მოსახლეობის საჭიროებების უკეთ გათვალისწინებასა და ამავდროულად, კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე წვდომის გაზრდას მთელ რეგიონში“, - განაცხადა ესთერ ვაგნერმა, საქართველოში გერმანიის საელჩოს პოლიტიკისა და პრესის განყოფილების ხელმძღვანელმა.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევა იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილ მოსახლეობას ეხება, მის დასკვნაში ხაზგასმულია, რომ რეკომენდაციების გათვალისწინება დადებითად აისახება იურიდიული დახმარების მაძიებელ ნებისმიერი ადამიანზე, რადგან ამ რეკომენდაციების შესრულების შედეგად, იურიდიული დახმარების ეროვნული სისტემები უფრო ღია, ეფექტიანი და ადამიანზე მორგებული გახდება.
კვლევა განხორციელდა UNDP-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელობითა და გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. შეფასება 2025 წლის ივლისიდან სექტემბრამდე, მონაწილეობითი პროცესის გამოყენებით ჩატარდა და ოთხივე ქვეყანაში დაინტერესებულ მხარეთა ფართო წრე მოიცვა. გამოკითხულთა და ფოკუს ჯგუფების მონაწილეთა სულ მცირე ნახევარს ქალები წარმოადგენდნენ, რამაც ხედვებისა და გამოცდილების მრავალფეროვნება უზრუნველყო.
UNDP-ის შესახებ
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამყვანი სააგენტოა, რომელიც სიღარიბის, უთანასწორობისა და კლიმატის ცვლილების უსამართლობის დასასრულებლად იბრძვის.
170 ქვეყანაში, ექსპერტებისა და პარტნიორების ფართო ქსელთან თანამშრომლობით, UNDP ხელს უწყობს ადამიანისა და პლანეტის ინტერესებზე მორგებული, მდგრადი გადაწყვეტების შემუშავებას ქვეყნებისა და ერების განვითარებისთვის.
UNDP-ის სტამბოლის რეგიონული ცენტრი (IRH) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 17 ქვეყანასა და ტერიტორიას ემსახურება და განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებში სტრატეგიულ მხარდაჭერას უწევს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ IRH-ის ვებგვერდს, undp.org/Eurasia, ან გამოგვყევით სოციალურ მედიაზე, @UNDPEurasia.
საკონტაქტო ინფორმაცია
UNDP-ის სტამბოლის რეგიონული ცენტრი:
- დევიდ ნიეტო, UNDP ევროპასა და შუა აზიაში: +262693392006, david.nieto@undp.org
UNDP-ის ქვეყნების წარმომადგენლობები:
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო: +995599196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- ჰოვანეს სარაიანი, UNDP სომხეთი: +37491420122, hovhannes.sarajyan@undp.org
- ლაურა ბოჰანტოვა, UNDP მოლდოვა: + 37368511883, laura.bohantova@undp.org
- იულია სამუს, UNDP უკრაინა: +380504860724, yuliia.samus@undp.org