მართლმსაჯულების გზა ლტოლვილობაში. 2026

მართლმსაჯულების გზა ლტოლვილობაში. 2026

10 აგვისტო 2026

იძულებით გადაადგილებული და ლტოლვილი მოსახლეობისთვის სახელმწიფოს მიერ გარანტირებულ იურიდიული დახმარების სერვისებზე ხელმისაწვდომობის შეფასება მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა  და უკრაინაში

მიმოხილვა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ფონზე, იძულებით გადაადგილებული და ლტოლვილი მოსახლეობის რაოდენობა უპრეცედენტოდ გაიზარდა როგორც უკრაინასა და სომხეთში, ისე მათ მეზობელ ქვეყნებში, კერძოდ საქართველოსა და მოლდოვაში. სახელმწიფოს მიერ გარანტირებული იურიდიული დახმარების სერვისებზე მზარდი მოთხოვნის გამო, ოთხივე ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემები წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ.

2023 წლის დეკემბერში, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის სახელმწიფო იურიდიული დახმარების უწყებებმა მიიღეს თბილისის დეკლარაცია იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისთვის სახელმწიფოს მიერ გარანტირებული იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის შესახებ.

ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი ადგენს საერთო რეგიონულ ვალდებულებას იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების იურიდიულ დახმარებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის ცხრა სახელმძღვანელო პრინციპის გათვალისწინებით: 

  1. დისკრიმინაციის აღმოფხვრა და იურიდიული დახმარების სერვისებზე თანასწორი წვდომა
  2. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
  3. სერვისების ხელმისაწვდომობა
  4. ინკლუზიური მომსახურება
  5. ქალთა უფლებების დაცვა
  6. ხარისხიანი იურიდიული დახმარება
  7. პოლიტიკურ ჩარჩოებში იძულებით გადაადგილებისა და ლტოლვილობის გათვალისწინება
  8. მდგრადი დაფინანსება
  9. უფრო მჭიდრო თანამშრომლობა სახელმწიფო ინსტიტუტებს, ადგილობრივ ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის

წინამდებარე კვლევა ამ პრინციპების განხორციელებას ოთხივე ქვეყანაში შეისწავლის, საუკეთესო პრაქტიკას, არსებულ ხარვეზებსა და შემდგომი ინვესტიციებისა თუ რეფორმების შესაძლებლობებს გამოავლენს და შესაბამის რეკომენდაციებსაც წარადგენს.

კვლევის მიგნებები და დასკვნები არსებული მონაცემების შესწავლასა და გამოკითხვის შედეგებს ეფუძნება. ამ მიზნით, 2025 ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდში, ოთხივე ქვეყანაში 39 ჩაღრმავებული ინტერვიუ და 18 ფოკუს ჯგუფი ჩატარდა. რესპონდენტთა საერთო რაოდენობამ 150 შეადგინა და დაინტერესებულ მხარეთა ფართო წრე მოიცვა, მათ შორის იურიდიული დახმარების მიმწოდებლებს, მოსამართლეებს, იურისტებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ლტოლვილთა მიერ შექმნილი ჯგუფების წევრები, უნივერსიტეტების წარმომადგენლები, საერთაშორისო განვითარებაზე ორიენტირებულ პარტნიორები, იძულებით გადაადგილებულ პირები და ლტოლვილები. აქედან, სულ მცირე ნახევარს ქალები წარმოადგენდნენ, რამაც ხედვებისა და გამოცდილების მრავალფეროვნება უზრუნველყო.

მიგნებები და რეკომენდაციები     

კვლევის მიხედვით, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში მნიშვნელოვანი წინსვლაა ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სახელმწიფოს მიერ გარანტირებული იურიდიული დახმარების მიწოდების მიმართულებით, თუმცა ასევე აღნიშნება ბარიერები, რომლებიც ხელს უშლის იურიდიული დახმარებისა და მართლმსაჯულების უფლების სრულფასოვან რეალიზებას.

კვლევაში წარმოდგენილია 77 კონკრეტული რეკომენდაცია თითოეული ქვეყნის კონტექსტის გათვალისწინებით შემდეგი ზოგადი მიმართულებების მიხედვით:

  • ინფორმაციის მიწოდებისა და სამართლებრივი ინფორმაციის გაუმჯობესება შესაბამის ენებზე და ხელმისაწვდომ ფორმატებში.
  • იურიდიული დახმარების ციფრული სერვისების გაფართოება პირისპირ მომსახურებასთან ერთად.
  • იურიდიული დახმარების სპეციალისტების უწყვეტი ტრენინგი და გადამზადება.
  • სისტემატური მოწყვლადობის სქრინინგის შემოღება და ტრავმაზე ორიენტირებული, გენდერულად მგრძნობიარე სერვისების დანერგვა.
  • იძულებით გადაადგილებული და ლტოლვილი მოსახლეობის იურიდიული საჭიროებების შესახებ მონაცემთა შეგროვების გაუმჯობესება.
  • იურიდიული დახმარების სათანადო და პროგნოზირებადი სახელმწიფო დაფინანსების უზრუნველყოფა.
  • ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების გაძლიერება და საჩივრებისა და სააპელაციო პროცედურების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
  • თანამშრომლობის გაძლიერება იურიდიული დახმარების ინსტიტუტებს, სოციალური დახმარების სამსახურებს, მიგრაციის ორგანოებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ლტოლვილთა მიერ შექმნილ ჯგუფებს შორის.

კვლევის დასკვნაში ხაზგასმულია, რომ ამ რეკომენდაციების შესრულება დადებითად აისახება არა მხოლოდ იძულებით გადაადგილებულ და ლტოლვილ მოსახლეობაზე, არამედ იურიდიული დახმარების მაძიებელ ნებისმიერი ადამიანზე.

ავტორები

სტეფანი ლემკე, სერგეი გაზინიანი, თათია ლომთაძე, ვეჩესლავ ბალანი, ნატალია რებენკო 

დისქლეიმერი

კვლევა მომზადებულია UNDP-სა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ ასახავდეს  UNDP-სა და გერმანიის მთავრობის თვალსაზრისს.