გისმენთ და გვესმის

საქართველოში ყველაზე ხშირად 112-ზე რეკავენ. თუმცა გადაუდებელი დახმარების სამსახურთან დაკავშირება შესაძლებელია მხოლოდ სატელეფონო ზარით, რაც ავტომატურად გამორიცხავს ყრუ და სმენადაქვეითებულ ადამიანებს

7 ივნისი 2018

საქართველოში ყველაზე ხშირად 112-ზე რეკავენ. მხოლოდ 2013 წელს, გადაუდებელი დახმარების ერთიან ოპერატიულ ცენტრში 8 მილიონზე მეტი ზარი შევიდა. 

112-ის ვებ გვერდზე განთავსებულია ამომწურავი ინფორმაცია მათთვის, ვისაც გადაუდებელი დახმარება სჭირდება: სპეციალური სექცია ბავშვებისათვის, ვიდეო ტური და ხშირად დასმული შეკითხვები. ყველაფერი გარდა იმისა, თუ როგორ უნდა დაუკავშირდნენ სამსახურს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მაგალითად ისინი, ვისაც არ ესმით და ვერ მეტყველებენ. 

112-თან დაკავშირება შესაძლებელია მხოლოდ სატელეფონო ზარით, რაც ავტომატურად გამორიცხავს ყრუ და სმენადაქვეითებულ ადამიანებს.

საქართველოში ჯერაც არ შექმნილა ინკლუზიური გარემო, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესებსა და უფლებებს გაითვალისწინებდა.

2014 წელს ქვეყანამ რატიციფირება გაუკეთა გაეროს შესაბამის კონვენციას. თუმცა, ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად და ისეთი საბაზისო სოციალური მომსახურების უზრუნველსაყოფად, როგორიცაა, განათლება, ჯანდაცვა, გადაუდებელი დახმარების სამსახური.

მაია მეტონიძე, საქართველოს ყრუთა კავშირის წარმომადგენელი, ამბობს, რომ გადაუდებელი დახმარება მხოლოდ ერთ-ერთია იმ უამრავ პრობლემას შორის, რომელსაც ყოველდღიურად აწყდებიან ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანები.

„მათი სახლში მარტო დატოვებაც კი საშიშია. ხანძარი რომ გაჩნდეს, ხმას ვერავის მიაწვდენენ.“

მდგომარეობის გამოსასწორებლად,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტი თანამშრომლობს გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და შვედეთის მთავრობასთან. მისი მიზანია, შექმნას მომსახურების ისეთი მოდელი, რომელიც თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, მათ შორის ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისათვის.

2014 წლის სექტემბერში, 112-ის დელეგაცია გაემგზავრა ირლანდიაში, სადაც გაეცნო სატელეკომუნიკაციო კომპანიის BT Communication Ireland Limited გამოცდილებასა და ახალ ტექნოლოგიურ მიდგომებს გადაუდებელი დახმარების მიწოდების საქმეში.

ამას მოჰყვება სამდღიანი შეხვედრა - ე.წ. კრეატული აზროვნების სემინარი თბილისში, რომელშიც მონაწილებას მიიღებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტები და 112-ის წარმომადგენლები. სემინარს გაუძღვებიან UNDP-ის მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები.

მონაწილეები ნაბიჯ-ნაბიჯ გაივლიან სიმულაციურ დავალებას: გაითამაშებენ საგანგებო სიტუაციის სრულ პროცესს თავდაპირველი ზარიდან დახმარების აღმოჩენამდე და  შექმნიან 112-ის ახალი მომსახურების პროტოტიპს.

„ჩვენი მიზანია 112-ის ხელმისაწვდომი მომსახურება ყველასთვის. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მონაწილეობა მეტად მნიშვნელოვანია. ყრუ და სმენადაქვეითებულმა პირებმა ყველაზე უკეთ იციან, თუ მომსახურების რომელი მოდელია მათთვის მისაღები, და თავად მოგვაწოდებენ პირველად ინფორმაციას“, - ამბობს თეა გზირიშვილი, 112-ის ხელმძღვანელის მოადგილე.

ამირან ბატატუნაშვილი, საქართველოს ყრუთა კავშირის ხელმძღვანელი, ბავშვობიდან სმენადაქვეითებულია. ის აქტიურად მონაწილეობს 112-ის ახალი მომსახურების შექმნის პროცესში:

„ინტერესით ველოდები სემინარს. კარგია, რომ ჩვენი აზრი გათვალისწინებული იქნება.“

ყრუ და სმენადქვეითებული პირების აზრი მთავარი დასაყრდენი უნდა გახდეს 112-ის ახალი მომსახურების შექმნისას.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ჩვენი საზოგადოების განუყოფელი, მაგრამ ხშირად უხილავი და უხმო, ნაწილი არიან. 112-ის ახალი მომსახურება ერთ-ერთი ნაბიჯია ისეთი საზოგადოებისაკენ, სადაც თანაბრად გათვალისწინებულია ყველას უფლება და საჭიროება.