Women in STEM

პროექტი

გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის - ფაზა 3

მიმოხილვა 

გაეროს ერთობლივ პროგრამას გენდერული თანასწორობისთვის (UNJP4GE) ერთობლივად ახორციელებს გაეროს სამი სააგენტო - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), შვედეთის მთავრობის დაფინანსებით. 

პროგრამის მთავარი მიმართულებებია ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერება, ძალადობისა და მავნე პრაქტიკების აღმოფხვრა, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის პოლიტიკისა და სერვისების გაუმჯობესება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება გენდერულ თანასწორობასა და ქალთა უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე. 

პროგრამის მიზანია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მთლიანად საზოგადების გაძლიერება გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების მხარდაჭერისთვის.

პროგრამის მესამე ეტაპი 2022 წელს დაიწყო და 2026 წლამდე გაგრძელდება. დაგეგმილი აქტივობები ხორციელდება როგორც თბილისში, ისე საქართველოს რეგიონებში, მათ შორის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გურიაში, კახეთში, რაჭასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში.

რას ვაკეთებთ

UNJP4GE პროგრამის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობს ქალთა პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაძლიერებას საკანონმდებლო, ინსტიტუციურ და ადგილობრივ დონეზე: 

  • ნორმატიული დონე: კონსულტაციებისა და ტექნიკური დახმარების გზით, ხელს ვუწყობთ ეროვნულ კანონმდებლობაში გენდერული თანასწორობის პრინციპების ასახვას საერთაშორისო ნორმების შესაბამისად.
  • ინსტიტუციური დონე: სისტემურად მხარს ვუჭერთ ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერების ხელშემწყობი პოლიტიკის შემუშავების, კოორდინირებისა და განხორციელების შესაძლებლობების გაზრდას. ხელს ვუწყობთ გენდერულად პასუხისმგებლიანი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებას და შესაბამისი მონიტორინგისა და შეფასების (M&E) ინსტრუმენტების შექმნასა და გამოყენებას.
  • ადგილობრივი დონე: მხარს ვუჭერთ ინფორმაციის გავრცელებას გენდერული თანასწორობისა და ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური უფლებების შესახებ, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ადვოკატირების პლატფორმების შექმნას გადაწყვეტილების მიმღებთა, სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით.

შედეგები 2025 წლის მდგომარეობით

UNJP4GE პროგრამის მესამე ეტაპზე, გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა განხორციელდა:  

  • საქართველოს პარლამენტმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ეროვნული ხედვა შეიმუშავა, ხოლო 2023 წლის მარტში, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პირველი სახელმწიფო კონცეფცია მიიღო. ამ დოკუმენტით გათვალისწინებული ქმედებები ადამიანის უფლებათა დაცვის 2024–2026 წლების ეროვნულ სამოქმედო გეგმაში აისახა.
  • პოლიტიკურ პარტიებში ჩამოყალიბდა და განვითარდა ქალთა და ახალგაზრდული ორგანიზაციები, რამაც ხელი შეწყო ქალებისა და ახალგაზრდების უფრო აქტიურ ჩართულობას პოლიტიკურ საქმიანობაში, გადაწყვეტილების მიღებასა და თანასწორი და წარმომადგენლობითი პოლიტიკური დღის წესრიგის ადვოკატირებაში.
  • 2024 წლის საპარლამენტო არჩვენების წინა პერიოდში, UNDP-მ მხარი დაუჭირა შიდაპარტიული დემოკრატიის მექანიზმების გაძლიერებას ათ პოლიტიკურ პარტიასა და ერთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაში, რამაც წვლილი შეიტანა პოლიტიკურ პარტიებში უფრო დემოკრატიული და ინკლუზიური გადაწყვეტილების მიღების პროცესების დამკვიდრებაში.
  • 300-ზე მეტმა საკრებულოს წევრმა ქალმა სხვადასხვა რეგიონიდან და პოლიტიკური პარტიიდან ისარგებლა სემინარებით, ტრენინგებითა და სხვა საგანმანათლებლო აქტივობებით. შეძენილი ცოდნისა და უნარების შედეგად, გაიზარდა მათი როლი და გავლენა პოლიტიკურ პარტიებში.
  • 2022 წელს, UNDP-მ მხარი დაუჭირა სსიპ „შრომის ინსპექციის სამსახურის“ საკონსულტაციო ცენტრის ამოქმედებას, რომელიც 2022 წლის მაისიდან ფუნქციონირებს და შრომის უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. ჩვენი ხელშეწყობით, ასევე შემუშავდა ილუსტრირებული შრომის ლექსიკონი, რომელიც შრომის ინსპექციის სამსახურის ვებგვერდზეა განთავსებული.
  • აჭარის, მცხეთა-მთიანეთისა და გურიის ხუთ მუნიციპალიტეტში დაიწყო ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მუნიციპალური საბიუჯეტო პროგრამები ინკლუზიური, თანასწორი და შედეგზე ორიენტირებული ადგილობრივი სოციალურ-ეკონომიკური სერვისების განვითარების მიზნით. ამ პროგრამების ფარგლებში, 50-მდე მეწარმე ქალმა მიიღო 126,000 ლარზე მეტი ოდენობის ბიზნეს დახმარება წარმოების გაუმჯობესების, გაყიდვების დივერსიფიცირებისა და შემოსავლის გაზრდის მიზნით. UNDP-ის წვლილი შეჰქონდა როგორც თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილ დახმარებაში, ისე გრანტების ტექნიკური და იურიდიული საკითხების გამართვაში.
  • წარმატებით ხორციელდება ჩვენი ახალი ინიციატივა „საუბრები ზრუნვის ეკონომიკაზე“. ეს დინამიური სადისკუსიო პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს ზრუნვის საქმეში ჩართულ ადამიანებს - მაგალითად, შინმოვლის მუშაკებს, საბავშვო ბაღის აღმზრდელებს, ექთნებს, პერსონალურ ასისტენტებსა და ძიძებს, იმსჯელონ ზრუნვის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის გამოწვევებსა და პერსპექტივებზე და ერთად განიხილონ შესაძლო გადაწყვეტები, რომლებიც შემდგომში კანონმდებლობასა და პოლიტიკის დოკუმენტებში უნდა აისახოს. 2024-2025 წლებში, ხუთი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც 70-ზე მეტი მონაწილე ჩაერთო.
  • კერძო სექტორთან თანამშრომლობის ფარგლებში, UNDP-მ კიდევ უფრო გააფართოვა მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა, რომელიც საქართველოს ბანკთან მჭიდრო პარტნიორობით საქართველოს ყველა რეგიონში ხორციელდება. ამ უნიკალური ინიციატივის მეშვეობით, მეწარმე ქალები იღებენ მრავალმხრივ მხარდაჭერას ოთხი ძირითადი მიმართულებით: ბიზნეს განათლება, ქოუჩინგი, პროდუქტის შექმნა და მასშტაბირება და საპარტნიორო ქსელის ჩამოყალიბება. 2025 წლის აპრილისთვის, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამით 200-მა მეწარმე ქალმა ისარგებლა.
  • გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) თანამშრომლობით, ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა „კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულებები“. ეს კვლევა საქართველოში უკვე მესამედ ტარდება, რაც საზოგადოებრივი აზრისა და დამოკიდებულებების 12-წლიანი დინამიკის შესწავლისა და ანალიზის შესაძლებლობას იძლევა.
  • UNDP განაგრძობს ქალთა სათემო ჯგუფების მხარდაჭერას, რომლებიც მუნიციპალიტეტებთან კოორდინირებით, ჩართულები არიან ადგილობრივი პრობლემის გამოვლენასა და მოგვარებაში. 2022-2025 წლებში, 27-მა ქალთა სათემო ჯგუფმა, მათ შორის 12-მა ახლადჩამოყალიბებულმა ჯგუფმა კახეთის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში, მიიღო მიკროგრანტები ადგილობრივი ინიციატივების განხორციელებისთვის და ტექნიკური დახმარება სამოქმედო გეგმების შემუშავების მიმართულებით. ქალთა სათემო ჯგუფების ინიციატივით, 2024 წლის ბიუჯეტში ადგილობრივ თვითმმართველობებში განსახილველად 119 საკითხი იქნა წარდგენილი, მათ შორის 34 (28%) წარმატებით მოგვარდა.
  • ასევე გრძელდება UNDP-ის მხარდაჭერა მეცნიერებაში, ტექნოლოგიაში, ინჟინერიასა და მათემატიკაში (STEM)  და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში (ICT) ქალთა ჩართულობის მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქალებისა და გოგოების მონაწილეობას სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაში, მათ შორის ჰაკათონებში, AI ბუთკემპებში და DataFest-ის სასტიპენდიო პროგრამებში. ამ დახმარებით უკვე 345-მა ქალმა და გოგომ ისარგებლა.

საკონტაქტო ინფორმცია

მისამართი

კავსაძის ქ. 3
თბილისი

საკონტაქტო პირები

ია დადუნაშვილი
პროექტის მენეჯერი
ia.dadunashvili@undp.org 

გიგი ბრეგაძე 
UNDP-ის დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი 
gigi.bregadze@undp.org 

დამატებითი ინფორმაცია

Active filters: