ერთად ადამიანისა და პლანეტისთვის!

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, ლაგოდეხში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა

6 October 2023
People & Planet Festival 2023
ფოტოს ავტორი: UNDP/ვლადიმირ ვალიშვილი

6-7 ოქტომბერს, კახეთის ულამაზესი ქალაქი, ლაგოდეხი თანასწორობის, უფლებების, კლიმატგონივრული განვითარებისა და ევროპული მომავლის სივრცედ გადაიქცა. ფესტივალმა „ადამიანი & პლანეტა“, რომელიც ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით გაიმართა, ადგილობრივი ახალგაზრდები, გადაწყვეტილების მიმღები პირები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები გააერთიანა. 

ღონისძიებამ ხაზი გაუსვა ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას ქვეყნის მდგრადი მომავლის მშენებლობაში, წარმოაჩინა ევროკავშირის დახმარება საქართველოს მიმართ და გააცნო მონაწილეებს რამდენიმე საკვანძო ინიციატივა, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამის უშუალო ჩართულობით ხორციელდება.

„გვჯერა, რომ ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა საფუძველს ჩაუყრის უფრო თანასწორ, სამართლიან და ინკლუზიურ მომავალს. ევროკავშირთან და ჩვენს ეროვნულ პარტნიორებთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებთან, რათა მათი ხმა გავაძლიეროთ.“
ანნა ჩერნიშოვა, გაეროს განვითარების პროგრამის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში
"ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მდგრადი განვითარების გზაზე. ახალგაზრდების ჩართულობა, ადამიანის უფლებების დაცვა და კლიმატგონივრული დღის წესრიგი ხელს უწყობს ლიდერთა მომავალი თაობის ჩამოყალიბებას, რაც დადებით ცვლილებას მოუტანს როგორც ადამიანს, ისე პლანეტას."
დანიელ რაკოვსკი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშე-პროგრამის მენეჯერი სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის საკითხებში

ფესტივალის პროგრამა აგებული იყო ინტერაქტიული და საგანმანათლებლო აქტივობების გარშემო. ღონისძიების მონაწილეები და ჩამოსული სტუმრები დაესწრნენ დისკუსიას „საუბრები უფლებებსა და თავისუფლებებზე“, ჩაერთნენ ფოტოგრაფიის მასტერკლასში და მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ინტელექტუალურ და სპორტულ თამაშში. 

ყველა აქტივობას უძღვებოდნენ საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ადამიანები, რომელთაც საკუთარი საქმით წვლილი შეაქვთ საქართველოს მდგრადი და თანასწორი, ევროპული მომავლის მშენებლობაში: 

  • ლადო აფხაზავა, საზოგადოებრივი მეცნიერებების მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი.
  • დავით გორგილაძე, მწერალი, ჟურნალისტი და პუბლიცისტი.
  • ლელი ბლაგონრავოვა, ცნობილი ფოტოგრაფი და ფოტო დოკუმენტალისტი.

ადგილობრივმა თოჯინების თეატრმა, რაჟდენ კერვალიშვილის ხელმძღვანელობით, წარმოადგინა დაუვიწყარი სპექტაკლი „ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“, რომელმაც ყველა ასაკის მაყურებელს მოუთხრო პერსონალური მონაცემების დაცვისა და ციფრული უსაფრთხოების შესახებ. 

ფესტივალი დაიხურა პარაოლიმპიური სპორტული თამაშით ბოჩა, სადაც ერთმანეთს მეგობრულ მატჩში შეხვდნენ  ლაგოდეხისა და სიღნაღის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გუნდები.

ევროკავშირისა და UNDP-ის წარმომადგენლებთან ერთად, ფესტივალს „ადამიანი & პლანეტა“ მასპინძლობდნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი და მერის მოადგილე ნინო ბატიაშვილი. 

ფესტივალს დაესწრნენ მოწვეული სტუმრები, მათ შორის, ვესელინ პეტროვ ვალკანოვი, ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში; მარკოს გრანადოს გომესი, ესპანეთის საქმეთა რწმუნებული საქართველოში; ნიკო თათულაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში; ლია გიგაური, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე; და ნიკოლოზ პოპიაშვილი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის აპარატის უფროსი.

საკონტაქტო ინფორმაცია: