ადამიანის უფლებების დღე 2022: ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია

გაეროს განვითარების პროგრამა და ნორვეგია იწყებენ ახალ პროექტს საქართველოში ადამიანის უფლებების დასაცავად

5 December 2022
ფოტოს ავტორი: UNDP/ნინო ზედგინიძე

ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ნორვეგია ხმას იმაღლებენ საქართველოს საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი და მარგინალური ჯგუფების უფლებების დასაცავად. ახალი ინიციატივა „ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია“ (LEAD) ხელს შეუწყობს ინსტიტუციურ, საკანონმდებლო და სოციალურ ცვლილებებს, რომლებიც დისკრიმინაციის დაძლევასა და ადამიანის უფლებების სრულფასოვან დაცვას განაპირობებს.

4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამწლიანი პროექტი 2023-2025 წლებში, ნორვეგიის დაფინანსებითა და პარტნიორებისა და მხარდამჭერების ფართო წრესთან თანამშრომლობით განხორციელდება.

LEAD პროექტის საჯარო წარდგენას, რომელიც 5 დეკემბერს გაიმართა, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სტუმრებს სიტყვით მიმართეს ნორვეგიის ელჩმა საქართველოში ჰელენ სანდ ანდრესენმა და UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა.

„საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ადამიანის უფლებების დაცვის გზაზე, მათ შორის საკანონმდებლო ჩარჩოსა და პოლიტიკის განვითარების მიმართულებით. თუმცა, ამ პროგრესული კანონმდებლობის პრაქტიკული განხორციელება, ისევე როგორც საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური პრაქტიკა, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს. ნორვეგიას მიზანმიმართული მუშაობისა და ინვესტირების წლები დასჭირდა იმისთვის, რომ მეტი თანასწორობისთვის საჭირო ცვლილებებისთვის მიეღწია. საქართველომაც ეს გზა უნდა გაიაროს, რაშიც მზად ვართ, რომ დავეხმაროთ. ჩვენი მიდგომა სამმხრივ საქმიანობას ითვალისწინებს - მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერებას, საზოგადოებრივი დამოკიდებულებების შეცვლას და სახელმწიფო ინსტიტუტების ხელშეწყობას დემოკრატიული რეფორმების გატარების საქმეში.“
ჰელენ სანდ ანდრესენი, ნორვეგიის ელჩი საქართველოში
„დემოკრატიულ საზოგადოებებს კარგად ესმით, რომ ადამიანის უფლებების დაცვა აუცილებელია ისეთი საზოგადოების მშენებლობისთვის, სადაც ყველა ადამიანი მშვიდობიანად თანაცხოვრობს და წარმატებასა და ბედნიერებას ესწრაფვის. ადამიანის უფლებათა კვირეული კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა დავადასტუროთ ადამიანის უფლებების საყოველთაო დაცვის მიმართ და მხარში დავუდგეთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, მათ შორის ეროვნულ და რელიგიურ უმცირესობებსა და ლგბტქი+ თემის წარმომადგენლებს.“
ნიკ ბერესფორდი, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში

ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ ადამიანის უფლებების აქტივისტები, რომელთაც პირადი ისტორიების მაგალითზე საზოგადოებაში არსებულ გამოწვევებსა და წარმატებებზე ისაუბრეს.

დისკრიმინაციული სოციალური პრაქტიკა და ადამიანის უფლებების დარღვევები ხშირ შემთხვევაში ჩრდილავს იმ უდავო წარმატებას, რომელსაც საქართველომ თანასწორობის გზაზე მიაღწია. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საქართველომ მიიღო კანონები და შეიმუშავა პოლიტიკა, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართ სახელმწიფოს მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ამ საკვანძო დოკუმენტების სიაშია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონი (2014), სახელმწიფო ენის შესახებ კანონი (2015), ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია (2014-2020) და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო სტრატეგია (2021-2030).

LEAD პროექტის მეშვეობით, UNDP და ნორვეგია მხარს დაუჭერენ ამ პროგრესული საკანონმდებლო ჩარჩოს განხორციელებას და იმ ბარიერების მოხსნას, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას აფერხებს.

საკონტაქტო ინფორმაცია