უკრაინელ მეწარმეთა წარმატება საქართველოში

გერმანიის მთავრობის, გაეროს განვითარების პროგრამისა და ქეა კავკასიას ხელშეწყობით, ლტოლვილ მეწარმეთა მხარდაჭერა იზრდება

16 ივლისი 2025
Ukrainian Entrepreneurs in Georgia
ფოტოს ავტორი: UNDP/გელა ბედიანაშვილი

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ქეა კავკასია, გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით, მხარს უჭერენ უკრაინელ ლტოლვილთა ეკონომიკურ მდგრადობას და წარმატებული ბიზნეს პროექტების განხორციელებას საქართველოში.

2022 წლიდან, ამ დახმარების ფარგლებში, 30-ზე მეტი წარმატებული მცირე და საშუალო საწარმო ამოქმედდა, ხოლო 16 ივლისს მათ რიცხვს კიდევ 21 ლტოლვილთა მიერ დაფუძნებული ბიზნესი, მათ შორის 19 უკრაინული საწარმო შეუერთდა.

თბილისის უკრაინულ სახლში გამართულ ღონისძიებაზე, გერმანიის საელჩოს, გაეროსა და ქეა კავკასიას წარმომადგენლებმა, უკრაინელ მეწარმეებს სერტიფიკატები გადასცეს და გასული ორი წლის მანძილზე მიღწეული შედეგები შეაჯამეს. ღონისძიების მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს საერთაშორისო მხარდაჭერის გადამწყვეტ მნიშვნელობას გრძელვადიანი ეკონომიკური აღდგენისა და ლტოლვილთა ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფისთვის.

„გერმანიის მთავრობის მიზანმიმართული ეკონომიკური მხარდაჭერა ჰუმანიტარულ დახმარებას გრძელვადიან შესაძლებლობად აქცევს. ეს წარმატებული უკრაინული საწარმოები არა მხოლოდ ეხმარება უკრაინელ ხალხს, გაუმკლავდეს რუსეთის თავდასხმას მათ ქვეყანაზე. მათ სათანადო წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკაშიც, როგორც გადასახადების გადახდით, ისე სამუშაო ადგილების შექმნითა და ახალი ცოდნისა და ბიზნეს იდეების დანერგვით“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა.

დიდიე ტღებიუკმა, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, უკრაინელ მეწარმეთა მედეგობასა და სიმტკიცეს გაუსვა ხაზი. „თითოეული წარმატებული ბიზნეს პროექტის მიღმა მტკიცე, შეუპოვარი და ღირსეული ადამიანები არიან. შთამბეჭდავია, რომ უკრაინულ საწარმოთა უმეტესობას ქალები უძღვებიან და მათ გვერდზე მდგომ ადამიანებსა და თემებს აძლიერებენ“, - აღნიშნა მან.

„გერმანიის მთავრობასა და გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად, მოხარულები ვართ, კიდევ უფრო გავაფართოვოთ ჩვენი ხელშეწყობა და მეტ ლტოლვილ მეწარმეს დავეხმაროთ. ჩვენი მიზანია, დავაგროვოთ და გამოვიყენოთ წარმატებული ბიზნეს პროექტების გამოცდილება, მეტ ადამიანს მივწვდეთ და მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ აღდგენას შეუწყოთ ხელი“, - თქვა ქეთევან ხაჩიძემ, ქეა კავკასიას აღმასრულებელმა დირექტორმა.

შედეგები 2025 წლის ივლისის მდგომარეობით

2022 წლიდან, გერმანიის მთავრობის, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ქეა კავკასიას მხარდაჭერამ ლტოლვილთა მიერ საქართველოში დაფუძნებულ ბიზნესებს მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანა: 

  • 39 მხარდაჭერილი ბიზნესიდან 32 სრულად ფუნქციურია და აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა.
  • ამ 32-მა აქტიურმა საწარმომ 16 თვის განმავლობაში, 8.4 მილიონი ლარის შემოსავალი და 2 მილიონი ლარის მოგება მიიღო, საშუალოდ 50%-იანი მოგების მარჟით.
  • საერთო ჯამში, 370,814 ლარის საგრანტო ინვესტიციამ 552%-იანი უკუგება მოიტანა, რაც ეფექტიანი და მიზნობრივი მხარდაჭერის მნიშვნელობას ადასტურებს.
  • აღნიშნული მცირე და საშუალო საწარმოები საქართველოს ბიუჯეტში გადასახადების სახით ყოველწლიურად 73,000 ლარს შეიტანენ. ეს ცხადყოფს, რომ მიზანმიმართული დახმარების პირობებში, ლტოლვილ მეწარმეებს შეძლიათ არა მხოლოდ პასიურად მიიღონ მათთვის განკუთვნილი ხელშეწყობა, არამედ აქტიურად ჩაერთონ მასპინძელი ქვეყნის ეკონომიკაში.
  • პროექტის ფარგლებში მხარდაჭერილ ლტოლვილ მეწარმეთა უმეტესობა უკრაინელია. მათი საქმიანობა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორზე ვრცელდება, სარესტორნო ბიზნესიდან, ხელნაკეთი ნივთების წარმოებასა და ტექნოლოგიებამდე.
  • პროექტისთვის დამახასიათებელია კომპლექსური მიდგომა, რომელიც ბიზნესის პირდაპირი ხელშეწყობის გარდა, მეწარმეებს ბიზნეს-ტრენინგებს, ენის შესწავლის პროგრამებსა და მენტორობას სთავაზობს. ეს აძლიერებს ლტოლვილ მეწარმეთა ეკონომიკურ და სოციალურ მედეგობას, აშენებს ნდობას და აჩენს მიკუთვნების განცდას. 

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ კვლევის ანგარიში.

დამატებითი ინფორმაცია

ლტოლვილთა ხელშეწყობა გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) უფრო მასშტაბური პროექტის ნაწილია, „კანონის უზენაესობის გაუმჯობესება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ყველასთვის“. ლტოლვილთა ხელშეწყობის კომპონენტი ქეა კავკასიასთან თანამშრომლობით ხორციელდება. 

საკონტაქტო ინფორმაცია