თანასწორობის ხელშეწყობა და ახალგაზრდების გაძლიერება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში

UNDP და ნორვეგია მხარს უჭერენ ადგილობრივ განვითარებას, სამოქალაქო ჩართულობას, თანასწორობასა და მრავალფეროვნებას

26 ნოემბერი 2025
Adult Education Center
ფოტოს ავტორი: UNDP/ გელა ბედიანაშვილი

20-21 ნოემბერს გაიმართა ნორვეგიის ელჩის საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდისა და UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის საქართველოში დაგლას უების სამუშაო ვიზიტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. სტუმრები რამდენიმე ქალაქსა და დასახლებას ეწვივნენ და ადგილობრივ ახალგაზრდებს, ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრების მსვლელობაში, მათ ხაზი გაუსვეს, რომ სამოქალაქო ინტეგრაცია სხვადასხვა თაობას, სოციალურ ჯგუფსა თუ ეთნიკურ უმცირესობას შორის თანასწორი და წარმატებული საზოგადოების საფუძველია.

მათ ასევე ისაუბრეს ადგილობრივ განვითარებასთან დაკავშირებულ პროექტებზე, რომლებიც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, ხარისხიან განათლებასა და სამოქალაქო ჩართულობას.

ვიზიტის დასასრულს, ნორვეგიის ელჩი და UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი ბორჯომში გაემგზავრნენ, სადაც ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდნენ. 

გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ერთობლივი საგანმანათლებლო ბანაკი კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონების ახალგაზრდებს აერთიანებს და ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის საკითხებს ეძღვნება.

„ახალგაზრდების ენერგიამ და შემართებამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მათ უყვართ თავიანთი ქვეყანა და მზად არიან მისი მომავლისთვის იშრომონ. მოხარული ვარ, რომ ნორვეგიის მხარდაჭერით განხორციელებული ინიციატივები ხელს უწყობს ამ ახალგაზრდებს, რათა უკეთესი განათლება მიიღონ და საკუთარ მიზნებს მიაღწიონ. ნორვეგია კვლავაც გააგრძელებს საქართველოს ხელშეწყობას ადამიანის უფლებების, თანასწორობისა და მრავალფეროვნების პრინციპებზე დაფუძნებული მედეგი საზოგადოების მშენებლობაში“, - განაცხადა ნორვეგიის ელჩმა საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდმა. 

„დღევანდელი ახალგაზრდები აქტიურად ეძებენ პასუხებს თანამედროვეობის გამოწვევებზე და უკვე ცდიან ახალ გადაწყვეტებს უკეთესი მომავლისთვის. საქართველოს ყველა რეგიონში ვხედავ ნიჭიერ, შემოქმედებით და ენერგიულ ახალგაზრდებს, რომლებიც მზად არიან მათი ქვეყნის მდგრად განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ. გაეროს განვითარების პროგრამა თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ამ ახალგაზრდებს კარი გაუღოს, მათთვის სასწავლო შესაძლებლობები უზრუნველყოს, მათ აქტივობებს მხარი დაუჭიროს, ხოლო მათი ხმა მთელ საზოგადოებას გააგონოს“, - აღნიშნა დაგლას უებმა, UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.

სამცხე-ჯავახეთის ვიზიტამდე, UNDP-სა და ნორვეგიის საელჩოს წარმომადგენლებმა ქვემო ქართლის რეგიონიც მოინახულეს, სადაც ნორვეგიის ფინანსური ხელშეწყობით, სხვადასხვა ინიციატივა ხორციელდება. ნორვეგიისა და UNDP-ის თანამშრომლობის მიზანია თანასწორობის მიღწევა, მრავალფეროვნების მხარდაჭერა, ახალგაზრდებისა და ქალების გაძლიერება, და ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობების შექმნა.

დამატებითი ინფორმაცია

ნორვეგიის მხრიდან 4 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ახორციელებს პროექტს „LEAD: ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება, დემოკრატია“, რომელიც ხელს უწყობს უმცირესობათა უფლებების დაცვას, დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებასა და ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერებას.  

საკონტაქტო ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის