იდეების კონკურსი: ნდობის აღდგენის ინიციატივები

3 თებერვალი 2026
Confidence building
Photo: UNDP Georgia/Gela Bedianashvili

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივა „გრძელვადიანი და ინკლუზიური მშვიდობისთვის“ – მეორე ფაზა  (FLIP II) აცხადებს კონკურსს ნდობის აღდგენისკენ მიმართული, კონტექსტზე მორგებული ქმედითი საგრანტო იდეების მისაღებად. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ რეგისტრირებულ ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს (CSO), ანალიტიკურ ან კვლევით ცენტრებს და აკადემიურ ინსტიტუტებს. განსაკუთრებით წახალისებულია ქალებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების, ასევე სათემო და რეგიონული ორგანიზაციების მონაწილეობა. 

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს (INGO) განაცხადის წარდგენა შეუძლიათ შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში. წარმოდგენილი საგრანტო იდეები უნდა იყოს კონფლიქტისადმი სენსიტიური და ინკლუზიური, ამავდროულად, შეესაბამებოდეს ადგილობრივ საჭიროებებსა და პრიორიტეტებს და ხელს უწყობდეს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე მიზნის მიღწევას:

  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ განხორციელებული ინკლუზიური ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს უწყობს ნდობის აღდგენასა და თემატურ თანამშრომლობას როგორც უშუალოდ თემის შიგნით, ასევე სხვადასხვა თემს შორის. აღნიშნული ინიციატივები შეიძლება მოიცავდეს სოციალურ სერვისებსა და განათლებაზე წვდომის გაუმჯობესებას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის,  განსაკუთრებული აქცენტით ქალებზე, ახალგაზრდებზე, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირებსა და სხვა მოწყვლად ჯგუფებზე. პრიორიტეტი მიენიჭება იმ ინიციატივებს, რომლებიც სხვადასხვა თემს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად.
  • სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე მიმდინარე დიალოგსა და ნდობის აღდგენის პროცესში ეფექტიანი მონაწილეობის მიღებისა და აღნიშნული ინიციატივების განხორციელების უზრუნველსაყოფად.
  • ინკლუზიური და მონაწილეობითი პროცესების ხელშეწყობა, რომლებიც დიალოგსა და ნდობის აღდგენის პროცესში ახალგაზრდების, ქალებისა და მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობას აძლიერებს.
  • კონფლიქტის პრევენციისა და ნდობის აღდგენის მდგრადი მიდგომების მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს სოციალური შეჭიდულობისა და გრძელვადიანი მშვიდობის დამკვიდრებას ადგილობრივ დონეზე.

ყველა საგრანტო იდეა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: 

  • ასახავდეს ადგილობრივი კონტექსტისა და საჭიროებების სიღრმისეულ ცოდნას.
  • ეფუძნებოდეს „არ ავნო“ (Do No Harm) მიდგომას. 
  • უზრუნველყოფდეს ადგილობრივ დონეზე აქტიურ ჩართულობას.
  • ითვალისწინებდეს ინკლუზიურობისა და მდგრადობის პრინციპებს.

 

ზოგადი ინფორმაცია

FLIP II-ის მიზანია ადგილობრივ დონეზე განხორციელებული და კონტექსტზე მორგებული ნდობის აღდგენის ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ეხმარება მდგრადი და ხელშემწყობი გარემოს შექმნას გრძელვადიანი მშვიდობის დასამკვიდრებლად და უფრო შეკავშირებული საზოგადოების მშენებლობას.

FLIP II მხარს დაუჭერს როგორც გამოცდილ, ისე ახალბედა ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ინიციატივებს, რომლებიც მზად არიან მშვიდობის აღდგენაზე მიმართულ, ადგილობრივი წიაღიდან წამოსული იდეების განხორციელებაში წამყვანი როლი შეასრულონ. აღნიშნული მიზნის მიღწევა შესაძლებელია არსებული თანამშრომლობის, ექსპერტიზისა და პარტნიორთა ქსელების გამოყენებით როგორც კონფლიქტით გაყოფილი თემის შიგნით, ისე თემებს შორის, ასევე, იმ ორგანიზაციების ჩართულობით, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი გამოცდილება, თუმცა სურთ ადგილობრივი ნდობის აღდგენის პროცესში წვლილის შეტანა. შემოთავაზებული ინიციატივების მიზანი უნდა იყოს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული საჭიროებების და გამოწვევების დაკმაყოფილება, ასევე მდგრადი გადაწყვეტის გზების მოძიება ადამიანებს შორის კონტაქტების დამყარებისა და კონსტრუქციული თემატური თანამშრომლობის საშუალებით.

ყველა მხარდაჭერილი ინიციატივისგან ველით, რომ ისინი გამოიყენებენ ინკლუზიურ, გენდერულ საკითხებზე ორიენტირებულ და კონფლიქტისადმი მგრძნობიარე მიდგომას, ხელს შეუწყობენ ახალგაზრდების გაძლიერებას და მიზნობრივი ძალისხმევით უზრუნველყოფენ მოწყვლადი ჯგუფების ჩართვას.

კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია, გამოავლინოს რეალურ შედეგებსა და ნდობის აღდგენაზე მიმართული ინიციატივები, რომლებიც კონფლიქტით დაზარალებული თემის შიგნით და თემებს შორის განხორციელდება ინკლუზიური და ადგილობრივი სამშვიდობო პროცესების ხელშესაწყობად.

პრიორიტეტის მინიჭება

FLIP II-ის მიზანია მხარი დაუჭიროს საგრანტო იდეებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მშვიდობაზე ორიენტირებულ მდგრად თანამშრომლობას და მკაფიო და დადებით წვლილს შეიტანს ნდობის მშენებლობის საქმეში, როგორც კონფლიქტით დაზარალებულ თემების შიგნით, ასევე მათ შორის. შემოთავაზებული ინიციატივები მიმართული უნდა იყოს ნდობის აღდგენისა და პოზიტიური მშვიდობის ხელშეწყობაზე; ამავდროულად ითვალისწინებდეს ისეთი ღონისძიებების მხარდაჭერას, რომლებიც პოტენციური დაძაბულობის, კონფლიქტის ან/და კრიზისის პრევენციას ისახავს მიზნად.

საგრანტო იდეების ღია კონკურსის თემატური არეალი ფართოა და, მათ შორის, ისეთ სფეროებს მოიცავს, როგორიცაა: განათლება, ხელოვნება, კულტურა, ჯანმრთელობა, ახალგაზრდები, მშვიდობა და უსაფრთხოება (YPS), ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება (WPS), გარემოს დაცვა, ადამიანის უფლებები და ციფრული მშვიდობის მშენებლობა.

შემოთავაზებული საგრანტო იდეები უნდა წარმოაჩენდეს ინოვაციურ, სტრატეგიულ, შემოქმედებით და მიზნობრივ ინიციატივებს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ცვლილების თეორიით, და ამავდროულად აჩვენებდეს მდგრადობის, მულტიპლიკატორის ეფექტისა და ადგილობრივ დონეზე აქტიური ჩართულობის ძლიერ პოტენციალსაც, როგორიცაა, მაგალითად:

  • მიზნობრივი და შედეგზე ორიენტირებული ინიციატივები, რომლებმაც ხელშესახები შედეგებით დაამტკიცეს კონფლიქტის ტრანსფორმაციაში შეტანილი წვლილი, როგორიცაა პროფესიული და თემატური დიალოგები კონკრეტულ სფეროებში, მათ შორის: სოციალური სერვისები, განათლება, ხელოვნება, კულტურა, ჯანმრთელობა, გარემოს დაცვა, ადამიანის უფლებები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის მშვიდობის მშენებლობის ციფრულ მეთოდებზე წვდომა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ქალებს, ახალგაზრდებსა და მოწყვლად ჯგუფებს.
  • ინიციატივები, რომლებიც გამყოფი ხაზების ორივე მხარეს შორის ხანგრძლივი თანამშრომლობის პერსპექტივებს ავლენენ და შეესაბამებიან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს 1325-ე (ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება) და 2250-ე (ახალგაზრდები, მშვიდობა და უსაფრთხოება) რეზოლუციებს.
  • ინიციატივები, რომლებიც მოიცავს ძლიერ ანალიტიკურ ან/და აკადემიურ-კვლევით კომპონენტს. 

FLIP II-ის თემატური პრიორიტეტები მრავალფეროვანია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საგრანტო იდეა ნდობის აღდგენის ძლიერ პოტენციალს აჩვენებდეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდებისა და ქალების ლიდერობისა და პერსპექტივების ინტეგრირებას ადგილობრივად მართულ და სამოქალაქო საზოგადოების მიერ განხორციელებულ ინიციატივებში.

ინფორმაცია დაფინანსების შესახებ 

  • აქტივობებისა და განმახორციელებელი პარტნიორების მრავალფეროვნების უზრუნველსაყოფად, თითოეული ორგანიზაციისთვის მოთხოვნილი დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა არის 80,000 აშშ დოლარი;
  • წახალისებულია თანადაფინანსება ან არამატერიალური წვლილის (in-kind contribution) შემოტანა, ჩართულობისა და მდგრადობის კომპონენტის გასაძლიერებლად;
  • გრანტის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 18 თვე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა

საგრანტო იდეების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 22 თებერვალი. აღნიშნული ვადის შემდეგ განაცხადები აღარ მიიღება. 

საგრანტო იდეების შემოტანა: 

თუ გაქვთ ისეთი საგრანტო იდეა, რომელიც FLIP II-ის მიზნების მიღწევას ხელს უწყობს, გთხოვთ, შეავსოთ საგრანტო იდეის წარდგენის ფორმა (დანართი I) და ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: flip@undp.org.

ასევე წახალისებულია პარალელური საგრანტო იდეების შემოტანა.

FLIP II გუნდი მზადაა, რომ პირისპირ ან დისტანციურ რეჟიმში ინდივიდუალურად გაუწიოს კონსულტაცია თითოეულ დაინტერესებულ აპლიკანტს დადამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს „საგრანტო იდეების კონკურსის“ მიზნებისა და პრიორიტეტების შესახებ. კონსულტაცია შეგიძლიათ მოითხოვოთ ელ-ფოსტის მისამართზე: flip@undp.org.

საგრანტო იდეების შერჩევის კრიტერიუმები

  1. FLIP II-ის ზემოთ აღწერილ მიზნებთან შესაბამისობა.
  2. დაზარალებული ადამიანებისა და ადგილობრივი თემების საჭიროებების დაკმაყოფილება და მათი ცხოვრების ხარისხზე ხელშესახები ზეგავლენის მოხდენა.
  3. „არ ავნო“ მიდგომის დანერგვა - გრანტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შედეგად მიყენებული ნებისმიერი პოტენციური ნეგატიური ეფექტის შემცირება და მის მიმართ მგრძნობელობა.
  4. გრანტის განხორციელების მიზანშეწონილობის დასაბუთება - პრობლემის არგუმენტირებულად ფორმულირება, პოტენციური რისკების ანალიზი და მათი შემცირების შესაძლებლობის წარმოდგენა.
  5. გაზომვადი და რეალისტური გრძელვადიანი შედეგების განსაზღვრა.
  6. შემოთავაზებული საგრანტო იდეის მდგრადობის წარმოჩენა.
  7. ხარჯების ეფექტიანად გამოყენება და გრანტის მოსალოდნელ შედეგებთან რესურსების გონივრულად მისადაგება.

შერჩევის პროცესი

ყველა საგრანტო იდეას „ტექნიკური შეფასების კომისია“ განიხილავს. ამის შემდეგ, აღნიშნული კომისია რეკომენდაციას გაუწევს იმ აპლიკანტებს, რომლებსაც სრული საგრანტო განაცხადის წარსადგენად მოიწვევენ. შერჩეული აპლიკანტები შესაბამის შეტყობინებას მიიღებენ. შესარჩევი პროცესის ფარგლებში, ბოლო ეტაპზე გასული აპლიკანტები შეიძლება ასევე მიიწვიონ ტექნიკური შეფასების კომისიის წევრებთან გასაუბრებაზე.

კონკურსანტების შერჩევის კრიტერიუმები

  • აპლიკანტი ოფიციალურად რეგისტრირებული უნდა იყოს როგორც არაკომერციული, არამომგებიანი ორგანიზაცია.
  • აპლიკანტს უნდა ქონდეს გრანტის განსახორციელებლად საკმარისი ადმინისტრაციული, ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობები.
  • სასურველია აპლიკანტს ჰქონდეს დონორებთან მუშაობის კარგი გამოცდილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განსაკუთრებით იმ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და კონსორციუმებს მოვუწოდებთ, რომლებიც ნდობის აღდგენის სფეროში ახლები არიან, იმის გათვალისწინებით, რომ მათი მხრიდან შემოთავაზებულ ინიციატივებში კარგად იქნება წარმოჩენილი ნდობის აღდგენისა და მშვიდობის მშენებლობის ელემენტები, ასევე, მკაფიოდ ნაჩვენები განზრახვა, რომ ეფექტიანი და მდგრადი პარტნიორობის ჩამოყალიბება და ახალი თემატური მიდგომების ათვისება სურთ.

სპეციალური შენიშვნა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის:

მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტური პრიორიტეტი ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მიენიჭებათ, კონკურსში მონაწილეობა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებსაც შეუძლიათ. თუმცა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ხარჯთეფექტიანობის ფაქტორს (საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს ვურჩევთ, მოიძიონ თანადაფინანსება) და მათი საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე დამატებით ღირებულებას. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს ასევე შეუძლიათ, რომგანაცხადი ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან პარტნიორობით შემოიტანონ. 

დისქლეიმერი 

FLIP II-ის გუნდი თითოეული საგრანტო იდეისმიღებას სამი სამუშაო დღის ვადაში დაადასტურებს. თუ ამგვარ დასტურს არ მიიღებთ, გთხოვთ, გუნდს დაუკავშირდეთ მისამართზე: flip@undp.org

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) არ იღებს პასუხისმგებლობას რაიმე სახის ტექნიკურ ხარვეზზე, რასაც წარდგენილი განაცხადის დაგვიანებით მიღება ან/და დაკარგვა შეეძლო გამოეწვია.