გერმანიის მთავრობის, გაეროს განვითარების პროგრამისა და ქეა კავკასიას მხარდაჭერით, საქართველოში მყოფმა ლტოლვილებმა ოთხმოცზე მეტი მცირე საწარმო შექმნეს
ლტოლვილობიდან მეწარმეობამდე
26 მარტი 2026
გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და ქეა კავკასიამ (CARE Caucasus) დაასრულეს ორწლიანი ხელშეწყობის პროექტი საქართველოში მყოფი ლტოლვილების დასახმარებლად. მიღებული მხარდაჭერით, ლტოლვილმა ოჯახებმა, უმეტესწილად უკრაინიდან, მცირე საწარმოები შექმნეს, რამაც მათ ეკონომიკურ დამოუკიდებლობასა და ღირსეულ ცხოვრებას ჩაუყარა საფუძველი.
გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული დახმარება UNDP-ის უფრო მასშტაბური ინიციატივის ნაწილია, რომელიც კანონის უზენაესობის განმტკიცებასა და მართლმსაჯულებაზე წვდომას ემსახურება.
26 მარტს, თბილისში, ლტოლვილ მეწარმეთა გამოფენა გაიმართა, რომელსაც გერმანიის საელჩომ, UNDP-მ და ქეა კავკასიამ ერთად უმასპინძლეს. ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
გამოფენის მონაწილეებმა სტუმრებს წარმატებული ბიზნეს პროექტები გააცნეს და სამომავლო განვითარების გზებზე ისაუბრეს.
„ჩვენმა მიზნობრივმა მხარდაჭერამ შთამბეჭდავი შედეგი გამოიღო. 84 ბიზნესიდან, რომელმაც ამ პროექტის ფარგლებში დახმარება მიიღო, 73 აქტიურად და მდგრადად მუშაობს. ეს საწარმოები სამუშაო ადგილებს ქმნიან და საქართველოს ეკონომიკას ახალ იდეებს სთავაზობენ. ეს ნამდვილი მედეგობაა“, - განაცხადა ესთერ ვაგნერმა, გერმანიის ელჩის მოადგილემ საქართველოში.
„თითოეული წარმატებული საწარმოს მიღმა სიმამაცისა და მიზანდასახულობის ისტორიაა. რესურსებსა და შესაძლებლობებზე წვდომის შედეგად, ადამიანები ხელახლა აშენებენ საკუთარ ცხოვრებას და საზოგადოებას აძლიერებენ“, - აღნიშნა დაგლას უებმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.
2023 წლიდან, გერმანიის მთავრობის, UNDP-სა და ქეა კავკასიას ხელშეწყობით, ლტოლვილმა მეწარმეებმა 73 წარმატებული ბიზნესი და 175 სამუშაო ადგილი შექმნეს. ეს მცირე საწარმოები, რომელთა მოგების მარჟა საშუალოდ 30 პროცენტს შეადგენს, თბილისში, ბათუმში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედებენ. მეწარმეთა 90 პროცენტი ამბობს, რომ ბიზნესის ხელშეწყობის შედეგად, მათი ოჯახების ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.
სულ ლტოლვილ მეწარმეთა დასახმარებლად, 1,000,000-მდე ლარი დაიხარჯა. ამ საგრანტო ინვესტიციამ 200 პროცენტიანი უკუგება მოიტანა (ROI 2.98x), რაც ნიშნავს, რომ წარმატებულმა მეწარმეებმა მათ მიერ მიღებული ფინანსური დახმარება არა მხოლოდ სრულად აითვისეს, არამედ თითქმის გაასამმაგეს. ასეთი ეკონომიკური შედეგი ლტოლვილთა ბიზნეს პროექტების კარგ სამომავლო პერსპექტივებზე მეტყველებს და მიზნობრივი მხარდაჭერის ეფექტიანობას ადასტურებს.
ფინანსური მხარდაჭერასთან ერთად, გერმანიის მთავრობამ, UNDP-მ და ქეა კავკასიამ მეწარმეთა შესაძლებლობების გაზრდაზეც იზრუნეს:
- 198-მა მეწარმემ ბიზნეს ტრენინგი გაიარა.
- 300-ზე მეტმა ლტოლვილი ქოუჩინგის პროგრამებში ჩაერთო.
- 768-მა ლტოლვილმა ბიზნესის წარმოების იურიდიულ და ფინანსურ საკითხებში კონსულტაცია მიიღო.
„ჩვენი თანამშრომლობა ურთიერთმხარდაჭერასა და მდგრადობას ეფუძნება. ლტოლვილი ოჯახები სტაბილურ, დამოუკიდებელ მომავალს აშენებენ. მათი ხელშეწყობა ჩვენთვის საამაყოა“, - განაცხადა ნინო ბოლქვაძემ, ქეა კავკასიას აღმასრულებელმა დირექტორმა.
დამატებითი ინფორმაცია
ლტოლვილთა ხელშეწყობა გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) უფრო მასშტაბური პროექტის ნაწილია, „კანონის უზენაესობის გაუმჯობესება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ყველასთვის“. ლტოლვილთა ხელშეწყობის კომპონენტი ქეა კავკასიასთან თანამშრომლობით ხორციელდება.
საკონტაქტო ინფორმაცია
- სოფიო ქამუშაძე, ქეა კავკასია, +995 599 619962, sofia.kamushadze@care.org
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- ელენე საყვარელიძე, UNDP, +995 599 003944, elene.sakvarelidze@undp.org